ინსტიტუტების მნიშვნელობა ეკონომიკური ზრდისთვის

ინსტიტუტების მნიშვნელობა ეკონომიკური ზრდისთვის

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეკონომისტების მნიშვნელოვან ყურადღებას იპყრობს ქვეყნის ეკონომიკურ განავითარებაში ინსტიტუტების როლის შესწავლა. გამოჩნდა ეკონომისტების „ახალი თაობა“, რომელიც იზიარებს იდეას: ინსტიტუტები ასრულებენ ფუნდამენტურ როლს ეკონომიკურ ზრდაში. შესაბამისად, ინსტიტუტების როლის ინტეგრაცია ეკონომიკურ ანალიზში გახდა მნიშვნელოვანი მეცნიერული კვლევებისთვის.

ეკონომიკური ზრდის ნეოკლასიკური მოდელი სწავლობს და განსაზღვრავს წინაპირობებს მხოლოდ მატერიალური წარმოების ზრდისათვს, როგორიცაა კაპიტალის აკუმულირება და ტექნიკური პროგრესი. იმის ასახსნელად, თუ რატომ ზოგავენ და აკეთებენ ინვესტიციას ინდივიდები, რატომ სწავლობენ და ეძებენ საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას, სპეციალური ყურადღება უნდა დაეთმოს ინსტიტუციურ და ღირებულებით სისტემებს.

დამკვიდრდა გამოთქმა: თუ გსურთ ქვეყნის კეთილდღეობის პროგნოზირება, საკმარისია შეხედოთ ინსტიტუტების განვითარების დონეს ამ ქვეყანაში. სამართლებრივი და ადმინისტრაციული მოწყობა ერთად ქმნის შესაძლებლობათა გარემოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. როდესაც აღნიშნული ერთობა არ ფუნქციონირებს გამართულად, იკარგება ნდობა და ეკონომიკაში წარმოიქმნება პრობლემები. ამ კონტექსტში, პროდუქტიულობის ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის კოლაბორაცია. მაგრამ ძლიერი ინსტიტუტების არსებობის გარეშე აღნიშნული კოლაბორაცია შესაძლოა უფუნქციო და უფრო მეტიც, შემაფერხებელი ფაქტორი გამოდგეს.           

მდგრადი ზრდის შენარჩუნებისთვის სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების კრიტიკული მნიშვნელობაზე არის გამახვილებული ყურადღება დარონ აცემოგლუს და ჯეიმს რობინსონის (2012) წიგნში “Why Nations Fail”.  იგივე აზრს ავითარებს როდრიკი (2007), რომლის თანახმად ისტორიული რეალობა აჩვენებს, რომ ეკონომიკური ინსტიტუტები (როგორებიცაა მარეგულირებელი ინსტიტუტები, მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშემწყობი ინსტიტუტები, სოციალური სტაბილურობის ხელშემწყობი ინსტიტუტები, კონფლიქტების დარეგულირების ხელშემწყობი ინსტიტუტები და სხვა) არის ეკონომიკური ზრდის მთავარი წყარო.

ინსტიტუტების მნიშვნელობის საილუსტრაციოდ ეკონომიკურ ლიტერატურაში განხილულია რამდენიმე ისტორიული მაგალითი. მათ შორის გამორჩეულია კორეის მაგალითი, რომელიც ცნობილია „ბუნებრივი ექსპერიმენტის“ სახელით. დარონ აცემოგლუ და ჯეიმს რობინსონი (2005) ნაშრომში: „ინსტიტუტები, როგორც გრძელვადიანი ზრდის ფუნდამენტური საფუძველი“ სწორედ ამ ქეისზე დაყრდნობით ცდილობენ ინსტიტუტების როლის დემონსტრირებას. მათი მთავარი მოსაზრება მომდინარეობს იქედან, რომ „ბუნებრივ ექსპერიმენტამდე“ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა იზიარებდა  ერთ ისტორიას და კულტურულ ფესვებს. მაგრამ გაყოფის შემდეგ, როდესაც ორი მხარე მოწყობილ იქნა ინსტიტუციურად რადიკალურად განსხვავებულად, ამასთან სხვა ფაქტორები (ლოკაცია, კულტურა, და სხვა პოტენციურად ეკონომიკურ განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები) შენარჩუნებულ იქნა უცვლელად მივიღეთ რადიკალური განსხვავება ეკონომიკური განვითარების კუთხით. შესაბამისად ნებისმიერი განსხვავება ეკონომიკურ განვითარებაში გამოწვეული უნდა ყოფილიყო განსხვავებული ინსტიტუციური მოწყობით. მართლაც გვიანი 60-იანი წლებიდან მივიღეთ ერთის მხრივ სამხრეთ კორეა ერთ-ერთი აზიური “ეკონომიკური სასწაული”, ხოლო მეორეს მხრივ ჩრდილოეთ კორეა, რომელიც განიცდიდა სტაგნაციას. ცხადია, აღნიშნული მაგალითი არ არის საკმარისი და აუცილებელი პირობა ინსტიტუტების როლის საჩვენებლად, მაგრამ  პრაქტიკაში და ლიტერატურაში გვხვდება სხვა კარგი მაგალითებიც (კოლონიური ექსპერიმენტი, როდესაც ევროპელებმა მოახდინეს მსოფლიოს დიდი ნაწილის კოლონიზაცია და გადაიტანეს ინსტიტუტები სხვადასხვა მიწებზე), რომლებიც მსგავს ლოგიკას ეფუძნებიან.

სხვა უპირატესობებთან ერთად, ეკონომიკურ ინსტიტუტებს აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა ფიზიკურ და ადამიანურ რესურსებში ინვესტიციების, ტექნოლოგიების და ინდუსტრიული წარმოების განვითარების კუთხით. ასევე აღიარებულია, რომ გარდა ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენისა, დიდია ინტიტუტების როლი რესურსების გადანაწილების პროცესში.

გააზიარე