ბრექსიტი თუ სიხარული?!

ბრექსიტი თუ სიხარული?!

აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ სიკეთე გადამდებია. საკუთარ თავზე არაერთხელ გამომიცდია, რომ სიცილიც გადამდებია. სიკეთე და სიცილი პირდაპირ ბმაშია სიხარულთან. შესაბამისად, სიხარულიც გადამდებია. ჰოდა, არც მეტი არც ნაკლები, გაიგზავნა საქართველოდან “უსტარი” და მას მერე ჩვენ აქ გავიძახით “წერილი თუ სიხარული” და ნისლიან ალბიონზე კიდევ “ბრექსიტი თუ სიხარულიო”. კი ბატონო, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ გვაქვს ჩვენც მიდრეკილება, ჩვენი მხიარული მეზობლების არ იყოს, ყველაფერში ჩვენი განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აღმოვაჩინოთ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: რაც კი რამე უსტარი ან ვინმეს ნაუბნარი ფურცელზე ან ფირზე ჩაწერილა, ყველაფერი დასტურისთვის იგზავნება ლონდონსა შინა. ამ დროს კიდევ ლონდონში საკუთარი ბედის განმსაზღვრელ უსტართან (დევიდ ქემერონს მიეცა ბრიტანელების, ევროკავშირის ლიდერების და ბრიტანეთის ამჟამინდელი პრემიერის ცოდვა) დაკავშირებით ვერ გარკვეულან. რომელი უფრო მარტივი შეკითხვაა შესაძლო შედეგებიდან გამომდინარე, ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია, მე კი მაინც მჯერა ბრიტანელების – ჩვენც სიხარულს მოგვგვრიან და თავსაც არ წაიქცევენ.

თუმცა, მანამდე სიტუაცია, მეტი რომ არ შეიძლება, ისე ჩა-იკვანძა. დიდი ბრიტანეთის პრემიერი საკუთარ პარლამენტსა და ევროკავშირის “ჰედქუოთერს” შორის თავგანწირვით, ხანდახან ხმაჩახლეჩით, ტკბილი სიტყვით თუ დაქადნებით, ცდილობს შეთანხმების მიღწევას. ჯერჯერობით, პარლამენტში ანგარიში 0:2 – ია ბრექსიტის არსებული შეთანხმების მოწინააღმდეგეთა სასარგებლოდ. არც საკუთარი კონსერვატიული პარტია ინდობს და არც მოკავშირე ჩრდილო ირლანდიული დემოკრატიულ იუნიონისტთა პარტია. ლეიბორისტებზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ყველაზე ბოლო დარტყმა კი ბრიტანეთის პრემიერმა პარლამენტის ერთობ კოლორიტული სპიკერისგან მიიღო, რომელმაც ბრძანა, თუკი არ იქნება ახალი, არსებითი ცვლილებები შეტანილი ბრექსიტის შეთანხმებაში, არავითარი კენჭისყრა აღარ გაიმართებაო.  არადა, ევროკავშირთან 25 ნოემბერს  ბრიტანეთის პრემიერმა შეთანხმებას მიაღწია და მას შემდეგ ბრიუსელიც თავის სიტყვაზე მაგრად დგას. მათი პოზიცია ურყევია: მიღწეულ შეთანხმებაში არავითარი ცვლილებები აღარ განიხილება.  

წესით და კანონით 29 მარტს დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვება უწევდა, მაგრამ ვინაიდან პარლამენტში კენჭისყრის ორჯერ ჩავარდნის შემდეგ შეთანხმების მიღწევის მხრივ რაიმე გარღვევას არავითარი პირი არ უჩანდა, ევროკავშირის სამიტზე ბრიტანეთის პრემიერმა მიმართა ევროპელ კოლეგებს ბრექსიტის გადავადების თაობაზე. გადავადებაზე რომ შეთანხმდებოდნენ, ამაზე ყველა საუბრობდა, მაგრამ რა ვადით, ეს იყო მთავარი. საქმე იმაშია, რომ ამავე დროს, ახლოვდება 26 მაისს დაგეგმილი არჩევნები ევროპარლამენტში. თუ გასვლა არ მოხდა, მაშინ ბრიტანეთი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა და საკუთარ ტერიტორიაზეც ჩაატაროს ევროპარლამენტის არჩევნები.  ამასთან, როგორც მოგახსენეთ, ბრიტანეთის პრემიერი მყარად დგას თავის პოზიციაზე, რომ დიდმა ბრიტანეთმა უნდა დატოვოს ევროკავშირი და შესაბამისად არც ევროპარლამენტის არჩევნების ჩატარებისთვის აქვს რაიმე მზაობა. აი ასეთ ცაიტნოტურ ვითარებაში აღმოჩნდნენ 21-22 მარტის სამიტის წინ დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ლიდერები. 8 საათს გრძელდებოდა მოლაპარაკებები. საბოლოოდ შეთანხმდა, რომ თუ ბრექსიტის ხელშეკრულებას მხარს დაუჭერენ ბრიტანეთის პარლამენტში, მაშინ ბრექსიტი გადავადდება 22 მაისამდე, ხოლო თუ დამოკიდებულება კვალავაც უარყოფითი იქნება, მაშინ დიდ ბრიტანეთს მოუწევს ევროკავშირის 12 აპრილს დატოვება.

ახლა უკვე ლონდონში დაჭირდება ბრიტანეთის პრემიერს კოლეგა კანონმდებლებისთვის ამ კითხვით მიმართვა: “ბრექსიტი თუ სიხარული”. ნეტავ ასე მარტივად იყოს საქმე. პრობლემა იმაშია, რომ ბრექსიტზე თუ ვერ შეთანხმდნენ, რისი პერსპექტივაც დღევანდელი მდგომარეობით ნამდვილად ძალიან მცირეა, შეიძლება მოხდეს ყველა მხარისთვის ყველაზე უარესი – ბრექსიტი ყოველგვარი შეთანხმების გარეშე. ქაოსი, მილიარდობით ზარალი, გაურკვევლობა, ერთი სიტყვით ეს სცენარი კატასტროფაა. ამ ჩიხურ მდგომარეობაში ნელ-ნელა ძალას იკრებს მოვლენების უბრექსიტო განვითარება, რაც მდგომარეობს შემდეგში: ან ბრიტანეთის პარლამენტი აუქმებს ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე ან განიხილება ბრექსიტის თაობაზე მეორე რეფერენდუმის დანიშვნის საკითხი. ამ უკანასკნელს ეწინააღმდეება ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელი, რომელიც მიიჩნევს, რომ ის ვალდებულია პირველი რეფერენდუმით გამოხატულ ხალხის ნებას პატივი სცეს და აღასრულოს ბრექსიტი. სამაგიეროდ, ყოველ წუთობრივად იზრდება ბრექსიტის გამოთხოვნის პეტიციაზე ხელმომწერთა რაოდენობა. ევროკავშირში დარჩენის მომხრეთა მიერ შედგენილ პეტიციას ხელი უკვე 4.17 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. ეს კი ის რაოდენობაა, რომელიც ავალდებულებს ბრიტანეთის პარლამენტს განიხილოს მათი მოთხოვნა. ამ პეტიციის ხელმომწერთა რაოდენობამ უკვე გადაასწრო აქამდე სარეკორდო, მეორე რეფერენდუმის მოთხოვნის პეტიციაზე ხელმოწერების რიცხვს.

გავრისკავ და ვიტყვი, რომ შეთანხმების გარეშე ბრექსიტი არ შედგება და შესაბამისად ბრექსიტის გამოთხოვნის ან მეორე რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობებიდან ერთ-ერთი აირჩევა. ასეთ შემთხვევაში, ბრიტანეთის მოქმედი პრემიერის კარიერა, სამწუხაროდ, განწირულია დასასრულისთვის, დიდი ბრიტანეთი კი ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ან ახალი პრემიერის და მინისტრთა კაბინეტის შერჩევისთვის მოემზადება.

გააზიარე