რა არის CSR?

რა არის CSR?

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით დაინტერესებულ მკითხველებს მინდა შემოგთავაზოთ ბლოგები ამ მიმართულებით. განვიხილავ, როგორც CSR-ის სხვადასხვა მოდელებს და თეორიულ მახასიათებლებს, ასევე საქართველოში მოქმედი კომპანიების წარმატების ისტორიებს.

დღეს მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება თვითონ განმარტების შესახებ. მაინც რა არის CSR? მკვლევარებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორისაც კი არ არსებობს ერთიანი აზრი, თუმცა უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს არის კომპანიის ნებაყოფლობითი საქმიანობა კანონმდებლობის მიღმა (ანუ კანონმდებლობის დაცვით და კიდევ მეტად) ბიზნესის წარმოების ისეთი მოდელი, რომელშიც შეძლებისდაგვარად დაბალანსებულია კომპანიის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ინტერესები.

Financial Times გვთავაზობს შემდეგ განმარტებას:

Corporate social responsibility (CSR) is a business approach that contributes to sustainable development by delivering economic, social and environmental benefits for all stakeholders. 

ეს განმარტება  CSR-ის კიდევ ერთ პრინციპს ეხმიანება – მდგრად განვითარებას, რაც არა მხოლოდ კომპანიის მდგრად განვითარებას გულისხმობს, არამედ კომპანიის მიმართ ყველა დაინტერესებული მხარის მდგრად განვითარებას.

Wikipedia გვეუბნება, რომ ეს არის ბიზნესმოდელი და არა მხოლოდ ერთჯერადად  შესრულებული რაიმე პროექტი:

Corporate social responsibility (CSR, also called corporate conscience, corporate citizenship or responsible business)is a form of corporate self-regulation integrated into a business model.

გაერო, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს მდგრადი გლობალური ეკონომიკის შექმნას, გლობალური შეთანხმების ფარგლებში 10 პრინციპს გვთავაზობს და შეთანხმების მონაწილე კომპანიებს მოუწოდებს ეს პრინციპები თავიანთი სტრაგეტიისა და ყოველდღიური საქმიანობის ნაწილად აქციონ. ეს პრინციპები 4 კომპონენტად ერთიანდება და მოიცავს: ადამიანის უფლებებს, შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა.  

განმარტებების ასეთი მრავალფეროვნება კიდევ ერთხელ ადასტურებს CSR-ის მიმართ დიდ ინტერესს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე დიდი გლობალური კორპორაციების მხრიდან.

თუმცა, ზოგჯერ ჩვენ გვგონია, რომ CSR არის კომპანიის მიერ გაწეული ქველმოქმედება, დახმარება, სოციალური პროექტი ან თუნდაც სპონსორობა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი საზოგადოების ზოგიერთი წევრის ასეთ დამოკიდებულებას გარკვეული საფუძველი გააჩნია. თუ გადავხედავთ CSR-ის განვითარების ისტორიას განვითარებულ ქვეყნებში, იქაც გამოიყოფა ეტაპები, როცა კომპანიები CSR-თან აიგივებდნენ საკუთარ საქველმოქმედო საქმიანობა. CSR-ის ეს ეტაპი ცნობილია CSR 1.0-ის მოდელის სახელით. დღეს უკვე განვითარებულ ქვეყნებში საუბრობენ CSR 2.0-სა და  CSR 3.0 მოდელებზე. თუცა ეს უკვე სხვა ბლოგის თემაა და ამ მოდელებს მოგვიანებით განვიხილავ.

რომ შევაჯამოთ, CSR არის ნებაყოფლობითი, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული და კომპანიისა და კომპანიის მიმართ ყველა დაინტერესებული მხარისთვის (Stakeholders) სასარგებლო ბიზნესმოდელი.

გააზიარე