პატრიარქის შემოდგომა კიევურად

პატრიარქის შემოდგომა კიევურად

უხ, რა კარგად დაგვირგვინდა ზაფხული და მშვენივრად დაიწყო შემოდგომა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი უკრაინელი ერთმორწმუნე ძმებისთვის ნამდვილად ასე იყო, რასაც ვერ ვიტყვი რუსების პატრიარქ კირილზე (გუნძიაევი). 31 აგვისტოს სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთან აუდიენციის დროს ნამდვილი შავი პარასკევი გათენდა “რუსკი მირისთვის”. კერძოდ, ამ შეხვედრაზე კირილს და მის თანხმლებ მრავალრიცხოვან დელეგაციას, რომლის დიდ ნაწილს დაცვის ფედერალური სამსახურის თანამშრომლები წარმოადგენდნენ, ოფიციალურად ეცნობა, რომ უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება მიღებულია. ამის შესახებ ბართლომე პირველმა უკვე ივლისში აცნობა უკრაინის სასულიერო და საერო ხელისუფალთ, როდესაც კიევური რუსის გაქრისტიანების 1030 წლის იუბილეზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლობითმა დელეგაციამ კიევში პატრიარქ ბართლომეს გზავნილი/გადაწყვეტილება გაახმიანა. ხოლო ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, თვითმხილველებზე დაყრდნობით, პატრიარქმა ბართლომემ კირილს მასტერკლასი “ჩაუტარა”; თანაც ისეთი “ჩაუტარა”, რომ რუსული დელეგაცია ტრაპეზზეც კი არ დარჩენილა. არადა, ტრაპეზს საეკლესიო ურთიერთობებში რომ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ყველასთვის კარგად ცნობილია. ტრაპეზი და ნადიმი კი არა, კირილ გუნძიაევი ისე გაცეცხლებულა, რომ ბართლომეს სახელის აღარც გაგონება უნდა  და აღარც მისი საკვირაო ლოცვებში მოხსენიება. ამის შესახებაც რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ (რმე) უკვე ოფიციალურად ამცნო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. ჩვენს, მოკვდავთა ენაზე რმე-ს ბოლო ქმედებები დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ტოლფასია.

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბართლომე I-ის ეს გადაწყვეტილება მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიპლომატიური და პოლიტიკური მარცხია ბოლო პერიოდში და “რუსკი მირის” იდეის საბოლოო კრახის მომასწავებელი უახლოეს მომავალში. როდესაც ვამბობ მოსკოვს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვგულისხმობ ოფიციალურ მოსკოვს, უფრო ზუსტად კრემლს და კიდევ უფრო კონკრეტულად მის “ვაძილას”, დიდი მარკესისეულად “პატრიარქ” ვლაძიმირს. სწორედ მისთანებზეა გაბრიელ გარსიას “პატრიარქის შემოდგომა” და, დიახ, მისი გავლენის მქონეთაც უდგებათ თავიანთი შემოდგომა. იმედია, არავის აქვს ილუზია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს სასულიერო საკითხში საერო მხრიდან ჩარევას და ძალისხმევას ადგილი არ ჰქონია. პირიქით, რუსები ისევე გაშმაგებით იბრძოდნენ დიპლომატიურ ფრონტზე, როგორც ომობენ აღმოსავლეთ უკრაინაში. აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, გამოცდილი დიპლომატის კურტ ვოლკერის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპულთა რიცხვმა სრებრენიცის მსხვერპლს გადააჭარბა. დიდება უკრაინელ გმირებს! იბრძვიან რუსები, იმიტომ რომ მათი პატრიარქის შემოდგომა დგება და მისი რეჟიმის ნეშომპალიზაციის პირველი ნიშნებიც ჩნდება როგორც სახლში, ისე კარში. კი მოიგეს ცოტა ხნის წინ ადგილობრივი არჩევნები პატარა ბავშვების ცემა-ცემით, მაგრამ როგორც რუსმა ოპოზიციონერმა ვლადიმირ კარამურზამ თქვა, რუსეთში ის დროც მალე მოვა, როდესაც გამეორდება 90-იანების დასაწყისის სცენარი. კერძოდ, მაშინ იყო, ყველა გარდა კომუნისტებისა. მალე ხალხი იტყვის: ყველა, გარდა სახელისუფლებო “ედროსის”, ანუ “ედინაია როსიისა”. ჯერჯერობით ნელი ტემპით, მაგრამ ყინული დაძრულია, ნეშომპალიზაცია დაწყებულია, პატრიარქი ვლაძიმირის შემოდგომის კალენდრიდან პირველი ფურცლებიც მოხეულია.

კირილი შფოთავს, ვლაძიმირი გმინავს, პატრიარქის შემოდგომა კიევურად კი ძალებს იკრებს. 17 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო ბართლომეს ორი ეგზარქოსი, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ვ. პოროშენკოს მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილების ურყეობისა და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ტომოსის (ავტოკეფალიის მინიჭების დამადასტურებელი საბუთის) გადაცემის მიმართულებით გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის მზაობის შესახებ. კერძოდ, 30 სექტემბერს ბართლომე პირველი მიემგზავრება ათენში საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქთან, ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად, სადაც, რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხი ერთ-ერთი ცენტრალური იქნება.   

ისე, 30 სექტემბერი სხვამხრივაც მნიშვნელოვანია: მაკედონიაში ამ დღეს რეფერენდუმი ტარდება, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს კიდევ ერთი სამხრეთსლავური ერის ევროპულ და ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში გაწევრების ბედი. უნდა ნახოთ, აქაც რა გაშმაგებით იბრძვის შემოდგომის პატრიარქი ვლაძიმირი და მისი პროპაგანდის მანქანა. არადა, არც უშუალოდ ესაზღვრება და არც რაიმე სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს ეს ბალკანური ქვეყანა, მაგრამ ბალკანეთის წარმატება სხვა მართლმადიდებელი ქვეყნების გამარჯვება და წარმატებაა, ეს კი ვლაძიმირის სიცოცხლის გაყვითლებული ხიდან კიდევ ერთი დიდი ფოთლის მოწყვეტას ნიშნავს.

10-12 ოქტომბერს მორიგი მსოფლიო საეკლესიო კრების გამართვაა დაგეგმილი, სადაც უნდა შეიკრიბოს 14 მართლმადიდებლური ეკლესიის მესაჭე და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს. ბართლომეს წარმომადგენელთა განცხადებით, ტომოსის გადაცემასთან დაკავშირებით საბოლოო თუ არა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება, რაც ისტორიულ მიზანს საგრძნობლად დააახლოებს უკრაინელ ხალხს.  

უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება არც ნატო-ში და არც ევროკავშირში გაწევრიანებას არ ნიშნავს არანაირად, მაგრამ უკრაინაში რუსეთის გავლენის კიდევ უფრო მეტად დასუსტებას და, შესაბამისად, დამოუკიდებელი უკრაინის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას რომ წარმოადგენს, ცალსახაა.

როდესაც უკრაინამ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, საზეიმო ღონისძიებაზე ვ.პოროშენკომ მოიყვანა ციტატა მ. ლერმონტოვის ცნობილი ლექსიდან “მშვიდობით დაუბანელო რუსეთო, ქვეყანა მონათა, ქვეყანა ღმერთათა”. მაშინ მისი რუსი კოლეგა მაგრად გამწარდა და “ცისფერ” მუნდირებზე და ჰიგიენაზე უშნოდ იანგლა. მას მერე ევროკავშირში საჰაერო მიმოსვლები გაათმაგდა, ექსპორტი 25%-ით გაიზარდა და რუსეთთან სავაჭრო ტვირთბრუნვა განახევრდა. როგორც პოლიტიკაში იტყვიან, უკრაინაში გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ პატრიარქი ზაკარიას, იმავე ვალოძიას შემოდგომა დაწყებულია. 

გააზიარე