ვიდრე მეფე ისევ ცოცხალია!
სახელმწიფოსა და ადამიანს შორის დაპირისპირება მხოლოდ ძლიერსა და სუსტს შორის დაპირისპირება რომ არაა, ამას თიბისი ბანკის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც მოწმობს.
საქვეყნო საქმისთვის ზოგჯერ გადამწყვეტია, რომ სწორედ ძლიერი ჩაერთოს ღია დაპირისპირებაში უფრო ძლიერთან. ამ საქმემ უკვე არაერთი კითხვა გააჩინა სახელმწიფოს მოქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით, რომლებსაც საბოლოო პასუხი სასამართლომ უნდა გასცეს. მაგრამ შეძლებს თუ არა საქართველოს სასამართლო, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს ექსკლუზიური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაგან და დამაჯერებელი პასუხები გასცეს კითხვებს?
ყოველი ხელისუფლების პირობებში სასამართლო რეფორმირების პროცესში იყო, მაგრამ ყოველ ჯერზე ეს პროცესი დაუსრულებელ სახეს იღებდა. მხოლოდ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩატარდა რეფორმის სამი და მიმდინარეობს მეოთხე ტალღა. სასამართლო კი ისევ არ არის დამოუკიდებელი.
ვის სჭირდება გაჭიანურებული და არასრულყოფილი რეფორმები?
საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში საქართველოს სასამართლო ხელისუფლების შეფასება ყოველთვის იწყება სიტყვებით “დადებითად ვაფასებთ, რომ საქართველო ადგას რეფორმების გზას…” ან “მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით…” ან კიდევ, “მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მზაობას, გაატაროს სასამართლოს რეფორმა…”
შედეგად, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები შერბილებულია, მაგრამ სასამართლოს მდგომარეობა – არსებითად უცვლელი. გლობალურ რეიტინგებში სარეიტინგო ადგილი შენარჩუნებულია (არცთუ ისე დამოუკიდებელი სასამართლოების რიგებში), რაც შესაძლოა, ვიღაცას ახარებს, მაგრამ რეალობა ადასტურებს, რომ ამდენი რეფორმის მიუხედავად პროგრესი არ იკვეთება.
თვით იმ ფაქტსაც კი, რომ რეფორმის გზაზე ვდგავართ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვიწონებენ და მიღწევად გვითვლიან; ალბათ, იმდენად დავკარგეთ სანდოობა მათ თვალში, რომ სულს გვიბერავენ, რათა საბოლოოდ არ ჩავქრეთ. სიარული რომ ვისწავლოთ, გვარწმუნებენ, რომ ფეხზე დგომა შეგვიძლია და ეს უკვე კარგია. ჩვენ კი ვიყენებთ მათი უზარმაზარი მხარდაჭერის რესურსს და სანაცვლოდ მხოლოდ შეუსრულებელი დაპირებების მიცემა შეგვიძლია.
მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუკი ამ რეფორმის გზაზე ჩვენ სტაგნაციის რეჟიმში ყოფნას გავაგრძელებთ და ისევ ფასადური რეფორმების გატარების ნაცად გზას მივმართავთ, რომლის დროსაც პრობლემებს ხელუხლებლად ვტოვებთ?! კვლავ შევძლებთ, მოვიწონოთ თავი მხოლოდ იმ ფაქტით, რომ მეშვიდე წელია, რეფორმის გზაზე ვდგავართ და წინ არ მივდივართ?
როდესაც ხელისუფლება რეფორმირების პროცესით წარმატებისკენ სვლის ილუზიას ქმნის, ამით ის ან ხალხს ატყუებს, ან საერთაშორისო პარტნიორებს, ან ორივეს ერთად; თუმცა პრობლემა ისაა, რომ საბოლოოდ მოტყუებული ქვეყანა რჩება.
რა ხდება სინამდვილეში?
2013 წლის რეფორმით პარლამენტმა შემოიღო მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესი.
2015-2016 წლებში იუსტიციის საბჭომ ხელახლა დანიშნა 2005-2006 წლებში დანიშნული თითქმის ყველა მოსამართლე, რომელთაგან არაერთი ცნობილია ხელისუფლებისადმი მორჩილებით.
2018 წელს პარლამენტმა მოსამართლეთა დანიშვნის წესის რეფორმა გაატარა. აქედან მალევე კი მიიღო დათქმა, რომლითაც არც 2013 წლის და არც 2018 წლის რეფორმა არ გავრცელდებოდა 2005-2006 წლებში დანიშნული მოსამართლეების ხელახლა უვადოდ გადანიშვნის პროცესზე.
2018 წელს იუსტიციის საბჭომ 2005-2006 წლებში დანიშნული მოსამართლეები, რეფორმის გვერდის ავლით და შეფასების გარეშე, ხელახლა უვადოდ გაამწესა მოსამართლის თანამდებობებზე.
ამით პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეთა უდიდესი ნაწილი უკვე უვადოდ არის დანიშნული. რეფორმა გატარებულია, მაგრამ – არა არსებული ვითარების შესაცვლელად. მოსამართლეთა დანიშვნის წესების რეფორმის საჭიროებაზე კამათი კი პარლამენტში არ ცხრება. სულ ახლახან პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერებას მანამდე, ვიდრე რეფორმა არ გატარდება. მომავალში აუცილებლად გაგრძელდება რეფორმების პროცესი, ამას შესაბამისი ეროვნული სამოქმედო გეგმებიც მოწმობს, მაგრამ როგორც უკან მიდევნებული ლამპარი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა მოსამართლე უვადოდ იქნება დანიშნული.
იმავდროულად, “ადრე ცუდი საქმეების გამკეთებელი” მოსამართლეების დანიშვნით საზოგადოებაში გამოწვეული იმედგაცრუება, მოსამართლეთა დანიშვნის ყველა ეტაპზე, დიდი იყო, მაგრამ იმხელა არა, რომ ის ხელისუფლებას სერიოზულად აღექვა. ამიტომ პარლამენტმა თამამად გააგრძელა ნაცადი მეთოდებით რეფორმებზე მუშაობა.
ერთადერთი სასამართლო ინსტანცია, რომელზეც პარლამენტსა და იუსტიციის საბჭოს არ ჰქონდათ გავლენა, უზენაესი სასამართლო გახლდათ. იუსტიციის საბჭოს ფუნქციებში არ შედიოდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის საკითხი, ხოლო პარლამენტი პრეზიდენტის (რომელთანაც, სხვათა შორის, დაპირისპირებული იყო) წარდგინებით ნიშნავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ სხვადასხვა დროს უზენაეს სასამართლოში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილ არც ერთ კანდიდატს პარლამენტმა კენჭი არ უყარა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის რეფორმა მმართველმა ხელისუფლებამ ისე გააგრძელა, რომ საზოგადოების ხმა არც ამჯერად გაუგია სათანადოდ.
კერძოდ, 2018 წლის მარტში პარლამენტმა მიიღო კონსტიტუციური ცვლილებები, რომელთა თანახმად იუსტიციის საბჭოს მიენიჭა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნომინირების, ხოლო პარლამენტს – არჩევის ფუნქცია. პრეზიდენტი ამ პროცესიდან გამორიცხულია, ხოლო რეფორმა მოწონებულია ვენეციის კომისიის მიერ. თუმცა პარლამენტმა თავი შეიკავა საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურის დადგენისაგან, რასაც ჩვეულებრივ ვითარებაში აუცილებლად გააკეთებდა. რეფორმის ასეთი გაგრძელება, უფრო სწორად, არგაგრძელება ვენეციის კომისიისთვის ჯერჯერობით უცნობია, დადებითი შეფასება კი – მიღებული.
ასეთი არასრული რეფორმის შედეგად, 2018 წლის დეკემბერში, იუსტიციის საბჭოს არ ჰქონდა არავითარი სერიოზული დაბრკოლება, პარლამენტისთვის ასარჩევად წარედგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათი კანდიდატი, ათივე სხვადასხვა ხელისუფლებისადმი საკუთარი მორჩილებით ცნობილი, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.
პირველ ეტაპზე ბრძოლა არათანაბარი, მაგრამ შედარებით მარტივი და მკაფიო წესებით იყო.
პარლამენტს უარის თქმა მოუწია სასამართლოში ათი მოსამართლის ნაჩქარევად დანიშვნაზე. რა უნდა იყოს იმაზე ცხადი, რომ საზოგადოებას არ სურს მოსამართლეებად ისინი, ვინც იცავს სახელმწიფოს და არა – ადამიანს სახელმწიფოში.
ამ ბრძოლის მოგებით საზოგადოებამ გადაინაცვლა და ახლა იმყოფება მეორე, ასევე არათანაბარ, თუმცა ამჯერად უფრო კომპლექსურ ბრძოლაში – რა პროცედურითა და კრიტერიუმებით უნდა შეარჩიოს სახელმწიფომ მოსამართლეები. ახლა სწორედ ამ საკითხზე უნდა გააგებინოს საზოგადოებამ თავისი ხმა ხელისუფლებას.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, იუსტიციის საბჭოს ვერ ვენდობით და ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა პარლამენტზე უნდა გადავიდეს, პარლამენტმა უნდა იტვირთოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე, თუ ვინ დაინიშნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.
პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და, ბუნებრივია, მოსამართლეების დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც, ნაცვლად პროფესიულისა, აუცილებლად პოლიტიკური იქნება. არადა, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია, რომ მოსამართლეებად უნდა ინიშნებოდნენ დამსახურების, და არა პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით.
ან კიდევ, ვინ თქვა, რომ პარლამენტს შეიძლება, ვენდოთ? ან ეს ნდობა რა მოსატანია სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც პროცესები კანონს უნდა ეფუძნებოდეს და სწორედაც რომ არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ნდობაზე.
მეორე ვერსიის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაში გადამწყვეტი სიტყვა იუსტიციის საბჭოს უნდა ჰქონდეს, რასაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციით ამყარებენ.
ამ ვერსიის მომხრეები არ ამახვილებენ ყურადღებას მთავარზე, რაც ვენეციის კომისიამ გვირჩია, რომ უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს ძირეული რეფორმა.
იმისთვის, რომ საბჭომ შეძლოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ობიექტურად და დამსახურების პრინციპით შერჩევა, საკმარისი არ იქნება მხოლოდ შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების დახვეწა. უნდა გატარდეს საბჭოს კომპლექსური რეფორმა, რომელიც მის გადაწყვეტილებებს გახდის დასაბუთებულს, გარდაქმნის მას ანგარიშვალდებულ ორგანოდ და მოახდენს საბჭოს ყოვლისმომცველი უფლებამოსილებების დეკონცენტრაციას. თუმცა იმ დროს, როცა ხელისუფლება ამგვარ რეფორმებს გაატარებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უკვე დანიშნულები იქნებიან. დღესაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გზაზე, ხელისუფლება ისევ უკან მიდევნებული ლამპარით სვლას გვთავაზობს.
რაშია გამოსავალი?
რეფორმები უნდა იყოს კომპლექსური და სრულყოფილი. თუმცა მანამდე, ვიდრე საბჭოს კომპლექსური რეფორმები არ გატარებულა, ნებისმიერი შემოთავაზებული პროცედურა, რომელსაც მოსამართლეების შერჩევის პასუხისმგებლობა უმეტესად ერთ ან მეორე ორგანოზე გადააქვს და არ გულისხმობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისას პარლამენტსა და საბჭოს შორის კონტროლისა და ბალანსის სისტემის შემოღებას, მოემსახურება უზენაესი სასამართლოს დამორჩილების და არა მისი დამოუკიდებლობის მიღწევის მიზანს.
როგორც ჩანს, კონსტიტუციით განმტკიცებული არჩევანი, გვქონდეს დამოუკიდებელი და ღირსეული სასამართლო, სინამდვილეში არის არა არჩევანი, არამედ ჯერ ისევ მოსაპოვებელი და მუდმივად დასაცავი სიკეთე. ამ იგავ-არაკში მეფე – ხელისუფლებაა, უფლისწული – ამ ქვეყნის საზოგადოება, რომელმაც კიდევ ერთხელ უნდა სცადოს და დაარწმუნოს ხელისუფლება, გაატაროს რეალური სასამართლო რეფორმა მანამდე, ვიდრე ის ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია, მანამდე, ვიდრე მეფე ისევ ცოცხალია.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on May 21, 2019
- on May 7, 2019
- on April 23, 2019
- on April 10, 2019