კონკურენციის ხელოვნება

კონკურენციის ხელოვნება

„უმაღლესი ხელოვნება ომში ნიშნავს დაამარცხო მეტოქე ბრძოლის გარეშე“ –  სუნ-ძი (490 წ. ქრისტეს შობამდე)

დღევანდელი ბლოგი მინდა დავუთმო კონკურენციას, როგორც განვითარების, სტაბილურობის და წარმატების “დრაივს” თანამედროვე სამყაროში. მიუხედავად იმისა, სად ვართ და რას ვსაქმიანობთ,  ყველამ ვიცით, რომ კონკურენტული უპირატესობა ჩვენი გრძელვადიანი, მდგრადი პოზიციონირების გასაღებია. 

ჯერ კიდევ 2500 წლის წინ  ჩინელმა მხედართმთავარმა სუნ-ძიმ თავის სამხედრო ხელოვნების ტრაქტატში  “ომის ხელოვნება”  თქვა, რომ გამარჯვება მას ეკუთვნის, ვინც ყველაზე კარგად აანალიზებს ფიზიკურ გარემოში ობიექტურ პირობებს და მეტოქეების სუბიექტურ დამოკიდებულებებს. ეს ორი მოცემულობა სინთეზურად გვაძლევს ცვალებადი გარემოს ყველაზე ადეკვატურ სურათს და რეფლექსურად გვიყალიბებს გამარჯვებულისთვის დამხასათიათებელ კოგნიტურ რუქებს, სადაც სტარტეგიული გადაწყვეტილებების მიღება ერთდროულად  სხვადასხვა პრიზმიდან დანახულ მოცემულობას ემყარება.

“ძლევამოსილი მეომრები ჯერ იმარჯვებენ და მერე მიდიან ომში, მაშინ როდესაც დამარცხებულები ჯერ იწყებენ ბრძოლას და მერე ფიქრობენ, როგორ მოიპოვონ გამარჯვება,” – ეს ციტატაც  სუნ-ძის ეკუთვნის. თუ მას ბიზნესსამყაროში გადმოვიტანთ, შეიძლება ვთქვათ, რომ სტრატეგიული ხედვის და წინასწარგანსაზრვრული მიზნების გარეშე კომპანიები დაუცველები არიან, პასიურად მიყვებიან დროის დინებას  და ვერ უძლებენ კონკურენციას.

21-ე საუკუნეში იმარჯვებს ის, ვინც  ფლობს ინფორმაციას, სწორად აფასებს გარემოში განვითარებულ ცვლილებებს და აქვს სწრაფი რეაგირების უნარი. იმისათვის რომ გადარჩნენ კომპანიები, უარეს შემთხვევაში  უნდა იყვნენ რეაქტიულები, უკეთეს შემთხვევაში კი – პროაქტიულები. კონკუნრეტული უპირატესობის მოპოვება და შენარჩუნება მთავარი ამოცანაა, რის წინაშეც დგას ყველა ბიზნესორგანიზაცია.  ბრძოლა არსებობისთვის და ბუნებრივი გადარჩევა ისევ აქტუალურია.  სამყარო ვითარდება, მაგრამ არ იცვლება თამაშის წესები. სტრატეგიული პოზიციონირება წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორია მძაფრი კონკურენციის პირობებში. ის ერთდროულად გულისხმობს როგორც ორგანიზაციის შიგნით არსებული რესურსების მართებულ ალოკაციას და განვითარებას, ასევე უწყვეტ რეჟიმში განახლებული ინფორმაციის შეცნობას გარემოში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ადაპტირების უნარს.

სუნ-ძის ტრაქტატის მიზანი არ არის მეომრებისთვის ბრძოლის ხელოვნების სწავლება. ეს წიგნი დაწერილია ლიდერებისთვის, რომელთა ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი სტრატეგიული აზროვნებაა. კონკურენტული სისტემა არ არის დოქტრინა , ის აყალიბებს აზროვნებას – როგორც კაცობრიობის ყველაზე ღირებულ აქტივს. 

შესაბამისად, ის ჩვენც გვეხება, როგორც ინდივიდებს: წარმატების გასაღები  თითოეული ჩვენგანის განსხვავებულ ქცევაშია. უნდა ვეცადოთ,  ერთი ნაბიჯით მაინც ვუსწრებდეთ მეტოქეებს.  თუ  შევძლებთ და ვიქნებით გამორჩეული, თუ  დავინახავთ საკუთარ თავს გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩამოვყალიბდებით, სად გვინდა ვიყოთ 5 – 10 წლის შემდეგ, ვიპოვით გზას, როგორ მივაღწიოთ დანიშნულების ადგილს;  აღმოვაჩენთ, რომ ვუსწრებთ დროს. განსაზღვრო და თავად შექმნა მომავალი –  სულაც არ არის არარეალური.

„იცნობდეთ საკუთარ თავს და მტერს. ათასი ბრძოლა ათასი გამარჯვების ტოლფასია.“ – სუნ-ძი

გააზიარე