დაგვირგვინება იტალიურად
განქორწინებაც მაგარია იტალიურად და დაქორწინებაც, მაგრამ აი დაგვირგვინება…
მოკლედ, მოსკოვში დიდი ამბებია. ვლადიმერ პუტინის დიდ პოლიტიკაში გამოჩენიდან ზუსტად 20 წლის თავზე, მიუხედავად დაჭერების, დარბევებისა და რეპრესიული მანქანის სრული ძალით მუშაობისა, ათეულ ათასობით ადამიანი გამოვიდა მოსკოვში საკუთარი უფლებების დასაცავად (კრემლის რეჟიმმა განუკითხაობის ყველა რეკორდიც საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში მოხსნა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს 1 წლის ბავშვის მშბოლის უფლებას ართმევენ მარტო იმიტომ, რომ მშვიდობიან მსვლელობაზე თან წაიყვანეს). პუტინის რეიტინგი კატასტროფულად ეცემა. ბოლო გამოკითხვების თანახმად, ხვალ რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს, ვლადიმერ პუტინს ხმას 40%-ზე ოდნავ მეტი მისცემდა ხმას. ასეთი დაბალი მაჩვენებელი 8 წლის წინ ქონდა. სექტემბერში მოსკოვის საქალაქო დუმაში არჩევნებია. მანამდე პროტესტი არ ჩაცხრება. ნავთობზე ფასებიც რუსეთისთვის არაკომფორტულ ზონას სწრაფად უახლოვდება. სანქციებიც, ავად თუ კარგად, მაინც თავის საქმეს შვება. მოკლედ, შემოდგომაზე რუსეთში ძალიან საინტერესო პროცესები განვითარდება (ახსოვთ მაგათ ოქტომბერი). ვნახოთ, ამბავი რეჟიმის ცვლილების რეჟიმში თუ გადაიზრდება. რა თქმა უნდა, ტრადიციულად ყველაფერი დასავლეთს და კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებს ბრალდება (აბა სხვას ვის? კადიროვს ხო არ დაბრალდება?). მოსკოვში აშშ-ს საკონსულომ დაგეგმილი აქციის მარშრუტი გამოაქვეყნა საკუთარი მოქალაქეების გასაფრთხილებლად, ყოველი შემთხვევისთვის ერიდეთ, სეირნობისთვის არ დაგაპატიმრონო. ოფიციალურმა მოსკოვმა ეს აქციებზე ხალხის მისვლის მოწოდებად ჩათვალა, ზახაროვას ზარბაზნებიც გამოაგორა და დასავლეთის მისამართით მწარ-მწარე ბრალდებებიც გაისროლა.
ჰონგ კონგშიც დიდი ამბებია. გასულ კვირას აეროპორტში გამართეს “შავ ქოლგიანებმა” მასშტაბური აქცია. პროტესტი ნელ-ნელა საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევიდან ჰონგ კონგის მმართველის გადადგომისა და ჩინეთისგან გამოყოფის მოთხოვნებში იზრდება. შესაბამისად, სულ უფრო მძაფრად რეაგირებს ოფიციალური ბეიჟინი და სულ უფრო ხმამაღლა ისმის მისი მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ შესაძლო ფიზიკური ჩარევის შესახებ განცხადებები. ჰონგ კონგის დაკრგვა ჩინეთს რომ არ უნდოდეს, გასაკვირი ნამდვილად არ არის, მაგრამ საკანონმდებლო ინიციატივის საბოლოო გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებაც რო ჭიანურდება, ფაქტია. რატომღაც!!!, რატომღაც აქაც ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ დროს გაწელავს, შემოდგომა მოვა, სწავლა დაიწყება და დემონსტრანტების დიდი ნაწილი სასწავლო მერხებსა და შესაბამისად ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. ჩემი მოკრძალებული აზრით, დროის გაყვანა ავადმყოფობის მკურნალობის, ანუ არსებული პრობლემის მოგვარების სწორი გზა ნამდვილად არ არის. საზაფხულო ანესთეზია ტკივილს დიდხანს ვერ გააყუჩებს ვერც ჰონგ კონგში და ვერც ვერსად. მოსკოვის ამბების სიკეთის არ იყოს, ოფიციალურმა ბეიჟინმაც ვითარების დაძაბვაში ისთევ ოფიციალური ვაშინგტონი და მასთან ერთად სხვა ოფიციალური დედაქალაქები დაადანაშაულა. არც ვაშინგტონმა დააყოვნა პასუხი და სახ.დეპ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ცისქვეშეთის კანცელარიას სულ “მოძალადე რეჟიმი” უძახა.
როგორც ჩანს, კარს მომდგარ შემოდგომაზეც (დრო სწრაფად გარბის. ეს სამი კვირაც უმალ გაიქროლებს. სამწუხაროდ!) ვაშინგტონსა და ბეიჟინს შორის ურთიერთობები სწორედ ასეთ რეჟიმში გაგრძელდება (რას გადავეკიდე ამ სიტყვა “რეჟიმს” ხომ ვერ მეტყვით?). გაგრძელდება და ძალიანაც ცუდი და არა მხოლოდ აშშ-სა და ჩინეთისთვის. შემოდგომა კი უფრო სწრაფად ახლოვდება, მაგრამ საყოველთაო შეფასებით, მომავალი წლისთვის ეკონომიკური კრიზისიც სულ უფრო რეალური ხდება. ჩვენისთანა “მძლავრი” ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება კი ვერაფერი საფრთხეა (რაც არ გაქვს, იმას როგორ შეანელებ), მაგრამ ზოგადად მსოფლიოსთვის მთლად კარქის ამბებ წინ ნამდვილად არ გველოდება.
არადა, აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის არჩევნებამდეც სულ უფრო ნაკლები დრო რჩება (ოდნავ მეტი ჩვენს საპარლამენტო არჩევნებამდე! დედა შვილს არ აიყვანს არც იქ და არც აქ). ვაშინგტონში კამპანია მაგრად ხურდება, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას კი მოქმედი პრეზიდენტისთვის დიდი, შესაძლოა გადამწყვეტიც, მნიშვნელობა ექნება. დემოკრატების მხარესაც შემოდგომით მეტ-ნაკლებად გამოიკვეთება, პრაიმერიში გამარჯვების შანსები ვის უფრო გაეზრდება.
ვიცი, რომ ვენესუელას პრობლემა შეიძლება ბევრს არ აინტერესებდეს, მაგრამ 1600%-იანი!!! ინფლაციის პირობებში ხელისუფლება როდემდე შეიძლება შენარჩუნდეს მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მარაგების მქონე ქვეყანაში, მაინც ყურადღების ღირსია. შევხედოთ, დადგება თუ არა ამხ. მადუროს შემოდგომა.
დარწმუნებული ვარ, რომ დედას “ბუშტი” კიმ ჩენ ინი თავისი რაკეტებით შემოდგომაზეც გაერთობა. ყურადღება ყველას უყვარს. მოეწონა ბატონო სინგაპური, ვიეტნამი. მთლად დონალდ ტრამპმა სადელიმიტაციო ზონაში რომ ჩააკითხა და ჩრდილოეთ კორეის მიწაზე ფეხი რომ დადგა, სულ გადაირია. ჰოდა, გარეულია ეგეც მსოფლიო მარაქაში და იმედი აქვს, რომ ბოლო ბოლო ამ თავის რაკეტებს სარფიანად გადაახურდავებს ხვავსა და ბარაქაში. ვნახოთ, ვნახოთ!
ერთი რაც ვიცით დანამდვილებით, წელს, ისევე როგორც შარშან, შარშანწინ და კიდევ ბევრჯერ იმის წინ, 31 ოქტომბერი უეჭველი დადგება, მაგრამ აი მაგ დღეს დიდ ბრიტანეთში რა მოხდება, ამის თქმა დღეს ყველაზე შორსმჭვრეტელ ვარსკვლავთმცოდნეებსაც კი გაუჭირდებათ. კი არის ომახიანად “ბოჯო” ბატონი ბორის ჯონსონი, აცხადებს ხმამაღლა 1 ნოემბერს ევროკავშირში ჩვენი ფეხი არ იქნებაო, სულ მცირე თუ ახალი მოლაპარაკებები არ დაიწყებაო, მაგრამ ბრიუსელს “ცხელ-ცხელის” არ სჯერა – მოლაპარაკებები დასრულებულია და აღარც განახლდება; ასეო, ისეო, თქვენი დიდი ხათრი გვააქვსო, მაგრამ სულ კაათა ბრძანდებოდეთო. ასე რომ, დედოფალს დიდხანს სიცოცხლე და ჩემი უპირობო პატივისცემა, მაგრამ როგორც არასდროს მის სამეფოში ისეთი სიძლიერის ნისლია. იმედია, აქაც გამოჩნდება ლამანშის გვირაბის ბოლოს სინათლე. თუ არა და, კი დაფრინავს ხალხი უკვე ჰოვერბორდებით ლამანშის თავზე.
ლამანშიდან ჰორმუზამდე ჰოვერბორდით ჩაღწევა ჯერჯერობით გაჭირდება. სამაგიეროდ, სამხედრო გემების ესკორტი ნავთობის ტანკერებს, განსაკუთრებით ბრიტანულს, აუცილებლად დაჭირდება. რა იცი თეირანს რა მოაფიქრდება, ან რევოლუციის მცველთა კორპუსს რომელი ტანკერი არ “მოპიტნავება”. თუ ევროპელები ზომებს არ მიიღებენ, ალბათ ურანის გამდიდრებაც გაგრძელდება. წარმოდგენაც კი არ მინდა, საქმე თუ ასე წავიდა, ეს ყველაფერი რითი დამთავრდება. ცხადია, შემოდგომაზე ტემპერატურა არც აქ დავარდება.
ჰორმუზიდან სირიამდეც არცთუ ისე შორია, მაგრამ აქ ნამდვილი ომია. ყველა აქ არის – პირველ რიგში სირიელი ხალხი, მათი სისხლის მღვრელები ასადი და პუტინი, კიდევ აქვეა ანკარა და თეირანი, იერუსალიმი და თქვენ წარმოიდგინეთ ვაშინგტონიც, მეომარი ქურთები და დემოკრატიული ძალები, რუსი დაქირავებული მკვლელები და “აისის”-ის ნარჩენები. მზადდება ახალი ოპერაციები, ახალი შეტევები, რასაც აუცილებლად მოყვება ახალი მსხვერპლი და ახალი დევნილები.
სად წავლენ დევნილები? თუ შეთანხმება ძალაში დარჩება, თურქეთში. თუ თურქეთს და ევროპას შორის ურთიერთობები გაუარესდება, დევნილებისთვის ევროპისკენ გზა გაიხსნება. მიგრანტების შეჩერების და ქვეყანაში არ შემოშვების ტალღაზე ევროპაში ხალხი ხელისუფლებაში მოდის და დღემდეც მყარად მაგრდება.
ჩვენი საშემოდგომა მიმოხილვა/მოგზაურობაც სხვაგან სად, თუ არა იტალიაში დაგვირგვინდება. ის ის იყო უნდა მეთქვა, მეტი რაღა უნდა მოხდეს ამ გაგანია აგვისტოში თქო, მაგრამ “ჩრდილოეთის ლიგის” მატეო სალვინიმ და “5 ვარსკვლავის” ლუიჯი დი მაიომ “განქორწინება იტალიურად” გამოაცხადეს. ამ კვირაში დადგება პრემიერ კონტეს მთავრობის ნდობის საკითხი (არადა წასული იყო პარლამენტი უკვე იტალიის საუკეთესო კურორტებზე დასასვნებლად. რავარი დასაბრუნებელია!). მოუწევთ პრეზიდენტ სერჯიო მატარელას შეწუხებაც. ისეთი პირი უჩანს, რომ ოქტომბერში არჩევნები დაინიშნება. პუტინის თაყვანისმცემელი მატეო სალვინის “ლიგა” ლიდერობს პოლიტიკურ ძალთა რეიტინგებში, ორჯერ უსწრებს “5 ვარსკვლავს”, მაგრამ შეიძლება ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს დამოუკიდებლად მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. აბა თუ გამოიცნობთ რა ქვია ულტრა რადიკალურ პროფაშისტურ მემარჯვენე ძალას, ვისი ხმებიც ბატონ სალვინის შეიძლება დაჭირდეს? არც მეტი არც ნაკლები – “იტალიის ძმები”! აღარ დამთავრდა ეს ძმები და საძმოები. განქროწინებაც მაგარია იტალიურად და დაქორწინებაც (მიხვდით ალბათ, გენიალურ იტალიურ ფილმებს ვგულისხმობდი), მაგრამ ფაშისტები და საძმოები მაინც ნამეტანი იქნება ჩემი საყვარელი იტალიისთვის. მაინც იმედი მაქვს, რომ დაგვირგვინება მოხდება იტალიურად, მხიარულად და პოზიტიურად.
მომიტევეთ, რომ გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ ასეთია მსოფლიო ახლა და ასეთი იქნება შემოდგომაზეც. მართლაც რომ #მსოფლიოროგორცასეთი!!! დაისვენეთ სანამ დროა. რა თქმა უნდა, მკაცრად რეკომენდირებულია დასვენება საქართველოში! #spendyoursummeringoergia
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on June 5, 2023
- on May 22, 2023
- on May 9, 2023
- on April 18, 2023
- on April 3, 2023
- on March 27, 2023
- on March 20, 2023
- on March 13, 2023