ჟივე ბელარუს!

ჟივე ბელარუს!

ვიდრე შემოგთავაზებთ ბელარუსში მიმდინარე პროცესების ანალიზს, პირველ რიგში, მინდა დავაფიქსირო ჩემი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება ამ დღეებში ბელარუსში: უპირობო მხარდაჭერა ბელარუს ხალხს! ვუსურვებ მათ და ძალიან მსურს მეც, რომ  ვიხილო დემოკრატიული, თავისუფალი, სტაბილური და წარმატებული ბელარუსი!

თუმცა, მხოლოდ ჩემი სურვილი, ცხადია საკმარისი არ არის. ისევე როგორც, სამწუხაროდ, შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს ბელარუსი ხალხის ნება, რომელიც მან გამოხატა 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში. რატომ? მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით.

რა მოხდა 9 აგვისტოს ბელარუსში? რა მოხდა და ხალხმა ალექსანდრე ლუკაშენკოს ღიად უთხრა, რომ დაიღალა; დაიღალა მისი 26-წლიანი მმართველობით. დიახ, აქ საკვანძო სიტყვა არის “დაიღალა“. ამ “დაიღალა“-მ, მგონი მეზობელი პუტინიც მაგრად დააშინა, მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ.

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ბელარუსი, რომლის მმართველ ლუკაშენკოს 1995 წლიდან დეკლარირებული აქვს საბაზრო სოციალიზმის კურსი, მაგრამ სინამდვილეში აქვს ჩვეულებრივი გეგმიური ეკონომიკა, არის მსოფლიოში 75-ე ეკონომიკის სიდიდით და ევროპის მთელ რიგ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით უკეთესად გამოიყურება. ალექსანდრე ლუკაშენკომ წლების მანძილზე მოახერხა ე.წ. ბალანსის პოლიტიკის მეშვეობით შეენარჩუნებინა სტაბილურობა ქვეყანაში, თუმცა ქვეყნის შიგნით პროცესების მართვის აშკარად გამოკვეთილი რეპრესიული მეთოდების გამო მან დემოკრატიულ თანამეგობრობაში “ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“-ს ზედმეტსახელი დაიმსახურა. თუმცა, ამ “ტიტულს“ არ შეუშლია მისთვის ხელი, საჭიროების შემთხვევაში, ანუ რუსეთის მხრიდან ზეწოლის ზრდის კრიტიკულ მომენტებში გადაედგა ნაბიჯები ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებით. მოკლედ, არჩევნებამდე თან ოპონენტებს ციხეში სვამდა, თან ამერიკის სახელმწიფო მდივანს მასპინძლობდა და რუსეთის პრეზიდენტთან დაძაბული კომუნიკაციის ფონზე ნორვეგიული ნავთობის პირველ პარტიებს ყიდულობდა. მას იმედი ჰქონდა, რომ არჩევნები მშვიდად, თუნდაც ეუთო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთებით და წუხილით აღსავსე დასკვნების თანხლებით ჩაივლიდა. მთავარი ოპოზიციური კანდიდატი სერჰეი ტიხანოვსკი ციხეში იყო, სხვა კანდიდატებიც ზოგი დაჭერილი, ზოგი გაქცეული და ზოგიც უბრალოდ რეგისტრაციიდან მოხსნილი,  მოჩვენებითი დემოკრატიულობისთვის რეგისტრაციაზე ნებადართულ, სვეტლანა  ტიხანოვსკაიას (სერჰეი ტიხანოვსკის მეუღლე) კი სერიოზულად არც აღიქვამდა. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ლუკაშენკო, ერთ დროს რიხიანი და საქმიანი, ახლა ვლადიმერ პუტინის გუნება განწყობაზე დამოკიდებული, ალბათ მისგან სასტიკად დამცირებული, წარმოადგენს ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს იმისა, თუ რა მოყვება საბოლოო ჯამში რუსეთთან „ძმობა/პარტნიორობა/თანასწორობა“ თამაშებს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს!

ასე ხდება როდესაც ქვეყნის მმართველები რეალობას წყდებიან. ბელარუსის ცესკო-ს დაწერილი ციფრების არათუ ბელარუს ხალხს, არათუ დასავლეთს, მოსკოვსაც კი არ სჯერა (მოსკოვს რისი სჯერა, ცოტა მოგვიანებით)! 200 ათასი დემონსტრანტი ბელარუსის ისტორიას ნამდვილად არ ახსოვს; არც ათასობით გაფიცული მუშა მინსკის სატრაქტორო ქარხნიდან თუ სხვა მსხვილი საწარმოებიდან. თავდაპირველად პროცესები კლასიკური დიქტატორული სცენარით განვითარდა: ტიხანოვსკაია იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა (მას შვილების მკვლელობით დაემუქრნენ) და მეზობელი ლიტვისთვის შეეფარებინა თავი; პროტესტის პირველ დღეებში ბელარუსის ომონი სასტიკად გაუსწორდა დემონსტრანტებს (ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 5 ადამიანი არის დაღუპული) და დაიწყო მათი მასიური დაპატიმრება. 6 ათასი კაცი ერთ ღამეში დააპატიმრეს, საპატიმროებში მათ მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელეს იმ იმედით, რომ ხალხს დააშინებდნენ და პროტესტიც ჩაცხრებოდა. არ გაჭრა! კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში; კიდევ უფრო ხმამაღალი გახდა პროტესტი, ტიხანოვსკაიამ კი ლიტვიდან მოუწოდა თანამემამულეებს მასობრივი გამოსვლებისკენ და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნისკენ.

არჩევნებიდან 10 დღის შემდეგ ევროკავშირმა არ ცნო არჩევნების შედეგები, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კი ვითარებას ბელარუსში “საშინელი სიტუაცია“ უწოდა. სწორედ დემოკრატიული თანამეგობრობის რეაქციის შედეგი იყო, რომ მალევე ხალხის ციხეებიდან გამოშვება დაიწყეს და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება შეწყდა. მაგრამ!

მაგრამ ის, რომ  დაკავებულების მხოლოდ ნაწილი გამოუშვეს.

მაგრამ ის, რომ ძალის გამოყენება და დაკავებები მხოლოდ დროებით შეწყდა.

მაგრამ ის, რომ ცოტა ხანში ყველამ ვიხილეთ, ალექსანდრე ლუკაშენკო და მისი 15 წლის ვაჟი კოლია “კალაშნიკოვებით“ და მოვისმინეთ განცხადებები, რომ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდება და ქვეყანაში წესრიგი აღდგება. საერთაშორისო მედიისთვის აკრედიტაციების გაუქმებაც სწორედ ამ “წესრიგის აღდგენის“ ოპერაციის მზადების მნიშვნელოვან სიგნალს წარმოადგენს.

რატომ არ სრულდება ბელარუსი ხალხის ნება? რატომ ვერ აღწევენ საწადელს?

პირველ რიგში იმიტომ, რომ ოპოზიციას არ ჰყავს გამოკვეთილი, ძლიერი და თავდადებული ლიდერი და არ აქვს ჩამოყალიბებული სამოქმედო სტრატეგია. ქედს ვიხრი მათი სიმამაცის წინაშე, მაგრამ რეჟიმებთან ბრძოლაში მხოლოდ ქუჩაში გამოსვლა და “წადი, წადი“-ს სკანდირება საკმარისი არც ბელარუსში, არც ვენესუელაში და არც სერბეთში არ არის.

აგრეთვე იმიტომ, რომ ლუკაშენკო (დიდწილად მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე) ჯერ კიდევ ინარჩუნებს კონტროლს ძალოვან სტრუქტურებზე. ჯარი, პოლიცია, უშიშროება, ერთეული გამონაკლისების გარდა, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რჩება მათი მხედართმთავრის ერთგული.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბელარუსში პროცესები არ მიდის დემონსტრატებისთვის სასურველი სცენარით, არის დემოკრატიული თანამეგობრობის დამოკიდებულება მათდამი. ორდღიანი მრავალსაათიანი ცხარე დებატების შემდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ…. 20-მდე მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, ანუ მათ, ვინც პასუხისმგებელია დემონსტრაციების დარბევაზე და არჩევნების გაყალბებაზე, დაუწესდებათ სანქციები. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკიავიჩუსმა ამ გადაწყვეტილებას “არასაკმარისი“ და “სიმბოლური მნიშვნელობის“ უწოდა. არ შემიძლია არ დავეთანხმო საქართველოს ნამდვილ მეგობარს და მისი ქვეყნის ძალიან ღირსეულ წარმომადგენელს ძვირფას ლინასს.

ამასობაში, რუსეთში… ჯერ ძალიან შეშფოთდნენ და შეშინდნენ. ხაბაროვსკის აქციების ფონზე, ბელარუსში დემოკრატიული ცვლილება ყველაზე კოშმარული რამ შეიძლება იყოს კრემლის წარმოდგენაში. ამიტომაც არ იყო რთული გამოსაცნობი და არც მოულოდნელი, რომ ვლადიმერ პუტინი ძალიან ხისტ პოზიციას დაიკავებდა ამ პროცესში, რომელიც ახლა, ძალიან სამწუხაროდ, თავიდან ბოლომდე მისი დიქტატით და მისთვის სასურველი სცენარით ვითარდება. მორჩა “ბაწკას“ ფლირტი დასავლეთთან და ყელყელაობა პუტინთან. პრეზიდენტი ლუკაშენკო, მიუხედავად იმისა, რომ ისევ მოსკოველი ტექნოლოგების რჩევით, ტელეეკრანების წინ ჯავშანჟილეტით და კალაშნიკოვით “პოზირებს“ და ნახევარი შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში ყავს მოყვანილი, რეალურად განიარაღებულია. მისი ბედი თავიდან ბოლომდე, ვლადიმერ პუტინის ხელშია. ევროპის წამყვანი ლიდერებიც პუტინს ელაპარაკებიან (აბა ლუკაშენკომ ანგელა მერკელის დარეკილსაც კი ვერ/არ უპასუხა L). ერთის მხრივ, მას აფრთხილებენ, რომ არ შეიყვანოს სახელდახელოდ შექმნილი საპოლიციო რეზერვის ძალები (რომელიც პუტინის განცხადებით, ლუკაშენკოს დახმარებისთვის თხოვნის საფუძველზე შექმნა) და მეორეს მხრივ, მასთანვე დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს. ამასობაში პუტინმა დრო იხელთა და ალექსეი ნავალნი მოწამლა. მართალია, აქ ოპერაცია მისთვის არასასრუველი შედეგით დასრულდა, ნავალნი გერმანიაშია და პირველადი შეფასებებით ის ნამდვილად მოწამლულია (სავარაუდოდ, ისევ “ნოვიჩოკით“) , მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც მოგახსენეთ, ანგელა მერკელიც, ემანუელ მაკრონიც და სხვებიც, პუტინთან (ლუკაშენკოს ჩართულობითაც კი) დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ. ევროპელი ლიდერების რუსეთის ლიდერთან დიალოგის მთავარ მიზნებში უპირველესს წარმოადგენს იმის არდაშვება, რაც მოხდა უკრაინაში (კიდევ ერთ მაიდანს ევროპელი ლიდერების ნერვები ნამდვილად ვეღარ გადაიტანს) და ამ მიზნით შესაძლებელი გახდეს ყველა მხარის მონაწილეობით კრიზისის დაძლევა. ასეთ ვითარებაში პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ევროპამ პუტინთან ლუკაშენკოს წასვლაზე მოლაპარაკება დაიწყოს. ამისთვის პუტინი ძალიან დიდ საფასურს მოითხოვს და თუკი მიიღებს კიდეც, ისიც მხოლოდ მისთვის მისაღებ კანდიდატურაზე შეთანხმების შემთხვევაში.

კიდევ ვისი იმედიც შეიძლებოდა ჰქონოდა ბელარუს ხალხს, ეს ამერიკის შეერთებული შტატებია, მაგრამ მათდა (ბელარუსების) სამწუხაროდ იქ საპრეზიდენტო კამპანია გადამწყვეტ ფაზაშია. ამიტომაც, დონალდ ტრამპის კრიტიკოსებიც კი აღიარებენ, რომ რაიმე აქტიური მოქმედება მისი მხრიდან ბელარუსის მიმართულებით გამართლებული არ იქნებოდა; არ იქნებოდა, იმიტომ რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ბელარუსს, შეიძლება საბედისწერო როლი ეთამაშა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებში. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვილნიუსში შეხვდა სვეტლანა ტიხანოვსკაიას, მაგრამ უაღრესად გამოცდილმა დიპლომატმა სტივენ ბიგანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბელარუსის სუვერენიტეტისადმი აშშ-ს ერთგულება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ “აშშ ვერ და არ გადაჭრის იმ პრობლემებს, რაც ბელარუსი ხალხის გადასაწყვეტია“. მაქსიმუმ რაც შეიძლება მოხდეს, არის აშშ-ს მხრიდან ევროკავშირის მსგავსი სანქციების დაწესება და ძალიან გამოცდილი დიპლომატის, ჩემი მეგობარი ჯული ფიშერის ბელარუსში ელჩად დანიშვნის პროცესის შეჩერება (2008 წლის მერე აშშ-ს ბელარუსში ელჩი აღარ ჰყავს).

ძალიან სკეპტიკურ ნოტაზე რომ არ დავასრულოთ ჩვენი სეზონის პირველი ბლოგი, გეტყვით ერთს: ეს პროტესტი არც ბელარუსში გაქრება და რუსეთშიც გაიზრდება. შეიძლება დღეს და ხვალ არა, მაგრამ დროთა განმავლობაში ბელარუსი ხალხის პროტესტს შედეგი აუცილებლად მოყვება. ძალაუფლებით შეპყრობილი და ხიბლში ჩავარდნილი ლუკაშენკოზე ძლიერებიც უნახავს მსოფლიოს და პუტინზეც, მაგრამ როგორი იყო დასასრული, ესეც ყველამ კარგად იცის.

#ჟივებელარუს! გაუმარჯოს ბელარუს ხალხს, მათ ბრძოლას თავისუფლებისთვის, საკუთარი უფლებისთვის და მომავალი თაობებისთვის.

გააზიარე