ლიბია დღეს: რა მოქმედებაა, რა ვითარებაა?

ლიბია დღეს: რა მოქმედებაა

2011 წელს პოლკოვნიკ მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის და განსაკუთრებით მისი სასტიკი მკვლელობის კადრები კარგად მახსოვს. მაშინვე გამოითქვა ვარაუდები, რომ ლიბიას მოიცავდა სამოქალაქო დაპირისპრება, მხარეებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი, მსხვერპლი და უბედურება.

მას მერე 8 წელი გავიდა და ლიბია, ნავთობის მარაგებით მსოფლიო ათეულში შემავალი, ერთ დროს აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა (ახლა მოდაშია ამაზე “ჩურჩულები” – ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი სამოქალაქო ომის დაწყებამდე 12 ათას აშშ დოლარს შეადგენდა, ახლა კი – 5 ათასს არ აღემატება) გახლეჩილია ნაწილებად. ნავთობის მარაგებით მდიდარ აღმოსავლეთს აკონტროლებს ძალიან საინტერესო ისტორიის მქონე ფელდმარშალი ხალიფა ჰაფთარი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ლიბიის ნაციონალური არმია, ხოლო დასავლეთ ნაწილის გაკონტროლებას ცდილობს ლიბიელებით ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქ ტრიპოლიში გამაგრებული გაერო-ს მიერ აღიარებული ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის მეთაური ფაიეზ ალ სარაჯი.

ამ კონფლიქტში მხარე ორია, აქტიურად ჩართული მოთამაშე კი საკმაოდ ბევრი. მიუხედავად იმისა, რომ ალ სარაჯის მთავრობა გაერო-ს მიერ აღიარებულია, ფელდმარშალ ჰაფთარს მხარს უჭერენ ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი, საფრანგეთი და… რუსეთი, უფრო კონკრეტულად კი ვლადიმერ პუტინის ყოფილი მზარეულის ევგენი პრიგოჟინის ხელმძღვანელობით ავადცნობილი კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი”, რომლის 2000-მდე დაქირავებული მებრძოლი იბრძვის ჰაფთარის არმიის მოწინავე რიგებში.

ფაიეზ ალ სარაჯის ყველაზე აქტიური მხარდამჭერია თურქეთი და მისი პრეზიდენტი რეჯეფ ტაეპ ერდოღანი. სულ ცოტა ხნის წინ თურქეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ოფიციალური ტრიპოლის თხოვნის საფუძველზე სამხედრო კონტიგენტის შეყვანის თაობაზე. ტრიპოლის ხელისუფლებას მხარს უჭერს ასევე ყატარიც, რომელიც აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკებების პროცესში.

ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია გარკვეულწილად დისტანცირებულია ლიბიაში მიმდინარე პროცესებისგან და მის მთავარ, დეკლარირებულ ამოცანას წარმოადგენს, რომ ლიბიაში არ მოხდეს რადიკალი ისლამისტების კონცენტრაცია (ბენღაზიში აშშ-ს ელჩის მკვლელობა წითელ ხაზად გასდევს აშშ-ს პოლიტიკას ლიბიასთან მიმართებაშიც და ლიბიის კონტექსტში აშშ-ს საშინაო პოლიტიკასაც). თუმცა, ევროკავშირთან და ევროკავშირის ცალკეულ წევრებთან ერთად, აშშ ასევე მოუწოდებს თურქეთს და ყველა სხვა უცხო ქვეყნის ძალებს თავი შეიკავონ ლიბიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში ჩართვისგან.

რა ხდება რეალურად; რა მოქმედებაა, რა ვითარებაა, ანუ უფრო კონკრეტულად, ვის რა უნდა ლიბიაში?

მშვიდობა და მხოლოდ მშვიდობაო რომ ვთქვათ, ნამდვილად არასერიოზული და გულუბრყვილო შეფასება გამოგვივა. ფელდმარშალ ჰაფთარის ამბავი გასაგებია: მას სურს ძალაუფლების ხელში ჩაგდება მრავაწლიანი ბრძოლის შემდეგ. მთავარია, ერთ დროს მუამარ კადაფის მხარდამხარ მებრძოლი ოფიცერი, ერთ დროს საბჭოთა კავშირში ფრუნზე აკადემიის მსმენელი და უმაღლეს ოფიცერთა კურსდამთავრებული, ერთ დროს ჩადთან ომში ტყვედ ჩავარდნილი და ამერიკელების მოთოხვნით გაცვლილი; ერთ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ ვირჯინიაში, უფრო ზუსტად ლენგლის (აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შტაბ-ბინა) მიდამოებში მცხოვრები, 2011-ში კადაფის რეჟიმის დამხობის ერთ-ერთი ორგანიზატორი და დღესდღეობით ყველაზე გავლენიანი ფიგურა, ფელდმარშალ ჰაფთარი ვის თამაშს თამაშობს. მართალია, 2017 წელს, შეფ-პოვარ პრიგოჟინის თაოსნობით, მას ძალიან თბილი შეხვედრა მოუწყვეს რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუსთან მოსკოვში, მაგრამ ასეთი მრავალწახნაგოვანი ბიოგრაფიის მქონე გენერალი ბოლოს სად ამოყოფს თავს კიდევ საკითხავია (მისთვის მთავარია იქ არ ამოყოს, სადაც კადაფიმ). თუმცა, ამ წუთის მდგომარეობით, გენერალი ჰაფთარი უახლოეს მომავალში მოლაპარაკების მაგიდასთან ნამდვილად აღმოჩნდება. მოლაპარაკებებს კი უმასპინძლებს ბერლინი. ამის შესახებ ცნობილი გახდა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მოსკოვში სამუშაო ვიზიტის შემდეგ. ვლადიმერ პუტინთან 3.5 საათიანი შეხვედრის შედეგი იყო ასევე, რომ ორი დღით გენერალ ჰაფთარის მიერ უარყოფილი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება შეთანხმებული იქნა და კვირა დღის პირველი საათებიდან ტრიპოლისთვის ბრძოლები შეჩერებული იქნა (ფრაუ მერკელმა და ვლადიმერ პუტინმა ირანზეც ბევრი ისაუბრეს, დონბასზეც, უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანსპორტირებაზეც და, ბუნებრივია, ნორდსტრიმ-2 რეალიზებაზეც. პუტინმა პირობა დადო, რომ დამოუკდებლად შეძლებს გაზსადენის მშენებლობის დასრულებას, თუმცა ხაზი გაუსვა ვადებს. ნათქვამია, პუტინის შეფი დეტალებში იმალებაო).

ანგელა მერკელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ და ცეცხლის შეწყვეტამდე რამდენიმე საათით ადრე ვლადიმერ პუტინი ესაუბრა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს, რომელსაც ორი დღით ადრე სტამბოლშიც შეხვდა და თურქსტრიმის გაზსადენის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობის გარდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და სხვა აქტუალურ პრობლემებზე ესაუბრა. პრეზიდენტ ერდოღანის სამხედრო-პოლიტიკური აქტივობა სირიასა და ლიბიაში ნაწილი ექსპერტების მიერ “ოსმალური” იმპერიის დიდების აღდგენის სურვილით აიხსნება, ნაწილი კი პრეზიდენტ ერდოღანის ენერგიულ საგარეო სვლებს ქვეყნის შიგნით არსებული ეკონომიკური პრობლემების გადაფარვის მცდელობად აფასებს. კონკრეტულად ლიბიასთან მიმართებაში პრეზიდენტ ერდოღანის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში არსებული გაზის მარაგების მოპოვებაზე კონტროლი განიმტკიცოს და ამით როგორც რეგიონში, ისე ქვეყანაში საკუთარი ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური პოზიციები კიდევ უფრო მეტად გაამყაროს.

თურქეთის ინტერესები წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის წევრი საბერძნეთის, კვიპროსისა და სხვა სახელმწიფოების ინტერესებთან. ამასთან, გაზის მარაგების გარდა, ხმელთაშუა ზღვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს უსაფრთოხების თვალსაზრისით როგორც ევროკავშირის, ისე ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დევნილების ნაკადის შეჩერება და გაკონტროლება ზემოხსნებეულ ქვეყნებთან ერთად იტალიის უმთავრეს პრიორიტეტებში შედის (ლიბია 1910-დან 1947 წლამდე იტალიის კოლონიაც კი იყო).

როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინს შეფ-მზარეული ნამდვილად გამოადგა. მართალია, არ იქნებოდა პრიგოჟინი, იქნებოდა ვინმე სხვა, მაგალითად, როგოზინი, მაგრამ ჟენია პოვარის “უნარების” ინგორირება ნამდვილა არ იქნება მართებული. ასეა თუ ისე, სწორედ “ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანია გამოდგა ის ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ვლადიმერ პუტინი აგრესიულად პოზიციონირებს ყველგან, სადაც ბუნებრივი რესურსებია, სადაც კონფლიქტებია და სადაც გლობალური მოთამაშეების ინტერესებია. თითქოს არც არის ოფიციალური მოსკოვი რაიმე კავშირში, თითქოს არაფერ შუაშია (ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ ლიბიაში რუსების ყოფნა ვლადიმერ პუტინმა არ უარყო, მაგრამ მათთან რაიმე კავშირი არ დაადასტურა – ხო ძალიან მოსახერხებელია?!), ამ დროს ერდოღანი პუტინს ელაპარაკება, მაკრონი პუტინს “ელოლიავება”, ანგელა მერკელი მოსკოვში ჩადის და პუტინთან შეხვედრის შემდეგ ლიბიაში ცეცხლი წყდება.

ენერგოუსაფრთხოებასთან და ენერგომატარებლებთან კონტექსტში ძალიან ნიშანდობლივი იყო რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ აშშ-ს შუა აღმოსავლეთის ნავთობი და გაზი აღარ ესაჭიროება. ჩემი აზრით, ამით მან მინიშნება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ს ინტერესები რეგიონის მიმართ არ ნელდება, მაგრამ ენერგომატარებლებზე აღარ გადის.

რომ არა ათასობით ადამიანის მსხვერპლი, იჯდებოდა კაცი და ლიბიაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ძალიან მაგარ სერიალს დააკვირდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ სახელმწიფოების, მათი ლიდერების თუ ოდიოზური გენერლების ინტერესებს, ამბიციებსა და აპეტიტებს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება. საერთოდაც, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ადამიანის სიცოცხლის ფასი სულ უფრო და უფრო ნაკლები ხდება, მაგრამ კადაფის მკვლეობის კადრებიც არ მავიწყდება.

ნეტავ, ოდესმე ლიბიაში მშვიდობა თუ იქნება? ალბათ.

გააზიარე