მოლდოვა ირჩევს - ევროპა იგებს, რუსეთი აგებს!
კიდევ ერთი გადამწყვეტი არჩევნები; ამჯერად საპრეზიდენტო; ამჯერად მოლდოვაში! ალბათ, არსად ასე მკაფიოდ არ იდგა ამომრჩევლის წინაშე არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის. ერთ მხარეს იყო პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელსაც ღიად უჭერდა მხარს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. იმდენად ღიად, რომ მან არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ფაქტიურად მოლდოველ ამომრჩეველს მიმართა, როდესაც იმედი გამოთქვა, რომ ისინი დააფასებდენ მოქმედი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეებს. მეორე მხარეს კი იდგა ოპოზიციური პროდასავლური პარტიის “მოქმედება და სოლიდარობა“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ მინისტრი მაია სანდუ, რომელიც ღიად ამხელდა ქვეყნის პრორუსულ პრეზიდენტს კორუფციაში, მკაფიოდ უჭერს მხარს ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანებას და არის ქვეყანაში რეალური რეფორმების განხოციელების ერთგული ავტორიც და მამოძრავებელი ძალაც.
პროევროპული კანდიდატის მაია სანდუს გამარჯვებას ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მომავლისთვის, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ამიერიდან მოლდოვაში ყველაფერი დალაგდება და ქვეყანა მწყობრი ნაბიჯითი დაიწყებს სვლას ნათელი ევროპული მომავლისკენ. საქმე იმაშია, რომ მოლდოვას ამჟამად ჰყავს ტექნოკრატი პრემიერ იონ ჩიკუ, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე პრორუსი იგორ დოდონის ეკონომიკურ მრჩევლად მუშაობდა. აგრეთვე, 101-მანდატიან პარლამენტში, მყიფე, მაგრამ მაინც უპირატესობა დოდონის სოციალისტურ და მის ამჟამინდელ პარტნიორ ოლიგარქ პლაჰოტნიუკის დემოკრატიულ პარტიებს აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მდიდარ მოლდოველს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა და ა.წ. სექტემბრიდან ის თურქეთში იმყოფება, გარკვეული გავლენები მას ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს პოლიტიკურ პროცესებზე მოლდოვაში. საკუთარი წარმომადგენლობა აქვს პარლამენტში ილჰან შორსაც, რომელიც მოიაზრება მოლდოვური ბანკებიდან 2012-2014 წლებში განხორციელებული “დიდი ძარცვის“ ოპერაციის მთავარ „ტვინად“, ვლად პლაჰოტნიუკის თანამზრახველად და მილიარდიანი ძარცვის უშუალო შემსრულებლად (ამ ოპერაციის შედეგად მოლდოვის ბანკებიდან ქვეყნის მშპ-ს დაახლოებით 15 %, ანუ 1 მილიარდი ევრო იქნა გატანილი). ასე რომ, საქმე არც ისე მარტივადაა. ცხადია, არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტი დნესტრისპირეთში, სადაც რუსი სამხედროები “მშვიდობას ჰყოფენ“ და ნებისმიერ მომენტში მათივე მონაწილეობით გაყინული კონფლიქტი შეიძლება გალღვეს და გაცხელდეს.
პარლამენტი იქნება შემდეგი და გადამწყვეტი სიმაღლე, რომელიც უნდა აიღონ პროდასავლურმა ძალებმა. ეს არც ისე მარტივი საქმე იქნება. რეფორმებზე ორიენტირებული მაია სანდუს და მისი მოკავშირეების რამდენიმე მცდელობა, ქვეყანაში ძირეული ცვლილებები განეხორციელებინათ, წარუმატებელი აღმოჩნდა და ახალ პოლიტიკურ ვითარებაშიც რამდენად გამოუვათ ქვეყნის ერთხელ და სამუდამოდ მკაფიო ევროპულ გზაზე დაყნება, ჯერ კიდევ საკითხავია, მაგრამ ცხადია, პრორუსული ძალების ოდენ “სტაბილურობის გარანტიაც“ მოლდოველ ხალხს ნამდვილად აღარ აკმაყოფილებს. ხალხი ითხოვს ცვლილებებს, მათი ყოფის გაუმჯობესებას, კორუფციის აღმოფხვრას და პრობლემების მოგვარებას. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რუსეთმა მოლდოვურ პროდუქციაზე ემბარგო დააწეესა, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი მოლდოვური ბიზნესის ევროკავშირის ბაზარზე რეორიენტაციას. მოლდოვის ევროპეიზაციის პერსპექტივის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ქვეყნის ინტელექტუალური ელიტა და საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი ღიად უჭერს მხარს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას. მნიშვნელოვანია რუმინეთის ფაქტორიც, რომლის სახითაც მოლდოვას მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ჰყავს ევროკავშირში. მოლდოვის მოქალაქეების დიდ ნაწილს აქვს რუმინული პასპორტები, მოლდოველი სტუდენტებისთვის რუმინული უმაღლესი სასწავლებლების კარი ღიაა და ზოგადად ყველა პირობა იქმნება იმისათვის, რომ მოლდოვასა და რუმინეთს შორის ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს (გარკვეულ ეტაპზე საუბრები რუმინეთისა და მოლდოვის ერთ სახელმწიფოდ კვლავ შეერთების თაობაზეც კი იყო, თუმცა ამ იდეას ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები).
როგორ მივიდა მაია სანდუ გამარჯვებამდე? 2 კვირის წინ გამართული პირველი ტური მოულოდნელობით აღსავსე გამოდგა. არჩევნებამდე გამოქვეყნებულ კვლევებში მოქმედი პრეზიდენტი დოდონი 10%-ით უსწრებდა თავის მთავარ კონკურენტს, მაგრამ შედეგებმა ბევრი გააკვირვა როგორც მოლდოვაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 3.5 მილიონიან მოლდოვაში დაახლოებით 3.2 მილიონი ამომრჩეველია, რომლის 48%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მაია სანდუმ სულ რაღაც 3%-ით, მაგრამ მაინც აჯობა პრორუსულ კანდიდატს. კიდევ ერთი მოულოდნელობა იყო პოპულისტი პოლიტიკოსის, მოლდოვის სიდიდით მეორე ქალაქის ბალტის მერის, რენატო უსატის მესამე ადგილზე გასვლა და ამომრჩეველთა 17%-იანი მხარდაჭერის მოპოვება. სწორედ უსატი გახდა ე.წ. “ქინგმეიქერი“, ანუ მისი ხმები იქნებოდა გადამწყვეტი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. 15 ნოემბრამდე რენატო უსატის მიერ გაკეთებული განცხადებებით თუ ვისმჯელებთ, ის მაია სანდუს კანდიდატურის ღია მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებდა თავის ამომრჩეველს, მაგრამ სამაგიეროდ ღიად ადანაშულებდა პრორუს იგორ დოდონს კორუფციაში.
ბოლო, მაგრამ არა უმნიშვნელო მოულოდნელობა იყო მოლდოვური დიასპორის აქტიურობა. 0.5 მილიონი მოლდოველი ცხოვრობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მათი მესამედი მივიდა არჩევნებზე. ამომრჩეველთა უმრავლესობამ პროევროპულ კანდიდატს მაია სანდუს დაუჭირა მხარი. გაგიკვირდებათ და, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არათა არ დახურა ცალკეული უბნები საზღვარგარეთ, პირიქით, დამატებითი ბიულეტენებიც კი გაგზავნა, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ჰქონოდათ არჩევნებში ხმის დაფიქსირების შესაძლებლობა.
მაია სანდუს გამარჯვებით კიდევ ერთი ძალიან სერიოზული ბერკეტი გამოეცალა რუსეთს მოლდოვაში, მაგრამ თუ შევხედავთ უფრო ფართოდ, პროევროპული მაია სანდუს წარმატება არც მხოლოდ მოლდოვის გამარჯვებას ნიშნავს და არც მხოლოდ მოლდოვაში რუსეთის დამარცხებას. უწყვეტი საპროტესტო აქციები ბელარუსში, ცვლილებები ყირგიზეთში, მზარდი უკმაყოფილება თავად რუსეთში თამამად გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ:
მოლდოვა ირჩევს, ევროპა იგებს, რუსეთი აგებს!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on June 5, 2023
- on May 22, 2023
- on May 9, 2023
- on April 18, 2023
- on April 3, 2023
- on March 27, 2023
- on March 20, 2023
- on March 13, 2023