როგორ გამდიდრდა დანია?

როგორ გამდიდრდა დანია?

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით დანია მსოფლიოში მე-9 ადგილზეა. დანიის მოქალაქეს წელიწადში 60,000 აშშ დოლარის შემოსავალი აქვს. ქვეყნის ფართობი 43 ათასი კვადრატული კილომეტრია, რაც საქართველოს ტერიტორიაზე 24%-ით მცირეა. თუმცა დანიის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 370 მილიარდი დოლარია, საქართველოს მშპ-ზე 22-ჯერ მეტი. დანიაში 5.8 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

დანიის ეკონომიკური განვითარება ხანგრძლივი პროცესის შედეგია. მე-19 საუკუნის შუანახევრიდან მოყოლებული ქვეყნის ეკონომიკა ფაქტობრივად უწყვეტად იზრდებოდა. მის განვითარებაში არ არის ისეთი სწრაფი ეკონომიკური ზრდის ათწლეულები, რასაც შეიძლება “ეკონომიკური სასწაული“ ვუწოდოთ.

პირველ რიგში დანიას გაუმართლა, რომ ევროპის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს და მე-16 საუკუნიდან მოყოლებული მისი მეზობლები ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი სწრაფად განვითარებადი ქვეყნები იყვნენ. თუმცა, მას უხდებოდა ტერიტორიების დაცვა და მისი ფართობი ბევრჯერ შეიცვალა. დღევანდელი სახელმწიფო საზღვრები 1944 წლიდან მოქმედებს. დანიის სამეფოში, დანიის გარდა ფარერის კუნძულები და გრენლანდია შედის.

მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, დანიის ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობაზე და მეთევზეობაზე იყო დამოკიდებული. სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, დანია უფრო გვიანობამდე იყო სოფლის მეურნების იმედზე. დანიის სოფლის მეურნეობაში სამუშაო ძალის 2/3 იყო ჩართული და ეკონომიკის 1/5 წილს ქმნიდა, მაგრამ ქვეყნის ექსპორტის 80% სოფლის მეურნეობის ნაწარმზე მოდიოდა.

პირველი მსოფლიო ომის დროს, დანიას ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი ჰქონდა და აქედან გამომდინარე ომისგან ზიანის მიყენებას გადაურჩა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიამ დანიის ოკუპაცია მოახდინა. თუმცა, გერმანია ქვეყანას წარმოებისთვის იყენებდა. დეოკუპაციის შემდეგ “მარშალის გეგმის“ ფარგლებში დანიამ მნიშვნელოვანი დახმარება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატებისგან.

დანიაში, მრეწველობაში დასაქმებულთა რაოდენობამ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობას პირველად, 1950-იან წლებში გადააჭარბა. მისი მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით დანიაში სწრაფი ინდუსტრიალიზაცია არ მომხდარა, თანდათანობით გადაერთო. 1950 წლებში, “ევროპის ეკონომიკური რენესანსი”-ს დროს, დანიის ეკონომიკა შედარებით ნელა იზრდებოდა სოფლის მეურნეობაზე მაღალი დამოკიდებულების გამო.

1957 წლიდან, დანია ვაჭრობის ლიბერალიზაციას და პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას იწყებს. პირველი იყო ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (დღევანდელი OECD) გაწევრიანება, რაც ძალიან დაეხმარე სავაჭრო ბაზრების გახსნაში და კაპიტალის მოზიდვაში. მრეწველობის წილი ექსპორტში გაორმაგდა. 1960 წელს, დანია ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შეუერთდა. 1961 წელს ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობას, 1973 წელს ევროკავშირს შეუერთდა. თუმცა, მოგვიანებით დანია არ შეუერთდა ევრო ზონას და ევრო არ მიიღო საკუთარ ვალუტად. დღემდე ეროვნული ვალუტა დანიური კრონია.

დანია ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) დამფუძნებელი წევრი და შესაბამისად 1949 წლიდანაა მასში გაერთიანებული.

1960-იანი წლებიდან, დანიამ სკანდინავიური ქვეყნებისთვის დამახასიათებელი “კეთილდღეობის სახელმიფოს“ შექმნა დაიწყო, თუმცა საწყის წლებში განათლების, ჯანდაცვის და სხვა სახის დახმარებები მხოლოდ ღარიბი მოსახლეობისკენ იყო მიმართული. გაიზარდა საჯარო მმართველობის სექტორი.

1970 წლებიდან, დანიის ეკონომიკა სულ უფრო ხდება მომსახურების სექტორზე დამოკდიებული. ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობიდან მომსახურების ეკონომიკაზე ინდუსტრიალიზაციის ეტაპის გარეშე გადავიდა. დღეს, დანიის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობას 1.3%, მრეწველობას 22.9%, ხოლო მომსახურებას 75.7% უჭირავს.

1970-იან და 1990-იან წლებში, დანიამ ჩრდილოეთის ზღვარი ნავთობის მარაგები აღმოაჩინა და დღეს 32-ე ადგილზეა მსოფლიოში ნავთობის ექსპორტით. წელიწადში დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ნავთობს მოიპოვებს. აქტიურად იყენებს ქარის ენერგიას. შიდა ენერგომოხმარების 42% ქარის ელექტროსადგურებზე მოდის.

დანია გამოირჩევა მაღალკვალიციური, განათლებული სამუშაო ძალით, მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარებით. ცნობილი დანიური ბრენდებია “ლეგო“, “პანდორა“, “არლსბერგი“, “ეკკო“, “სტიმოროლი“ და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ დანიაში გადასახადები გაიზარდა (საგადასახადო ტვირთი ეკონომიკის მიმართ 50%-მდეა), ის შედარებით მსუბუქი რეგულაციებით ბალანსდება. ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში დანია მაღალ პოზიციაზე არის, მე-8 ადგილი უჭირავს და მასზე წინ მხოლოდ ირლანდია, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფოა. დანია გამოირჩევა ღია ბაზრებით, ბიზნესის თავისუფლებით, ფისკალური სტაბილურობით, კარგად დაცული საკუთრების უფლებებით, კარგი სასამართლო და დაბალი კორუფციით.

გააზიარე