მარკ, თუ შეიძლება, გაგაკრიტიკებთ

მარკ

რამდენიმე დღის წინ, ფეისბუქმა ახალი საინფორმაციო პორტალი სახელად FB Newswire შექმნა. კომპანიის თანამშრომლობა სააგენტო Storyful-თან მომხმარებლისთვის ელექტრონული გაზეთის შექმნას გულისხმობს, რომლის შინაარსი ინტერესის და რეიტინგის მიხედვით შეიცვლება.

რა იცვლება მომხმარებლისთვის?

ფეისბუქი მსოფლიოში მიმდინარე სიახლეების გაზიარების მნიშვნელოვანი წყარო აქამდეც იყო. 2011 წელს, კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, სოციალური ქსელის მიმართ მზარდ ინტერესს ის ფაქტორი განაპირობებს, რომ მომხმარებლებს მის მიმართ განსაკუთრებით დიდი ნდობა აქვთ. ეს ის სივრცეა, სადაც მომხმარებლები თავად ქმნიან სიახლეებს, ინფორმაცია რიგითი მომხმარებლის გამოცდილებით და მოსაზრებებით იქმნება და არა ჟურნალისტების ძალისხმევით, რომელიც გამოკითხულ რესპოდენტთა ნაწილში უნდობლობას მათი მიკერძოებულობის გამო იწვევდა. ფეისბუქი ის სივრცეა, სადაც მედიამაგნატები არ აკონტროლებენ ინფორმაციას, მომხმარებლები კი სურვილისამებრ არ ამჟღავნებენ ვინაობას და თამამი განცხადებებით ალაპარაკებენ ქსელში ათასობით ადამიანს.

დღეს ფეისბუქი გვთავაზობს ჟურნალისტების მიერ მომზადებულ სიახლეთა პორტალს, რეიტინგულს და გეგმიურს, გაკონტროლებულს და გაანალიზებულს. ინფორმაციის მოწოდების ფორმა ძალიან შთამბეჭდავია: მოკლე და მარტივი, საძიებო სიტყვების ჩამონათვალით, რაც საგრძნობლად ამცირებს მისი წაკითხვის დროს. ეს დეტალი მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად მკითხველთა რაოდენობა მსოფლიოში მცირდება, ინფორმაციის მომწოდებელთა რაოდენობა კი პროპორციულად იზრდება. და მაინც, სჭირდება თუ არა ფეისბუქს საინფორმაციო პორტალი?

2014 წელს ილიაუნის ბიზნეს სკოლაში სოციალური მედიის ქართველ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ტემპი და მიზეზები გამოვიკვლიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ მედიასაშუალებებს მომხმარებელთა უდიდესი რაოდენობა ჰყავს, სოციალური ქსელების მომხმარებელთა ზრდის ტემპი უფრო მაღალია. მიზეზად გამოკითხულთა 70%-ზე მეტმა ქსელის სანდოობა და მიუკერძოებელი ინფორმაციის მომხმარებლებისგან მიღების სურვილი დაასახელა.

გააზიარე