ბანკომატის (ATM) ისტორია
მეოცე საუკუნის დიდ გამოგონებათა სიებში იშვიათად თუ წავაწყდებით ბანკომატს, მაშინ როდესაც მან რადიკალურად შეცვალა ადამიანთა ცხოვრება. ზუსტად 50 წელია, რაც ეს აპარატები მსოფლიოს ყველა კუთხეშია გაფანტული (გადაჭარბების გარეშე, მათი პოვნა ანტარქტიდაზეც კი შეიძლება). ისინი იმდენად შერწყნენ ჩვენს ყოველდღიურობას, რომ ცოტას თუ გასჩენია სურვილი, მათი წარმოშობის ისტორიით დაინტერესებულიყო.
ბანკომატის აპარატი საკმაოდ რთული მოწყობილობაა და მისი გამოგონება ეტაპობრივად და ერთმანეთის პარალელურად, სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობდა. მის წინაპრად შეიძლება ე.წ. “ბანკოგრაფი“ ჩაითვალოს, რომელიც 1960 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთი ბანკის ჰოლში დადგეს. მას შეეძლო ფულადი გადარიცხვების წარმოება, თუმცა საზოგადოება იმ დროს არ იყო იმდენად შეგუებული ტექნოლოგიებს, რომ საკუთარი ფული მათთვის ასე ბრმად მიენდო. „ბანკოგრაფს“ არ მოუპოვებია წარმატება, მას ისეთი ადამიანები იყენებდნენ, რომელთაც ბანკის თანამშრომლებთან ურთიერთობის არიდება სურდათ, ეს ადამიანები უმეტესად სექს-მუშაკები და კაზინოს მოთამაშეები იყვნენ.
მიუხედავად ამისა, მსოფლიოს პირველ ბანკომატად 1967 წელს ბრიტანული ბანკის “ბარკლის” ფილიალში გახსნილი ფულის აპარატი ითვლება. მისი შემქმნელი ჯონ შეფერდ-ბარონის თქმით, “უნდა არსებულიყო გზა, რომლითაც ადამიანი საკუთარი ფულის გამოტანას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებდა. იდეა შოკოლადის აპარატიდან წამოვიდა, ოღონდ შოკოლადის მაგივრად აპარატი ფულით უნდა ყოფილიყო სავსე”. იმ დროს არ არსებობდა საკრედიტო ბარათები და ფულის გამოტანა მხოლოდ სპეციალური ჩეკებით იყო შესაძლებელი. გამოტანილი თანხის მაქსიმალური რაოდენობა მხოლოდ ათი გირვანქა სტერლინგით შემოიფარგლებოდა.
პირველი ბანკომატები არც ისე მრავალფუნქციური იყო და ხშირად იჭედებოდა კიდევაც. აპარატის მომხრეები რიგების არარსებობითა და 24-საათიანი მომსახურებით ცდილობდნენ ხალხის მოზიდვას. ბანკომატების პოპულარიზაცია აქტიურად ხდებოდა სატელევიზიო რეკლამების საშუალებით. მომხმარებლების გულის მოსაგებად ზოგი ამერიკული ბანკომატი ნაყინისა და ჰამბურგერების კუპონებსაც კი იძლეოდა. 1977 წელს “სიტიბანკი” თავმჯდომარე განსაკუთრებულ რისკზე წავიდა და 100 მილიონი დოლარი დახარჯა მთელ ნიუ-იორკში საბანკო აპარატების დასამონტაჟებლად. ამ ინვესტიციამ გაამართლა, როდესაც იმ წლის იანვარში ნიუ-იორკს დიდი ქარბუქი დაატყდა თავს. დიდთოვლიანობის გამო ბანკები მთელ ქალაქში დაიხურა. ქალაქს გადამრჩენლებად ბანკომატები მოევლინა და მათი არსებობის აუცილებლობა ყველასთვის აშკარა გახდა. თუმცა ბანკომატების შემოსვლას მტკივნეული მხარეც ახლდა თან: აპარატები ბანკის თანაშრომლების გარკვეული ნაწილის ფუნქციას ასრულებდნენ, რის შედეგადაც ბევრ ადამიანს სამსახურის დატოვება და გადამზადება მოუწია.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საბანკო აპარატებმა შეცვალეს, ალბათ, მომხმარებლობის მიმართ ადამიანების დამოკიდებულება გახლავთ. დაუგეგმავი საყიდლები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ამას დაემთხვა 80-იანების ამერიკული კონსუმერისტული ბუმი, რომლის დროსაც ATM-ებმა სამუდამოდ შეაღწიეს ადამიანთა ცნობიერებაში.
დღეს მსოფლიოში 3 მილიონამდე ბანკომატი არსებობს, თუმცა მათი პოპულარობა ნელ-ნელა იკლებს, ხალხი უფრო და უფრო იშვიათად იყენებს ნაღდ ფულს. საკრედიტო ბარათით გადახდა უკვე თითქმის ყველგანაა შესაძლებელი, ამის გარდა, პოპულარული ხდება გადახდის მობილური აპლიკაციები. მართლაც, საბანკო აპარატებმა შეიძლება, ერთ დღეს, საფოსტო ყუთების ბედი გაიზიარონ და ნელ-ნელა გაქრნენ ჩვენი ქუჩებიდან. თუმცა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დიდი ალბათობით მათ, მომხმარებლის უკეთესად დაკმაყოფილების მიზნით, მათ უბრალოდ სახეს შეუცვლიან და უფრო მეტად ინტერაქციულ და მრავალპროფილიან აპარატებად აქცევენ.
რაც შეეხება საქართველოს, აქ პირველი ბანკომატი 1998 წელს დამონტაჟდა. დღესდღეობით ქვეყანაში 2,210 ბანკომატი ფუნქციონირებს. ყოველთვიურად ხორციელდება საშუალოდ 5 მილიონი გადარიცხვა, ხოლო ოპერაციების მოცულობა საშუალოდ 1 მილიონი ლარია.
ანალიტიკოსები ხუმრობით აღნიშნავენ, რომ ნაღდ ფულს ზედმეტად გადგმული აქვს ფესვები საზოგადოებაში და მას გაქრობა არ ემუქრება, მაგალითად კი მათხოვრისთვის ჩაგდებული ხურდა და ე.წ “სტაიანშჩიკისთვის” მიწოდებული ხარკი მოჰყავთ.
რაც უნდა იყოს, ჯერჯერობით ბანკომატით სარგებლობა ბევრისთვის ყოველდღიური პროცესია, ამიტომაც ბანკომატის სიკვდილის გამოცხადება ნაადრევად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on January 22, 2018
- on December 22, 2017