ბოლო ბათქი ბალკანეთში
ბალკანეთში არის თავმოყრილი ყველაფერი, რაც კი რამ ხდება დანარჩენ მსოფლიოში. კარგიც და ცუდიც.
აქ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი (სწორედ სარაევოში გავარდა საბედისწერო ტყვია, რომლითაც ახალგაზრდა სტუდენტმა გავრილო პრინციპმა სიცოცხლეს გამოასალამა ავსტრო-უნგრეთის ტახტის მემვიდრე ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი და პირველი მსოფლიო ომიც დაიწყო) და აქვე დაფუძნდა მიუმხრობლობის მოძრაობა (იოსიბ ბროზ ტიტო იყო მისი პირველი თავმჯდომარე). აქ არის ნიკოლა ტესლას სამშობლოც და რადოვან კარაჯიჩის სამსხვერპლოც; ეს არის მძაფრი შეგრძნებების და ტკბილ-მწარე მოგონებების, ლამაზი ადამინების და მათი ტრაგიკული თუ ზღაპრული ისტორიების სასწაული ბუკეტი. პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ იუგოსლავია თან სოციალისტური იყო და თან რაღაცნაირად კაპიტალისტური, ბევრად განვითარებული და განსხვავებული ვარშავის ბლოკის ბევრი სხვა წევრისგან. იუგოსლავია რომ დაიშალა, ეგეთი მტკივნეული, ტრაგიკული და დრამატული გზის გავლას არავის ვუსურვებ, ჩვენს ერთ მეზობელსაც კი. ხალხიც ცოდოა და პრაგმატულადაც არ გვაწყობს, თორემ ვის ელოდება და ვისთვის არ მემეტება ჰააგა, კი იცით ყველამ.
21-ე საუკუნის დასაწყისში, როგორც იქნა, კატასტროფული სისხლისღვრა შეწყდა, რეგიონი მეტნაკლებად დამშვიდდა, ნაწილმა იარებიც მოიშუშა და ევროკავშირსა და ნატო-შიც დამკვიდრდა. ყველაზე მაგრად პაწაწინა და ულამაზესმა სლოვენიამ იარა. განსაკუთრებულად მიყვარს და მომწონს ეგ ქვეყანა. გასულ ზაფხულს ყველა ვგულშემატკივრობდით კროაციას და მის თავგადაკლულ, გამორჩეულ პრეზიდენტს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე. დადეს შედეგი ლუკა მოდრიჩმა და მისმა ბიჭებმა მწვანე მინდორზე, თანაც ისეთი, ნატოს და ევროკავშირის წევრს რომ შეეფერება. ბურთაობა იქეთ იყოს და დღევანდელი ბალკანეთიც გლობალური თუ რეგიონული წამყვანი მოთამაშეების შერკინების ერთ-ერთ მთავარ მოედანს წარმოადგენს. ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი, თურქეთი და რუსეთი – რავარი ვარსკვლავური ხუთეულია? ხუთეული კია, მაგრამ ყველას თავისი მიზნები, ამოცანები, მეგა პროექტები და პრიორიტეტები ამოძრავებს და ისინი სწორედაც რომ აქ, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე იკვეთება. ვინ რისთვის არის მზად და რაზეა წამსვლელი, ეს 90-იანების ბოლოსაც ვნახეთ და სულ ცოტა ხნის წინაც, მონტენეგრო ნატო-ში წევრობისთვის რომ ემზადებოდა და რუსეთი მონტენეგროში გადატრიალებისთვის. ჩაუვარდათ რუსებს კოვზი ნაცარში.
რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტარებმა თავგადაკლული ევროატლანტიკოსებიც გაგვახარეს. მათ მხარი დაუჭირეს სახელის ცვლილებაზე საბერძნეთთან შეთანხმებას და ამით გზა გაუხსნეს ქვეყანას ნატოში და ევროკავშირში წევრობისკენ. აფერუმ მაკედონიელების ვაჟკაცობას და მათთან ერთად ბერძნებისაც. აქაც ფლავდება რუსეთი. ძალიან კი ეცადა დეზინფორმაციული კამპანიით და ძირგამომთხრელი საქმიანობით ჩაეშალა ეგ ამბავი, მაგრამ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება სწყურია მაკედონიელ ხალხს. ამ ყველაფრის მისაღწევად კი მაკედონიელბმა იციან, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ღირსეული ადგილის დამვკიდრებით არის შესაძლებელი.
ევროკავშირის წევრობისკენ ოფიციალურად მაკედონიელებთან ერთად ისწრაფვიან ალბანეთი, მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო და სერბეთი. აქ ძირითად პრობლემას კოსოვო წარმოადგენს. თითქოს, გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებითაც იდგმება, ევროკავშირის შუამავლობით მოლაპარაკებებიც გრძელდება, მაგრამ საკითხი ძალიან რთული და კომპლექსურია. ჯერ კიდევ მოუშუშებელია ძველი იარები; შიგადაშიგ დაიძაბება ისევ სიტუაცია (როგორც ამასწინათ იყო, როდესაც კოსოვოს პრეზიდენტმა ჰაშიმ ტაჩიმ მიიღო გადაწყვეტილება არმიის შექმნის თაობაზე). განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამენ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ეხება ტერიტორიებს და მათთან დაკავშირებით რაიმე შესაძლო გარიგებას. უკანასკნელი გამოკითხვებით, სერბების 70% კოსოვოსთან ტერიტორიების გაცვლაზე შეთანხმების კატეგორიული წინააღმდეგია, კარგად მესმის მათი. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ 110-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა კოსოვო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ის ჯერ კიდევ არ არის არც გაერო-ს წევრი ქვეყანა და არც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ აღიარებული, მოლაპარაკებები კოსოვოს ევროკავშირში შესაძლო წევრობაზე დაწყებულია და სერბეთთან ოფიციალური მოლაპარაკებების პარალელურად მიმდინარეობს. ეს რეალობაა და მას ყველა დაინტერესებულმა მხარემ უნდა გაუსწოროს თვალი.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს როგორც სერბეთის მომავლის განსაზღვრის საქმეში, ისე ბალკანეთის სრულ ევროპეიზაციაში სერბი ხალხის მართლმადიდებლობა წარმოადგენს. რეალობა ასეთია: სერბეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობით ქვეყანა უფრო შეძლებს სტაბილურ განვითარებას, მაგრამ ასევე მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციას. ამ უკანასკნელმაც ეს მშვენივრად იცის და შეიძლება ითქვას მთავარ იარაღადაც იყენებს ბალკანეთში თავისი ბოლო ფორპოსტისთვის ბრძოლაში.
სერბეთის პრეზიდენტს, რომელიც თავისივე ქვეყანაში უფრო ნაკლებ პოპულარულია, ვიდრე მისი რუსი კოლეგა, უწევს ბეწვის ხიდზე გავლა და სერიოზული ბალანსის დაჭერა. ერთის მხრივ, შესულია ინტენსიურ მოლაპარაკებებში ევროკავშირთან და მეორეს მხრივ სამეფო დახვედრას უწყობს ვლადიმერ პუწინს. 21 შეთანხმებას მოეწერა ხელი რუსეთის პრეზიდენტის ბელგრადში ვიზიტის დროს. მათ შორის უმნიშვნელოვანესს „თურქული ნაკადის“ გაზსადენის სერბეთში გაგრძელებაზე თანამშრომლობის დოკუმენტი წარმოადგენს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვ.პუწინმა ღიად განაცხადა, რომ რუსეთი 1.4 მლრდ დოლარის ინვესტირებას აპირებს ამ პროექტის სერბეთში განსახორციელებლად. პუწინმა ბევრი თბილი სიტყვები გამოთქვა სერბების მისამართით, მათ პრეზიდენტს ალექსანდრე ვუჩიჩს კი ალექსანდრე ნეველის სახელობის ჯილდოც გადასცა. სანაცვლოდ ჯიშიანი ლეკვიც მიიღო საჩუქრად, ქვემეხებიდან გასროლებიც და საეკლესიო ზარებიც. ამასთან, თუ წინა კვირეებში ათობით ათასი ადამიანი ვუჩიჩის ავტოკრატიულ მმართველობას აპროტესტებდა ბელგრადის ქუჩებში, პუწინის ვიზიტის დღეს, როგორც ამბობენ, მთელი ქვეყნის სატრანსპორტო პარკი იქნა გამოყენებული ბელგრადში რუსეთის პრეზიდენტის მისასალმებლად ათასობით ადამიანის ჩამოსაყვანად. კონკრეტულად ევროკავშირში სერბეთის წევრობის განზრახვაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ პუწინმა არც ეს შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან და, რა თქმა უნდა. დასავლეთს გაჰკრა კბილი, ძალით ნუ ცდილობენ ბალკანელი ხალხის ბედის განსაზღვრასო.
როგორც ხედავთ, ბალკანეთისთვის ბოლო ბათქში პუწინის არსენალში უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი სამი ძირითადი იარაღია: გაზმომარაგება, სარწმუნოება და დეზინფორმირება. დრო გვიჩვენებს, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება მათი გამოყენება, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც იქითკენ მიდის, რომ რუსეთს ბალკანეთიდან გამოძევებენ. ეს რუსეთმაც იცის და მისმა პრეზიდენტმაც, რომლის პოპულარობა ისტორიულ მინიმუმამდე დავიდა. მალე მოვა დრო, როდესაც მისი დიდების მზე ჩაესვენება. ჭკუით თუ ვიქნებით, ერთმანეთს თუ არ დავჭამთ, ყველა ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და შორს გავიხედავთ, ჩვენც გვეშველება!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on June 5, 2023
- on May 22, 2023
- on May 9, 2023
- on April 18, 2023
- on April 3, 2023
- on March 27, 2023
- on March 20, 2023
- on March 13, 2023