დიდი ქართველი ინდუსტრიალისტები და მეცენატები: ნაწილი II
„საქმიანი კაცის, საქვეყნო საზრუნავთა დიდი მოთავის,
ამერიკული ყაიდის ბიზნესმენის მოულოდნელობით
აღსავსე სიცოცხლე“.
ზურაბ ავალიშვილი აკაკი ხოშტარიაზე
დასანანია, რომ ჩვენ ნაკლებად ვიცნობთ დიდ ქართველ ინდუსტრიალისტებს და მეცენატებს და რაოდენ პათეტიკურად უნდა ჟღერდეს, ასევე დიდ პატრიოტებს. მათ შორის თითქმის მივიწყებულია აკაკი ხოშტარია, რომლის ბიზნესი მოიცავდა ნავთობს, ირანულ ხიზილალას თუ ხე-ტყის გადამმუშავებელ ქარხნებს. კაცი, რომელიც უანგაროდ ეხმარებოდა ღარიბებს და 1918-1921 წწ იყო დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამფინანსებელი.
აკაკი ხოშტარიამ დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯი მებაღე-დეკორატორის სპეციალიზაციით და მუშაობდა სუპერინტენდანტად თვით პრინც ოლდენბურგთან, რომელმაც გააშენა და დაამშვენა გაგრა. რთული სათქმელია, თუ რა მიზეზით მიატოვა მებაღე-დეკორატორობა ამ საქმეზე ძალიან შეყვარებულმა ახალგაზრდა კაცმა, მაგრამ ბედნიერ შემთხვევასაც მიუძღვის თავისი წვლილი. აკაკი მეგობრობდა ფოთელ ვაჭართან, ზოდელავასთან. მათ ერთჯერადად იყიდეს ნავთობი და ერთი გემი გაგზავნეს ოდესაში. ამოვარდნილმა ქარიშხალმა გემი იძულებით მიაყენა ოტომანთა იმპერიის (დღევანდელი თურქეთის) სანაპიროს, სადაც ნავთობი ცეცხლის ფასად გაიყიდა. ამას მოჰყვა დიდი სავაჭრო ბრუნვა ნავთობისა, რომელიც ძირითადად შავი ზღვის სანაპიროზე იყიდებოდა. მალე აკაკიმ ბაქოში ცნობილი მრეწველის, მუსა ნაგიევისგან, შეიძინა ნავთობის სარეწები. შემდეგ აკაკი ხოშტარიამ ნავთობის კონცესიები შეიძინა სპარსეთში და ჩამოაყალიბა კომპანია „რუპენტო“ („Русско-Персидское Нефтяное Товарищество“). 1913 წელს აკაკი ხოშტარიამ სამხრეთ კასპიისპირა რეგიონში შეიძინა უზარმაზარი ტერიტორია სპარსეთის შაჰის, აჰმად შაჰ ყაჯარის პირველი მინისტრისგან, გილანის პროვინციის მმართველისგან, მოჰამედ ვალი ხანისგან. იქვე დააარსა ხის გადამმუშავებელი კომპანია, „პერსლესი“ („Персидский Лес“), მორების გადასაზიდად გაიყვანა სარკინიგზო ხაზი „ტალრუდი“.
აკაკი ხოშტარია იყო დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსური მფარველი, უანგაროდ წყვეტდა სასურსათო პრობლემებს თუ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას – მან საკუთარი სახსრებით შეიძინა ლინკორის ტიპის ოთხი საბრძოლო გემი, რომელთაც დაარქვა: „საქართველო“, „თამარ მეფე“, „რუსთაველი“ და „პრეზიდენტი ჟორდანია“. მან ეს ხომალდები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს მთავრობას.
აკაკი ხოშტარიამ ნიკო ნიკოლაძის თხოვნით, ასევე უსასყიდლოდ, გაიყვანა რკინიგზა ფოთიდან აბაშამდე.
1918 წელს აკაკი ხოშტარიამ საჯარო აუქციონზე იყიდა სახელგანთქმული მრეწველის და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის სახლი სერგიევის (ახლანდელი მაჩაბლის) ქუჩაზე. საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფმა თბილისიდან სპარსეთში მყოფ აკაკი ხოშტარიას შეატყობინა საჯარო აუქციონის შესახებ და სთხოვა სახლის ყიდვა, რათა სახლს ასცდენოდა ის სირთულეები, რაც ახალი მყიდველის ხელში შეიძლება გაჩენილიყო. აკაკიმაც არ დააყოვნა, შეიძინა სახლი და 1919 წელს დიდი სუფრაც გაშალა იმდროინდელი საზოგადოების ღირსეული წევრებისათვის. ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, ემიგრაციაში წასვლის წინ, აკაკი ხოშტარიამ ისურვა, რომ ეს სახლი დათმობოდა ხელოვნებს. დღეს აქ მწერალთა სახლია.
აკაკი ხოშტარიამ დიდი ფინანსური დახმარება გაუწია საქართველოს ახალშექმნილ საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას. არ ივიწყებდა არც თბილისის სამხატვრო გალერეას – საფრანგეთში ერთ-ერთი აუქციონის დროს იყიდა ლადო გუდიაშვილის ნახატები და უსასყიდლოდ გადასცა გალერეას.
აკაკი ხოშტარიას მეუღლე იყო მინადორა თურქია, ცნობილი ფოთელი მეწარმის, ეგნატე თურქიას შვილი, რომელიც ნებისმიერი საქმის წამოწყებისას, ყოველთვის მხარში ედგა თავის ქმარს. უშვილო აკაკი საკუთარი შვილებივით მფარველობდა ახალგაზრდებს. მან ბევრ მათგანს საზღვარგარეთ ისეთ უნივერსიტეტებში სწავლა დაუფინანსა, რომლებზეც ისინი ვერც კი იოცნებებდნენ. მომავალში ბევრი მათგანი მეცნიერების და საინჟინროს საქმის ცნობილი წარმომადგენლები გახდა: სერგი დანელია, მათე მირიანაშვილი, მიხეილ საბახტარაშვილი, ჟორჟ კეშელავა, ძმები მელიები და მრავალი სხვა.
საბჭოთა ანექსიის შემდეგ აკაკი ხოშტარია ემიგრაციაში წავიდა, ძირითადად ის სპარსეთში ცხოვრობდა, ხანდახან კი კონსტანტინოპოლში, პარიზსა და ნიცაში.
1937 წლის დიდმა ტერორმა არ დაინდო აკაკი ხოშტარიას ოჯახის წევრები და ნათესავები. თვითონ აკაკი ხოშტარია გარდაიცვალა ემიგრაციაში, პარიზში, 1934 წელს. დაკრძალულია პერ ლაშეზის სასაფლაოზე.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on May 10, 2023
- on April 13, 2023
- on March 29, 2023
- on March 15, 2023
- on March 2, 2023
- on February 15, 2023
- on February 1, 2023
- on January 11, 2023