დებატები დასრულდა. დღეების ათვლა დაიწყო! 9,8,7....
ამერიკის შეერთებულ შტატებში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დებატები დასრულდა. მიუკერძოებელი დამკვირვებლების შეფასებით, დასრულდა ფრედ. მათი აზრით, ამჯერად არცერთმა კანდიდატმა (განსაკუთრებით დონალდ ტრამპს ეხება ეს) თავი არ დაიზიანა. რა თქმა უნდა, ორივე კანდიდატის მხარდამჭერი მედია საშუალებებიდან და ექსპერტების მხრიდან იყო მტკიცება, რომ დებატებში სწორედ მათმა კანდიდატმა გაიმარჯვა დამაჯერებლად. სინამდვილეში, საყოველთაო აღიარებით, უპირობო გამარჯვებული იყო მხოლოდ ერთი ადამიანი – ამერიკული ტელე არხის ენ ბი სი-ს ცნობილმა ტელე წამყვანმა, 44 წლის კრისტენ უელკერმა შეძლო წაეყვანა დებატები ისე, რომ ორივე კანდიდატი დამორჩილებოდა წესებს, არ ჩაჭროდა ერთმანეთს გამოსვლების დროს და დარჩენილიყო იმ კონკრეტულ საკითხსა თუ თემაში, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში განიხილებოდა. წინა დებატების “მწარე“ გამოცდილებით, ეს არცთუ ისე მარტივი საქმე იყო. მას ამ რთულ ამოცანაში ხელს უწყობდა ახალი რეგულაციაც. მიკროფონის გათიშვის მექანიზმი პირველად ამოქმედდა ამერიკული დებატების ისტორიაში (პირველი დებატების შემდეგ, დონალდ ტრამპს ისიც კი დაუთვალეს, რომ მან ჯო ბაიდენს 74-ჯერ გააწყვეტინა სიტყვა!!!). ასე იყო თუ ისე, დებატები შედგა ამერიკული ტრადიციების შესაბამისად და გაცილებით უფრო შინაარსიანად, ვიდრე ცოტა ხნით ადრე გამართული პაექრობა, რომელიც უმრავლესობის შეფასებით იყო კატასტროფა ორივე კანდიდატისთვის. მართალია, მაყურებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა სარეკორდო მაჩვენებელს, რომელიც 2016 წელს ჰილარი კლინტონისა და დონალდ ტრამპის დებატების დროს დაფიქსირდა (80 მილიონი ადამიანი ადევნებდა მაშინ თვალს დებატებს), მაგრამ სამაგიეროდ მაყურებელს მიეცა შესაძლებლობა კანდიდატების პოზიციები უკეთესად გაეგო კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც მინდა გაგაცნოთ დებატების მაყურებლებთან დაკავშირებით: კვლევების მიხედვით, დებატების მაყურებელთა 90%-ზე მეტს მიღებუბული აქვს გადაწყვეტილება, თუ ვის აძლევს ხმას და მათი აბსოლუტური უმრავლესობა მიდის არჩევნებზე ან უკვე გაკეთებული აქვს თავის არჩევანი ამა თუ იმ კანდიდატის სასარგებლოდ. მხოლოდ 4%-ს წარმოადგენს ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი, რომელზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს დებატებმა და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვის მისცეს ხმა. უყვართ ამერიკელებს შოუები. ვის არ უყვარს რო?! მოკლედ, აქ ყველაზე უპრიანი ლეგენდარული ფრედი მერკურის სიმღერის “Show must go on“ კიდევ ერთხელ გახსენება იქნებოდა.
თუმცა, ამ შოუს დროსაც შეიძლება ისეთი ამოვარდნა მოხდეს, რომ ეს საბედისწერო აღმოჩნდეს კონკრეტული კანდიდატისთვის. რამდენად საბედისწერო იქნება მაგალითად ჯო ბაიდენისთვის ნავთობისა და გაზის მოპოვებასთან დაკავშირებით მის მიერ დაფიქსირებული პოზიცია, რომ ენერგომატარებლებს მომავალი არ აქვთ და მათი აუცილებლობა გაქრება, როდესაც აშშ 2050 წლიდან გადავა ეკოლოგიურად სუფთა ენერგო რესურსების გამოყენებაზე, ამას არჩევნების შედეგები გვიჩვენებს, მაგრამ ცხადია, ამ კონკრეტულ თემაზე დემოკრატების კანდიდატის შეხედულებამ თავად დემოკრატიული პარტიაც მნიშვნელოვნად აანერვიულა. საქმე იმაშია, რომ ისეთ საარჩევნოდ მნიშვნელოვან შტატებში, როგორებიცაა მაგალითად ოჰაიო და ტეხასი, განსაკუთრებით კი პენსილვანიაში, სადაც შეიძლება გადაწყდეს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების ბედი, ნავთობის და გაზის მოპოვებასთან არის დაკავშირებული ასეულობით ათასი ოჯახის კეთილდღეობა. მათთვის ასეთი განცხადება ყურადღების მიღმა ვერაფრით დარჩებოდა. ეს კარგად იციან დემოკრატებმაც და რესპუბლიკელებმაც. თავად ჯო ბაიდენმა, მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა, ამ შტატებში დემოკრატების წარმომადგენლებმა პრაქტიკულად დებატების დასრულებისთანავე სცადეს აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით გამოხატული პოზიციების ნიველირება და ამით ვითარების გამოსწორება. ცხადია, ტრამპის გუნდიც მაქსიმალურად შეეცდება, რომ მისი კონკურენტის პოზიცია არჩევნების დღემდე იყოს მაქსიმალურად ყურადღების ცენტრში და ამით ზემოქმედება მოახდინოს მერყევი ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე. რამდენად გამოუვა, ვნახავთ 3 ნოემბერს.
იყო სხვა მნიშვნელოვანი თემებიც. რა თქმა უნდა, პანდემიასთან გამკლავება, რასიზმი, მიგრანტების პრობლემა, ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა – ყველაფერ ამაზე დებატები მიმდინარეობდა მწვავე ურთიერთკრიტიკის ფონზე. თუ ჯო ბაიდენმა განსაკუთრებული აქცენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პანდემიასთან გამკლავებაში მარცხზე გააკეთა, აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს მისი შვილის ჰანტერ ბაიდენის ჩინეთში, უკრიანასა და რუსეთში საქმიანობაზე და თანამდებობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ბრალდებით შეუტია. საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას კანდიდატებმა ერთმანეთი ლამის უცხო ქვეყნის სპეც. სამსახურებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. ასევე ჯო ბაიდენმა აშშ-ს პრეზიდენტი ჩრდილო კორეელი დიქტატორისადმი განსაკუთრებული კეთილგანწყობისთვის მკაცრად გააკრიტიკა. მოკლედ, ბრალდებები და კრიტიკა მრავლად ისმოდა, თუმცა მხარეებს ეძლეოდათ შესაძლებლობა, საკუთარი არგუმენტებიც მოეყვანათ და ოპონენტის ამა თუ იმ ბრალდებასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია დაეფიქსირებინათ.
დებატები დასრულდა, საარჩევნო კამპანიები კი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. დონალდ ტრამპმა უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. მან წინმსწრებად მისცა ხმა ფლორიდაში, უესთ ფალმ ბიჩის საარჩევნო ოლქში, სადაც ის 2019 წელს ნიუ იორკიდან გადაეწერა (გაამწარეს კაცი დემოკრატებმა J). ამის შემდეგ მან ბლიც კრიგის რეჟიმში გამართა საარჩევნო შეხვედრები ჩრდილოეთ კაროლინაში, ოჰაიოსა და ვისკონსინში, რომლებიც ტრადიციულად იყო ხალხმრავალი. ამასობაში ჯო ბაიდენი პენსილვანიას სტუმრობდა, სადაც ის კიდევ ერთხელ განმარტავდა საკუთრ პოზიციას ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე გადასვლის სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით. ბაიდენს შეხვედრების ჩატარების სხვა სტილი აქვს არჩეული: მანქანებით “დრაივ ინ“ კამპანია პანდემიით გამოწვეული ნოვატორული მიგნებაა. როგორც თქვენთვის ცნობილია, სწორედ ამ შტატებში წყდება ხოლმე არჩევნების ბედი, ვინაიდან ეს არის ყველაზე ე.წ. მერყევი ამომრჩევლების შტატები, სადაც ხმას ხან ერთი პარტიის კანდიდატს აძლევენ, ხან მეორის. ამ დროს, აქ არის კონცენტრირებული ელექტორალური კოლეჯის, ანუ ე.წ. ხმოსნების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომელიც განმსაზღვრელია აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნების საკითხში.
კოვიდ-19-მა ყველაფერზე მოახდინა გავლენა, მ.შ. ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების ხმის მიცემის პროცესზეც. წელს ფიქსირდება წინმსწრებად ხმის მიცემის სარეკორდო მაჩვენებლი. არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიღებული აქვს 35 მილიონზე მეტ ადამიანს. ასეთი აშშ-ს ისტორიას არ ახსოვს. სამწუხაროდ, სარეკორდოდ მაღალია კოვიდ ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელიც, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს საპრეზიდენტო არჩევნებში წინმსწრებად ხმის მიცემის თაობაზე ამერიკელი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას.
მაშ ასე. დღეების ათვლა დაწყებულია. 9,8,7…. 3 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის, მართლაც რომ უმნიშვნელოვანესი არჩევნები გაიმართება. მიუხედავად ცალკეულ კვლევებში დაფიქსირებული დემოკრატი კანდიდატის უპირატესობისა, ამ არჩევნების შედეგების პროგნოზირება კიდევ უფრო მეტად რთულია, ვიდრე 2016-ის.
ერთმა ჩემმა ქართველმა მეგობარმა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და დონალდ ტრამპს გულშემატკივრობს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრის დროს წუხილი გამოთქვა: კამპანია კი დასრულდება და არჩევნებიც გაიმართება, მაგრამ ისეა საზოგადოება პოლარიზებული, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, მეორე დღიდან როგორ უნდა გაგრძელდეს ცხოვრება და როგორ უნდა დამშვიდდეს სიტუაცია, რთული წარმოსადგენიაო. ამავე თემასთან დაკავშირებით, სრულიად სხვა სიტუაციაში გამართული დისკუსიის დროს ამერიკული და ზოგადად საერთაშორისო პოლიტიკის ძალიან გამოცდილმა პროფესიონალმა, ასევე ჩემმა ქართველმა მეგობარმა თითქოს უპასუხა პირველის კითხვას: ამერიკაში სისტემა მყარად დგას, არცერთ მხარეს მისცემს „ასტრალში გასვლის“ უფლებას და მსოფლიოს ყველაზე ძლიერ დემოკრატიასაც არაფერი დაემართება, შენ ის თქვი, აქ რა იქნებაო. შემდეგი ბლოგი რომ გამოვა, ჩვენი არჩევნები უკვე შემდგარი იქნება, აშშ-ში კი შემდეგ დღეს გაიმართება. დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ერთიც და მეორეც, აპოკალიფსის შესახებ ჩვენი ინფორმირება არავის მოუწევს არც აქ და არც ჩვენს ყველაზე ძლიერ მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on June 5, 2023
- on May 22, 2023
- on May 9, 2023
- on April 18, 2023
- on April 3, 2023
- on March 27, 2023
- on March 20, 2023
- on March 13, 2023