ვაშინგტონი-მოსკოვი: ზარი “ახლობელთან”?

ვაშინგტონი-მოსკოვი: ზარი “ახლობელთან”?

პრაქტიკულად ერთწლიანი პაუზის შემდეგ, როდესაც ჰელსინკიში შედგა აშშ-რუსეთის სამიტი უმაღლეს დონეზე, გასულ კვირას დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირველად გაიმართა სრულფასოვანი საუბარი მნიშვნელოვან გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოების საკითხებზე.

საუბარი შედგა ამერიკული მხარის მოთხოვნით და მიმდინარეობდა 1,5 საათის განმავლობაში (მოუსმენდა კაცი მაგ საუბარს. ტვიტერი და ოფიციალური კრემლის განცხადება კარგია, მაგრამ “ლაივი”  მაინც სულ სხვაა).

როგორც თავად საუბრის ინიციატორმა დ. ტრამპმა განაცხადა, საუბარი საკმაოდ კონსტრუქციულად, პროდუქტიულად და პოზიტიურად წარიმართა. განხილული იყო რამდენიმე მსხვილი თემა.

რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას უამბო ცოტა ხნის წინ რუსეთის ფედერაციაში სტუმრად მყოფ ჩრდილო კორეელ ლიდერთან გამართული შეხვედრის დეტალების შესახებ. ამ თემასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ განსხვავებით სინგაპურში დაგეგმილზე ადრე შეწყვეტილი ტრამპ-კიმის სამიტისგან, ვლადივოსტოკში მხარეები უფრო თბილ და  მეგობრულ ატმოსფეროში საუბრობდნენ (ჩემს თაობას ემახსოვრება ეს ფრაზა საბჭოური პროპაგანდისტული მანქანის ჟამნებიდან; ვინმე მოკიმჩენინო ტიპთან შეხვედრის შემდეგ გაისმოდა ცისფერი ტელეეკრანებიდან ეს ფრთიანი ფრაზა. რა კარგია, რომ სხვა დროა და  ჩასადებიანი ჩაის ჭიქების და ნატეხი შაქრის “პრიკუსკებით” “ვრემიას” მოლოდინში ტელევიზორებთან მოკალათება აქა იქ თუ შეინიშნება).  

ბირთვული განიარაღების თემაზე საუბრიდან მხარეები, ამერიკელი პრეზიდენტის ინიციატივით, ახალი, სამმხრივი შეთანხმების შესაძლებლობას შეეეხნენ. დონალდ ტრამპი გამოდის ინიციატივით, რომ მას შემდეგ, რაც აღარ მოქმედებს აშშ-სა და სსრკ-ს შორის 1987 წელს დადებული ხელშეკრულება მოკლე და საშუალო სიშორის ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით, შემუშავდეს ახალი შეთანხმება აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის. შევახსენებ ჩვენს მკითხველს, რომ ჩვენს წინა ბლოგებში, ისევე როგორც #მსოფლიოროგორცასეთი -ს მიმოხილვებში ვსაუბრობდით აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ორმხრივი შეთანხმების დატოვების მიზეზებსა და მიზნებზე. ამ უკანასკნელთა შორის იყო სწორედ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩართვა ბირთვული შეთანხმების საერთაშორისო ფორმატებში.  ჯერჯერობით რაიმე დოკუმენტის პროექტის არსებობაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ ჩვენში, დიპლომატებში ასე იტყვიან ხოლმე: ვის პროექტზეც მიდის მუშაობა, იმას აქვს უპირატესობა მიაღწიოს მაქსიმალურად სათავისო პირობებს შეთანხმებაში. იდეა მძლავრია, დიადი ნათელი. ვნახოთ, რა გამოვა აქედან.

როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა ბრძანა ტვიტერით, კოლეგასთან ერთად გულიანად იცინეს მალერის გამოძიების თემაზე საუბრისას. ვ. პუტინს კიდეც უოხუნჯია, “არის ასეთი გამოთქმა, მთამ წრუწუნა დაბადაო”. გამომდინარე იქედან, რა შედეგი დაიდო და როგორ წარიმართა მალერის გამოძიების დასკვნების გასაჯაროება, დ .ტრამპს შეიძლება კიდეც ჰქონდეს კარგი განწყობის საფუძველი, მაგრამ ვ .პუტინს რა უხარია, გაუგებარია. შავით თეთრზე წერია და უამრავი მტკიცებულებით გამაგრებულია, რომ რუსეთის ხელისუფლება(!!!) ახორციელებდა ორკესტრირებულ შეტევას (გავატრენდულებთ და ისევ მოვაალთ J) ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და პოლიტიკური ლიდერებისა თუ პარტიის ელექტრონული მისამართების მრავალჯერადი დაჰაკვის მიმართულებებით.

ვენესუელა ისევ თემაა; პროტესტში გაჭედილი და ეკონომიკურ კოლაფსში ჩავარდნილი ქვეყნის ახალგაზრდა ოპოზიციური ლიდერი, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ოფიციალურად აღიარებული ხუან გუაიდო გასულ კვირას სატელევიზიო მიმართვაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გამოჩნდა. მისი მთავარი გზავნილი იყო 4 მაისს სამხედრო დანაყოფებთან მშვიდობიანი შეკრება და სამხედროებისთვის ხალხის მხარეს გადმოსვლა (კაცმა არ იცის ამ ბლოგის გამოსვლის მომენტისთვის რა ტემპერატურა შეიძლება იყოს კარაკასში). ნიშანდობლივია, რომ გუაიდოს მხარდამჭერებსა და თანმხლებ პირებს შორის იყვნენ ვენესუელის სპეციალური სამსახურის – SEBIN წარმომადგენლები. ვენესუელის კიდევ ერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა ლეოპოლდ ლოპესმა კი განაცხადა, რომ სწორედ სპეცსამსახურების მეშვეობით მოხდა მისი გათავისუფლება შინა პატიმრობიდან და გადაყვანა კარაკასში ესპანეთის ელჩის რეზიდენციაში. მას ასევე ჰქონდა მთელი რიგი სამხედო დანაყოფების ხელმძღვანელებთან და მადუროს უზურპაციის დასრულების მომხრე გენერლებთან შეხვედრები. რაც შეეხება დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის მიერ ვენესუელის განხილვას, გზავნილები და შეფასებები აქ ოდნავ განსხვავებულია. ამერიკელ პრეზიდენტს დარჩა შთაბეჭდილება, რომ რუსეთი არ აპირებს ვენესუელის საშინაო საქმეებში ჩარევას. ოფიციალური მოსკოვი კი კვლავ ხაზს უსვამს მის პრინციპულ პოზიციას, რომ რუსეთისთვის მიუღებელია ვენესუელელი ხალხის გადაწყვეტილებაზე ქვეყნის გარედან ზემოქმედება (ნათქვამია, თავხედი ახალბედა ტანკზე უარესიაო. ზუსტად მიესადაგება ვ. პუტინს. ასობით დაქირავებული რუსი სამხედრო ჩადის კარაკასში, ათასობით კუბელი სამხედროზე დაყრდნობით მადურო აძლიერებს თავისი რეჟიმის უსაფრთხოებას და ის კიდევ ჯიუტად აგრძელებს, გარედან ჩარევა მიუღებელიაო). ეკონომიკა კოლაფსშია, ქუჩებში ქაოსია, ნავთობდოლარებიც მინუსშია. სადამდე გასტანს მადუროს რეჟიმი? აშშ-ს სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ვიდრე ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური საშუალება არ იქნება ამოწურული, სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობაც არ იქნება განხილული. თუმცა, მ. პომპეოსვე თქმით, აშშ არ შეეგუება ვენესუელელი ხალხის ასეთ გაუსაძლის ყოფას, აგრეთვე, მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მანძილზე რუსეთისა და კუბის სამხედრო ყოფნას. ამის პარალელურად, პენტაგონშიც გაიმართა შეხვედრა, სადაც, ბუნებრივია, კარაკასში კულტურის დღეების გამართვა არ განიხილებოდა.

უკრაინასაც შეეხნენ. ახლად არჩეული უკრაინელი კოლეგაც განიხილეს. ორივე მხარე ზოგადი, პრესისთვის გაშანშალებული გზავნილებით შემოიფარგლა. ტელეფონით საუბრითაც შეეხნენ და დარწმუნებული ვარ, ჰელსინკიში არქტიკული სამიტის ფარგლებში 6 მაისს დაგეგმილ პომპეო-ლავროვის შეხვედრაზეც აუცილებლად განიხილავენ კვლავ უკრაინას, ისევე როგორც ყველა ზემოხსენებულ თემას.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი თემაც იყოს ჩამონათვალში ასეთი დონის სატელეფონო საუბრების და შეხვედრების შემდეგ გავრცელებულ ოფიციალურ და ტვიტერალურ შეტყობინებებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეგობრები ქართულ დიპლომატიაში ძალისხმევას არ იშურებენ ამ მაღალი მიზნის მისაღწევად, უბრალოდ, ალბათ მე აღარ მყოფნის სტრატეგიული მოთმინება. იდეალურ განვითარებაში, თუ მთლად ჩვენი მხრიდან არ მოყვებოდა ზარი ახლობელთან, ვაშინგტონში, 16-ე ქუჩის მიდამოებში, ელჩთან “შინაურულად” მოყვებოდა საუბრის დეტალებს მეგობარი “აღმასრულებელი შენობიდან”. ასეც იქნება!

გააზიარე