პირველი ნაბიჯი ლიდერობისკენ

პირველი ნაბიჯი ლიდერობისკენ

“შეიცან თავი შენი!”-  პიროვნული განვითარების ფილოსოფიური ფორმულაა და თავისთავად უნივერსალურია ყველასთვის. მარტივი ასახსნელია: კულტურის,  ასაკის, პროფესიის, სოციალური სტატუსის და მისწრაფების მიუხედავად, თუ არ იცი რა შეგიძლია დღეს, ვერ მიხვდები რას შეძლებ ხვალ!

თუ თქვენ წარმატებასა და მიზნების განხორციელებაზე გაქვთ პრეტენზია, საკუთარი თავის შეცნობას ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ცდილობდეთ. რატომ ყოველდღიურად? განა საკუთარ “მე”-ს  ერთხელ”გაცნობა” საკმარისი არ არის? საბედნიეროდ არა, რადგან ადამიანი მუდმივად  იცვლება,  წარმატება თუ  წარუმატებლობა მასში გარკვეულ ფორმულირებებს იწვევს, ახალ, განსხვავებულიმოთხოვნილებეს  აჩენს. ერთს წარუმატებლობა უფრო მიზანმიმართულს ხდის, მეორეს – დასახულ მიზნებზე დააფიქრებს. გარდა ამისა, თქვენ სხვა ხართ მიზნების მიღწევის პროცესში,  მიღწეულ მიზნებს კი თქვენში მრავალ ახალი მისწრაფება, თვისება და და ხასიათი შემოაქვს (ისე, რომ დავაკვირდეთ,  წარმატება უფრო “საშიშია”, შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში მან ადამიანი პასიური, “უმიზნო” გახადოს).

მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანის არსი  მუდმივი  განვითარების პროცესია, რაც  საკუთარი თავის შეცნობის უწყვეტობას განაპირობებს.

საკუთარი თავის შეცნობისკენ სწრაფვა არც ბიზნესისთვის არის უცხო.  თანამედროვე კონცეფციები  ბიზნესის განვითარების, კონკურენტუნარიანობის, წარმატების  საფუძვლად, პირველ რიგში, თვითშეცნობას ასახელებენ. საკუთარი თავის შეცნობის იდეას განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ დაეთმო, რაც ამერიკელმა ფსიქოლოგმა გოლმანმა ინტელექტის სხვადასხვა თეორიებს “ემოციური ინტელექტის”  ცნება შემატა. ემოციური ინტელექტის კონცეფცია ძალიან გამოყენებითი აღმოჩნდა ბიზნესისთვის. დღესდღეობით არ არსებობს ლიდერობის და ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე თეორია, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტად  ლიდერის “ემოციურ ინტელექტს” არ გაინიხილავდეს.  რა არის “ემოციური ინტელექტი”? იგითვითრეგულაციის, მოტივაციის, ემპათიის და სოციალური უნარ-ჩვევების კომპლექსია, რომელსაც საფუძვლად უდევს საკუთარი თავის შეცნობა.

დიახ, ისევ საკუთარი თავის შეცნობის სოკრატესეულ რჩევამდე მივედით.

რამ გამოიწვია ლიდერობის თეორიებში  “საკუთარი თავის შეცნობის” მნიშვნელობის ზრდა? პირველ რიგში მენეჯერის, ხელმძღვანელის ტიპის ახლებურმა ხედვამ, ავტორიტარულიდან დემოკრატიულ ფორმებზე გადასვლამ. გარდა ამისა,:

1. მენეჯერი/ლიდერი საკუთარი მიზნების/ემოციების გააზრების გარეშე ვერ შეძლებს კომპანიის საერთო მიზნებთან  და ამოცანებთან ადაპტირებას;
2. საკუთარი “მე”-ს გაცნობიერება აადვილებს სხვათა (გუნდის წევრთა)  პიროვნული სწრაფვების გააზრებას და ხელს უწყობს გუნდის ეფექტურ მართვას;
3. საკუთარი ემოციების გააზრების გარეშე წარმოუდგენელია ემოციების მართვა. ამ უკანასკნელის გარეშე კი  მენეჯერმა/ლიდერმა შესაძლოა არაეფექტური მენეჯერული გადაწყვეტილებება  მიიღოს;
4. საკუთარი  შესაძლებლობების  გაცნობიერება ხელს უწყობს სამომავლო მიზნების კონკრეტიზაციას  როგორც კომპანიის, ისე მენეჯერის კონტექსტში.

თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურა სავსეა  “ემოციური ინტელექტის” “გასაზომი” , საკუთარი “მე-ს” შეფასების ტესტებით. უხვად გვხვდება რჩევებიც, რომელთა დახმარებით ლიდერები, მენეჯერები საკუთარი თავისა და სხვათა შეცნობის უნარებს ივითარებენ. თუმცა, აღნიშნული რჩევები, ძირითადად, ეხება საკუთარ, ან  სხვათა ემოციებს და მათ ეფექტურ მართვას.

ვფიქრობთ, “შეიცან თავი  შენი” გაცილებით ფართო მასშტაბით უნდა იქნას განხილული ბიზნესში. იგი  არ ნიშნავს თქვენი სახელის და გვარის, პოზიციის, სტატუსის, მოვალეობების და პასუხისმგებლობების ცოდნას. ვერც საკუთარ და სხვათა ემოციებს გაიაზრებ, თუ უფრო ღრმად არ ჩახვედი საკუთარ თავში. მრავალ სხვა  ნიუანსთან ერთად, საკუთარი თავის შესწავლა გულისხმობს: საკუთარი  შინაგანი ტენდენციების, მისწრაფებების  ამოცნობას; საკუთარი პიროვნული მახასიათებლების და გარემოს შესაბამისობის შეფასებას; საკუთარი მიზნების და მისწრაფებების შესაბამისობას კონკრეტულ სიტუაციასთან მიმართებაში; ქცევის (გარემოსთან ურთიერთობის, მიღებული გადაწყვეტილების) მიზეზის გააზრებას და ა.შ. ლოგიკურია, რომ მხოლოდ აღნიშნულის გათვალისწინებით შეძლებს მენეჯერი  საკუთარი ემოციების გაცნობიერებას და მათ მართვას.

და აი,  ერთ პრაქტიკულ კითხვამდე მივედით: როგორ უნდა დავიწყოთ ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესი, რასაც “შეიცან თავი შენი” ჰქვია?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიზნესის სკოლის ფარგლებში  ხორციელდება კვლევითი პროექტი  “უზნაძის ეფექტი ბიზნესში”.  აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს  ქართველი ფსიქოლოგის დიმიტრი უზნაძის “განწყობის თეორიის”  გამოყენებითი მიშვნელობის დადგენას ბიზნესში.

საინტერესოა,  შესაძლებელია თუ არა განწყობის დებულებების დახმარებით  “საკუთარი თავის შეცნობის”  პროცესის დაწყება , ან გაადვილება.

განწყობის თეორიის მიხედვით ადამიანის ქცევა დამოკიდებულია მისი შინაგანი მოთხოვნილებებისა და გარემოს ურთიერთქმედებაზე. აღნიშნული ურთიერთქმედება იწვევს ქცევის განხორციელებისთვის აუცილებელ წინაპირობას- განწყობის შექმნას.  მორიგი კითხვა: თუ ჩვენ დავიწყებთ   ჩვენი ქცევების წინაპირობების – ე.წ “განწყობების” შესწავლას, შევძლებთიმ შინაგანი ტენდენციების აღმოჩენასაც, რომელიც შესაბამისმა კონკრეტულმა გარემომ  გააქტიურა. 

 

წარმოდგენილი სქემა თვალსაჩინოს ხდის ამ შესაძლებლობას. ოთხ ცვლადიანი განტოლებიდან 2 ცვლადი (გარემო და ქცევა) გაზომვადია; მათგან ქცევა დამოკიდებულია გარემოსა და შინაგანი ტენდენციების თანხვედრაზე. მარტივი არითმეტიკაა: ვცვალოთ გარემო, თუ განწყობა და ქცევა არ შეიცვლება, ე.ი საქმე გვაქვს შინაგანი ტენდენციის გამოვლინებასთან. მხატვარი ხომ ნებისმიერ გარემოში ცდილობს იპოვოს  ხატვის  მიზეზი და საშუალება, ხოლო  ძალაუფლების მოყვარული ნებისმიერ სიტუაციაში ეძებს საყრდენს.

შევთანხმდით: განწყობის თეორიით შეიძლება საკუთარი თავის შეცნობის გაადვილება.

ისმის კითხვა: როგორ გამოვიყენოთ  იგი პრაქტიკულად და როგორ შევისწავლოთ საკუთარი განწყობები.

პირველ რიგში გამიჯნეთ  თვითშეცნობის ეტპები. სულ სამ მიმართულებაზე მოგიწევთ მუშაობა. ესენია: შინაგანი ტენდენციების ამოცნობა; ქცევების/ გადაწყვეტილებების შეფასება და  ემოციების გააზრება.

დაიწყეთ ყველაზე მთავარით, რომლის გარეშეც დანარჩენი ორის ამოხსნას ვერ შეძლებთ. ესაა შინაგანი ტენდენციები და მისწრაფები.

დაფიქრდით: თქვენი ამჟამინდელი სტატუსი/პოზიცია, რატომ არის, ან არ არის სასურველი, დაუსვით კითხვები საკუთარ თავს.

-მოგწონთ, რომ აღიარებული ხართ და ყველა ითვალისწინებს თქვენს მოსაზრებებს?

-რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გაცილებით მეტი  ფინანსური შესაძლებლობები გაქვთ;

-იქნებ ეს თქვენთვის გამოწვევაა, რამდენად შეძლებთ სხვა  თანამშრომლებთან ერთად კომპანიის განვითარებას.

აღნიშნული კითხვები დაგეხმარებათ გაიაზროთ არსებული მდგომარეობა/ პოზიცია, რომელ შინაგან ტენდენციას ეხმიანება:. რამ იჩინა თავი: მატერიალურმა, აღიარების თუ სოციალიზაციის  მოთხოვნილებამ, იქნებ თქვენ უკვე თვითაქტუალიზებული პიროვნება ხართ, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სხვისი აზრი, კომპანიის წინსვლა და.ა.შ.

შემდეგ ეტაპზე საკუთარ თავთან საუბარი  კონკრეტული ქცევების კონტექსტში უნდა განაგრძოთ.  დააკვირდით თქვენი ქცევის/ქმედების წინაპერიოდს – რატომ განეწყეთ კონკრეტული ქმედების განხორციელებისთვის:რამდენად ძლიერი იყო განწყობა და სხვა დროს, ან სხვა სიტუაციაში გექნებოდათ თუ არა იგივე განწყობა;

მომდევნო ეტაპი  თავისი ფორმატით დებატებს გავს. თქვენ უნდა შეძლოთ  მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი კონტრარგუმენტი მიაწოდოთ საკუთარ თავს, იმისათვის რომ  კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიიღოთ. რაც მთავარია, ამ დებატებში  თქვენი ემოციები უნდა გაშიფროთ.

წარმოდეგნილი  სამი მეთოდი მხოლოდ მოსამზადებელ ეტაპს ემსახურება. გარდა ამისა, ბევრ სხვა საკითხზეც დაგაფიქრებთ; რაც მთავარია, თანამშრომლების შეცნობის სურვილს გაგიჩენთ.

დაუთმეთ დღეში ნახევარი საათი საკუთარ “მე”-სთან ცხარე საუბარს, კამათს. დამიჯერეთ, ნელ-ნელა კამათი საკუთარ თავთან გულახდილ საუბრებში გადაიზრდება. გაიადვილეთ თვითშეცნობის პროცესი “უზნაძის ეფექტით”!

 

გააზიარე