გემრიელი ფული

გემრიელი ფული

რას ფიქრობთ ათასობით თვალის წინაშე სადილობაზე? გრცხვენიათ? სულ ტყუილად – სამარცხვინო აქ არაფერია. პირიქით, თუკი თქვენი ჭამის მანერა და მთლიანობაში თქვენ მოწონებას დაიმსახურებთ, შეიძლება სულ რამდენიმე საათში ასეულობით დოლარიც კი გამოიმუშაოთ. 

რთულია, ერთი სიტყვით ახსნა სამხრეთ კორეაში დაწყებული ფენომენი, რომელმაც 2009 წლიდან მოყოლებული მზარდი ტემპით მოიცვა მსოფლიოს ყველა წერტილი და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ტრადიცია, რასაც საჭმლის მიღების ყოველდღიურ პროცესს ვეძახით. თუმცა, როგორც ყველა უწყინარი ისტორია, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ერთი ადამიანის “ახირებას” შეიძლება მივაწეროთ, რომელმაც კორეის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ონლაინ სამაუწყებლო პლატფორმა Afreeca TV-ზე შემთხვევით გადაწყვიტა პირდაპირ ეთეში ჩართვა და ჭამის პარალელურად, მაყურებლისთვის სხვადასხვა ისტორიის გაზიარება.

ფორმატი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ სულ მალე ზემოხსენებულ ფენომენს სახელიც შეურჩიეს და ჯერ Afreeca TV-ზე, მოგვიანებით კი Youtube-სა და Twitch-ზე ერთიმეორის მიყოლებით გაჩნდა Mukbang-ად დასათაურებული ვიდეოთა სერია, რაც, სიტყვასიტყვით რომ გადმოვთარგმნოთ, “ეთერში ჭამას” გულისხმობს.

“ვარსკვლავის ბუშტები”

თუმცა Mukbang-ი, როგორც ფენომენი, ვერასდროს გახდებოდა ასეთი პოპულარული, რომ არა ფულის გამომუშავების ის მარტივი მექანიზმი, რამაც ვიდეოს ავტორებს სახელად Broadcasting Jockeys (BJ) მოუტანა.  

პროცესი საკმაოდ მარტივია:  Afreeca TV საშუალებას აძლევს მასზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს, “ვარსკვლავის ბუშტებად” წოდებული 10 ცენტის ღირებულების მონეტები აჩუქოს  უწყვეტი რაოდენობით პიროვნებას, ვისაც პირდაპირ ეთერში უყურებს. საიტის პოლიტიკიდან გამომდინარე, გამომუშავებული თანხის 30-40% ვებგვერდს რჩება, დანარჩენი კი  BJ-ს. თანხა ერთი შეხედვით მიზერულად შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა, როდესაც ეთერში რამდენიმე საათი ზიხარ, მაყურებელი კი 10 000-მდე გყავს, რამდენიმე საათში ასეულობით დოლარის გამომუშავება დიდ სირთულეს შეიძლება არც კი  წარმოადგენდეს.  

მონეტის ორი მხარე

თუმცა ჩნდება სულ მცირე ორი კითხვა.

პირველი – რატომ უნდა ისურვოს პირმა გადაუხადოს ფული ჭამაში მას, ვისაც ეკრანზე ხედავს?

ამ კითხვაზე პასუხი კულტურითაც აიხსნება და სტატისტიკითაც. კორეულ კულტურაში კომუნიკაცია დიდ როლს თამაშობს, თუმცა მზარდი ინდუსტრიული და ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, უშუალო კომუნიკაცია შემცირებულია. ამას ემატება მარტო მცხოვრებთა მზარდი ტენდენციაც. ჯამში კი ვიღებთ სურათს, როცა ადამიანები მზად არიან, გადაიხადონ საფასური იმაში, რომ მათთან ერთად, თუნდაც ეკრანს მიღმა, ვიღაცამ ივახშმოს.

წელი

1980

1985

1990

1995

2000

2005

2010

2015

ციფრები

პროცენტებში

382,743

4.8

660,941

6.9

1,021,481

9.0

1,642,406

12.7

2,224,433

15.5

3,170,675

20.0

4,142,165

24.9

5,203,440

27.2

 

წყარო: Statistics Korea (2015). დემოგრაფიული ტენდენციის აღწერა 

2015 წელს სამხრეთ კორეაში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მიხედვით,  დაახლოებით 5,203,440 ადამიანი ცხოვრობდა მარტო, რაც მთლიანი მოსახლეობის 27.2%-ს შეადგენდა.  ნავარაუდევია, რომ მონაცემები 2035 წლისთვის გაიზრდება  და მოიცავს მოსახლეობის 34%-ს. ეს ცვლილება კი თავის მხრივ დიდ როლს ითამაშებს თავად Mukbang-ის განვითარებაშიც, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჭამა კორეელებისთვის ოჯახურ აქტივობასთან ასოციირდება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პიროვნებები მარტო ცხოვრობენ, ლუკმაპურის გამზიარებელი კი გვერდით არავინ ჰყავთ, ისინი ეძებენ “ოჯახის” ალტერნატივას, რომლადაც ამ შემთხვევაში  BJ იქცევა. 

თუმცა, საინტერესოა მეორე კითხვაც – რატომ უნდა ისურვოს ადამიანმა, მსგავსი საქმით დაკავდეს?

თანამედროვე კორეულ საზოგადოებაში ახალგაზრდა თაობას მძიმე კონკურენციისა და უმუშევრობის მაღალი დონის პირობებში უწევს ცხოვრება. სწავლის დამთავრების შემდეგ ბევრი ახალგაზრდა უმუშევრად რჩება, რის შემდეგაც კლასიფიცირდება, როგორც NEET-ი – არა განათლებული, დასაქმებული ან დატრენინგებული, რაც ჰიუნდაის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით 15-დან  29 წლამდე მოსახლეობის  17 პროცენტს, 1.63 მილიონ ადამიანს შეადგენს.

მკვლევრების განმარტებით, ახალგაზრდები ცდილობენ, შეინარჩუნონ სტუდენტის სტატუსი მანამდე, სანამ ეს შესაძლებელია. მათი უმეტესობა ცდილობს, გადაავადოს უნივერსიტეტის დამთავრება ღირსეულ სამსახურში მოწყობამდე, რადგან სწავლის დამთავრების შემდეგ NEET-ში მოხვედრის შესაძლებლობა საკმაოდ მაღალია, სტუდენტური სტატუსი კი გარკვეულწილად სტაბილურობის ინდიკატორია.


წყარო: ჰიუნდაის კვლევითი ინსტიტუტი (2015); ახალგაზრდა NEET-ის მახასიათებლები

ამის პარალელურად,  ჰიუნდაის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად,  სტუდენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად იკლებს დასაქმებულთა პროცენტული წილიც. სოციუმში “დამარცხებულის” სტატუსის თავიდან ასაცილებლად კი ახალგაზრდები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორღაც თავიდან აიცილონ NEET -ში მოხვედრის საშიშროება.    

აქ კი ჩნდება  Mukbang-ი  “მხსნელის” ალტერნატივით მათი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის შესანარჩუნებლად, თან სამსახურიც დიდი სირთულით არ გამოირჩევა – დღეში რამდენიმე საათი ეკრანის წინ ჭამა და მაყურებელთან კომუნიკაცია. სამაგიეროდ გამომუშავებული თანხა მოლოდინს აჭარბებს, ზოგიერთი BJ –  თვეში 10 000 დოლარსაც იღებს – სრულიად საკმარისს იმისთვის, რომ მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს.

ფაქტია, ისეთ უჩვეულო სუბკულტურულ ფენომენსაც კი, როგორიც Mukbang-ია, აქვს არსებობის უფლება რეალობაში, სადაც ადამიანები მზად არიან, აწარმოონ და მოიხმარონ “პროდუქტი”, რომელიც არა მხოლოდ აპურებს, არამედ – ანუგეშებს.

გააზიარე