პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2015 წელს

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2015 წელს

გარე და შიდა ფაქტორების გავლენით საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიდან წლამდე ცვალებადობას განიცდის. საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2015 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1 564.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და 11 პროცენტით ჩამორჩა 2014 წლის მონაცემს.

აღსანიშნავია 2015 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადების მოცულობის ზრდა. ამ მაჩვენებელმა 3 346 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 და 2013 წლის მონაცემებზე შესაბამისად 16% და 50%-ით მეტია. მაგრამ, 2015 წელს 1 781 მლნ აშშ დოლარამდე (60 პროცენტით) გაიზარდა ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირების მაჩვენებელიც (იგულისხმება დივიდენდების გაცემა, სავაჭრო კრედიტის დავალიანების დაფარვა, სესხისა და პროცენტის თანხის გადახდა).

2015 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მიხედვით აზერბაიჯანი ლიდერობს (35%), საიდანაც 549.6 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 386.0 მლნ აშშ დოლარით (25%), ხოლო მესამე ადგილს ნიდერლანდები იკავებს 155.4 მლნ აშშ დოლარით (10%).

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობის სექტორზე მოდის, სადაც 585 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა (მთლიანი ინვესტიციების 37%), მას მოჰყვება საფინანსო სექტორი – 179 მლნ აშშ დოლარით (11%), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება 140 მლნ აშშ დოლარით (9%), სასტუმროები და რესტორნები 139 მლნ აშშ დოლარით (9%), ენერგეტიკა 124 მლნ აშშ დოლარით (8%) და მშენებლობა 111 მლნ აშშ დოლარით (7%). 

მომავალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გამოყენებით  ქართული ექსპორტისთვის ბაზრების დივერსიფიკაცია, რადგან ქართული ექსპორტის წახალისება მოხდეს, რაც თავის მხრივ გაზრდის ინვესტორთა ნდობას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველოს მომავალი ეკონომიკური განვითარებითვის მნიშვნელოვანია, სწორედ, მომხმარებლებისა და ინვესტორების ნდობის გაძლიერება.

  

გააზიარე