რა უნდა წახალისდეს - შემოსავლის ზრდა თუ შემოსავლის კლება?
საგადასახადო საკითხებზე ღრმად მეცნიერულ მიდგომებს რომ ავარიდოთ თავი და ამის პარალელურად გავცეთ პასუხი კითხვაზე – რა უფრო მეტ სტიმულს აძლევს ადამიანს, მეტი თუ ნაკლები გადასახადი? – სამი ტიპის დაბეგვრის პრინციპს უნდა გავეცნოთ:
პროპორციული დაბეგვრა – პრინციპი, რომლის დროსაც მაღალშემოსავლიანი და დაბალშემოსავლიანი გადამხდელები ერთი და იმავე განაკვეთით იბეგრებიან. დაბეგვრის ასეთი სისტემის დროს სტიმული არ ქრება, რომ ადამიანმა იმუშაოს მეტი და მიიღოს მეტი შემოსავალი, ვინაიდან, მისი დაბეგვრის რეჟიმი, პროცენტული მაჩვენებელი არ იცვლება. შესაბამისად, მიიღებს მეტ შემოსავალს და იგივე პროცენტით დაიბეგრება
რეგრესული დაბეგვრა – პრინციპი, რომლის დროსაც მაღალშემოსავლიანი გადამხდელი უფრო დაბალი განაკვეთით იბეგრება ვიდრე დაბალშემოსავლიანი. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც უფრო ნაკლები პროცენტული განაკვეთით იბეგრება ადამიანი, შემოსავლის ზრდასთან ერთად, ეს მის სტიმულად იქცევა – იმუშაოს მეტი და მიიღოს მეტი შემოსავალი. შესაბამისად, ადამიანი განსაკუთრებულად მიდრეკილია ასეთი სისტემის დროს მეტი შემოსავლის მიღებაზე
პროგრესული დაბეგვრა – პრინციპი, რომლის თანახმადაც მაღალშემოსავლიანი გადამხდელი უფრო მაღალი განაკვეთით იბეგრება, ვიდრე დაბალშემოსავლიანი გადამხდელი. ეს არის პრინციპი, რომელიც აჩენს უსამართლობის განცდას, რომ სახელმწიფო მაღალშემოსავლიან ადამიანს „სჯის“. შესაბამისად, ასეთი საგადასახადო სისტემის პირობებში ნებისმიერ ადამიანს უქრება სტიმული მაღალი შემოსავლის მიღების ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეძებს „ხვრელს“ ნაკლები გადასახადის გადახდისათვის.
აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას, საქართველოს „ქეისი“ ძალიან საინტერესოდ გამოიყურება: „მოხერხდა“ ისე, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა უფრო მეტად გადამხდელის სტიმულების გაქრობაზე ორიენტირდა. კერძოდ, ერთი შეხედვით დაბეგვრის რეჟიმი პროპორციულია, თუმცა ყველა „მაღალშემოსავლინი“ ადამიანი (თუ ოჯახი), რომელიც წლის განმავლობაში 40 ათას ლარზე მეტის გამომუშავებას შეძლებს, შესაბამისად, იქცევა ქონების გადასახადის გადამხდელად, ანუ „ისჯება“ მეტი შემოსავლის გამო. ამ „საინტერესო“ ჩანაწერს კიდევ ერთი დაემატა: ეს არის ე.წ. „საარსებო მინიმუმის ტოლი თანხის დაბეგვრის უკან დაბრუნების მექანიზმი“. ყველას, ვისი შემოსავალიც თვეში 500 ლარზე ნაკლები იყო, საარსებო მინიმუმის ტოლი თანხის საშემოსავლო გადასახადი უკან უბრუნდება. ეს, ერთი შეხედვით ძალიან ჰუმანური გადაწყვეტილება, რამდენიმე რისკს აჩენს:
1. რატომ დავსაჯეთ ადამიანი, რომელსაც 505 ლარი აქვს ხელფასი?
2. საქართველოში 530 ლარიან ხელფასს 500 ლარიანი ხელფასი ჯობია ანუ ზრდის სტიმული გაქრა ან შემოსავლის დამალვის სტიმული გაძლიერდა.
პოპულიზმის ეკონომიკის ელემენტებს, რომლებსაც წლებია „წარმატებით“ გვთავაზობენ, სერიოზულად შეუძლიათ ეკონომიკის დაზიანება და ამ ყველაფრის მაგალითები სამწუხაროდ ბევრი მოპოვება საქართველოს ეკონომიკაში. რეალურად კი, თუ გვინდა ეკონომიკის სტიმულირება, უნდა გვქონდეს ნაკლები გადასახადები, რაც მეტ ფულს გააჩენს ინვესტირებისა და ეკონომიკური აქტივობისათვის.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on May 22, 2014
- on April 16, 2014
- on April 1, 2014
- on March 6, 2014