ომი და მშვიდობა ავღანურად

ომი და მშვიდობა ავღანურად

ბოლო 40 წელია ამოუსუნთქვად ომობს ავღანეთი. 1979 წლის დეკემბერში საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეჭრის შემდეგ პრაქტიკულად 1 დღე არ ყოფილა ავღანელების ცხოვრებაში, რომ მშვიდად დაეძინოთ და მშვიდობაში გაეღვიძოთ.

ავღანეთში ოდითგანვე იკვეთებოდა დიდი იმპერიების ინტერესები. ნათქვამია, ავღანეთი აზიის გულია. ვინც დაიპყრობს ავღანეთს, ის მართავს აზიას. თვითონ ავღანელები ამბობენ, რომ საბოლოოდ ავღანეთს ვერავინ ვერ დაიპყრობს. ისტორიას თუ გადავხედავთ, ასეც არის, მაგრამ სამწუხაროდ ეს რეალობა საბოლოოდ პირდაპირ აისახება ავღანელების მდგომარეობაზე, აწმყოზე და მომავალზე. დღეს ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა ერთხმად გეტყვით, რომ ავღანეთი გაცილებით უფრო მეტად ასოცირდება ომთან, ვიდრე  მშვიდობასთან. ყველამ იცის ავტომატის ხმარება და ძალიან ცოტამ – საწერი კალმის. არადა, 1979 წლამდე იყო მოდაც, ცეკვაც, ცოდნაც და განვითარებაც. მიუხედავად ყველა მცდელობისა, დახარჯული (თან მოპარული) უზარმაზარი თანხებისა და შეწირული ათასობით სიცოცხლისა, არ გამოუვიდა სსრკ-ს ავღანეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მშენებლობა.

არანაკლებ მძიმე დაღი დაასვა ავღანეთს თალიბების მმართველობამ. საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ, თითქოს რო უნდა ამოესუნთქა ავღანელ ხალხს, მეორე უკიდურესობაში და უბედურებაში გადაეშვა ქვეყანა. კიდევ უფრო დაბნელდა და დამძიმდა ავღანეთი (ამ პერიოდს საუკეთესოდ აღწერს ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერალი ხალედ ჰოსეინი). ისლამურმა ფუნდამენტალიზმმა, რომლის ნიადაგზეც აღმოცენდა და ჩამოყალიბდა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაედა“, საფრთხე შეუქმნა როგორც დემოკრატიულ თანამეგობრობას, ისე უშუალოდ ომებისგან გათანგული და გაწამებული ავღანელი ხალხის არსებობას.

მერე იყო 11 სექტემბერი და საერთაშორისო კოალიცია ბინ ლადენის, ალ-ქაედასა და თალიბანის წინააღმდეგ. მას შემდეგ აგერ უკვე 17 წელია მიმდინარეობს ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ ავღანეთის მიწა-წყალზე. ისევ ათეულ ათასობით დაღუპული ავღანელი (ბოლო მონაცემებით, 50 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და ძალოვანი ემსხვერპლა თალიბებთან დაპირისპირებას. ამდენივეა დაახლოებით დაღუპული მეორე მხრიდანაც. და ეს არის მხოლოდ ბოლო 4 წლის მონაცემები), ასობით დაღუპული ამერიკელი და ევროპელი სამხედრო. ჩვენმა ბიჭებმაც შეწირეს სიცოცხლე  საერთაშორისო უსაფრთხოებას და საქართველოს მომავალს. დიდება მათ! შესაძლოა, ალ ქაედა მნიშვნელოვნად დაზიანდა და მათი მხრიდან მომდინარე ტერორისტული საფრთხე საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ უკანასკნელ დრომდე ავღანეთში ყოველ დღე ისმოდა აფეთქებები, ხორციელდებოდა თავდასხმები, რომელთა დროსაც იღუპებოდნენ სამხედროები, ჟურნალისტები და მშვიდობიანი მოქალაქეები. იყო ომი და ვერ მყარდებოდა მშვიდობა.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, აშშ-ს ადმინისტრაციამ თალიბებსა და ავღანეთის ხელისუფლებას შორის მომლაპარაკებლად მიავლინა ცნობილი ავღანური წარმომავლობის ამერიკელი დიპლომატი ზალმაი ხალილზადი. ალბათ ცოტა თუ ელოდა მისგან განსაკუთრებულ შედეგებს და სწრაფ გარღვევას მშვიდობის მიღწევის საქმეში. ასეთი მოლოდინი არც თავად ხალილზადს შეუქმნია. გარდა იმისა, რომ ვარ პროფესიით დიპლომატი და ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, კიდევ ორი მიზეზის გამო ყუარდღებით ვადევნებდი და ვგულშემატკივრობდი მის აქტივობას სამშვიდობო პროცესში ჩართვისთანავე. პირველი იმიტომ, რომ ავღანეთში მეც მომიწია საქართველოს სახელით ელჩის რანგში მუშაობა და გულით მინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ავღანეთში დაისადგუროს მშვიდობამ; მეორე კი იმიტომ, რომ მახსოვს კარგად, როგორ თავგამოდებით იბრძოდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომებზე საქართველოსთვის აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ გაერო-ში აშშ-ს წარმომადგენელი ზალმაი ხალილზადი. ის დღესაც საქართველოს დიდი გულშემატკივარი და მეგობარია. ჰოდა, ნათქვამია, მეგობრობა გზად და ხიდად. წარმატებები მას.

საბოლოო მშვიდობამდე, სამშვიდობო შეთანხმებამდე ჯერ კიდევ საკმაოდ შორია. არის მთელი რიგი საკვანძო საკითხების, რომელიც პრინციპულად შესათანხმებელია. კერძოდ, ცეცხლის შეწყვეტა, ალ ქაედას და ისლამური სახელმწიფოს აქტივობის ავღანეთის ტერიტორიაზე არდაშვება თალიბანის პასუხისმგებლობაა. ამ უკანასკნელთ სანაცვლოდ თავისი მოთხოვნები აქვთ. მთავარი, მათ შორის, აშშ-ის და საერთაშორისო კოალიციური ძალების გასვლაა. თითქოს, ამერიკული მხარე, უფრო სწორად აშშ-ს 45-ე პრეზიდენტიც იმავე აზრისაა და 15-ათასიანი ამერიკული სამხედრო კონტინგენტის განახევრების განაცხადიც ხმამაღლა გააკეთა, მაგრამ არც ასე მარტივადაა საქმე. თალიბებს უკვე აქვთ სერიოზული გავლენა ქვეყნის 50%-ზე. ვერ ვიტყვით, რომ ოფიციალურად მართავენ და აკონტროლებენ, მაგრამ არც ბევრი უკლიათ. ვინ არის იმის გარანტი, რომ საერთაშორისო კოალიციური ჯარების გასვლის შემდეგ, თალიბების გარდამავალ თუ კოალიციურ ხელისუფლებაში დამვკიდრების შემდეგ სიტუაცია ისევ არ დადგება თავდაყირა და თალიბანი ისევ არ ჩააფლობს უკუნ სიბნელეში ქვეყანას? არც არავინ. ამიტომაც, ჩემის აზრით, კოალიციური ჯარების გაყვანა ნაჩქარევად არ უნდა მოხდეს. იმედია, არც მოხდება.

ოფიციალურ მოლაპარაკებებში, რა თქმა უნდა, არ განიხილება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შესათანხმებელი იქნება ავღანეთის ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივის – ყაყაჩოს პლანტაციებზე საკონტროლო პაკეტის შენარჩუნების საკითხიც. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ავღანეთში არსებული შემოსავლების 75% სწორედ ამ აგრიკულტურაზე მოდის. სცადეს ზაფრანით ჩანაცვლება, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ღმერთმა ჰქმნას, ავღანეთში მშვიდობა ახლო მომავალში დამყარდეს, მაგრამ აი ჰეროინის წარმოება მშვიდობის დადგომასთან ერთად დამთავრდეს, ახლავე გეუბნებით, შეუძლებელია. ასე რომ, გაცილებით უფრო რთულად და კომპლექსურად გამოიყურება ომიც და მშვიდობაც ავღანურად.

ზაფხულში ავღანეთში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. დრო რეალური, გრძელვადიანი, ღრმა და ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად არცთუ ისე ბევრია, მაგრამ მხარეები ერთმანეთს მოლაპარაკების მაგიდასთან შეთანხმების პროექტებით რომ ესაუბრებიან და არა კალაშნიკოვებით, უკვე კარგია. თებერვლის ბოლოს შეთანხმება შეთანხმების დადების აუცილებლობაზე თუ ხელმოწერილ დოკუმენტად გადაიქცევა, ან თუნდაც ძალიან მიუახლოვდება საბოლოო ვარიანტს, ვფიქრობ, ზალმაი ხალილზადი ნობელის სამშვიდობო პრემიაზე წარდგენის უპირობო კანდიდატად მოგვევლინება. ინშალა!

გააზიარე