დაუზღვეველი რისკების რისკი
თუ რისკი ჩაუმქრალი ნაპერწკალია, რომელმაც შეიძლება ნებისმიერ მომენტში ხანძარი გააჩინოს, მაშინ დაზღვევა ცეცხლმაქრია – Investopedia-ს ეს განმარტება 30 იანვარს განვითარებული მოვლენების ფონზე მას შემდეგ ამეკვიატა, რაც ბავშვთა სამყაროს დაწვით დაზარალებულები დახმარებას დღემდე უშედეგოდ ელოდებიან და ყველა მედიასაშუალებით გვერდით დგომას პირველ რიგში ხელისუფლებისგან მოითხოვენ.
რამდენიმე საათში ამ ხალხმა დაკარგა ყველაფერი, რითაც თავს ირჩენდა და იმ ვალსაც ფარავდა, რაც საქმიანობის წარმოსაწყებად ბანკიდან აიღო. თუმცა შეეძლოთ თუ არა მათ, ეს რისკები დაეზღვიათ და თუ შეეძლოთ, რატომ არ დააზღვიეს? ეს ხომ ერთნაირად მომგებიანი იქნებოდა მათთვის, ხელისუფლებისთვის, რომელსაც პრეტენზიების მოსმენა აღარ მოუწევდა და ინდუსტრიისთვისაც, რომელიც რისკების დაზღვევის სანაცვლოდ, შემოსავლების გენერირებას შეძლებდა.
ეს კითხვა რამდენიმე დღეა არ მასვენებს. მესმის, რომ პასუხი შეიძლება ძალიან მარტივი იყოს – ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებს ფული არ ჰქონდათ. თუმცა უმრავლეს მათგანს არც ბიზნესის დასაწყებად ჰქონდა ფული, ბანკიდან ისესხა და პროცენტს იხდიდა. კითხვა, რომელსაც მე ვსვამ ასეთია: უკეთ რომ ცოდნოდათ, რა სარგებელს ნახავდნენ ისინი დაზღვევით, იქნებ დაზღვევისთვისაც გამოენახათ გაჭირვებით დამატებითი თანხა? ეს კითხვა კი თავის თავში კიდევ ერთ კითხვას შეიცავს, რა უშლის ხელს იმას, რომ ჯერ კიდევ არ ვაფასებთ სათანადოდ რისკების დაზღვევის აუცილებლობას და სად და ვისგან უნდა მივიღოთ ეს ინფორმაცია?
მე დაზღვევის საკითხებში ექსპერტად ნამდვილად არ გამოვდგები, ამიტომ ამ კითხვების დასმა ბლოგის და არა სტატიის ან საავტორო სვეტის სახით გადავწყვიტე. შესაბამისად, თუ რამეში არ მეთანხმებით, შეგიძლიათ კომენტარებში მოიწეროთ, ან იქნებ სულაც ანალიტიკის ეთერში განვიხილოთ ეს თემები.
იმისთვის, რომ ჩემს მთავარ კითხვას პასუხი გავცეთ, მოდი, პირველ რიგში ვაღიაროთ, რომ დაზღვევა რთული ცნებაა. მათაც კი, ვინც დაზღვეულები ვართ და ამ კულტურას დიდ პატივს ვცემთ, ბოლომდე მაინც გვიჭირს დაზღვევის პოლისების ყველა დეტალში გარკვევა. თანაც რაც უფრო მეტად ვითარდება მსოფლიო, მით მეტად იზრდება დაზღვევის შესაძლებლობები. ვინ იფიქრებდა, რომ როდესმე პასუხისმგებლობის დაზღვევა იქნებოდა შესაძლებელი, ან სამოქალაქო მღელვარების და პოლიტიკური რისკების დაზღვევა. თუმცა საქართველოში ყველაზე დიდი წილი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის, რადგან აქ უფრო გვეშინია — ავად გახდომის წარმოდგენა უფრო ადვილია, ვიდრე, ვთქვათ, სახლის დაწვის ან თუნდაც ავტოკატასტროფაში მოყოლის. არადა, ავტომობილის შემთხვევაში, მეტ-ნაკლებად მისაღებ ფასად შესაძლებელია არა მხოლოდ მანქანა დავიცვათ, რის მეშვეობითაც დროს და ენერგიას ვზოგავთ და მეტის მოსწრებას ვახერხებთ, არამედ ოჯახის წევრებიც, თუკი ავარია მაინც შეგვემთხვევა. რაც შეეხება საცხოვრებელ ბინას, ეს ალბათ ჩვენს სიცოცხლეში ყველაზე მსხვილი შენაძენია, ამიტომ ამ ინვესტიციის დაცვა უბრალოდ საღი აზრია. ისევე, როგორც სიცოცხლის დაზღვევა, რაც შესაძლებლობას გვიქმნის ჩვენი სიცოცხლის მანძილზე ჩვენი სიკვდილის შემდეგაც ვიზრუნოთ ოჯახზე იმით, რომ შევუნარჩოთ ის, სარგებელი, რაც ჩვენი შრომით მოგვქონდა და ავარიდოთ ჩვენი გარდაცვალების ხარჯები.
თითქოს ყველაფერი ლოგიკურია და ის მაინც უნდა გვინდოდეს, რომ საუკეთესო სადაზღვევო წინადადების მოსაპოვებლად ბაზარს კონკურენციისკენ ვუბიძგებდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, საქმე ზოგჯერ აქამდეც არ მიდის. რატომ? რა გვიშლის ხელს? ბევრი რამ. მაგრამ აქ სამ ყველაზე გავრცელებულ მითზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება.
1. რაც უნდა დამემართოს, ეგენი მაინც რამეს მოიფიქრებენ და დანაკარგს არ ამინაზღაურებენ. ბევრი ამბობს, რომ დღემდე სწორედ ეს მითი კვებავს იმ კულტურას, რომელიც საბოლოო ჯამში ამ ინდუსტრიის განვითარების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მიზეზი კი ორმხრივია: მე თანხას ვიხდი, კარგად ვარ, გადახდილ თანხას ვერ ვიყენებ, სადაზღვევო ბიზნესი კი მდიდრდება და მოგებას აგენერირებს. როცა რამე შემემთხვევა და სადაზღვევოს სერვისისთვის მივმართავ, აღმოჩნდება, რომ გარკვეული პროცედურები უნდა დავიცვა და უნდა დავამტკიცო, რომ ნამდვილად მეკუთვნის ანაზღაურება. როცა ამას რიგი სადაზღვევოების არაკეთილსინდისიერი შემთხვევებიც ემატება, მითი ვერ იმსხვრევა და პირიქით, მტკიცდება.
2. რატომ უნდა მივცე ფული სადაზღვევო კომპანიას, როცა შემიძლია ფული ბანკში დავდო და პროცენტი გამოვიყენო? სინამდვილეში პასუხი მარტივია: არჩევანი თქვენზეა. თუმცა თვეში პირობითად 50 ლარის პროცენტი დიდი არ იქნება, თვეში 50 ლარად კი გაცილებით მეტი ღირებულების მქონე სარგებელი შეიძლება მიიღოთ, თან მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად დაგჭირდებათ. ამას კიდევ ერთი მხარე აქვს: თავისთავად ის ფაქტი, რომ სადაზღვევო კომპანია მოგებას აგენერირებს, ცუდი ფაქტი არ არის, რადგან ღარიბი კომპანია თვითონ იქნება რისკის შემცველი და თქვენი რისკების გადაზღვევაც აღარ გამოუვა.
3. რატომ უნდა ვიხადო ფული იმაში, რაც შეიძლება არასდროს მოხდეს? ამერიკელებს აქვთ კარგი გამოთქმა: never say never (არასდროს თქვა არასდროს). დაზღვევითაც კი რისკებს ვერ გავაქრობთ, მაგრამ მათი სწორი მართვით შეიძლება ამ რისკების შემცირება. თუმცა ამ კითხვაში მთავარი პრობლემა კიდევ სხვაა: აქ კომუნიკაციის ნაკლებობა იგრძნობა. ფაქტია, ინდუსტრია ვერ იცლის იმისთვის, რომ თავისი მომსახურების სარგებელი მოსახლეობას მარტივ ენაზე აუხსნას და ფინანსური განათლების კუთხით ყველაზე საჭირო საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს.
კიდევ ერთი საკითხი, რაც ბლოგის დასასრულისკენ მინდა რომ გამოვკვეთო სამსჯელოდ არის ის, თუ ვინ უკეთესად დააზღვევს რისკებს — სახელმწიფო თუ კერძო სექტორი; ჩინოვნიკი თუ პროფესიონალი, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული და საკუთარ ფულს რისკავს და არა გადასახადების გადამხდელის ფულს? ისევ ბავშვთა სამყაროს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ: დაზიანდა მესაკუთრე, სახელმწიფო, მოვაჭრეები. რა მოხდებოდა მეიჯარეს პასუხისმგებლობა რომ აეღო და ყველა მაგიდა დაეზღვია? მეიჯარე თავის წილს მიიღებდა, მოვაჭრეები – თავის წილს, მერიასთან კი დიდი ალბათობით აქციები უკვე შემწყდარი იქნებოდა. მეტიც, სახელმწიფო ბიუჯეტი იხეირებდა: რადგან სადაზღვევო ინდუსტრია ბავშვთა სამყაროს ბრუნვის მოწესრიგებაშიც დაეხმარებოდა და შავი ვაჭრობა გამოირიცხებოდა.
როგორ უნდა მივაღწიოთ ამას? ეს უკვე ის კითხვაა, რომელსაც ინდუსტრიამ და მთავრობამ ერთად უნდა გასცენ პასუხი.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on March 24, 2017
- on August 26, 2016