როგორ გამდიდრდა კომპანია “ფერერო“?
“ყველაზე ტკბილი კომპანია“ – ასე მოიხსენიებენ “ფერეროს“, რაც არა არის გასაკვირი, რადგან მას ეკუთვნის: “ქინდერი“, “ნუთელა“, “რაფაელო“, “როჩერი“, “ტიკ ტაკი“ და ტკბილეულის სხვა ბრენდები. 2019 წელს კომპანია “ფერერომ“ 13 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 1.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 15 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 33 ათასზე მეტი ადამიანი.
კომპანია “ფერეროს“ ისტორია 1946 წლიდან იწყება იტალიის ქალაქ ალბაში, თუმცა მისი დამაარსებელი პიეტრო ფერერო კვების სექტორში ბავშობიდან მუშაობდა. მამისგან დარჩა პატარა საკონდიტრო. 1946 წელს მან დაამზადა თხილის და კაკაოს კრემი, რომელსაც “პასტა განდუჯა“ უწოდა და სწორედ ეს სიახლე გახდა ფერეროების ოჯახის წარმატების დასაწყისი. ეს იყო “ნუთელას“ წინამორბედი, პურზე წასასმელი კრემი, რომელმაც თავიდანვე დიდი მოწონება დაიმსახურა. ამავე წელს პიეტროს დასახმარებლად კომპანიის საქმიანობაში ჩაერთვნენ მისი ძმა – ჯოვანი და შვილი – მიქელე.
პიეტრო ფერერო კომპანიის დაარსებიდან 3 წელიწადში გარდაიცვალა და მისი საქმე შვილმა, მიქელემ გააგრძელა. მიქელემ შოკოლადის კრემის რეცეპტი განავითარა და 1964 წელს უკვე “ნუთელას“ დასახელებით გამოუშვა, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი შოკოლადი იყო. 1956 წელს “ფერერომ“ საწარმოები გახსნა გერმანიაში და საფრანგეთში. 50-იანი წლების ბოლოს კი მისი პროდუქცია კაპიტალისტური ევროპის ყველა ქვეყანაში იყიდებოდა. 1960-იან წლებში კი უკვე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ავსტრალიაში და თურქეთში იყიდებოდა.
კომპანიის უდიდესი სიახლე იყო 1968 წელს “ქინდერის“ შოკოლადის გამოშვება, რომელიც ბევრი რძის შემცველობით გამოირჩეოდა. 1974 წლიდან კი “ქინდერ სიურპრიზის“ გამოშვება დაიწყო, ანუ “ქინდერის“ კვერცხში დამალული სათამაშოების. შოკოლადში სათამაშოს დამალვა ძველ იტალიურ ტრადიციას უკავშირდებოდა, რომლის მიხედვითაც სააღდგომოდ გამომცხვარ ნამცხვარში სიურპრიზს დებდნენ, უმეტეს შემთხვევაში მონეტას. “ქინდერ სიურპრიზი“ მაღაზიის თაროებზე გამოჩენიდან რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა.
1969 წელს “ფერეროს“ პროდუქციას კიდევ ერთი გამორჩეული ბრენდი – “ტიკ ტაკი“ შეემატა, რომელსაც თავიდან “Refreshing Mints“ ერქვა და “ტიკ ტაკი“ 1970 წლიდან უწოდეს. მის დაბალ კალორიულობაზე მარკეტინგული აქცენტი 1980-იანი წლებიდან გაკეთდა.
1980-იანი წლების დასაწყისში სოციალისტური ბლოკის ქევეყნების და აფრიკის რამდენიმე ქვეყნის გარდა “ფერეროს“ შოკოლადები ყველგან იყიდებოდა. 1982 წელს კომპანიამ ახალი ცნობილი ბრენდი “ფერერო როჩერი“ გამოუშვა. კომპანია “ფერერო“ მსოფლიოში თხილის ყველზე დიდი მომხმარებელი გახდა, ის ყიდულობდა მსოფლიოში ექსპორტირებული თხილის მეოთხედს.
1990 წელს “ფერერომ“ ბაზარზე დღეისათვის ყველასათვის ცნობილი კიდევ ერთი ბრენდი – “რაფაელო“ გამოიტანა, რომლის პოპულარობამ არ დააყოვდა. 90-იანი წლებიდან “ფერეროს“ შოკოლადები აქტიურად გამოჩნდა პოსტსოციალისტურ ქვეყნებში. რუსეთში ყველაზე მეტი პოპულარობა “რაფაელომ“ მოიპოვა, ამიტომ “რაფაელოს“ მწარმოებელი ქარხანა რუსეთშიც გაიხსნა. 1995 წლისთვის “ფერეროს“ წლიურმა შემოსავალმა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 1997 წელს ბრაზილიაში 100 მლნ დოლარიანი ქარხანა გახსნა. 2001 წლისთვის კომპანიის წლიური შემოსავალი 5 მილიარდ დოლარს გასცდა.
2014 წლიდან “ფერერომ“ სხვა კომპანიების შესყიდვა დაიწყო და პირველი ინგლისური კომპანია “Oltan Group“ იყიდა. 2015 წელს ისევ ინგლისური კომპანია “Thorntons“-ი, ხოლო 2016 წელს ბელგიური ბრენდები “Delacre“ და “DeliChoc“. 2017 წელს ამერიკული კომპანია “Fannie May“ იყიდა. ამავე წელს “Ferrara Candy Company“ შეისყიდა. ყველა გარიგება 100 მლნ დოლარზე მეტის იყო. 2019-ში ცნობილი ამერიკული კომპანიის “Kellogg’s“-ის რამდენიმე ბრენდი შეისყიდა, რაშიც 1.3 მილიარდი დოლარი გადაიხადა.
2007 წელს “ფერერო“ თხილის პლანტაციები საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში გააშენა.
ბოლო წლებში, “ფერერო“ წელიწადში მილიონ ტონამდე შოკოლადს ყიდის. კომპანია ისევ ფერეროების ოჯახის საკუთრებაა, რომელსაც მიქელე ფერეროს შვილი, ჯოვანი ფერერო მართავს. “ფერეროს“ ყველაზე გასაიდუმლოებულ კომპანიასაც ეძახიან, რადგან უამრავი გემრიელი ტკბილეულის რეცეპტის საიდუმლოს ფლობს.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on May 17, 2024
- on May 8, 2024
- on April 23, 2024
- on April 10, 2024
- on March 26, 2024
- on March 19, 2024
- on March 7, 2024
- on February 29, 2024