ომი დასრულდა, მშვიდობის გეშინოდეთ

thumb

Only the dead have seen end of war.

               Plato

2020 წლის დეკემბერში იუგოსლავიის 90-იანი წლების მრავალრიცხოვანი ომებიდან ყველაზე მასშტაბურის, ბოსნიის ომის დასრულების 25 წლისთავი შესრულდა. გავიხსენოთ ბოსნია და მისი დედაქალაქი, სარაევო, რომელშიც მომხდარმა ამბავმა მე-20 საუკუნის ეპოქალურ ცვლილებებს მისცა ბიძგი და რომელთა ექოც დღესაც ისმის. სარაევო – 1914 წლის მთვლემარე ბალკანური ქალაქი, ფანატიკოსი გავრილო პრინციპი და ავსტრია-უნგრეთის ტახტის კრონპრინცის, ერცჰერცოგი ფერდინანდის და მისი ცოლის, სოფიას მკვლელობა, რაც პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბი გახდა. თვითონ პირველი მსოფლიო ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში მანამდე არნახული, ინდუსტრიული მოცულობის ომი, სადაც ასევე პირველად ისტორიაში მოწინააღმდეგე მხარეებმა გამოიყენეს ავიაცია, ჯავშანტექნიკა, წყალქვეშა ნავები და ქიმიური იარაღი, იპრიტი (პირველად გამოიყენეს პატარა ბელგიურ ქალაქ იპრთან, აქედანაც ამ გაზის სახელი – იპრიტი). ომი, რომლის შედეგადაც 4 იმპერია დაინგრა – გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის, ოტომანთა და რუსეთის იმპერიები. ამ უკანასკნელის დაშლამ, თავის მხრივ, რუსეთის ბოლშევიკურ გადატრიალებას ხელსაყრელი ნიადაგი შეუქმნა, თუმცა იმპერიების დაშლის მასშტაბური შედეგების – რომლებიც დღესაც აქტუალურია – განხილვა შორს წაგვიყვანს. თუ გავიხსენოთ ტიტოს იუგოსლავიის ჭრელი, მხიარული და გიჟმაჟი სარაევო? თუ გავიხსენოთ სარაევო – 1984 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი? თუ გავიხსენოთ 1992-1995 წლების ალყაშემორტყმული, არტილერიის და სნაიპერების მიერ დატანჯული ქალაქი თუ შევხედოთ დღევანდელ სარაევოს, თავისი წარსულის მოკრძალებულ ჩრდილს?

სანამ გადავიდოდი ბოსნიის ომის პოლიტიკურ ნაწილზე, მკითხველს მინდა შევახსენო, რომ არის ასეთი წიგნი – ინგლისელი სამხედრო კორესპონდენტის, ენტონი ლოიდის „ჩემი ომი დასრულდა, მე ის ძალიან მენატრება“ (Anthony Loyd, „My war gone by, I miss it so“). უკვე სათაური მიგვანიშნებს რაღაც უცნაურს, რომ ომი შეიძლება გახდეს ნარკოტიკივით. ეს წიგნი ბოსნიის ომის ნედლი აღწერა და გააზრებაა. ლოიდის მიერ  გაღებული ფანჯრიდან მკითხველი არამარტო ხედავს ომს, არამედ ესმის მისი გრუხუნი და შეისუნთქავს ომის სუნს, რომელიც დენთის, ბენზინის, სლივოვიცას, თამბაქოს, ოფლის და სისხლის სუნის ნაზავია. ლოიდის მონაყოლი თითქოს ხელშესახებია, მისი კალამი  აცოცხლებს აჩრდილებს, ხორცს ასხამს ტანჯვას და შიშს ისეთი ინტენსიურობით, რომ ლამისაა წიგნი დახურო, რომ ცოტა ამოისუნთქო.

ბოსნიის ომი იყო სამხედრო კონფლიქტი ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე, რომელიც დაიწყო 1992 წლის აპრილში და დასრულდა 1995 წლის დეკემბერში. ომამდე ბოსნიის მოსახლეობის 44%-ს შეადგენდნენ ბოსნიაკები (მუსულმანი სერბები), 33%-ს სერბები, 17%-ს ხორვატები და 6%-ს სხვა ერების წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ომში ერთი ქვეყნის მოქალაქეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ეს მაინც არ იყო სამოქალაქო ომი – ამ უკანასკნელის კლასიკური მაგალითი აშშ-ს და ესპანეთის სამოქალაქო ომებია. ეს უფრო ტრაიბალისტური,  ეთნოტერიტორიული ომი იყო, სადაც სხვადასხვა ეთნორელიგიური ჯგუფები ერთმანეთს მიწის და წარმოდგენითი სასიცოცხლო სივრცის გამო დაუპირისპირდნენ.

ერთმანეთთან ომობდნენ ბოსნიელი სერბები, ბოსნიელი ხორვატები და ბოსნიაკები – ეს იყო ყველას ომი ყველას წინააღმდეგ. მიუხედავად არაერთი აქტიური ჩარევისა როგორც ევროკავშირის, ასევე გაეროს მხრიდან, ომის შეჩერება შეუძლებელი ჩანდა. კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ მესამე მხარის „რბილი“ პოლიტიკა – ემბარგოები და სანქციები – ომს ვერ აჩერებს. საბოლოოდ, ევროკავშირის როლი დავიდა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დონეზე, ხოლოს გაეროს პოლიტიკამ დამამცირებელი მარცხი განიცადა, რომლის კულმინაცია იყო ქალაქ სრებრენიცას აღება. სრებრენიცა გაეროს მიერ ე.წ. „მშვიდობიან ზონად“ იყო გამოცხადებული და ამ სტატუსს უზრუნველყოფდა გაეროს ცისფერჩახუტიანთა ბატალიონი. 1995 წლის ივლისში ბოსნიელი სერბების არმიამ გენერალ რადკო მლადიჩის მეთაურობით დაარღვიეს სრებრენიცას სტატუსი, ქალაქი აიღეს და  პრაქტიკულად ცისფერჩახუტიანების ცხვირწინ,  დახვრიტეს 8,000-მეტი მშვიდობიანი ბოსნიაკი მამაკაცი, მათ შორის არასრულწლოვანებიც. ეს ომი გამოირჩეოდა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების და სამხედრო დანაშაულების სიმრავლით, ტყვედ ჩავარდნილი მოწინააღმდეგე კომბატანტების დახვრეტით, მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებით, ეთნიკური წმენდით,  საკონცენტრაციო ბანაკებით (პირველად ევროპაში მეორე მსოფლიო შემდეგ), ინფრასტრუქტურის ნგრევით, რელიგიური შენობების და სიმბოლოების შეურაცხყოფით და განადგურებით. ომის დასრულება დაიწყო 1995 წლის შემოდგომისკენ ბოსნიელი სერბების   პოზიციების აშშ-ს საავიაციო დაბომბვის და ხორვატულ-ბოსნიაკური შეტევის შედეგად. მთლიანობაში, ბოსნიაში დაიღუპა 100 ათასზე მეტი ადამიანი და 1 მილიონზე მეტი ლტოლვილი გახდა.

იუგოსლავიის ომებს წინ უძღოდა სახელისუფლო კრიზისი, რაც საბჭოთა კავშირში და აღმოსავლეთ ევროპაში სოციალისტური რეჟიმების ნგრევამ, მსოფლიოში კომუნისტური იდეის დისკრედიტაციამ და იუგოსლავიის ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია. იოსიპ ბროზ ტიტოს რკინის ხელით შექმნილმა იუგოსლავიის ფედერაციამ რღვევა დაიწყო ეთნიკური ნიშნის მიხედვით და მმართველი სოციალისტური პარტიის სახელისუფლო ვაკუუმი შეავსო ნაციონალისტურმა ძალებმა. ამ ძალების ხელმძღვანელებს შორის იყო სერბი სლობოდან მილოშევიჩი – მან წარმატებული მეტამორფოზა განიცადა პარტიული ჩინოვნიკობიდან ნაციონალური მოძრაობის ლიდერის პოზიციამდე.  მილოშევიჩის  პოპულიზმის მასშტაბის გამოხატვისთვის ერთი ფაქტის მოყვანაც საკმარისია, ოღონდ მცირე ხნით შუა საუკუნეებშ უნდა გადავინაცვლოთ: 1389 წლის 15 ივნისს კოსოვოს ველზე სერბული ჯარი ოტომანებთან დამარცხდა. ამ საბედისწერო ბრძოლას მოჰყვა ოტომანთა  თითქმის ხუთსაუკუნოვანი ბატონობა ბალკანეთში, ხოლო კოსოვოს ბრძოლამ დიდი ადგილი დაიკავა სერბულ მითოპოეტიკაში. 1989 წლის 15 ივნისს, ხსენებული ბრძოლის მე-600 (!) წლისთავზე, სლობოდან მილოშევიჩმა მიმართა კოსოვოს ველზე შეკრებილ 1 მლნ-ზე მეტ მომიტინგეს და თავისივე თანამოქალაქეები, ბოსნიაკები მოიხსენია ოტომანებად (გააიგივა ისინი ისტორიულ დამპყრობლებთან), მოუწოდა სერბებს დიდი სერბეთის აღდგენისკენ ანუ თანამედროვე ბოსნიის და ხორვატიის ტერიტორიების ნაწილის სერბეთზე მიერთებისკენ. აქვე ვიტყვი, რომ მილოშევიჩი არ იყო ერთადერთი, ვინც ბოთლიდან ნაციონალიზმის ჯინი ამოუშვა. ამას არანაკლები წარმატებით აკეთებდა ხორვატების პოლიტიკური ლიდერი ფრანკო ტუჯმანი და არც ყოფილი საბჭოთა კავშირის ეროვნული მოძრაობები ჩამოუვარდებოდნენ სხვებს ლანდებთან თამაშში.

დეიტონ-პარიზის ხელშეკრულებამ პრაქტიკულად გაყინა ის ეთნოდემოგრაფიული სურათი რაც სამწლინახევრიანმა ომმა 1995 წლის დეკემბრისთვის შექმნა. ამ ხელშეკრულებით, შეიქმნა სუვერენული სახელმწიფო – ბოსნია და ჰერცოგოვინა. ეს სახელმწიფო შედგება ორი ავტონომიური ერთეულისაგან: რესპუბლიკა სრბსკა (დასახლებული ძირითადად სერბებით) და ბოსნია-ჰერცოგოვინის ფედერაცია (დასახლებული ძირითადად ბოსნიაკებით და ხორვატებით). მიუხედავად დეცენტრალიზაციისა, ბოსნია და ჰერცოგოვინა ინარჩუნებს ცენტრალურ მთავრობას, როტაციულ საპრეზიდენტო ოფისს და ეროვნულ ბანკს. 1995 წელს ბოსნია მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო. გავიდა 25 წელი და ბოსნია აღარავის ახსოვს ბოსნიელების გარდა. დეიტონ-პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებამ ამ პატარა ქვეყნისთვის შექმნა მართვის ისეთი კომპლექსური სისტემა, რომ ხშირად მართვა პარალიზებულია. პოლიტიკოსები იმ საკითხებზე კამათობენ, რომელთა შესახებაც თვითონ ან მათი წინამორბედები 25 წლის წინ ომობდნენ. ამასობაში კი ქვეყანა ვერ ამოდის სიღარიბიდან, უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალია და ახალგაზრდობის ნახევარი ემიგრაციაზე ოცნებობს. მიუხედავად არაერთხელ დეკლარირებული განაცხადისა, ევროკავშირის და ნატოს საზღვრებთან უშუალო მეზობლობისა, ბოსნია ვერცერთი ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ვერ გახდა. სამშვიდობო ხელშეკრულების უპირველესი მიზანი ომის შეჩერება იყო და საერთაშორისო საზოგადოებას ხელშეკრულებაში არ ჩაუდია ის მექანიზმები, რომლებიც მდგრადი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების საფუძველს შექმნიდა. დეიტონ-პარიზის ხელშეკრულებამ ისეთ პოლიტიკურ სისტემას გაუკეთა ლეგიტიმაცია, სადაც ეთნიკურობას წამყვანი როლი აკისრია. შესაბამისად, ბოსნიის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება კვლავ რჩება დაყოფილად ეთნიკური ნიშნების მიხედვით, რაც ჩიხური მდგომარეობაა. ომი დამთავრდა, მაგრამ რა ღირს მშვიდობა?

გააზიარე