ბოლივარი მადუროს ვეღარ ზიდავს
გენიალური ამერიკელი მწერლის ო. ჰენრის მოთხრობაში “გზები, რომელთაც ვირჩევთ” ბოლივარი ირიბად, მაგრამ მაინც მთავარი გმირია. კაცმა რომ თქვას, ის “ჯასთ” ველურ დასავლეთში გადაბარგებული ნიუ იორკელი ყაჩაღი “ზვიგენას” ცხენია, მაგრამ სინამდვილეში ადამიანის გადარჩენის, ადამიანის გამეტების, თუ გნებავთ “გაგების” და სხვა ბევრი ცხოვრებისეული სიბრძნის სიმბოლოა. ჩემს აჭარელ “ალაბამა” მეგობარ ირაკლის, სიგარეტის ან ვისკის მარაგები ამოწურვისკენ რომ დაიძრებოდა, უყვარდა ეს გამოთქმა, “სვეცკად” იკითხავდა: ბოლივარი ორს ვეღარ გვზიდავს? მადლობა ღმერთს, ასე იყო და ასე არის ახლაც, რომ ეს საკითხი მხოლოდ შოტლანდიურ ორნახადს ეხებოდა და არა სიცოცხლეს ან თუნდაც ურთიერთობებს, როგორც ო. ჰენრის მოთხრობაშია.
სიმონ ბოლივარი სამხრეთამერიკული ვენესუელის სიმბოლოა, თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო. ოფიციალურადაც ეგრე ჰქვია ქვეყანას – ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა. ხომ წარმოგიდგენიათ როგორ იბრძოლა კაცმა, რომ მისი სახელობის რესპუბლიკაა. აფერუმ სიმონ ბოლივარის თავდადებას! სამწუხაროდ, დღეს მისი სახელი გაცილებით უფრო იშვიათად შეგხვდებათ მსოფლიოს ცხელ ამბებსა თუ წამყვან ანალიტიკურ გამოცემებში, ვიდრე მიცვალებული უბეჩავესი უგო ჩავესის და მისი მასხარა მემკვიდრის, სავარაუდოდ დღეს უმადოდ მყოფი მადუროსი. რას დაამგვანეს ეს ანგელოზივით ქვეყანა ამ ორმა ხელის ბიჭმა დიქტატორმა? მოხერხება ხომ უნდა, რომ ინფლაციის დონემ მილიონ სამასი ათასს მიაღწიოს ქვეყანაში, რომელსაც ნავთობის უდიდესი მარაგები აქვს. ხალხი კაი, ბუნება კაი, რესურსი კაი, რა გინდა მეტი? ისეთი “ჭკუის კოლოფა” მმართველები გამოდგნენ ეს ორი ვაჟბატონი, რომ ბოლო წლებში 3 მილიონმა ადამიანმა დატოვა იძულებით კოლაფსის პირას არა, მაგრამ კომაში ჩავარდნილი ქვეყანა.
დღეს მილიონზე მეტი ადამიანი კარაკასის ქუჩებში დგას და ითხოვს ღირსების და სამართლიანობის აღდგენას, საკუთარი არჩევანის პატივისცემას და უკეთესი ცხოვრების უფლებას. მათ პროტესტს სათავეში 35 წლის პარლამენტის თავმჯდომარე ხუან გუაიდო უდგას, რომელმაც უკვე გამოაცხადა თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად. მას მხარდაჭერა აშშ-მ, კანადამ, ბრაზილიამ, პერუმ, საქართველომ და სხვა ქვეყნებმა გამოუცხადეს. არავინაა გულუბრყვილო: მხოლოდ დემოკრატიის და ადამიანის ფუნდამნტური უფლებების სადარაჯოზე არავინ დგას. ყველას თავისი ინტერესი აქვს. შავ ოქროს თავისი დატვირთვა აქვს. მადუროს რეჟიმის დამხობის შემდეგ ამერიკული მჩატე და ვენესუელური მძიმე ნავთობების ტანდემი საერთოდ შეცვლის სანავთობო რუკას და თქვენ წარმოიდგინეთ გეოპოლიტიკურ ბალანსსაც. წარმომიდგენია, რა კარქის რამეები მოხდება.
სამაგიეროდ, წარმოდგენაც კი არ უნდა რუსეთს, მის 17 მილიარდ დოლარიან დაბანდებას როგორი აორთქლება უწერია. არიან ახლა ერთ ამბავში და ვაი ვიშში: ხან სტრატეგიული ბომბდამშენი აფრინეს, ხან არსებული, სავალალო რომ აღარ ჰქვია, ეკონომიკური კატასტროფიდან გამოსვლის გზები შესთავაზეს, გასულ წელს კიდევ დამატებითი 5-6 მილიარდი დოლარის “ჩასხმა” გამოაცხადეს. შეიარაღების მიყიდვაზე მილიარდიანი კონტრაქტები, სეჩინის, ანუ პუწინის “როსნეფტის” მრავალმილიარდიანი კონტრაქტები ერთი ხელის მოსმაში შეიძლება აირივით აორთქლდეს. ვერ გუობს კიდევ ერთ ალიყურს კრემლის საძმო და ყველაფერს უშვებს მსვლელობაში. სად იყო და სად არა, კრემლის მზარეული პრიგოჟინის “ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის” ბიჭებიც გამოჩნდნენ მადუროს “ოხრანკაში”. სხვადასხვა ინფორმაციით, 400 რუსი დაქირავებული მკვლელი, კუბის გავლით ჩავიდა უკვე კარაკასში და ცივ ნიავს არ აკარებს დაფეთებულ მადუროს. პრიგოჟინის ბიჭების ფონზე კიდევ უფრო კომიკურად გამოიყურება რუსეთის საგარეოს “ზრუნვა” უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის დაუშვებლობასა და მისი სუვერენიტეტის პატივისცემაზე.
მე მაინც მგონია, რომ გადამწყვეტი სიტყვა ვენესუელის შეიარაღებულ ძალებზე იქნება. გავლენიანი სამხედროები თითქოს კი ჰფიცობენ მადუროს მზეს, მაგრამ ყველას თავისი ანგარიშები აქვს: მსხვილი ღლავები ახლა იმას ითვლიან, ვის რამდენად უღირს მადუროს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით საფლავამდე ჩაყოლა. იმედი მაქვს, რომ პატრიოტიზმისა და პრაგმატიზმის მარცვლები უფრო ეფექტიანად გაანათებს მათ თავებში.
აშშ-ს პრეზიდენტმაც სერიოზული ფსონი გააკეთა. როდესაც საშინაო პოლიტიკური საქმეები არცთუ ისე მწყობრად აქვს, მისი საარჩევნო კამპანიის და უახლოესი გარემოცვის პირებს ერთი მეორეს მიყოლებით აკავებენ, ამასთან, 2020 საპრეზიდენტო კამპანია, შეიძლება ითქვას, რომ დაწყებულია და ბოლო, მაგრამ არა უმნიშვნელო ნავთობზე ფასების დაწევა მისი ზეპრიორიტეტია, დონალდ ტრამპისთვის ეგზისტენციალური თუ არა, უაღრესად პრინციპული მნიშვნელობა აქვს მადუროს რეჟიმის დამხობას და კარაკასის ახალი სიცოცხლის პროექტის დაქოქვას. ის ჰუმანიტარულ დახმარებასაც პირდება და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო დახმარებას ვენესუელელ ხალხს. მაღალია თამასა, ასეა ეს.
ჩვენ ჩვენი ანგარიშები გვაქვს: რომ დაფრატუნობდნენ დიდის ამბით ეს თვითმარქვია ცხინვალის და სოხუმის რეჟიმის ლიდერები და “სახელმწიფოებს” შორის თანამშრომლობის გეგმებზე რომ საუბრობდნენ, მათთვის ბოლო გასეირნება უნდა იყოს კარაკასში მადუროს ინაუგურაციაზე დასწრება, რადგან არსებობს საფუძვლიანი ოპტიმიზმი, რომ მადუროს დამხობის შემდეგ გუაიდოს ხელისუფლება სწრაფად წაიღებს უკან რეჟიმების არალეგიტიმურ აღიარებას. ამასთან, რა დასამალია და ძალიან გამიხარდება კიდევ ერთი ლურსმანი კრემლის სარკოფაგში.
გნებავთ პრაგმატულად და გნებავთ ემოციურად, ვგულშემატკივრობ ვენესუელელებს. ღირსეულად ცხოვრება ყველა ადამიანის უფლებაა. სიმონ ბოლივარის მემვკიდრე ერი რომ ხარ, უკვე ვალდებულებაა.
მადურო კი მძიმე ტვირთია; ტვირთი, რომელსაც ო. ჰენრის ბოლივარიც კი ვეღარ ზიდავს. ADIOS MADUROS! LIBERTA!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on June 5, 2023
- on May 22, 2023
- on May 9, 2023
- on April 18, 2023
- on April 3, 2023
- on March 27, 2023
- on March 20, 2023
- on March 13, 2023