რა ბედი ელის Facebook-სა და თვითმართვად ავტომობილებს?

რა ბედი ელის Facebook-სა და თვითმართვად ავტომობილებს?

ამერიკული კომპანიებისთვის ეს თვე საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. Uber-მა და Facebook-მა ჯამში მილიარდობით დოლარი იზარალეს ინვესტორების ნდობის დაკარგვის გამო. ადამიანის სიკვდილი, მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გავრცელება, საარჩევნო კამპანია. მოკლედ, წინ ერთი კარგი დეტექტივი გელით. პოპკორნი მოიმარაგეთ… 

მოდი, დავიწყოთ Uber-ის მაგალითით: როგორც იცით, კომპანიის კუთვნილი თვითმართვადი ავტომობილი ველოსიპედით მოსიარულე მოქალაქეს დაეჯახა, რომელიც, სამწუხაროდ, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს სოციალურ ქსელებში, დაიწყო გამოძიება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, Uber-მა რამდენიმემილიარდიანი პროექტი შეაჩერა და განაცხადა, რომ ეს სამწუხარო ფაქტი რამდენიმე წლით უკან დასწევს თვითმართვადი მანქანების მასობრივ გამოშვებას. თუმცა ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ გამოძიების მასალებმა აჩვენა სრული სურათი და პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მოხედვითაც მოქალაქემ მყისიერად გადაუჭრა გზა ავტომობილს და აღმოჩნდა, რომ პროფესიონალი მძღოლის არსებობის შემთხვევაშიც რთული იქნებოდა ტრაგედიის თავიდან აცილება. მსგავსი რეაქცია ჰქონდა იაპონურ Toyota-ს, რომელმაც საკუთარი პროექტის შეჩერება ემოციური ფონით ახსნა. განსხვავებულად უყურებენ ფაქტს Hyundai-ში, სადაც, მიუხედავად ყველაფრისა, ეჭვი არ ეპარებათ საკუთარ პროდუქტში და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას იდენტურ პროექტზე.

შეუქმნის თუ არა საფრთხეს ეს ინციდენტი თვითმართვადი ავტომობილების მომავალს? შეგვიძლია თამამად და ცალსახად განვაცხადოთ, რომ – არა! თუ გავიხსენებთ ტექნოლოგიების ევოლუციას ბოლო 20 წლის განმავლობაში, ვნახავთ, რომ ადამიანებს ყოველთვის ეშინოდათ იმის, რასაც თვითონ ვერ აკონტროლებდნენ. მაგალითად “ინტერნეტის”’ შემთხვევაც გამოგვადგება, როდესაც სხვადასხვა ცნობილ გამომცემლობებს ის კრახისთვის განწირული ეგონათ, არადა დღეს მის გარეშე ცხოვრება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. გარდა ამისა, სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს ველოსიპედით მოსიარულე 310,209 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაშავდა 8,755,911   და ეს ყველაფერი მსოფლიოს $129 მილიარდი დაუჯდა. დიახ, ეს ყველაფერი ჩვენ, ადამიანებმა ჩავიდინეთ. გამომდინარე აქედან, რამდენად საშიშია მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი გარდაცვლილი ადამიანი თვითმართვადი ავტომობილის მიზეზით, ისიც საეჭვო ვითარებაში, როდესაც შეიძლება დამნაშავე თვითონ ადამიანი იყოს, თქვენთვის მომინდვია. მე კი გეტყვით, რომ თვითმართვადი ავტომობილების მასობრივი გამოშვება შეუქცევადი პროცესია, სადაც მხოლოდ ერთი კითხვა არსებობს – როდის დასრულდება ეს პროცესი?

მეორე მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა ყველასათვის ცნობილი Facebook-ის გარშემო. აღმოჩნდა, რომ არჩევნების პერიოდში სოციალურმა ქსელმა 50 მილიონზე მეტი ადამიანის პერსონალური მონაცემები გადასცა დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ კომპანია Cambridge Analytica-ს. ამ სკანდალის გამო Facebook-მა საფონდო ბირჟაზე 76 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა. პარალელურად კი მისი აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონება 7 მილიარდით შემცირდა. თუმცა ამით ამბავი არ მთავრდება, ფაქტის გამოკვლევა ოფიციალურად უკვე დაიწყო. ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერს განმარტებების გაკეთება კი, დიდი ალბათობით, ევროპარლამენტარებისა და კონგრესის წინაშეც მოუხდება, რადგან საქმე ეხება პერსონალური მონაცემების უკანონო გავრცელებას. მარკ ცუკერბერგმა ოფიციალური ბოდიში უკვე მოიხადა, თუმცა ფაქტი არ უღიარებია და ამ ყველაფერს მან შეცდომა უწოდა. ასეა თუ ისე, კამპანია #DeleteFacebook-ს საკმაოდ ბევრი ადამიანი უკვე შეუერთდა, მათ შორის ელონ მასკიც, რომელმაც საკუთარი კომპანიების – SpaceX-ისა და Tesla-ს ოფიციალური გვერდები წაშალა. მიუხედავად ამ სკანდალისა, ალბათ თვითმართვადი ავტომობილების მსგავსად, Facebook-ის მომავალსაც არ დაემუქრება საფრთხე. შეიძლება კომპანიამ დიდი ფინანსური კრიზისი გადაიტანოს, მაგრამ მისი სრული ლიკვიდაცია და #DeleteFacebook-ის 100%-ით შესრულება პრაქტიკულად გამორიცხულია. 2.1 მილიარდი მომხმარებელი საკმაოდ დიდი ძალაა იმისთვის, რომ ამაზე სერიოზულად ვისაუბროთ, ყოველ შემთხვევაში, 21-ე საუკუნეში მაინც.

 

გააზიარე