ბიზნესი სოციალურ მედიაში

ბიზნესი სოციალურ მედიაში

1980 წელს, ქალაქ ოსთინში, ტეხასის შტატში ორგანული პროდუქტების პირველი მარკეტი იხსნება. მცირე ბიზნესი სწორი მარკეტინგული კამპანიით, სწრაფად ვითარდება და დღეს Whole Foods Market მსოფლიოს ლიდერი ბიო პროდუქტების მწარმოებელი საცალოდ მოვაჭრეა, ჩრდილოეთ ამერიკასა და გაერთიანებულ სამეფოში წარმოდგენილი 360 მაღაზიით.

საყურადღებოა რომ მსოფლიოში არსებულ კულინარიულ ჰაშთაგებს[1] შორის სწორედ #WFM ლიდერობს, რომელიც სოციალურ მედია პლატფორმას, მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაციისთვის, კონკურენტებზე უკეთ იყენებს. როგორც ერთერთი გავლენიანი ბიზნეს პორტალი წერს, ყველა მზარეულს აქვს საყვარელი რეცეპტი, თუმცა მაშინ როდესაც ახალი რეცეპტების მოძიება იწყება, Whole Foods Market-ის სოციალური მედია სივრცე უკონკურენტოა. #WFMdish კომპანიის მარკეტინგის ჯგუფის მიერ შექმნილი პროდუქტია, რომელიც სუპერმარკეტის ასიათასობით მომხმარებელს სიახლეების გაზიარების და კომუნიკაციის სივრცეს სთავაზობს.

იდეა მარტივია და იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური მედიის მომხმარებელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, გასაკვირია, რატომ პასიურობს მსოფლიოში არსებული მრავალი FMCG[2] ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანია მომხმარებელთან კომუნიკაციისას.

79,896 – ეს რიცხვი საქართველოში არსებულ სუპერმარკეტებს შორის ფეისბუქის ფანების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ის სმარტს ეკუთვნის. ამავე ქსელს ეკუთვნის ყველაზე აქტიური ,,საუბრები’’ მათ შესახებ, 2260 ფანით. საინტერესო ტენდენციაა თუ გავიხსენებთ ფაქტს, რომ ჰიპერმარკეტ გუდვილის ქსელი ბაზარზე წლების წინ გამოჩნდა, მომხმარებელთა დიდი ინტერესი და ერთგულება დაიმსახურა და მუშაობას დღესაც აგრძელებს. კარფური რომელიც ბაზარზე შეღწევის სტრატეგიით, დაბალი ფასებით შემოვიდა ასევე ჩამოუვარდება სმარტს სოციალური მედია მაჩვენებლებით, და ეს იმის გათვალისწინებით რომ საქართველოში უკანასკნელი მონაცემებით უმუშევრობის 14,6%-ია, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი კი 2012 წელს 712,5 ლარს შეადგენდა და ეს მაჩვენებელი მას შემდეგ მცირედით შეიცვალა.[3] ლოგიკურია, რომ მომხმარებლები განსაკუთრებით მგრძნობიარე დაბალფასიანი პროდუქტების მიმართ არიან, თუმცა სურათი სოციალურ მედიაში სხვაგვარია, სმარტი ლიდერობს.

თუ განვიხილავთ კომპანიის ფეისბუქის გვერდის ხარისხს, განსხვავებული, რეგულარული და საინტერესო ინფორმაციის მიწოდების სიხშირეს, სმარტი ყველა მაჩვენებლით საუკეთესოა სოციალურ მედიაში.[4]

ერთი კომპანიის მარკეტინგული წარმატება შესაძლოა მისი კონკურენტების მიერ არასწორად დაგეგმილი და განხორციელებული კამპანიით იყოს განპირობებული. მომხმარებელი ყოველთვის ეძებს უკეთეს ალტერნატივას და ეს პრინციპი სოციალურ მედიაში განსაკუთრებით თვალნათლად ჩანს.

არსებობს მრავალი წარმატებული ქეისი, თუ როგორ შესძლო სუპერმარკეტმა სოციალური მედიის გამოყენებით გაყიდვების სტიმულირება. მაგალითად, ამერიკული Kroger, წლიური 97 მილიარდიანი გაყიდვებით, სტიმულირებას ,,Free Friday Digital’’ კუპონის მეშვეობით, სოციალურ მედიაში ახორციელებს. Kraft Foods – საკვები პროდუქტების ერთერთი უმსხვილესი მწარმოებელი კონგლომერატი, რებრენდინგისთანავე ახორციელებს მისი მომხმარებლების აქტივობის მონიტორინგს სოციალურ მედიაში და ვებ გვერდზე ამატებს ღილაკს ,,Pin It’’ – იმისთვის რომ მომხმარებლებმა მარტივად გააზიარონ შეთავაზებული რეცეპტები იმ პორტალზე რომელიც მათ ყველაზე მეტად მოსწონთ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში 27/05 – 03/05 პერიოდში ჩატარდა სოციალური მედია მომხმარებლების თვისობრივი კვლევა. შედგა ოთხი ფოკუს ჯგუფი, სადაც რესპოდენტებმა გამოთქვეს მოსაზრებები საქართველოში არსებული სუპერმარკეტების სოციალურ მედიასივრცეში აქტივობის შესახებ. მონაცემთა დამუშავების შედეგად შეგვიძლია დასკვნების გაკეთება:

  • სოციალურ მედია მომხმარებლებს მოსწონთ ონლაინ შოპინგის შესაძლებლობა თუმცა ვარაუდობენ რომ წარმოდგენილი პროდუქტის ასორტიმენტი არ იქნება განახლებადი და ადგილზე მიტანის სერვისი ხანგრძლივი და ძვირი პროცედურა იქნება
  • სოციალურ მედია მომხმარებლებს მოსწონთ ელექტრონული კუპონების შეძენის შესაძლებლობა და აცხადებენ რომ ის გაცილებით სასურველია ვიდრე დაგროვებითი ბარათი
  • სოციალურ მედია მომხმარებლებს სურთ მიიღონ ინფორმაცია სუპერმარკეტში წარმოდგენილი პროდუქტის ხარისხის და უსაფრთხოების შესახებ


[1] ჰაშთაგი – პრეფიქსი # რომელიც იწერება სოციალურ მედიაში გაკეთებული კომენტარების წინ და საშუალებას იძლევა ინფორმაციის დაჯგუფების ან შინაარსობრივად მოძიების

[2] FMCG – Fast Moving Consumer Goods, ყოველდღიური მოხმარების სამომხმარებლო პროდუქტი

[3] მონაცემები მოპოვებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ გვერდის საშუალებით – www.geostat.ge 

[4] პარამეტრები იყრდნობა სოციალური მედია მონიტორინგის ანალიტიკურ პროგრამას SocialBakers

გააზიარე