ირანის ბირთვული ტვინი გათიშულია! მერე? “ჰუ ნოუზ“ ...
ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებისთვის, პირველ რიგში ისრაელისთვის, მაგრამ არანაკლებად საუდის არაბეთის და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებისთვის, ირანის ბირთვული პროგრამა ყველა გლობალურ საფრთხეზე წინ დგას. ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელისუფლება ღიად აცხადებს, რომ 2015 წელს ირანთან გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებაზე აშშ-ს ხელახლა მიერთება კატასტროფა იქნება ისრაელისთვის და მთელი რეგიონისთვის, მაღალი რანგის სამხედროები კი ირანთან ომის გარდუვალობაზე საუბრობენ. ეს განცხადებები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ახლად არჩეული პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის და მისი გუნდის წარმომადგენლების როგორც საპრეზიდენტო კამპანიის, ისე არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაკეთებული გზავნილებით შეთანხმებაზე ხელახლა მიერთებისთვის მზაობის შესახებ. მათ შეშფოთებას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ყოველდღიური ინფორმაციები ირანის მიერ ურანის გამდიდრების შეთანხმებით დაშვებული ლიმიტების მნიშვნელოვნად გადაჭარბების შესახებ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, უკანასკნელი მონაცემებით, ურანის გამდიდრების დონე, 12-ჯერ აღემატება შეთანხმებულ დონეს. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება შეთანხმების მონაწილე დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც გამოხატეს, თუმცა ირანის ხელისუფლება ყურად არ იღებს მათ შეშფოთებას თუ კრიტიკას და ცდილობს მაქსიმალურად ბევრი მოასწროს 20 იანვრამდე, ანუ ვიდრე ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ოფიციალურად შევა და შეუდგება თავისი უფლებამოსილებების აღსრულებას.
20 იანვარი კი არის ინაუგურაციის თარიღი, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მეტად დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო უფლებამოსილების შეწყვეტის ათვლის წერტილია, ვინაიდან ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების თანახმად აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი ჯერ კიდევ განიხილავს ირანის ბირთვული პროგრამის ინფრასტრუქტურაზე წერტილოვანი საჰაერო თავდასხმის განხორციელებას. როგორც კონფიდენციალური წყაროები ამტკიცებენ, მას ერთხელ ასეთი გადაწყვეტილება უკვე გადააფიქრებინეს მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებმა, თუმცა ირანის ქალაქ ნათანზში მიწისქვეშ განლაგებულ ობიექტზე იერიშის მიტანა დღის წესრიგიდან მოხსნილი მაინც არ არის. საყურადღებოა ისიც, რომ დონალდ ტრამპი ამცირებს რეგიონში ამერიკული შეიარაღებული ძალების რაოდენობას, ანუ გაყავს ჯარები ერაყიდან, ავღანეთიდან და სომალიდან, მაგრამ სპარსეთის ყურეში იზრდება ამერიკული ავიამზიდების და ბომბდამშენების რაოდენობა. ავიამზიდი “ნიმიც“-ი უკვე მიემართება სპარსეთის ყურისკენ, ხოლო ჩრდილოეთ დაკოტის მუდმივი ბაზირების დისლოკაციიდან სპარსეთის ყურეში სტრატეგიული ბომბდამშენი ბ-52 გადაისროლეს. ოფიციალური პენტაგონი ამას ძალების დემონსტრირებით ხსნის, ანუ მათი მიზანია, რომ ჯარების გაყვანამ არ გაუჩინოს ირანს რეგიონში ახალი დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმის სურვილი.
ასეთი ზრახვები ირანის ხელისუფლებას ნამდვილად გაუჩნდა მას შემდეგ, რაც თეირანის მახლობლად განხორციელებული სპეციალური ოპერაციის შედეგად მოკლულ იქნა ირანის ბირთვული ბომბის მამად წოდებული მეცნიერი მოჰსენ ფახრიზადე.
მისი საქმიანობა იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ პერსონალური მონაცემებიც კი არ იყო ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის. გაერო-ს ეგიდით მოქმედი ატომური ენერგიის სააგენტო დიდი ხანი ცდილობდა ფახრიზადეს გამოკითხვას, ვინაიდან სწორედ მასზე იყო ყველაზე დიდი ეჭვი ატომური ბომბის დამზადებასთან დაკავშირებით. ოფიციალურად, წლების წინ მოჰსენ ფახრიზადე მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის “ამად“-ის (ირანულად “ამად“ იმედს ნიშნავს) ხელმძღვანელი იყო, თუმცა ოფიციალური თეირანის მტკიცებით ეს პროგრამა დიდი ხნის წინ დაიხურა და მას არაფერი ჰქონდა საერთო ბირთვული ბომბის დამზადებასთან. ასე არ ფიქრობს ისრაელის პრემიერ მინისტრი, რომელმაც 2018 წელს გამართულ პრეზენტაციაზე სწორედ “ამად“-ის პროგრამასა და “ირანის ბირთვული ბომბის მამაზე“ მოჰსენ ფახრიზადეზე ისაუბრა. “დაიმახსოვრეთ ეს სახელი“ – თქვა მაშინ ბიბი ნეთანიაჰუმ. ირანის სულიერი ლიდერიც და მის კვალდაკვალ ოფიციალური ხელისუფლებაც სწორედ ნეთანიაჰუს, ანუ ისრაელის “სიონისტურ ხელისუფლებას“ და მათ მთავარ მოკავშირე აშშ-ს ადანაშაულებს ირანელი მეცნიერის მკვლელობაში. ცხადია, ისრაელის მხარე არ აღიარებს ბრალდებას. ასევ დუმს ოფიციალური ვაშინგტონიც, თეირანი კი “სწორ დროს“ შურისძიებით იმუქრება.
რას ნიშნავს ეს “სწორი დრო“? თუკი ეს მოხდება 20 იანვრამდე, დონალდ ტრამპს ხელ-ფეხი გაეხსნება, რომ გასცეს ბრძანება სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ. ექსპერტების მტკიცებით, ირანის მმართველობაში არიან ფანატიკოსები, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ კარგი ანალიტიკური უნარებით დაჯილდოებულებიც. ასე რომ, მათ კარგად ესმით, თუ რა მოყვება ირანის მხრიდან აშშ-ზე და ისრაელზე შურისძიების მიზნით რაიმე ოპერაციის განხორციელებას ახლა, ვიდრე დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ პრეზიდენტია. ვითარება ბევრად განსხვავებულია, ვიდრე იყო წლის დასაწყისში, როდესაც იანვრის პირველ რიცხვებში სიცოცხლეს გამოასალმეს ირანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, გენერალი სოლეიმანი. მაშინ, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს შეთანხმებულიც კი იყო სოლეიმანის ლიკვიდაცია და შემდგომ შურისძიების ერთგვარი იმიტაცია. მაშინ დონალდ ტრამპიც იმედიანად იყო, რომ გაიმარჯვებდა არჩევნებში… ახლა კი 2 თვეც აღარ რჩება დონალდ ტრამპს უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილების შეწყვეტამდე და ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე გაცემული დაპირების რეალიზებამდე. ასე რომ, “ჰუ ნოუზ“…
მოჰსენ ფახრიზადე მართლაც იყო ირანის მთავარი ბირთვული ტვინი და რაც არ უნდა ამტკიცოს ირანის ხელისუფლებამ, რომ ფახრიზადემ შექმნა ბირთვული სფეროს მეცნიერთა მთელი თაობა, მისი ლიკვიდაცია მაინც სერიოზული დარტყმაა ირანის ბირთვული ამბიციებისთვის. ამიტომ მათი მხრიდან შურისძიების მოლოდინი არცთუ უსაფუძვლოა. თუმცა, გასათვალისწინებელია ირანის მნიშვნელოვნად დამძიმებული ეკონომიკური მდგომარეობა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პრაქტიკულად ყოველდღიურობად ქცეულმა სანქციების დაწესებამ სერიოზული ზიანი მიაყენა ირანის ეკონომიკას, ამასობაში კი თეირანის მთავარი მტრები რეგიონში – ისრაელი და საუდის არაბეთი ერთმანეთისკენ ნაბიჯებს დგამენ. ღიად შეიძლება არ ადასტურებენ, მაგრამ არც განსაკუთრებულად უარყოფენ, რომ ისრაელის პრემიერი და მოსადის შეფი საუდის არაბეთში იმყოფებოდნენ მაშინ, როდესაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იყო იქ ჩასული. სამაგიეროდ ღიად ამყარებს კონტაქტებს ისრაელი რეგიონის სხვა ქვეყნებთან – არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ბაჰრეინთან და სუდანთან. ასე რომ ერთ მხარეს სერიოზული კოალიცია იკვრება. ირანს კი აქვს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები რუსეთთან და აღრმავებს კავშირებს ერდოღანის თურქეთთან, მაგრამ სამხედრო დაპირისპირების დაწყების შემთხვევაში ნაკლებ სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანი ღიად შევიდეს ომში აშშ-ს სტრატეგიულ მოკავშირეებთან. თუმცა, “ჰუ ნოუზ“…
ირანული “ამად“-ის არ ვიცი და მშვიდობის იმედი ბოლოს კვდება. მაინც არ მგონია, რომ “კოჭლი იხვის“ სტატუსში მყოფი დონალდ ტრამპი ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდეს, თუმცა თუ ირანის “ცხელ თავებში“ შურისძიების აქტი მაინც გადაწყდა, ტრამპი თავის შანსს ხელიდან არ გაუშვებს.
20 იანვრამდე 50 დღე რჩება…
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on June 5, 2023
- on May 22, 2023
- on May 9, 2023
- on April 18, 2023
- on April 3, 2023
- on March 27, 2023
- on March 20, 2023
- on March 13, 2023