რა (უ)ჭირს მსოფლიოს?!
გაერო-ს საიუბილეო, 75-ე გენერალური ასამბლეა, იმედია, მსოფლიო ლიდერების ყველაზე უჩვეულო შეკრებად შევა ისტორიაში. როდესაც ვამბობ “იმედია“ ვგულისხმობ, რომ მალე ვაქცინაც გაჩნდება, თვითმფრინავებიც აფრინდება და გლობალური ფორუმებიც ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. თორემ…
შეიკრიბებიან ისევ ნიუ იორკში. გადაიკეტება ისევ ქუჩები; იქნება თანმხლები ღონისძიებები და გალა-მიღებები; იქნება მწვავე გამოსვლები და მოულოდნელი შეხვედრები; რა თქმა უნდა, კვლავ იქნება გაერო-ს რეფორმირების აუცილებლობის შესახებ ხმამაღალი საუბრები. ეჰჰ…
მსოფლიო უკვე კარგა ხანია საუბრობს გაერო-ს რეფორმირების აუცილებლობაზე. არა, მის როლს და მნიშვნელობას არავინ უარყოფს, უბრალოდ საქმე ქმედუნარიანობას, კონკრეტულად კი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, უფრო სწორად კი ვერ მიღებას ეხება.
მაინც რა (უ)ჭირს დღეს მსოფლიოს? ეკონომიკური კრიზისი – უარესიც გვინახავს; პანდემია? კი, ბატონო, დაიწყო მეორე ტალღა და კვლავ მნიშვნელოვნად იმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ, მაგრამ 100 წლის უკან ეპიდემია “ესპანურმა გრიპმა“ სულ მცირე 20-ჯერ, მაქსიმუმ კი 50-ჯერ მეტი ადამიანის მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კონფლიქტები, შიმშილი, ეკოლოგია, უწიგნურობა – ყველაფერი ეს დიდი გამოწვევებია, მაგრამ ყველა ამ პრობლემის გასაღები და ჩვენი კითხვის პასუხი, ჩემი აზრით, მაინც სხვაგანაა.
პრინციპში, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ალბათ, მაინც ყველაზე კარგად წარმოაჩენს, თუ რა (უ)ჭირს მსოფლიოს. 75 წლის წინ შექმნილი ორგანიზაციის საფუძვლებში სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოლაპარაკების და თანამშრომლობის გზით გადაჭრა იყო ჩადებული. თუმცა, უკვე ათწლეულებია, რაც ეს ორგანიზაცია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ მოედნად იქცა და სწორედ ამიტომ: ვერ თანხმდებიან სანქციებზე, ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს კონფლიქტებზე, ვერ ჯერდებიან ადამინის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მწვავე პრობლემებზე, ჯანდაცვის გამოწვევებსა თუ კლიმატური ცვლილებების თაობაზე მისაღებ ზომებზე; ვეტო იქა, ვეტო აქა… როდემდე?
კარგად მესმის გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის, რომელიც ყველა ტრიბუნას, ფორუმს, ზუმს თუ სხვა შესაძლებლობას იყენებს იმისათვის, რომ შეუძახოს მსოფლიო ლიდერებს: ასე ვეღარ გაგრძელდება; წინ კიდევ ბევრი გამოწვევა იქნება; პანდემია დასრულდება, კლიმატური ცვლილებები იქნება ან კიდევ სხვა, ამ დრომდე უცნობი პრობლემა. კაცი პირდაპირ ამბობს, გაერო-ს ბევრი წევრი-ქვეყანა შიმშილის ზღვარზეა და თუ დროზე და ერთად არ ვიმოქმედეთ, მერე გვიან იქნება.
შეაყარე კედელს ცერცვი – არც გერმანიის კანცლერის მოწოდების ესმით, რომ სერიოზული რეფორმა უნდა გატარდეს გაერო-ში, არც საფრანგეთის პრეზიდენტისგან წყინთ, როდესაც ის გაერო-ს “იმპოტენციაზე“ ღიად საუბრობს; ჰოდა თუ მათი არ ესმით, თურქეთის პრეზიდენტის მოთხოვნას რეფორმების აუცილებლობაზე ვინღა შეისმენს – მის იდეებს ისედაც არ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი და გამზიარებელი (მაქსიმალურად დიპლომატიურად რომ ვთქვათ). ამ და სხვა ლიდერების ფონზე სირიის მიწასთან გასწორების შემომქმედი და ავტორი, მსოფლიოს თითქმის ყველა ცხელ წერტილში იარაღის, დაქირავებული მებრძოლების, “მწვანე კაცუნების“ თუ რეგულარული ჯარების მთავარი “მიმწოდებლის“, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის მხრიდან გაერო-ს მუდმივმოქმედი უშიშროების საბჭოს ხუთეულის ლიდერების სამიტის ჩატარება ხომ საერთოდ ცინიზმის მწვერვალია!
მას, შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა, ჩინეთი პირდაპირ დაადანაშაულა კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ უმოქმედობაში და სრული პასუხისმგებლობა დააკისრა მას იმისთვის, რაც ხდება უკვე 8 თვეა მსოფლიოში, გაერო, როგორც ორგანიზაცია, ისევე როგორც მისი წევრი ქვეყნები, დადგა მსოფლიოს ორ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს შორის ცივი ომის განვითარების საფრთხის წინაშე. გაერო-ს გენერალური მდივნის პათოსს, რომ გაერო არ უნდა იქცეს ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების ასპარეზად, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები მეტ-ნაკლებად იზიარებენ. არა მხოლოდ იზიარებენ….
დონალდ ტრამპის კრიტიკოსები, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაერო-ს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან გასვლის და მისთვის დაფინანსების შეწყვეტის, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვების, საერთაშორისო შეთანხმებებიდან გასვლის, არადიპლომატიური განცხადებებისა და მისი ტვიტ-აქტივობების გამო აშშ-ს პრეზიდენტს ასახელებენ, როგორც გლობალურ ურთიერთობებში არსებული უთანხმოებების მთავარ წყაროს და საერთოდაც, ამტკიცებენ, რომ მსოფლიოში რაც რამ უბედურება ხდება, ყველაფერი დონალდ ტრამპის სიხისტის, მისი არათანმიმდევრულობის და საერთაშორისო ურთიერთობებში გამოცდილების არქონის ბრალია.
მეისრის პოვნა და სხვაზე პასუხისმგებლობის დაკისრება ყოველთვის ყველაზე ადვილი საქმე იყო, მაგრამ… რამდენი ხანია მსოფლიო ლიდერები გაერო-ს რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობენ? რამდენი ხანია, კონფლიქტები არათუ ვერ გვარდება, ახალ-ახალი კერები ჩნდება, ათეულ ათასობით ადამიანი იღუპება და მილიონობით კიდევ დევნილად იქცევა?
ჩემი აზრით, პასუხი კითხვაზე, თუ რა (უ)ჭირს მსოფლიოს, საძებნია არა გაერო-ს შტაბ-ბინაში, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოების დედაქალაქებში. ჩინეთი რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პრობლემას წარმოადგნეს დემოკრატიული თანამეგობრობისთვის, ნამდვილად არ არის ახალი ამბავი; ჩინეთი რომ საკუთარი გლობალური ლიდერობის ამოცანის რეალიზებას არცთუ მაინცდამაინც დაშვებული წესებით ცდილობს, ესეც არავისთვის წარმოადგენს მოულოდნელობას. მიუხედავად ამისა, დემოკრატიული თანამეგობრობის ყველაზე გავლენიანი დედაქალაქებიდან და ცენტრებიდან (ცხადია, ვაშინგტონის გამოკლებით) მოზომილად კრიტიკული, კონსტრუქციული და თანამშრომლობისთვის მზაობის სულისკვეთებით აღსავსე განცხადებების მეტი არაფერი გვესმის. “სისტემური მოწინააღმდეგე“ ყველაზე მძაფრი შეფასებაა, რაც ბოლო წლებში ბრიუსელიდან გაგვიგია. რუსეთთან თუ მაინც უფრო თამამი განცხადებები კეთდება (“მადლობა“ ვლადიმერ პუტინს), ჩინეთთან მიმართებაში მაინც მომავალ თანამშრომლობაზე ორიენტირებული, “მოდით ვიცხოვროთ მეგობრულად“ ტიპის გზავნილები გვხვდება.
ასე იყო წლევანდელ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ორი ქვეყნის ლიდერების გამოსვლის შემდეგ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა კელი კრაფტმა, შეშფოთებულმა ჩინეთის წარმომადგენლის მკვახე კონტრ რეაქციაზე („საკმარისია. თქვენ ისედაც ბევრი პრობლემა შექმენით გლობალურად. დროა აშშ-მ შეიგნოს, რომ სხვებზე გადაბრალება ვერ მოაგვარებს მის საკუთარ პრობლემებს“… ეს სიტყვები ჩინელ დიპლომატ ჟენგ იუნს ეკუთვნის) ტრადიციული მოკავშირეების ერთგვარი ინდიფერენტულობით, დიპლომატისთვის არადამახასიათებელი მკვახე შეფასებებით დატოვა უშიშროების საბჭოს სხდომა. ჩინეთს კი ყავს იქვე რუსი მოკავშირედ, რომელიც სიამოვნებით და ტკბობით უბამს ყველა შესაძლო შემთხვევაში ჩინეთის წარმომადგენელს მხარს, აშშ-ს კირიტიკასა და დადანაშაულებაში. სად არიან ამ დროს მეგობრები? რას ფიქრობენ მათი ლიდერები?
რას და, რომ ჩინეთთან ურთიერთობები არ უნდა იყოს განხილული მხოლოდ ადამიანის უფლებათა დარგში არსებული დარღვევების პრიზმაში. არამედ, პოზიციის ჩამოყალიბების დროს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ეკონომიკური კავშირების არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტი. ვთქვათ პირდაპირ: თუ არ ჩავთვლით დიდ ბრიტანეთს, ევროპაში არავის აქვს სურვილი, რაიმე ფორმით ჩაეწეროს არც აშშ-ს პრეზიდენტის დღის წესრიგში და არც საკუთარი პრინციპული პოზიციის ჩამოსაყალიბებლად არის მზად.
ამ დროს, ჩინეთს და რუსეთს მათ კიდევ ერთ იდეოლოგიურ მოკავშირეს – ირანს თუ დავუმატებთ, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ს ამჟამინდელ ადმინისტრაციას საერთაშორისო ფორუმებზე დამოუკიდებლად უწევს საკუთარი პოზიციების დაცვა და საგარეო-პოლიტიკური ამოცანების გადაჭრა.
ცხადია, მთელი მსოფლიო ელოდება 3 ნოემბერს, როდესაც გაირკვევა, თუ ვინ იქნება აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტი. სწორედ ამერიკელი ხალხის, უფრო სწორად კი “ელექტორალური კოლეჯის“ არჩევანი განსაზღვრავს ძალიან ბევრი ქვეყნის სამომავლო სამოქმედო გეგმას, სტრატეგიასა და ტაქტიკას, მაგრამ…..
ვინც არ უნდა გახდეს აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტი, იმას მაინც არ ეშველება, რაც მსოფლიოს (უ)ჭირს. კოვიდ-19-მა კარგად დაგვანახა, რომ ჰიპოთეტურად ახალი (სამწუხაროდ, უკვე სავსებით რეალურად) გლობალური კრიზისის პირობებში მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები პირველ რიგში საკუთარი პრობლემების მოგვარებით დაკავდებიან და დანარჩენი ქვეყნები ბედის ანაბარა ან საკუთარი მოხერხებულობის ამარა დარჩებიან. ეს რეალობაა! მწვავე რეალობაა და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად გამწვავდება, თუ… მსოფლიო ლიდერების ახალი ტალღა არ გამოჩნდება. ჩემი აზრით, ძაღლის თავი სწორედ აქ არის ჩამარხული. 2020-მა განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩინა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ჰაერივით საჭირო გლობალური საკითხების გადასაჭრელად. ეს არის ძლიერი, ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებული, თანამოაზრე ლიდერების ნაკლებობა; ისეთი ლიდერების, რომლებიც შეძლებენ არსებული რეალობის აღიარებას, ავტორიტარული ხელისუფლებების წინააღმდეგ ერთიანი ძალისხმევით მოქმედებას, თამამი გადაწყვეტილებების მიღებას და მათ საბოლოო დამარცხებას თუ არა, მნიშვნელოვნად შებოჭვას და საერთაშორისოდ მიღებული თამაშის წესების ჩარჩეობში მოქცევას მაინც.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on June 5, 2023
- on May 22, 2023
- on May 9, 2023
- on April 18, 2023
- on April 3, 2023
- on March 27, 2023
- on March 20, 2023
- on March 13, 2023