როგორ გამდიდრდა ლუქსემბურგი?

როგორ გამდიდრდა ლუქსემბურგი?

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური ნომინალური შემოსავლით ლუქსემბურგი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანაა.

ლუქსემბურგელის წლიური შემოსავალი 113 ათასი დოლარია. მსყიდველობითი უნარის პარიტეტს თუ გავითვალისწინებთ, ერთ მოსახლეზე შემოსავლით ლუქსემბურგი მსოფლიოში მეორე ადგილზეა 107 PPP დოლარით, მხოლოდ ყატარს ჩამორჩება.

ლუქსემბურგი ევროპის პატარა ქვეყანაა, რომელსაც გერმანია, საფრანგეთი და ბელგია ესაზღვრება. ქვეყანაში სულ 614 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ურბანიზაციის დონე 91%-ია.

ლუქსემბურგის ეკონომიკის 86% მომსახურების სექტორზე მოდის. მომსახურებაში კი ყველაზე მაღალი წილი საფინანსო სექტორს უჭირავს. ის ევროპაში სიდიდით მესამე ფინანსური ცენტრია ლონდონის და ციურიხის შემდეგ. ლუქსემბურგში 150-მდე ბანკი და სხვა ფინანსური ინსტიტუტია თავმოყრილი, რომლებიც ძირითადად საერთაშორისო ფინანსებს ემსახურებიან. ლუქსემბურგი იქცა ინვესტიციების მართვის ცენტრად.

ლუქსემბურგში ბანკებს დაბალი გადასახადები და შედარებით მსუბუქი რეგულაციები იზიდავთ (ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით). ლუქსემბურგს კი სანაცვლოდ ბიუჯეტში მაინც მნიშვნელოვანი თანხა შესდის და ამასთან მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები იქმნება. 2009 წელს, დიდი ოცეულის სამიტზე, ლუქსემბურგის ბანკები ე.წ. “ნაცრისფერ სიაში“ შეიტანეს და ფინანსური გამჭვირვალობის დონის ამაღლება მოსთხოვეს, რადგან მისი საბანკო სისტემის საქმიანობა ახლოს იყო ოფშორული რეჟიმის მქონე ქვეყნების პრაქტიკასთან.

მეორე მსოფლიო ომამდე ლუქსემბურგი ღარიბი, სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებული ქვეყანა იყო. 1940-იან წლებში კი, ფინანსური სექტორის განვითარებამდე, ფოლადის წარმოება განვითარდა. მეტალურგია დღესაც მნიშვნელოვანი დარგია.

ლუქსემბურგს დაეხმარა ევროკავშირის წევრობა (რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი ქვეყანაა) და მეზობელი ქვეყნები. ლუქსემბურგში თითქმის სამჯერ მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობაა. გერმანელები და ფრანგები ყოველდღე კვეთენ ლუქსემბურგის საზღვარს, რომ სამსახურში მივიდნენ. ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ აქ უძრავი ქონების შეძენა ან ქირით აღება ძალიან ძვირია.

განვითარებულია ტურიზმიც, რადგან ლუქსემბურგს “ევროპის მწვანე გულს“ უწოდებენ და სიმწვანის გამო ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი ჩადის, რაც პატარა ქვეყნისთვის ცოტა არ არის. ასევე, აქ მდებარეობს რამოდენიმე ძველი და საინტერესო ციხე-სიმაგრე. ადგილობრივი მოსახლეობა სამ ენაზე – ლუქსემბურგულზე, გერმანულზე და ფრანგულზე საუბრობს. დაბალი გადასახადებია სიგარეტზე და ალკოჰოლზე და შესაბამისად, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, მათი მოხმარება გაცილებით იაფია. ლუქსემბურგს ასევე აქვს საკუთარი წარმოების ღვინო და ლუდი, რაც პოპულარობით სარგებლობს.

ლუქსემბურგი გამოირჩევა სტაბილური პოლიტიკური სიტუაციით და კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსით.

ბრიუსელის და სტრასბურგის მსგავსად, ლუქსემბურგი ევროკავშირის ინსტიტუტების სათაო ოფისების განთავსების ადგილია. აქ განთავსებულია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო, ევროპის აუდიტორთა სასამართლო, ევროპის პარლამენტის სამდივნო, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ფონდი და ა.შ.

საბოლოო ჯამში, ლუქსემბურგის სიმდიდრის მთავარი ფაქტორი საფინანსო სექტორია. შვეიცარია თუ ე.წ. “ევროპის ბანკია“, სადაც დიდი დანაზოგებია თავმოყრილი, ლუქსემბურგი ფინანსური ოპერაციების ცენტრია – საქმის კეთება ლუქსემბურგიდან უფრო იოლია.

გააზიარე