გაიღიმეთ! თქვენ პრეზიდენტად გირჩევენ!

გაიღიმეთ! თქვენ პრეზიდენტად გირჩევენ!

ოდესური იუმორი საქვეყნოდ ცნობილია. მეც პირადად ძალიან ვხალისობ და გულიანადაც მეცინება.

ბევრია ცხოვრებისეული სიბრძნეც ოდესელი ებრაელების ხუმრობებსა და ანეკდოტებში და არანაკლები ტკბილ-მწარე სიმართლეც. იუმორს არც დანარჩენი უკრაინა უჩივის. ერთი სიამოვნებაა ჩემს კიეველ თუ ლვოველ მეგობრებთან შეხვედრა, მათ მიერ მოყოლილი ისტორიების მოსმენა, იქნება ეს პოლიტიკაზე საუბრის დროს, თუ უბრალოდ მოლხენისას.

პოლიტიკოსისთვის იუმორის გრძნობა და ენამოსწრებულობა რომ მნიშვნელოვანი უპირატესობებია, ამაზე არავინ დავობს. იუმორის გრძნობის მქონე მსახიობის პოლიტიკური წარმატების სიმბოლო კი, რა თქმა უნდა, რონალდ რეიგანია. პარალელების გასავლებად ნუ აჩქარდებით. რონალდ რეიგანმა, ვიდრე მას 1976 წელს აშშ-ს პრეზიდენტად აირჩევდნენ, პოლიტიკური კარიერის ყველა მნიშვნელოვანი საფეხური განვლო. თავდაპირველად ის იყო ჰოლივუდელი რიგითი დემოკრატი, რომელიც აღმერთებდა ფრანკლინ დელანო რუზველტს. შემდეგ რ. რეიგანი შეუერთდა რესპუბლიკელებს, გააცნო ამომრჩეველს თავი როგორც გამორჩეულმა ორატორმა და ორჯერ გაიმარჯვა კალიფორნიის (აშშ-ს უძლიერესი შტატი, ტრადიციულად დემოკრატიული) გუბერნატორის არჩევნებში. გუბერნატორობის პერიოდში ჰქონდა მნიშვნელოვანი წარმატებებიც, რამაც მას გზა გაუხსნა საპრეზიდენტო მწვერვალებისკენ. ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გამხდარიყო რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი, მან მაინც მიაღწია მიზანს და ორჯერ გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. რ. რეიგანი მსოფლიოს ისტორიაში შევიდა, როგორც ლიდერი, რომელმაც დაამარცხა კომუნიზმი და დაასრულა ცივი ომი. მის პოლიტიკურ წარსულთან ერთად უპრიანი იქნება მისი გარემოცვის შესახებ საუბარიც, უბრალოდ ეს უკვე ძალიან შორს წაგვიყვანს მთავარი თემიდან, რომელზეც საუბრობენ უკრაინაშიც, ევროპაშიც, აშშ-სა და რა თქმა უნდა რუსეთშიც.  

31 მარტამდე, ანუ  უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით 3 თვით ადრე გამოქვეყნებული კვლევების შედეგებმა ცხადჰყო, რომ  დიდი სენსაცია მწიფდებოდა. ყველა კვლევის მიხედვით, პირველ ადგილზე გადიოდა 41 წლის ვლადიმერ ზელენსკი, რომელსაც, იუმორისტულ გადაცემაში პოლიტიკურ სარკაზმსა და სერიალში პრეზიდენტის როლში თამაშს თუ არ ჩავთვლით, არავითარი პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნია. მეორე-მესამე ადგილს ინაწილებდნენ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პოლიტიკაში გამობრძმედილი იულია ტიმოშენკო, მათ ფეხდაფეხ კი მოდიოდა გამოკვეთილად პრორუსული ოპოზიციის კანდიდატი იური ბოიკო.

ასეც მოხდა. 30%-ით პირველ ადგილზე გავიდა პროფესიით კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმერ ზელენსკის მიმართ ასეთი მაღალი დონის მხარდაჭერის დემონსტრირებით უკრაინა არ ჩამორჩა ბოლო პერიოდის მსოფლიო ტრენდულ ვიღიმი პროცესებს, გამოხატა რა თავისი მკაცრად ნეგატიური დამოკიდებულება პოლიტიკური ელიტების და უშუალოდ ელიტური პოლიტიკოსების მიმართ. უძრავი ქონების ბიზნესიდან და რეალითი შოუდან მოსული ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, საფრანგეთის უპარტიო პრეზიდენტი,  სლოვაკეთის გარემოს დამცველი პრეზიდენტი, სომხეთის ჟურნალისტი პრემიერ მინისტრი და უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული კომიკოსი – არის მათ შორის რაღაც საერთო.     

1 აპრილს იუმორისთვის და სიცილისთვის ცოტას თუ ცხელოდა. კარგ გუნებაზე მყოფებს შორის აუცილებლად იქნებოდა ვლადიმერ ზელენსკის გამოკვეთილი მხარდამჭერი, უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ ბევრისთვის ცნობილი ოლიგარქი, მილიარდერი იგორ კოლომოისკი. მისმა ფსონმა პირველ რბოლაშიც გაამართლა და საბოლოო გამარჯვებისთვის სერიოზული მარაგიც შეიქმნა. კოლომოისკი 2016 წელს დაუპირისპირდა მოქმედ პრეზიდენტს, რის გამოც მას იძულებით მოუწია მნიშვნელოვანი აქტივების დათმობა და ქვეყნის დატოვებაც კი. მანამდე კი, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შედეგად მან ასევე დაკარგა მსხვილი საწარმოები, რის საპასუხოდაც კოლომოისკიმ შექმნა საკუთარი მოხალისეთა 3000-კაციანი დაჯგუფება და დღემდე აფინანსებს ბრძოლას სეპარატისტების წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში. პ. პოროშენკო აქტიურად ცდილობს კოლომოისკის “კარტის” გათამაშებას და მის ოდიოზურ ფიგურასთან ვ.ზელენსკის მაქსიმალურად მიბმას. საერთოდ, მოქმედი პრეზიდენტი თავგანწირვით ცდილობს ნაციონალისტურ და ანტირუსულ გრძნობებზე ზემოქმედებით ელექტორატის დარაზმვას, სიტუაციის გამოსწორებას და არჩევანის მის სასარგებლოდ შემობრუნებას. მოსალოდნელია, რომ 21 აპრილამდე, როდესაც უნდა ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური, კანდიდატების მხრიდან მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული შავ პიარზე. თუმცა, როგორც უკრაინელი, ისე საერთაშორისო პოლიტ-ტექნოლოგები ერთხმად აცხადებენ, რომ თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, შავი პიარიც კი არ უშველის მოქმედ პრეზიდენტს არსებული 14%-იანი ჩამორჩენის აღმოფხვრაში.

პ. პოროშენკოს შანსებს ამცირებს 3-4 ადგილებზე გასული იულია ტიმოშენკოსა და იური ბოიკოს მისდამი, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ პარტნიორული დამოკიდებულება. მათ ღიად დაადანაშაულეს ხელისუფლება არჩევნების მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარებაში, თუმცა არ აპირებენ შედეგების გაპროტესტებას და მოემზადებიან შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ნაკლებად სავარაოდოა, რომ მათი ამომრჩეველი მოქმედი პრეზიდენტის მხარდასაჭერად წავიდეს 21 აპრილს არჩევნებზე.

საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში აღიარებდნენ კორუფციასთან ბრძოლისა და რეფორმების გატარების კუთხით პ. პოროშენკოს გარკვეულ წარუმატებლობებს, მათთვის მოქმედი პრეზიდენტი უკვე კარგად ნაცნობი და კრიზისულ ვითარებებსა თუ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში გამოცდილი ფიგურაა. მისგან განსხვავებით, ვ. ზელენსკის არც პოლიტიკური ხედვებია ცნობილი და არც მისი გარემოცვა. დასავლეთში საკმაოდ ფრთხილ განცხადებებს აკეთებენ უკრაინის შესაძლო ახალ პრეზიდენტთან დაკავშირებით.  ასეთია დემოკრატიული თამაშის წესები. მათგან განსხვავებით, რუსეთის პროპაგანადისტული მანქანის ქარცეცხლში ყოველდღიურად ხვდება მოქმედი პრეზიდენტი. აკრიტიკებენ, მაგრამ შედარებით “ლაითად” მის კონკურენტს. 

რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს კომიკოს ვ.ზელენსკის ომის მდგომარეობაში მყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, ისევე როგორც ვ. პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენა, თუ უკრაინელი ხალხი მაინც გააკეთებს არჩევანს სიახლის სასარგებლოდ, 22 აპრილს (ლენინის დაბადების დღეს ვიღიმი) მსოფლიოს შეიძლება მოევლინოს მსხვილი ევროპული სახელმწიფოს პრეზიდენტი, კომიკოსის პროფესიით და პოლიტიკაში ნულოვანი გამოცდილებით.

ვნახოთ. იღიმის ის, ვინც ბოლოს იღიმის.

წარმატებები მოძმე უკრაინას! 

გააზიარე