იქნება თუ არა ომი?!

იქნება თუ არა ომი?!

ყველაზე ხშირად სწორედ ეს კითხვა ისმის დღეს პოლიტიკურ, დიპლომატიურ, სამხედრო და ბიზნეს წრეებში.

ძალიან კი გვინდა ყველას (ყველას თუ არა, აბსოლუტურ უმრავლესობას მაინც), რომ მარტივად, სწრაფად და, ჯანდაბას, ირონიულადაც კი, გაეცეს პასუხი: არა! ომი არ იქნება! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საერთო ძალისხმევის შედეგად საღი აზრი იმარჯვებს ყველგან და გლობალური მასშტაბის კატასტროფა აგვცდება! დიახ! ირანთან აშშ-ს ომის შემთხვევაში ეს არ იქნება ლოკალური, ერთი რეგიონით შემოფარგლული ომი! თავად ირანის სულიერმა და პოლიტიკურმა ლიდერებმაც კი ღიად განაცხადეს, რომ თუ აშშ ირანს თავს დაესხსმება, ამას მოყვება გლობალური ომი! რომც არ განეცხადებინათ, ირანის სამხედრო პოტენციალის, მის მიერ კონტროლირებადი და დასპონსორებული ნახევრად-გასამხედროებული ორგანიზაციების რიცხოვნებისა და მათი საბრძოლო გამოცდილების გათვალისწინებით, ეს ომი ნამდვილად არ იქნება სამხედრო დაპირისპირება მხოლოდ აშშ-სა და ირანს შორის! აგრეთვე, თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ერთი შეტევით განადგურებულ იქნა მსოფლიოს ნავთობის  ყოველდღიური მიწოდების 6%, ანუ 5.7 მლნ ბარელი ნავთობი, სავაჭრო ომებით ისედაც შებოჭილ და შეფერხებულ მსოფლიო ეკონომიკას და ზოგადად გლობალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ამ დრომდე არნახული საფრთხე შეექმნება!

არადა, ტანკერების აფეთქება/დაზიანებაზე ოდენ პოლიტიკურ-დიპლომატიური რეაგირების, შემდგომ კვლავ ტანკერების დაკავებისა და მერე გათავისუფლების პროცესში ვადევნებდით თვალს დიპლომატიურ აქტივობას, რომლის შედეგად თითქოს უმაღლეს დონეზე შეხვედრაც კი უნდა გამართულიყო აშშ-სა და ირანის პრეზიდენტებს შორის! ჩართულები იყვნენ ევროპელი და იაპონელი ლიდერებიც. ოპტიმისტური გზავნილები ვრცელდებოდა ამერიკული მხრიდანაც. თუმცა, 14 სექტემბერს მოხდა ის, რამაც არამარტო ამ ძალისხმევას გადაუსვა ხაზი, არამედ ისევ გააჩინა საფრთხე, რომ რაც დრო გადის, ომის თავიდან აცილება კიდევ უფრო მეტად რთულდება.

მართალია, საუდის არაბეთის  უმსხვილეს ნავთობსაბადო ხურაიაზე და სახელმწიფო სანავთობო კომპანია “არამკო”-ს ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე განხროციელებულ თავდასხმაზე, რომლის შედეგად საუდის არაბეთმა დაკარგა დღიური საექსპორტო ნავთობის 50%, პასუხისმგებლობა იემენელმა ხუსიტებმა აიღეს, ძალიან ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, რომ ხუსიტები იემენიდან დრონებით საუდის არაბეთს ვერ მიწვდებოდნენ. ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება, რომელშიც საუდელებთან ერთად ჩართულები არიან ამერიკელი და ბრიტანელი სპეციალისტები, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობაში სულ უფრო მყარდება აზრი, რომ ამ თავდასხმის უკან დგას უშუალოდ ირანი, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა პირდაპირ დაადანაშაულეს ირანი და მომხდარი შეაფასეს, როგორც საუდის არაბეთის წინაარმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის აქტი.

საყურადღებოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტორის ჩინეთის რეაქციებიც. მან განცხადების დონეზე ტრადიციულად ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და მხარეებს მოუწოდა ვითარების ესკალაციიდან თავის შეკავებაზე. თუმცა, ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში ჩინეთს სანერვიულო ნამდვილად აქვს. პირველ რიგში იმიტომ, რომ თუ ვინმეს გაუძვირდა 20%-ით ნავთობი, ეს არის ჩინეთი, რომელსაც დღეში 90 მლნ დოლარით მეტის გადახდა მოუწია აფეთქებით გამოწვეული საყოველთაო პანიკის პირველ დღეებში. მეორე გარემოება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩინეთს “სარტყელისა და გზის ინიციატივის” ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნებში ინვესტირებული აქვს არც მეტი, არც ნაკლები 123 მილიარდი დოლარი. ბოლო, მაგრამ არა უმნიშვნელოა ის ფაქტიც, რომ ასეულ ათასობით ჩინელი ცხოვრობს და მუშაობს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. თავად ჩინეთს კი აქვს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები როგორც ირანთან (2015 წ.), ისე საუდის არაბეთთან, მაგრამ აშშ-სთვის ეს ნამდვილად არცთუ მრავლის მნიშვნელია. ასე რომ, ვის ვის და ჩინეთს ნამდვილად არ აწყობს არათუ გლობალური, არამედ რეგიონული მასშტაბის გართულებებიც კი.

შეიძლება სუბიექტურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ომის გაჩაღებაში ნამდვილად შეიძლება იყოს დაინტერესებული რუსეთი. ჯერ ერთი, არსებულ 50-60 დოლარიან დერეფანში ნავთობის ფასის შენარჩუნება რუსეთის ეკონომიკას ცუდის მეტს არაფერს უქადის. ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობაც დღითიდღე იცვლება და ნამდვილად არა კრემლის რეჟიმის სასარგებლოდ. ომი კი ის მდგომარეობაა, როდესაც რუსეთის ხელისუფლება ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს – იარაღით ვაჭრობა, ნავთობის ფასები ასტრალში, ვითარებით სარგებლობა და საკუთარი ამოცანების რეალიზება და ა.შ.

თავდასხმიდან რამდენიმე დღეში საუდის არაბეთში ჩაფრინდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და სამეფო ოჯახთან გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ იწყებს ანტიირანული კოალიციის შექმნაზე მუშაობას, რომლის შემადგენლობაშიც უკვე შედიან დიდი ბრიტანეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები. ამ მიმართულებით მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება და თუ ამ დრომდე დახურულ კარს მიღმა ხდებოდა ამ თემის მოთელვები საქართველოს ხელისუფლებასთან, შეიძლება სულ მალე დადგეს დრო, როდესაც მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება. ვარიანტები კი, თავადაც ხვდებით, არცთუ ისე ბევრია.

ვიდრე სახელმწიფო მდივანი საუდების სამეფო ოჯახთან ირანის წინააღმდეგ მოქმედების გეგმებს განიხილავდა, აშშ-ს პრეზიდენტმა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: 1) სანქციები ირანის ეროვნული ბანკის და განვითარების სახელმწიფო ფონდის წინააღმდეგ, რაც თავად დონალდ ტრამპის შეფასებით, წარმოადგენს ყველაზე ძლიერ დარტყმას ირანისთვის და 2) დამატებითი ძალების გადასროლას საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.

მიმდინარე კვირას ნიუ-იორკში იწყება გაერო-ს მორიგი გენერალური ასამბლეა, რომელზეც თავს მოიყრიან მსოფლიო ლიდერები და მაღალი რანგის წარმომადგენლები. მათ შორის სავარაუდოდ იქნება ირანის პრეზიდენტი როუჰანიც, რომელიც წარადგენს სპარსეთის ყურეში უსაფრთხოების გეგმას. საინტერესო იქნება ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ასამბლეის ფარგლებში, თორემ თავად გაერო-ს, როგორც ორგანიზაციას და მის უშიშროების საბჭოს დიდი ხანია ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე სიღრმისეული პრობლემები აქვს. რა გასაკვირია: იქ სადაც რუსეთია…   

ერთი სიტყვით, დღეს ჩვენს სათაურში გამოტანილი კითხვა უპასუხოდ რჩება და სავარაუდოდ კიდევ კარგა ხანს ჰაერში გამოეკიდება.

იმედია, ბოლო კეთილი იქნება. 

გააზიარე