რბილი ძალა: პირდაპირი დამიზნებით პარლამენტში

რბილი ძალა: პირდაპირი დამიზნებით პარლამენტში

ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა ჯოზეფ ნაიმ 80-იანი წლების ბოლოს მსოფლიოს გააცნო ახალი ტერმინი “რბილი ძალა”. მისი განმარტებით, “რბილი ძალა” სახელმწიფოს უნარია, ხისტი ძალის გამოყენების გარეშე დადებითი განწყობებისა და დამოკიდებულებების შექმნით გავლენა მოახდინოს საერთაშორისო სისტემის სხვა აქტორებზე. ეს არის კულტურული ძალა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფოები ახდენენ საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიზნების რეალიზებას. იგი ეფუძნება სამ ძირითად წყაროს: კულტურა, პოლიტიკური ღირებულებები და საგარეო პოლიტიკა. პრინციპული და მნიშვნელოვანი ის არის, რომ რბილი ძალა იმიტომაც არის კულტურული ძალა, რომ მისი გამოყენება მხარეთა ორმხრივი ნების შედეგად ხდება და არა ძალადობრივი და თავს მოხვეულია.

როდესაც ჯოზეფ ნაი ამ ტერმინს ამკვიდრებდა, მაშინ საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა და იშლებოდა. მაშინ საბჭოთა კავშირს და მის მემკვიდრე რუსეთს, რბილად რომ ვთქვათ არ ერბილძალებოდა. თუმცა, გავიდა წლები და დღეს უკვე რბილი ძალის მთავარ მომხმარებლად გვევლინება რუსეთი. რა თქმა უნდა, როგორც ყველაფერში, რბილი ძალის გამოყენების კუთხითაც რუსეთი მისთვის დამახასიათებელი სიხისტით გამოირჩევა. რუსეთის რბილი ძალა საკუთარ თავზე იგემეს არა მხოლოდ მისმა უახლოესმა მეზობლებმა. სადაც არ გაიხედავ, ევროპაში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყველგან აღმოაჩენთ რუსული პროპაგანდისტული მანქანის საცეცებს. ცოტა ხნის წინ თბილისში გამართულ კონფერენციაზე გერმანელმა ექსპერტმა გააკეთა პრეზენტაცია მის ქვეყანაში რუსული “სპუტნიკის” და “რაშა თუდეის” აქტივობებისა და მათი გავლენის მასშტაბების შესახებ. ის რაც ჩვენ იქ ვიხილეთ, ბევრს გააოცებს. ასეულობით მილიონ ევროიანი ბიუჯეტი, ულტრათანამედროვე ოფისებით და უზარმაზარი კონტიგენტით გერმანიაში რუსული პროპაგანდისტული მანქანის განკარგულებაშია, რის შედეგადაც ადგილობრივ “დოიჩე ველესთან” წარემატებულ კონკურენციაშია. 

ორმხრივ შეხვედრებსა და საუბრებში არაერთხელ უთქვამთ ჩვენს დასავლეთ ევროპელ მეგობრებს, თქვენ კიდევ არ იცით, რა დონზე არიან ჩვენთან შემოსულები და რამხელა მასშტაბის საფრთხესთან გვაქვს საქმეო. ადრე არ ვიცოდით. უფრო სწორად, კარგად არ ვიცოდით, იმიტომ რომ ჩვენ რუსეთისგან მეტწილად ხისტი ძალის დემონსტრირების მწარე გამოცდილება გვქონდა. ტერაქტები, დივერსიები, ბლოკადები, სამხედრო აგრესია და სადამსჯელო ოპერაციები – აბა რომელ რბილ ძალაზეა ლაპარაკი.

თუმცა, 2000-იანების დასაწყისიდან და განსაკუთრებით უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთმა მისთვის ყველაზე მისაღებ ფორმულას მიაკვლია. ჰიბრიდული ომი – რბილი და ხისტი ძალის გამოყენების ერთობლიობის პირობებში ყველაზე კომფორტულად გრძნობს რუსეთი თავს. თან ტანკი და თან “გეორგიევსკის ლენტი”, თან მავთულხლართი და თან ტურისტები, თან ჩვენი მოქალაქეების მოტაცება და თან ცივი “ბორჯომი” (რომელშიც ყველაზე მსხვილი წილი სხვათაშორის რუსულ კომპანიას ეკუთვნის). ასე იცის რუსეთმა, თორემ ჯოზეფ ნაისეულ “რბილი ძალის” გაგებას ზედმიწევნით რომ მიჰყვებოდეს (ღმერთმა არ ქნას), ტკბილი სიტყვით, კულტურულად, პატივისცემით და საგანმანათლებლო თუ საინვესტიციო პროექტების განხორციელებით რომ მოქმედებდეს, საქმე გაცილებით რთულად იქნებოდა. აბა რომელი ჭკუადმყოფელი იქნება ინვესტიციის, ტურიზმიდან შემოსული მილიონების და ექსპორტზე პროდუქციის გატანის შედეგად მიღებული შემოსავლების, თუკი შენი ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემენ, შენს ინტერესებს აღიარებენ და ურთიერთმომგებიან თანამშრომლობაზე ზრუნავენ. 

ჩვენი ქვეყნის პრობლემაა, რომ ქართული ღვინის მთავარი მომხმარებელი ისევ რუსეთია. იზრდება ექსპორტი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში; უმატეს ჩინელებმაც ღვინის სმას, მაგრამ ჩინური ბაზრის “საფერავით” გაჯერებას დრო უნდა. მადლობა ონიშჩენკოს, დივერსიფიკაცია დავიწყეთ, მაგრამ ტემპები არადამაკმაყოფილებელია. ჩვენი ქვეყნის პრობლემაა, რომ ყველაზე მეტი ტურისტი მაინც რუსეთიდან ჩამოდის. ტურიზმის მიმართულებითაც იდგმება აქტიური ნაბიჯები, რომ მეტი იაპონელი, ევროპელი, ამერიკელი და კორეელი ჩამოვიდეს საქართველოში. მეტი მუშაობაა საჭირო; ყველას მუშაობა – სახელმწიფოს, ბიზნესის, თითოეული მოქალაქის.

სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხითაც იდგმება ნაბიჯები. მიდის გამალებული მუშაობა ევროკავშირის ცნობადობის ამაღლებაზე და ზოგადად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მაღალი დონის შენარჩუნებასა და კიდევ უფრო გაძლიერებაზე. ამ საქმეში სახელმწიფო ინსტიტუტები, სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო პარტნიორები ერთიანია და მათ ძალისხმევას კონკრეტული შედეგებიც მოყვება. 

ერთი სიტყვით, ძალს ჩვენ ვართ და ძალს რუსები. ვერა და ვერ ჩაიბეჭდა მათ თავებში, რომ საქართველო სხვა ქვეყანაა, მეზობელი სუვერენული ქვეყანაა და მისი ხალხის არჩევანიც ევროპაა, ნატო და ევროკავშირია და არა ევრაზიის კავშირი და რეინკარნირებული საბჭოთა კავშირი. ვერ ისვენებენ დუგინები; ვერ ისვენებენ იმიტომ, რომ საუბედუროდ ნიადაგს გრძნობენ, ნოყიერ ნიადაგს. ამიტომაც მუშაობენ ყველასთან, ვისთანაც გამოუვათ. პოლიტიკოსებთან, მსხვილ მეწარმეებთან, საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებთან, ჩურჩხელების გამყიდველ ბებოებთან და მთავარ “ოფინიონ მეიქერ” ტაქსისტებთან. სამწუხაროდ, არცთუ უშედეგოდ.

ჩაგვიტარეს; მორიგჯერ ჩაგვიტარეს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ერთ ან ორ პოლიტიკოსს ჩაუტარეს. ქვეყანას ჩაუტარეს, როდესაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სხდომა კომუნისტმა რუსებმა რუსულ ენაზე წაიყვანეს. პირდაპირი დამიზნებით პარლამენტს ცეცხლი გაუხსნეს. ოღონდ მანამდე ყველაზე მოწყვლადები ჩაიხუტეს, მერე შეისრუტეს და ბოლოს როგორც პირველკლასელებს შეუსრულეს. კიდევ კარგი, ე.წ. საერთაშორისო ორგანიზაციის წესდება არ ითვალისწინებდა, თორემ “სოიუზ ნერუშიმი”-ს აგიგინებს შესაძლებლობა რომ მიცემოდათ, არც მაგას დაგვაკლებდნენ. გვეტყოდნენ მერე, არ გესმით თქვენ, ნიუ იორკშიც ასეა და ვენაშიცო.

საბედნიეროდ, ღირსეულმა ქართველებმა აღარ გაუტარეს. ამ შეურაცხყოფამ დიდი თუ პატარა ყველა გაამწარა, გააბრაზა და გამოაფხიზლა. გავრილას კი უთავაზა და მისამართიც მიუთითა, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთმანეთი დავინდეთ და აქაც ჩვენივე თავს ჩვენ თვითონ შევუსრულეთ.

ეს რომ გავრილას თვითნებობა არ იყო, შემდგომ დღეებშიც კარგად გამოჩნდა. რუსული “რბილი ძალა” მოქმედებაში მთელი მასშტაბით გაიშალა. თვით ვლადიმერ პუტინმა შეკრიბა უშიშროების საბჭო (ნეტა ჩვენი უსაფრთხოების საბჭო როდის შედგება და შეიკრიბება) და გასცა დავალებები. “ფრენები შეწყდეს, ყველა ტურისტი წამოვიდეს”, იყო ბრძანება. როგორც იქნა, მისი უბოროტესობის ყურადღებაც “დავიმსახურეთ”, თორემ მანამდე იყო ისტერია ლუგარის ლაბორატორიაზე, “რაშა თუდეის” და “სპუტნიკის” ტრენინგები “ფეიკ ნიუსებთან” ბრძოლაზე, კარასინის და შოიგუს ბოლო ხმაზე კივილი ნატო-ში გაწევრიანების დამღუპველ შედეგებზე და ა.შ. ჩაირთო ბოროტების მანქანა მთელი ძალით და ყველა დონით.

დიდი სიფრთხილე გვმართებს; ერთმანეთის გაფრთხილება გვმართებს. რა თქმა უნდა, საყვედურიც სათქმელია და პასუხისმგებლობაც დასაკისრებელია, მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები: გამარჯვების გასაღები კონსოლიდაციაშია.  სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ძალების, ბიზნესის და რიგითი მოქალაქეების ერთიანობას და ერთად დგომას, (ისეთს, როგორიც იყო 9 აპრილს) შეცდომების გააზრებას და ახალი შემოტევების წინააღმდეგ კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმას ალტერნატივა არ აქვს.     

ძალა ერთობაშია!

გააზიარე