ეეეჰ შანზ ელიზეე
მეოთხე შაბათ-კვირაა ყველასთვის საყვარელ და საშობაოდ გამოწყობილ და ულამაზეს “შანზ ელიზეზე” ბობოქრობენ “ყვითელი ჟილეტები”.
დააზიანეს ტრიუმფალური თაღი, ორანჟერეა, დალეწეს მაღაზიები და კაფეები, დაწვეს მანქანები (მათ შორის ჩვენი საელჩოსიც. ბედი არ გინდა?) პუღკუა მონ შერ ამი, პუღკუა? ანუ ჩვენებურად, რათა კაცო, რათა? რამ გაამწარა ამ წინასაშობაოდ ეს პატიოსანი და მშრომელი ადამიანები?
დავიწყოთ იქიდან, რომ ფრანგებს სისხლში აქვთ პროტესტი, თანაც აგრესიული პროტესტი. მთლად რევოლუციებში და ბასტილიის აღების ისტორიულ დეტალებში რომ არ წავიდეთ, აგერ სულ რაღაც ნახევარი საუკუნის წინ, 1968 წელს იყო ასეთი მასშტაბური გამოსვლები. ამ საუკუნის დასაწყისშიც ჰქონდა ადგილი აგრესიულ პროტესტს ხელისუფლების წინააღმდეგ. მოკლედ ეგ საქმე იციან. თუ გაბრაზდებიან, მობილიზდებიან, დაირაზმებიან და ძალიან სერიოზულად იჯაგრებიან. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ხელისუფლებას ერჩიან. ხელისუფლებას და თანაც პირადად პრეზიდენტ მაკრონს ებრძვიან, ალაგ-ალაგ მის გადადგომას სულ უფრო ხმამაღლა ითხოვენ და გაიძახიან. მიზეზი? გაჩენილი უფსკრული ე.წ. მოკვდავებს, ანუ საშუალო და დაბალ ფენებსა და “მდიდრების პრეზიდენტს შორის”. დიახ, ასე შეარქვეს პრეზიდენტ მაკრონს მის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში გატარებული საგადასახადო რეფორმების გამო. ჩივის ხალხი, მეგა მდიდრებისთვის (წელიწადში 800 ათასი ევრო და ზევით) დაწესებული გადასახადი, მოვიდა თუ არა, ეგრევე გააუქმაო. ჩვენ კიდევ 2017 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შრომის კანონმდებლობაც დაგვიმძიმა, განათლებაც გაგვიძვირა და საერთოდაც, გაჭირვებულებს ცხოვრება კიდევ უფრო გაგვიჭირაო.
ბოლო წვეთი, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, დიზელის საწვავზე 2019 წლიდან გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილება გამოდგა, რასაც მაკრონის ხელისუფლება კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ზომების მიღებით ხსნიდა. არადა, ამ დიზელს მეტწილად ქვეყნის პერიფერიებში და სოფლად დასახლებული ფრანგები ასხავდნენ თავიანთ დაძველებულ მანქანებში. მაკრონი და მდიდრები მსოფლიოს დასასრულზე ღელავენ, ჩვენ კიდევ თვის ბოლოზეო (გულით მესმის მაგათი. სუფთა ჰაერი კარგია, მაგრამ აღარ იცი რა ქნა ადამიანმა, როდესაც ეს გადასახადებიც უზარმაზარი და მწარეა). ჰოდა გადაიცვეს ამჯერად ყვითელი ჟილეტები (ფრანგი მძღოლის სავალდებულო ატრიბუტი) და მოადგნენ ელისეს მინდვრებს. თავდაპირველად მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 ათასი კაცი გამოვიდა ქუჩაში (ცნობისათვის, გამოკითხულთა 70% სოლიდარულია მათი პროტესტის). 8 დეკემბერს უშუალოდ პარიზში 30 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მართალია, მთავრობამ უკვე გააუქმა (ყოველ შემთხვევაში, 2019 წლისთვის შეაჩერა) გადასახადი, მუსიე მაკრონიც გამოვიდა, პირობას გაძლევთ, ორივეზე ვიზრუნებ, გარემოზეც და თქვენზეცო, მაგრამ ჯერჯერობით ამან საქმეს ვერ უშველა. განწყობებიც რადიკალურია და მოქმედებებიც. თანაც ეს პარიზის პოლიციაც მაგარს ირტყმეინება ეტყობა. დემონსტრანტები თუ მანქანებს და მაღაზიებს წვავენ, ძალოვანები ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და ხელკეტებით განრისხებულ აქტივისტებს ბერტყავენ. თან იჭერენ, თან ჩაგრავენ, მარა მეორეს მხრივ, რა ქნან, ესენიც წესრიგს და საკუთარ თავს იცავენ.
საწვავის გაძვირებაზე ხომ ჩვენც ჩვენი პროტესტი გვიმძაფრდება. ძალადობას რომ ვხედავთ, ჩვენი დასტრესილი გონება ხომ კიდევ უფრო მეტად იძაბება. შანზ ელიზეზეც ყველას გული გვეფუფქება (ეეჰ შანზ ელიზეე – ცხონებული ჯო დასენი საფლავში ტრიალებს ალბათ), მაგრამ უფრო ფართოდ თუ შევხედავთ, ნამდვილად ვერ არის კარგი ამბავი, რაც პარიზში, ნანტში თუ ნიცაში ხდება, ვერც საფრანგეთისთვის და ვერც დემოკრატიული თანამეგობრობისთვის. თუ გავიხსენებთ, როგორ გახდა უპარტიო ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტი, ეგრევე ჩვენს მეხსიერებაში ამოტივტივდება ულტრა მემარჯვენე, კრემლის “პაძელნიცა” მარინ ლე პენი. მაშინ ლიბერალურმა დემოკრატიამ და ჩემი აზრით, საღმა აზრმა იმარჯვა. მეორე ტურში იქაც იყო თავისებური “არა ნაციონალისტებს”, “არა პოპულისტებს”, “ვივ ლა ღირებულებებს”. მერე იყო პარტია “რესპუბლიკა მარშზე”, რომელიც მუსიე მაკრონმა შექმნა და საპარლამენტო არჩევნებზეც გაიმარჯვა. მოღონიერდა, მოძლიერდა, მსოფლიო ასპარეზზე აქტიურ პოზიციონირებასაც შეუდგა, მსოფლიო ჩემპიონატზეც მაგარი გაიხარა (გულითაც და პიარულადაც), მაგრამ თავისი ერთგული ჯარისკაცები, როგორც ჩანს, დაავიწყდა (ყველა ვერ იქნება ნაპოლეონი). სულ ცოტა ხნის წინ კაცი ევროპული არმიის შექმნაზე ლაპარაკობდა და პარიზის ქუჩებში თუ 89 ათასი ძალოვანის მობილიზება მოუწევდა, რას წარმოიდგენდა. ეგრეა ბატონებო და ქალბატონებო, ყველგან ეგრეა, თუ დროზე არ ამოავსე გაჩენილი ნაპრალი ხელისუფლებასა და ხალხს შორის, ნაპრალი უფსკრულად გარდაიქმნება, განწყობები გამძაფრდება, მერე ერთი მოლოტოვის კოქტეილი გავარდება და ყველაფერი არცთუ ისე კარგად დამთავრდება. შენ თუ არ დაელაპარაკები საკუთარ ხალხს, აუცილებლად, სად იყო და სად არა, კნეინა მარგარიტა სიმონიანი თავის “რაშა თუდეით”, იქვე “სპუტნიკი” და ტვიტერსა და ფეისბუქზე “ტროლების ფაბრიკაც” ეგრევე გაჩნდება, კეთილსინდისიერ ამომრჩეველს ტვინსაც აურევს და არჩევანსაც. ისე, ყველაფერ უბედურებასთან ერთად, კაი ღვარძლიანებიც ყოფილან ეს რუსი დეზინფორმატორები. აშკარად ვერ ინელებენ, მუსიე მაკრონმა პუწინთან ერთობლივი პრესკონფერენციიდან რომ “დაახვევინა”. ეგენი იქით იყვნენ და “ყვითელ ჟილეტებს” რომ დავუბრუნდეთ, თითქო ლიდერი არა ჰყამთ, მაგრამ აბა ამისთანა მღვრიე წყალს ხელიდან როგორ გაუშვებდნენ. გინდაც მელანშონის ულტრა მემარცხენეები და გინდა მამზელ ლე პენის, იგივე პუწინის “ფრანცუზი” “არხაროვცები”, და არა მხოლოდ ეგენი. სულაც არ გამიკვირდება ნამდვილი იყოს ფოტო, სადაც პარიზის ქუჩებში ე,წ. დონბასის რესპუბლიკის დროშას აფრიალებენ, ალბათ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სანახავად ჩასული “შეყვარებული” რუსი ტურისტი ყმაწვილები. მოკლედ. მე იმ მოხუცი ბერძენი ბებიასავით კი გამომდის “ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი”-დან, ყველა უცხოში თურქს რომ ხედავს, მაგრამ რა ვქნა, სადაც არ გაიხედავ, სადაც არეულობაა და სადაც უბედურებაა, ყველგან ამ რუსების ხელი რომ ურევია, ეგეც ცხადზე ცხადია.
ტრიუმფალურ თაღზე, შანზ ელიზეზე და ზოგადად დასავლეთ ევროპის ამბებზე (ანგელა მერკელის გადარჩევა, ტერეზა მეის და “ბრექსიტ”-ის ყოფნა-არყოფნა) ისევ ერიხ მარია რემარკის ნაწარმოებები მახსენდება. ისევ, იმიტომ რომ პირველი მსოფლიო ომის დასრულების ასი წლისთავის ცერემონიას, სულ ცოტა ხნის წინ არომ აღნიშნეს მუსიე მაკრონმა და ფრაუ მერკელმა იმავე შანზ ელიზეზე (ეეჰ შანზ ელიზეეე), ტელევიზორში პირდაპირ ეთერში გადმოსცემდნენ და მაშინ პირველად ვიფიქრე, რემარკის ნაწარმოებს თუ “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” ჰრქვიან, დღევანდელ დემოკრატიულ სამყაროს “დასავლეთ ფრონტზე ცვლილებებია”-ს დაარქმევდა კაცი თქო. არა განსხვავება რა თქმა უნდა ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინ სასტიკი და სისხლისმღვრელი ომი იყო, ახლა კი იდეოლოგიებს, პოლიტიკურ გემოვნებებს და ლიდერებს შორის დაპირისპირებაა. დიდი იმედი მაქვს, ეს ბრძოლა ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვებით დასრულდება, პარიზიც დამშვიდდება, შანზ ელიზეც ისევ აბრჭყვიალდება და ყველასათვის საყვარელი “ოო შანზე ელიზე” კაფეებში და კარაოკე ბარებშიც აჟღერდება.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on June 5, 2023
- on May 22, 2023
- on May 9, 2023
- on April 18, 2023
- on April 3, 2023
- on March 27, 2023
- on March 20, 2023
- on March 13, 2023