მე-5... მე-5 მუხლი, მე-5 ფლოტი, მე-5 თაობა, მე-5 ელემენტი

მე-5... მე-5 მუხლი

იმდენი რამ ითქვა გასულ კვირაში, და არა მხოლოდ, ნატო-ს წესდების მე-5 მუხლზე, რომ დარწმუნებული ვარ, ნატო-ში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის საქართველოს მოქალაქეებმა უკვე უკეთ იციან მისი განსაზღვრება, ვიდრე თავად ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებმა. თუმცა, როგორც იტყვიან, გამეორება ცოდნის დედაა.

მოკლედ, კიდევ ერთხელ (და ეტყობა საჭიროა მრავალჯერ), თუ რა იდეა გაახმიანა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში გამართულ მაღალი რანგის, რიგით მე-5!!!! საერთაშორისო კონფერენციაზე. მისი თქმით, თუკი საქართველოში იქნება მიღებული გადაწყვეტილება და შემდეგ წამოვა შეთავაზება ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის, შესაძლოა განხილულ იქნას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების, ანუ მე-5 მუხლის გავრცელებით მხოლოდ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ვიდრე არ მოხდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ანუ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე მე-5 მუხლი გავრცელდება მას შემდეგ, რაც აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ანდერს ფოგ რასმუსენისვე სიტყვებით, ასე მოხდა გერმანიის შემთხვევაში, როდესაც გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილი იყო ოკუპირებული საბჭოთა კავშირის მიერ, ხოლო დასავლეთ გერმანია გაწევრიანდა ნატო-ში 1955 წელს. გერმანიის გაერთიანებისთანავე საყოველთაოდ ცნობილი მე-5 მუხლის მოქმედება გავრცელდა მთელს გერმანიის ტერიტორიაზე. შესაძლოა, გერმანიის მაგალითი ჩვენს შემთხვევას 100%-იანი სიზუსტით არ შეესაბამება, მაგრამ ფაქტია, პრეცედენტი არსებობს და ამის შესახებ საუბრობს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი. და არა მხოლოდ!

ამ თემაზე, რომელიც პირველად საჯაროდ გაახმიანა ჯერ კიდევ გასულ წელს ამერიკელმა ექსპერტმა ლუკ კოფიმ, აქტიურ დისკუსიაში ჩაერთვნენ ნატო-ს მაღალი რანგის ოფიციალური პირები, წევრი სახელმწიფოების პარლამენტარები, ქართველი პოლიტიკოსები, ექსპერტები, იდეის მხარდამჭერები და განსაკუთრებით აქტიურად იდეის “გამშავებლები”. “არ გავცვლით სალსა კლდეებსა”, “ქართველობას გვართმევენ”, “ვინ კითხავს რასმუსენს” და ა.შ. მრავლად დაიყარა მარგალიტები, რათა შეცდომაში შეეყვანათ ჩვენი მოქალაქეებიც და ჩვენი უცხოელი მეგობრებიც. ამ დროს სიმართლე ყველამ მშვენივრად იცის: არავინ ფიქრობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების 1 მტკაველის გარეშეც კი! სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ ასევე არავინ ფიქრობს დეკემბერში დაგეგმილ ნატო-ს ლონდონის საიუბილეო სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებაზე, გარღვევა გადაწყვეტილებაზე და ახალ ხელშესახებ წარმატებაზე! ჩინებული მოწოდებაა “მეტი ნატო საქართველოში! მეტი საქართველო ნატო-ში”! მივესალმები ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ყველაზე მაღალი ინტენსივობით საქართველოში ვიზიტებს! მივესალმები ჩვენი ნატო-ელი მეგობრების მხარდაჭერას ტურიზმის სფეროში და მათ სტუმრობას 4 სეზონი საქართველოში! მაგრამ მაქვს სამართლიანი და საფუძვლიანი უფლება, არ მაკმაყოფილებდეს ყოველივე ზემოთჩამოთვლილი, ვინაიდან: ვიდრე არ შევალთ ნატო-ში, საქართველოს შვილები ყოველდღიურად იქნებია საფრთხეში, რომ მათ მოიტაცებენ და შემდეგ კარგ შემთხვევაში გამოსასყიდის სანაცვლოდ დააბრუნებენ და უარეს შემთხვევაში აწამებენ და ცხედარს დიდი მოლაპარაკებების შემდეგ გადმოგვცემენ; ვიდრე არ შევალთ ნატო-ში, ჩვენი მშრომელი გლეხები საკუთარ სახლკარში დაიძენებენ და დილას სამუშაოზე გასვლას ვეღარ შეძლებენ იმიტომ რომ საკუთარ სახლკარში მავთულხლართს აღმოაჩენენ; ვიდრე არ შევალთ ნატო-ში, ჩემს ქვეყანაში წყნარად და მშვიდად ითარეშებენ მე-5 კოლონის წარმომადგენლები და გააპარპაშებენ თავიანთ რუს “ხაზეინებს”. კიდევ ბევრი მიზეზი მაქვს, რომ მხოლოდ “გაატარე 4 სეზონი საქართველოში” არ მაკმაყოფილებდეს! ისევე, როგორც არაფრით არ შეიძლება მამშვიდებდეს და არ მტკიოდეს მოქმედი ხელისუფლების განცხადებები, რომ საქართველო გაწევრიანდება ნატო-ში საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების პრინციპის გათვალისწინებით, ანუ, თუ სწორად გავიგე, ვიდრე არ დავიბრუნებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს, გაწევრიანებაზე აქტიურობა არ იქნება!

ასე ფიქრობს ძალიან ბევრი სხვაც ჩემს ქვეყანაში. ამიტომაც ისმის მოწოდებები, რას ჩავაცივდით ამ მე-5 მუხლს, მოვითხოვოთ პირდაპირ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო შეთანხმება, ავაშენოთ ანაკლიაში პორტი და შემოვიდეს იქ მე-5 ფლოტი! ანაკლიის პორტი რომ ასაშენებელია და ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის, ამის თაობაზეც იმდენი ითქვა და ისეთი სიმაღლეებიდან, რომ არ მგონია მე უკეთესად გამომივიდეს! თუმცა, იქ მე-5 ფლოტის შესვლასთან დაკავშირებით ასევე ითქვა, რომ მაშინ ანაკლიაში ვეღარ შევა სატვირთო გემები და საქართველოში აღარ შეიქმნება სამუშაო ადგილები! ნეტავ, ან მე-5 ფლოტი სად არის ან ახალი სამუშაო ადგილები! ობიექტურად რომ ვთქვათ, ასეთი საუბარიც არასერიოზულია! თუ საქართველო გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო ყოფნა უფრო ეფექტურად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან უსაფრთხოებას და სტაბილურობას, ამის თაობაზეც უნდა დაიწყოს მრავალდონიანი მოლაპარაკებები, შესწავლილ იქნას შესაძლებლობები, საფრთხეები და პერსპექტივები!

ყოველ შემთხვევაში მტკიცება იმის თაობაზე, რომ ორივე ერთად არ გამოვა, ან ნატო უნდა ავირჩიოთ ან ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნა საქართველოში, საფუძველს მოკლებული გახდა მას შემდეგ, რაც ნატო-ს წევრმა სახელმწიფომ პოლონეთმა ღიად განაცხადა, რომ სურს თავის ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზა. არ გაემტყუნებათ! საკუთარი უმძიმესი გამოცდილებიდან იციან, რაზეა წამსვლელი რუსეთი! აქვე შეგახსენებთ, რომ ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის უზრუნველყოფისა და განმტკიცების გადაწყვეტილების ფარგლებში, პოლონეთში უკვე იმყოფება რამდენიმე ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. მათ სულ ცოტა ხნის წინ დამატებით 1000 სამხედრო მოსამსახურეც შეემატა აშშ-ს შეიარაღებული ძალებიდან. თავის მხრივ, აშშ-ს ადმინისტრაციაც სერიოზულად განიხილავს პოლონეთში ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნის საკითხს.

ძლიერი ქვეყანაა პოლონეთი! იბრძვის და მიზანსაც აღწევს საკუთარი და მეგობარი სახელმწიფოების უსაფრთხოების გასამტკიცებლად. ჯერ იყო და ევროკავშირის სასამართლოში გაიმარჯვა, როდესაც რუსულ გაზპრომს “ოპალ”-ის გაზსადენის სისტემაში გაზის გატარებაზე შეზღუდვა დაუწესა. ამით უკრაინული ინტერესებიც დაიცვა (მოუწევს მაინც უკრაინული სატრანზიტო სისტემით სარგებლობა რუსეთს ევროპისთვის გაზის მიწოდების ვალდებულების შესასრულებლად) და რუსულ გეგმებსაც ფრთები შეუკვეცა (“ნორდსტრიმ”-ის პროექტის მომგებიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ ნამდვილად დააყენა). სულ რაღაც 3 დღის წინ საბოლოოდ გადაწყდა პოლონეთისთვის მე-5 თაობის ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავის ფ-35-ს 32 ერთეულის მიყიდვა. კონტრაქტის ღირებულება 6.5 მილიარდი დოლარია! მიხარია პოლონეთის წარმატებები! მიხარია და თან გული მწყდება, რომ ჩვენს ნამდვილ მეგობარ პოლონეთთან უფრო მეტის გაკეთება შეიძლება, უფრო მეტი მხარდაჭერის მოპოვება, უფრო ძლიერი სამოკავშირო ურთიერთობების დამყარება! შეიძლება და არ კეთდება! არადა, გვჭირდება! მე-5 მუხლიც გვჭირდება! მე-5 ფლოტიც გვჭირდება! მე-5 თაობაც გვჭირდება! ბოლო-ბოლო “მე-5 ელემენტის” გაგრძელების საქართველოში გადაღებაც გვჭირდება! და მაშინ, ვერც მე-5 კოლონა და ვერც ვერავინ სხვა შორს ვერ გაფრინდება!

გააზიარე