დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო საგარეო-პოლიტიკური მანევრები
2 თვეზე ნაკლები რჩება ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე. რა აღარ ხდება ამასობაში აშშ-ში – პანდემია, ვანდალიზმი, ექსტრემიზმი, საზოგადოების პოლარიზაცია – მე არ მახსენდება ნამდვილად ასეთი დრამატული წინასაარჩევნო გარემო მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს პირველკაცობისთვის ბრძოლაში; ალბათ არც ბევრ თქვენგანს. რა თქმა უნდა, ეკონომიკა იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი, 3 ნოემბერს გამარჯვებულის გამოსავლენად, თუმცა უსაფრთხოება და საერთაშორისო პოლიტიკა თავის მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ამ, გადაჭარბების გარეშე, გლობალური მნიშვნელობის არჩევნებში.
“დონალდ ტრამპის წარმატებული საგარეო პოლიტიკური დოქტრინა“ – ამბობენ მისი მხარდამჭერები; “იმპულსური, არათანმიმდევრული, გაუაზრებელი“ – არ იშურებენ ეპითეტებს მისი მოწინააღმდეგეები. სად არის სიმართლე? რას ფიქრობს ამერიკელი ამომრჩეველი? ეს 3 ნოემბერს გამოჩნდება, მანამდე კი გადავავლოთ კიდევ ერთხელ თვალი დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ სვლებსა და წინასაარჩევნო მანევრებს.
ცხადია, აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მთავარი ხაზი “ამერიკა უპირველეს ყოვლისა“-ზე გადის. არ მგონია, დონალდ ტრამპის რომელიმე წინამორბედი სხვა ქვეყნების ინტერესებს საკუთარზე წინ აყენებდა, მაგრამ საქმე მიდგომებშია, მთავარი განსხვავებები კი კონკრეტულ ქმედებებში.
ვინც არ უნდა ყოფილიყო აშშ-ს პრეზიდენტი, ტრადიციული მოკავშირეების – უშუალო მეზობლების, ალიანსის წევრებისა თუ წყნარი ოკეანის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორების მიმართ დამოკიდებულებაში ასეთი სიხისტე, მითუმეტეს ჩრდილოეთ კორეის და რუსეთის ავტოკრატი მმართველების და მათთან ერთად პანდემიამდე სულ ცოტა ხნით ადრეც კი ჩინეთის ლიდერის მიმართ „გასაოცარი“ კეთილგანწობის ფონზე, რთულად წარმოსადგენი იყო. არა, გვახსოვს კარგად, მე ვიტყოდი მწარედაც, რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკაც, ჩრდილო კორეელ კიმ ჩენ ირთან ნორმალიზების მცდელობაც და ევროპელ მოკავშირეებთან არსებული უთანახმოებაც, მაგრამ ამას არავინ ელოდა. ბევრი არც დონალდ ტრამპის გამარჯვებას ელოდა, მაგრამ რაც მას მერე ხდებოდაა….
ირანის ბირთვული შეთანხმება, კლიმატურ ცვლილებებზე პარიზის შეთანხმება, საბჭოთა კავშირის დროინდელი ბირთვულ შეიარაღებაზე შეთანხმება, ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ტრანსპაციფიკური პარტნიორობის სავაჭრო შეთანხმება – ჩაბარდა ყველა ისტორიას; ყოველ შემთხვევაში, დონალდ ტრამპის ხელმეორედ გამარჯვების შემთხვევაში ნამდვილად საბოლოოდ და უკანმოუბრუნებლად.
დონალდ ტრამპის მტკიცებით, ყველა მათგანი წამგებიანი და არასამართლიანი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რასაც ის აუცილებლად შეცვლიდა. შეცვალა კიდეც. გრძელვადიან პერსპექტივაში კონკრეტულ ციფრებში რამდენად აისახება რთული სათქმელია, მაგრამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, მათი მტკიცებით, ამერიკელი ხალხისთვის უპირველეს ყოვლისა და შემდეგ ყველა სხვა დანარჩენისთვის სამართლიანი ახალი შეთანხმებები გააფორმა იაპონიასთან, მექსიკასა და კანადასთან, ყველაზე ბოლოს კი, ჩინეთთან მიღწეულ, პირველი ფაზის სავაჭრო შეთანხმებას თავად ტრამპმა ისტორიული უწოდა და საკუთარ ყულაბაში წინასაარჩევნოდ თვალსაჩინო წარმატების ქულებიც მისთვის დამახასიათებელი პიარ ეფექტურობით გაიფორმა.
საგარეო-პოლიტიკურ ფრონტზე იყო წარუმატებელი მცდელობებიც. ჩრდილოეთ კორეასთან და მის ამჟამინდელ ლიდერთან კიმ ჩენ ინთან მიმართებაში, დონალდ ტრამპმა ნამდვილად გარისკა, საკუთარი რეპუტაციაც კი დადო ფსონზე. რაც მან წერილები უგზავნა დიქტატორ კიმ ჩენ ინს?! ათწლეულების შემდეგ ის პირველი ამერიკელი პრეიზდენტი იყო, ვინც ჩრდილოეთ კორეის მიწაზე ფეხი დადგა, მაგრამ უშედეგოდ. თავად შვეიცარიაში განათლება მიღებულ კიმ ჩენ ინს შეიძლება ძალიანაც კი უნდოდა ჩრდილოკორეული ფლორიდა ეხილა მის მიწა-წყალზე, მაგრამ ჩინეთის კომუნისტური პარტიის და კრემლის მკაცრი კონტროლის ქვეშ მის ოცნებებს ასრულება არ უწერია. მიიღო კრიტიკა დონალდ ტრამპმა, მაგრამ ჩაიარა კიმის მატარებელმა. და საერთოდ, ვიღას ახსოვს კიმ ჩენ ინი?!
არც ვენესუელაში წავიდა საქმე ისე, როგორც აშშ-ს პრეზიდენტს წინასაარჩევნოდ გაუხარდებოდა, მაგრამ მადუროს რეჟიმი მაინც საგრძნობლად შერყეულია, ეკონომიკურად კოლაფსის პირას იმყოფება და მისი არალეგიტიმური მმართველობის დასრულების საკითხი აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის ფორმირების შემდეგ კვლავ აქტუალური გახდება.
რაც შეეხება ბირთვულ შეთანხმებებს, მართალია, აშშ-ს “მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკამ ირანი ეკონომიკურად მნიშვნელოვნად დააზარალა, მაგრამ სამაგიეროდ ურანის გამდიდრების განახლებაზე ხელ-ფეხი გაუხსნა. ერთი პირობა, ისე დაიძაბა ვითარება, რომ ყველას ეგონა, სადაცაა აშშ ირანს ომს გამოუცხადებდა. თუმცა, შემდგომში ვითარება მაინც შედარებით განიმუხტა. უფრო მეტიც, აშშ-ს პრეზიდენტმა ირანის მხარესთან შეხვედრისთვის და ახალი შეთანხმების გაფორმებისთვის მზაობაც კი გამოთქვა, მაგრამ მას აქვს მთავარი პირობა – შეხვედრაც და, რაც მთავარია, შეთანხმებაც მოხდება მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუკი ის მოიცავს ირანის მხრიდან ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაზე ერთხელ და სამუდამოდ უარის თქმას. ცოტა რთული წარმოსადგენია ირანის მოქმედი მმართველების პირობებში ასეთი შეთანხმების მიღწევა, მაგრამ დონალდ ტრამპის მოთხოვნაში ლოგიკა ნამდვილად არის – მილიარდობით დოლარი, რომელიც ირანმა ბირთვული შეთანხმების გაფორმების შემდეგ მიიღო, წავიდა არა ირანელი ხალხის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, არამედ მიმართული იყო რეგიონში ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებასა და რეგიონის შემდგომ დესტაბილიზაციაზე მიმართულ ქმედებებზე. დიპლომატიური და ეკონომიკური წნეხის განხორციელება ახლაც გრძელდება, მაგრამ წინასაარჩევნოდ მთავარ ფოკუსში ირანი ნამდვილად არ იქნება.
სამაგიეროდ იყო, არის და იქნება ისრაელი და სპარსეთის ყურე. ისრაელი რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყველაზე დიდი პრიორიტეტია, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით. იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გადატანა ამის ყველაზე ნათელი მაგალითია, მაგრამ რეგიონში მშვიდობის მისაღწევად მხოლოდ ისრაელთან სტრატეგიული მოკავშირეობა საკმარისი ნამდვილად არ არის. დიდხანს და ენერგიულად იმუშავა დონალდ ტრამპის სიძემ, აშშ-ს ადმინისტრაციის სხვა წამყვან ფიგურებთან ერთად და რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან აქტიური დიპლომატიით “საუკუნის შეთანხმებაზე“, მაგრამ მისი სტარტი არცთუ ისე წარმატებული გამოდგა. საჭირო იყო სწრაფად მოქმედება. ჯარედ კუშნერმა და სახელმწიფო მდივანმაც არ დააყოვნეს და ყურადღება სხვა ტიპის შეთანხმებების მიღწევაზე გადაიტანეს. პანდემიის ყველაზე აქტიურ ფაზაში განხორციელებულმა დიპლომატიურმა აქტივობამ კონკრეტული შედეგი გამოიღო. მართალია, ეს არ არის საუკუნის შეთანხმება და სრულებითაც არ ნიშნავს ახლო აღმოსავლეთში ნანატრი მშვიდობის დამყარებას (არც უწერია კიდევ დიდხანს, სამწუხაროდ), მაგრამ ჯერ არაბთა გაერთიანებულ საემიროების, შემდეგ კი ბაჰრეინის მხრიდან პირადად დონალდ ტრამპის მონაწილეობით ისრაელთან შეთანხმებების გაფორმება/ურთიერთობების ნორმალიზება წინასაარჩევნოდ მაინც სერიოზული შედეგია. თანაც მოსალოდნელია, რომ არჩევნებამდე არაბული სამყაროდან შეიძლება კიდევ გამოჩნდნენ ისრაელთან ურთეირთობების ნორმალიზების მსურველი ქვეყნები.
ამასობაში, 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმიდან 19 წლის თავზე ყატარის დედაქალაქ დოჰაში სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ავღანეთის ხელისუფლებისა და თალიბების წარმომადგენლებს რთული, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს. ამერიკული კონტიგენტის სამშობლოში დაბრუნება არის ამ მოლაპარაკების წინაპირობა და აშშ-ს პრეზიდენტის ერთ-ერთი წინასაარჩევნო პირობა. სულ რომ შეთანხმება არ შედგეს, სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების ნაწილის სახლში მშვიდობით დაბრუნებას მაინც ექნება ელექტორალური თვალსაზრისით გარკვეული მნიშვნელობა, ხოლო თუ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება, ხომ წარმოგიდგენიათ წინასაარჩევნოდ ეს როგორ გაფორმდება?!
ზემოთ ბირთვული შეთანხმებები ვახსენეთ. რუსეთთან ახალი ხელშეკრულებისთვის აშშ-ს პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, მხოლოდ აქაც არის ერთი მნიშვნელოვანი პირობა – ამ შეთანხმებაში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ჩინეთი. საერთოდ, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას რუსეთი და მასთან დაკავშირებული ისტორიები მუდმივად თან სდევდა. ის სტაბილურად ორ ცეცხლს შუა იმყოფებოდა – დემოკრატები მას ადანაშაულებდნენ რუსეთთან და განსაკუთრებით მის პრეზიდენტთან მიმართებაში გამოვლენილ სისუსტე/სირბილეში, თავად ტრამპი კი რუსეთის “დროებით განეიტრალების“ სტრატეგიის განხორციელების პროცესში ახალ-ახალ სანქციებს იღებდა რუსი მაღალჩინოსნების, გავლენიანი პირების, გიგანტი ნავთობისა და გაზის კომპანიების, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და პროპაგანდისტულ-საინფორამციო ომში ჩართული ორგანიზაციების წინააღმდეგ. ვიდრე ნავალნის მოწამლავდნენ, ნორდსტრიმ 2 თითქოს მხოლოდ დონალდ ტრამპის თავისტკივილი იყო. ის მართლაც ძალისხმევას არ იშურებდა ამ უაღრესად სახიფათო პოლიტიკური პროექტის შესაჩერებლად, ნავალნის მოწამვლის შემდეგ კი ჩრდილოეთის ნაკადი გერმანიის კანცლერის პრობლემაც გახდა. როგორც არ უნდა გადაწყვიტოს მან ამ პროექტის ბედი, დონალდ ტრამპი მაინც მოგებული იქნება: შეჩერდება პროექტი – ხომ მშვენიერი (“თქვენ სად იყავით, მე რომ სანქციებს ვუწესებდი“), გაგრძელდება და არც ეს არის პრობლემა (“მაინც ჩემი გასაჩერებელი გახდა ბოლო ბოლო“). დონალდ ტრამპი თუ გაიმარჯვებს, მეორე ვადაში მისი დამოკიდებულება რუსეთის ხელისუფლების მიმართ გაცილებით უფრო ხისტი იქნება. დარწმუნებული ვარ, ის არც ბელარუსის არჩევნების არაღიარებით და უკვე არსებული სანქციებით შემოიფარგლება (სხვათაშორის, ამერიკულ სანქციებში არის ლუკაშენკო, ევროკავშირის სიაში კი – არა) და არც უკრაინისთვის მხოლოდ ჯაველინების მიყიდვაზე შეჩედრება. კარგი ამ ყველაფერში ის არის, რომ გამარჯვების შემთხვევაში ჯო ბაიდენს და მის ადმინისტრაციასაც ახალ “გადატვირთვებზე“ ფიქრის სურვილიც კი ვეღარ ექნებათ.
მანამდე კი, არც ბალკანეთი დარჩა დონალდ ტრამპის ყურადღების მიღმა. წინასაარჩევნოდ სერბი, ალექსანდრე ვუჩიჩი და კოსოვოს მთავრობის მეთაური, აბდულა ჰოტი თეთრ სახლში ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზებაზე თანხმდებიან – ვინ სად იჯდა, კონკრეტულად რას მოაწერეს ხელი – 3 ნოემბრამდე ეს არის დეტალები, რომელსაც რიგითი ამერიკელი ამომრჩეველი ნაკლებად მოიკითხავს. მათთვის მთავარია, რა მოისმინეს ტელევიზორში და რა წაიკითხეს ინტერნეტში – “დონალდ ტრამპის უშუალო მონაწილეობით სერბეთის და კოსოვოს ლიდერები ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდენენ“ – ეს არის კიდევ ერთი წარმატებული მანევრის არსი. ისე ამ გახსენებაზე და რუსების გაწიწმატებაზე ერთი რუსულენოვანი გამოთქმაც ამოტივტივდა თავისთავად; “ომი არაფერია, მთავარი მანევრებია“! J მომიტევეთ ჩემი ფრანციცულისთვინ.
პანდემიამ სერიოზული გავლენა იქონია მილიარდობით ადამიანის ყოფაზე, მათთან ერთად კი მსოფლიოს ლიდერების გეგმებზე და მათ შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე. აკი ვახსენეთ კიდეც, 2020-ის იანვარში მიღწეული ისტორიული შეთანხმება აშშ-სა და ჩინეთს შორის, რომელსაც არა მხოლოდ აშშ-ს პრეზიდენტი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი მიესალმებოდნენ. მაგრამ…. მაგრამ მერე იყო კოვიდ 19, უჰანი, ღამურები და ლაბორატორიები, კონსპირაციები და რეალიები; რაც ყველაზე სამწუხაროა, პანდემიის შედეგად მსოფლიომ მიიღო ათეულმილიონობით ინფიცირებული და მილიონამდე გარდაცვლილი.
ეს იყო გარდამტეხი მომენტი აშშ-ს პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში. მისი მთავარი უპირატესობა კონკურენტებთან – შთამბეჭდავი სამუშაო ადგილების მაჩვენებლები და სარეკორდო შედეგები საფონდო ბირჟებზე პრაქტიკულად თვალის დახამხამებაში გაქრა და ეკონომიკური ზრდის უარყოფითმა პროგნოზმა ჩაანაცვლა. დონალდ ტრამპს სჭირდებოდა პასუხისმგებელი ამ შედეგებზე. ჩინეთის ლიდერთან, სი ძინ პინთან ტკბილად უბრობის ფონზე, აშშ-ს პრეზიდენტი არასდროს მალავდა, რომ აშშ-სთვის მთავარ გამოწვევას ჩინეთი და მისი მზარდი ეკონომიკა, სამხედრო შეიარაღება, ინტელექტუალური საკუთრების მოპარვის დაუსრულებელი მცდელობა და ტელესაკომოუნიკაციო საშუალებებით სადაზვერვო საქმიანობა წარმოადგენდა. თუმცა, თუ პანდემიამდე ეს იყო გამოწვევა, დღეს ეს უკვე არის ყველაზე დიდი საფრთხე. შედარებისთვის, რესპუბლიკური პარტიის კონვენციის/ყრილობის დროს დონალდ ტრამპმა 15-ჯერ ახსენა ჩინეთი. მისი თქმით, “თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩინეთი დაუეფლება აშშ-ს და თქვენ ყველას მოგიწევთ ჩინური ენის სწავლა“. ისევე როგორც რუსეთთან დაკავშირებით, ჩინეთთან მიმართებაშიც ჯო ბაიდენს, გამარჯვების შემთხვევაში, ასევე გაუჭირდება ურთიერთობების დათბობისკენ რადიკალურად შემობრუნება. რა თქმა უნდა, ამას არა დონალდ ტრამპის რიტორიკა, არამედ თავად ჩინეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები განსაზღვრავს. ჩინეთმა რელიგიურ უმცირესობებზე რეპრესიებთან ერთად წნეხი ჰონგ კონგსა და ტაივანზეც გააძლიერა. ჰონგ კონგში საერთოდ უშიშროების საკუთარი ოფისი გახსნა და ჩინელ დისიდენტებსა თუ ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციების მონაწილეებზე ნადირობა გამოაცხადა.
რომ შევაჯამოთ, საგარეო-პოლიტიკური მიმართულებით დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო დებატებს ხელცარიელი ნამდვილად არ შეხვდება. რას დაუპირისპირებს მას ჯო ბაიდენი, ძნელი მისახვედრი ნამდვილად არ იქნება – გაფუჭებული ურთიერთობები მოკავშირეებთან და მეზობლებთან, ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური როლის შესუსტება და სხვ. მოკლედ, წინ ძალიან საინტერესო პროცესი გველოდება, რომელსაც 3 ნოემბრის გამარჯვებულის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი როლი განეკუთვნება.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on June 5, 2023
- on May 22, 2023
- on May 9, 2023
- on April 18, 2023
- on April 3, 2023
- on March 27, 2023
- on March 20, 2023
- on March 13, 2023