ლეო, თბილისის ბრენდი
“ჩამოვფრინდით თბილისში. გვსურს, კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი ვაჩუქოთ ჩვენს ფანებს’’, – ლეო მესი.
თბილისში ჩამოსვლის შესახებ ლეგენდარული ფეხბურთელი ფეისბუქ პოსტს აქვეყნებს. სულ რაღაც 15 საათში ამ ინფორმაციას მილიონობით ადამიანი ნახულობს, 500.000 იწონებს, 6000 აზიარებს.
მესი მსოფლიოს მეოთხე ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია და დიახ, მარკეტინგის მენეჯერები მასზე ჭკუას კარგავენ. რატომაც არა? მან ხომ ყველა რეკორდი მოხსნა, როდესაც კომპანია ადიდასმა მისი სახელობის ლიმიტირებული სერია წარმოადგინა, კოლექცია ერთ საათში, მთელი აშშ-ს მასშტაბით გაიყიდა. 20 მლნ აშშ დოლარს მესი გამოიმუშავებს ისეთი სპონსორებისგან, როგორიცაა ადიდასი, პეპსი, სამსუნგი, ჯილეტი და სხვა. ორგანიზაციისთვის, რომელსაც ბრენდის პოზიციონირება სურს, მესის მსგავს ლეგენდასთან დაკავშირება ნამდვილი ოცნებაა.
მესის ფეისბუქის გვერდი მსოფლიო ვარსკვლავებს შორის მე-6 ადგილს იკავებს და მას 80 მილიონამდე ფანი ჰყავს. ეს რიცხვი საშუალოდ 20ჯერ მეტია საქართველოს მოსახლეობაზე, წამოიდგინეთ რამხელა აუდიტორია ხედავს იმ მესიჯებს რომელიც ამ გვერდით შუქდება?!
მანამ სანამ ლეო სტადიონზე გამოსასვლელად ემზადება, მოდით დავფიქრდეთ:
ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდის შესახებ და ამავედროულად ვანადგურებთ ისტორიულ ძეგლებს, უსახური მშენებლობებით ვამახინჯებთ გადიდქალაქებულ თბილისს, ვჩეხავთ ხე-ტყეს და აღვმართავთ კედლებს, ვმასპინძლობთ ოლიმპიურ ფესტივალს და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნას მაინც ვერ ვახერხებთ (აღარაფერს ვამბობ ჩვენს მიერ მოფიქრებული ოლიმპიური ფესტივალის სიმბოლოზე, ხოხობს ჰგავს ვგონებ, თუ მეშლება?) ვერ ვიწვევთ ინტერესს მაშინაც კი, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ხაზი უკვე ჩვენს სახლში, ჩვენს ოთახში გადის, გვაქვს უნიკალური ტურისტული ზონა კახეთის სახით, ღვინის ფესტივალს კი მის მიღმა ვგეგმავთ. “საქართველოს ქვეყანა არ სჯობს’’ – სადღეგრძელოებს ვსვამთ ქვეყნისა, რომელიც ლამისაა გაქრეს მსოფლიო რუკიდან. ტურისტული სეზონის პიკშიც კი, როდესაც უცხოური ვალუტის შემოდინება ეროვნულ ვალუტას უნდა ამყარებდეს, არაფერი იცვლება – მდიდარი მდიდრდება და ღარიბი ღარიბდება. ვიბრძვით სიტყვის თავისუფლებისთვის და გვიხარია უმსხვილესი არხის დაყადაღება.
დავუბრუნდეთ მესის, ალბათ უკვე მზად არის თამაშისთვის.
თბილისს ფეხბურთის ლეგენდა ეწვია. მერწმუნეთ, ეს არ დარჩება მსოფლიო მედიის ყურადღების მიღმა. თბილისს ახსენებენ ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ. ტრადიციული და სოციალური მედიასაშუალებები უნებლიეთ იზრუნებენ იმაზე, რომ ჩვენი სახელი კიდევ ერთხელ, ხმამაღლა გაჟღერდეს. მესი, რომელსაც მილიონებს უხდიან რაიმე ბრენდის ხსენებისთვის, თბილისს, სრულიად უსასყიდლოდ “ბრენდავს’’. მადლობის ნიშნად მე მას ვუგულშემატკივრებ.
ნინო ენუქიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on June 8, 2016
- on March 22, 2016
- on December 15, 2015
- on November 24, 2015
- on November 16, 2015
- on October 13, 2015
- on August 11, 2015