რა არის Shared Economy?

რა არის Shared Economy?

Shared Economy (ქართულად ჩემეული თარგმანი „გაზიარებული ეკონომიკა“) ახალი ტერმინია, რომელიც თანამედროვე სამყაროში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მარტივად რომ ავხსნათ, ეს ტერმინი გულისხმობს რომ პროდუქტებთან და სერვისებთან წვდომა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი მფლობელობა. მომავალში, ჩვენ დავიწყებთ ჩვენი ქონების გაზიარებას და მფლობელობის ნაცვლად უპირატესობას მივანიჭებთ მათ გამოყენებას. ასეთმა აზროვნებამ ბევრ ახალ ბიზნეს მოდელს ჩაუყარა საფუძველი და დღეს, ინტერნეტის წყალობით, ჩვენ საშუალება გვაქვს ყველაფერი გავაზიაროთ ერთმანეთში, გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ.

ამ სფეროში, დიდი გამოცდილება დაგროვდა სამომხმარებლო ბაზარზე, როდესაც ადამიანები მათ მფლობელობაში არსებულ ნივთებს აზიარებენ, აქირავებენ ან ცვლიან. ერთერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია, ვებ–გვერდი AirBnB (ან CouchSurfing), რომლის მეშვეობით ადამიანები აქირავებენ საკუთარ ოთახებს ან საწოლებს, მათთვის ვინც რამდენიმე დღით არის ჩამოსული უცხო ქვეყანაში.

ისმის კითხვა: შეუძლია მსგავსი პრინციპით ისარგებლოს ბიზნესმა და ორგანიზაციებმაც? არის ბიზნეს სექტორი მზად ასეთი მენტალური ცვლილებისთვის? ფაქტია რომ დიდი შესაძლებლობები არსებობს ამ მიმართულებით. თანამედროვე სამყაროში, აქტივები ძალიან იშვიათ შემთხვევაში არის გამოყენებული 100%–ით. შესაბამისად, ძალიან ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს კომპანიის აქტივი, მაგალითად კონკრეტული სატრანსპორტო საშუალება, გამოუყენებელი, მაშინ როდესაც მისი გაქირავებით კომპანიას შეუძლია დამატებითი შემოსავალი მიიღოს. ასევე, რატომ უნდა შეიძინოს კომპანიამ ახალი აქტივი, მაშინ როდესაც მან იცის რომ 1) აქტივს სრული დატვირთვით ვერ გამოიყენებს; 2) შეუძლია დაზოგოს თანხა და ყიდვის ნაცვლად, იქირავოს; 3) და დამატებით, გააძლიეროს მისი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა და დაზოგოს გარემოს რესურსები.

ფინანსურ სარგებელთან ერთად, გაზიარებული ეკონომიკა ნარჩენების შემცირებასაც იწვევს, არსებული აქტივის ეფექტურად გამოყენებითა და სიცოცხლის გახანგრძლივებით. Ellen MacArthur Foundation კვლევებით, ერთობლივი მოხმარება ერთერთი მთავარი მოთხოვნაა რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებისთვის. გაზიარება იმის რაც გაქვს და არ გჭირდება, არა მხოლოდ მომგებიანია, არამედ ხელს უწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

ამ ფილოსოფიის მიმდევარი, ბ–ნ Kim Tjoa, ნიდერლანდებიდან ამტკიცებს, რომ ტრადიციული ეკონომიკა რომელიც სწორხაზოვან ეკონომიკას ეფუძნება, მალე წრიულ ეკონომიკაზე გადავა. შესაბამისად, აქტივების, რესურსებისა და თანამშრომლების გაზიარება ბიზნესებს შორის გარდაუვალი პროცესი გახდება, ვინაიდან ეს არის ეფექტიანობის მიღწევის საუკეთესო გზა. კომპანიები,  რომლებიც არ აყვებიან ამ პრინციპს, ვერ გაუწევენ კონკურენციას სხვა კომპანიებს, რომლებიც ეფექტურობის გაზრდისკენ მიისწრაფვიან. Kim-მა საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად, დააფუძნა ონლაინ პლატფორმა FLOOW2, სადაც კომპანიებს შეუძლიათ განათავსონ საკუთარი აქტივები და გააქირაონ სასურველი პერიოდით (მაგ. საათობრივად, დღიურად, თვიურად და ა.შ). აღნიშნული პრაქტიკა უკვე იკიდებს ფეხს დასავლეთში.

FLOOW2 ახალი ბიზნეს მოდელია და მისი ანალოგი მალე საქართველოშიც გამოჩნდება. სწორედ ამ პროექტის ქართულ ვერსიაზე ვმუშაობთ კომპანია „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგში“. ბიზნესებს შორის აქტივების გაზიარება საქართველოშიც დაწყებულია, მაგალითად სამშენებლო კომპანიები აქირავებენ დღიურად დაუტვირთავ ტექნიკას, ასევე ქირავდება ოფისები და სხვა აქტივები. FLOOW2 კი ამ ყველაფერს თავს მოუყრის და მომხმარებელს ერთ სივრცეში შეეძლება უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ მოიძიოს ან გააქირაოს მისთვის სასურველი აქტივი. გაზიარებულ ეკონომიკაზე გადასვლა მართლაც გარდაუვალია თანამედროვე სამყაროში. ეფექტურობის ზრდა კი მდგრადი ეკონომიკისა და მძაფრი კონკურენციის პირობებში, ნებისმიერი ბიზნესის წარმატებისთვის ერთერთი აუცილებელი წინაპირობა ხდება.

 

გააზიარე