როგორ გამდიდრდა “ჰარლი-დევიდსონი“?
ბევრისთვის საოცნებო მოტოციკლების ბრენდი “ჰარლი-დევიდსონი“ მაღალი შემოსავლითაც გამოირჩევა. 2019 წელს კომპანიის შემოსავალმა 5.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მოგება კი 500 მლნ დოლარამდე ჰქონდა. კომპანიის აქტივები 10 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 6 მილიარდი დოლარი. დასაქმებული ჰყავს 5 ათასზე მეტი ადამიანი.
1901 წელს, აშშ-ში, ქალაქ მილოუკში ვილიამ ჰარლიმ მცირე ძრავიანი მოტოციკლის მოდელი შეიმუშავა, რომელიც ძალიან გავდა ველოსიპედს. ამ მოდელის შექმნაზე 2 წელი იმუშავა თავის ბავშვობის მეგობართან, ძმებ არტურ და ვოლტერ დევიდსონებთან ერთად. ისინი პატარა სახელოსნოში მუშაობდნენ, რომლის ფართობი 15 კვადრატული მეტრი იყო და კარზე “Harley-Davidson Motor Company“ ეწერა. 1903 წელს პირველი მოტოციკლ-ველოსიპედი ააწყვეს, რომელიც ძრავით გადაადგილდებოდა, მაგრამ აღმართში ასასვლელად პედლების დახმარება ჭირდებოდა. მომდევნო წლებში ძრავი გააუმჯობესეს და 1905 წელს “ჰარლი-დევიდსონმა“ პირველ წარმატებას მიაღწია – მოიგო 15 მილიანი დისტანციის მოტორბოლა ჩიკაგოში. 15 მილი 19 წუთში, დაახლოებით 75 კმ საათის სიჩქარით გაიარა.
რბოლაში გამარჯვებამ “ჰარლი-დევიდსონის“ მოტოციკლებზე მოთხოვნა შექმნა და კომპანიაში პირველი დაქირავებული თანამშრომლები აიყვანეს. 1905 წელს პირველი რეკლამაც განათავსეს ავტომობილებზე და მოტოციკლებზე მიძღვნილ ჟურნალში. ერთ წელში აწყობილი 5 მოტოციკლიდან 3 გაყიდეს. 1907 წელს კომპანიამ ახალი ქარხანა ააშენა და თანამშრომლების რაოდენობა 20-მდე გაზარდა.
ბიზნესის პარალელურად, 1907 წელს ვილიამ ჰარლიმ უნივერსიტეტში განათლება მიიღო მექანიკის ინჟინერიის სპეციალობით. ეს განათლება მას მოტოციკლების ხარისხის განვითარებაში და ახალი მოდელების შექმნაში დაეხმარა. მოტოციკლების გაუმჯობესებული ვერსიები ყოველ წელს გამოდიოდა. 1907 წელს უკვე 150 მოტოციკლი გამოუშვეს. 1909 წელს გამოშვებულ მოტოციკლებს 8 ცხენის ძალა ჰქონდა. კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კლიენტი პოლიცია გახდა, რომელიც პატრულირებისთვის მოტოციკლებს ყიდულობდა.
1912 წელს “ჰარლი-დევიდსონმა“ უკვე მოტოციკლების ექსპორტი დაიწყო, პირველი ქვეყანა იაპონია იყო, სადაც 200 ცალი გაიტანა გასაყიდად.
პირველი მსოფლიო ომის დროს “ჰარლი-დევიდსონის“ მოტოციკლების ნახევარი ჯარისთვის იწარმოებოდა. ამერიკის არმიამ ჯამში 20 ათასი მოტოციკლი შეისყიდა.
1920 წელს “ჰარლი-დევიდსონი“ მოტოცილკების წარმოებით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. მის მოტოციკლებს 2000 დილერი ყიდდა მსოფიოს 67 ქვეყანაში. 1921 წელს “ჰარლი-დევიდსონმა“ მოტორბოლა მოიგო სადაც მოტოციკლისთვის რეკორდული სიჩქარე 160 კმ/სთ განავითარა.
კომპანია არ წყვეტდა პროდუქციის გაუმჯობესებას და ახალი მოდელების გამოშვებას, მაგრამ 1929 წელს დაწყებული “დიდი დეპრესია“ მასაც შეეხო, წლიური გაყიდვები 21 ათასიდან 3,700-მდე შემცირდა. კრიზისთან გასამკლავებლად “ჰარლი-დევიდსონმა“ აქსესუარების წარმოება დაიწყო. ყველაზე პოპულარული მისი ტყავის ქურთუკები გახდა, რაც “ბაიკერებს“ დღემდე აღაფრთოვანებს.
მეორე მსოფლიო ომის დროს “ჰარლი-დევიდსონმა“ ამერიკის მთავრობისგან ისევ მსხვილი შეკვეთები მიიღო და ფაქტობრივად შეაჩერა სამოქალაქო მოტოციკლების წარმოება. მთავრობის შეკვეთები ძალიან დაეხმარა კომპანიას “დიდ დეპრესიამდე“ არსებულ წარმოებას დაბრუნებოდა. ომის დროს ჯარისთვის 60 ათასი მოტოციკლი გამოუშვა. ომის დასრულების შემდეგ კი სწრაფად გადაეწყო სამოქალაქო და სპორტული დანიშნულების მოტოციკლების წარმოებაზე. თუმცა, 1950-1952 წლებში “კორეის ომის“ დროს სამხრეთ კორეის ჯარისთვის აწარმოებდა მოტოციკლებს.
1950-იან წლებში მოტოციკლების მწარმოებელი იაპონური კომპანიები გაძლიერდნენ, განსაკუთრებით “სუზუკი“, “კავაზაკი“ და “იამაჰა“. 1959 წელს “იამაჰამ“ მოტოციკლების ამერიკაში გაყიდვა დაიწყო. კონკურენციის ზრდის გამო, “ჰარლი-დევიდსონმა“ მოტოციკლების მწარმოებელი რამდენიმე კომპანია შეისყიდა, მათ შორის “Tomahawk Boat Manufacturing Company“ და “ Aeronautica Macchi’s“. ამასთან, დაარსებიდან 62 წლის შემდეგ, 1965 წელს საჯარო კომპანია გახდა (აქციები გაყიდა) და ამ ნაბიჯით მნიშვნელოვანი კაპიტალი მოიზიდა. 1969 წელს კი კომპანია “American Machine and Foundry“-სთან გაერთიანდა. თუმცა, გაერთიანებამ კარგი შედეგი ვერ გამოიღო და 1981 წლიდან გამოეყო.
1982 წლიდან კომპანიას სათავეში ვილიამ დევიდსონი (დამფუძნებლის შვილიშვილი) ჩაუდგა. დევიდსონმა კიდევ გაყიდა კომპანიის აქციები და ამასთანავე მას დაეხმარა ისიც, რომ 1983 წელს ამერიკის მთავრობამ იმპორტირებულ მოტოციკლებზე 45%-იანი ტარიფი დააწესა.
1990 წელს კომპანიამ მისი ცნობილი მოდელი “Fat Boy” გამოუშვა, რაც ძალიან დაეხმარა გაყიდვების ზრდაში. 1998 წელს, კომპანიის 95 წლის იუბილეზე, ქალაქ მილოუკში გამართულ აღლუმში 140 ათასმა ბაიკერმა მიიღო მონაწილეობა.
2006 წელს “ჰარლი-დევიდსონმა“ ჩინეთში დაიწყო მოტოციკლების გაყიდვა, რამაც კომპანიის შემოსავალი და აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა. წლიურმა შემოსალმა 6 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2009 წლის მსოფლიო კრიზისის დროს კომპანიის შემოსავლები შემცირდა, მაგრამ 2010 წლიდან ინდოეთშიც დაიწყო მოტოციკლების გაყიდვა და 2014 წელს შემოსავლები კრიზისამდელ დონეს დაუბრუნდა. ბოლო წლებში “ჰარლი-დევიდსონი“ წელიწადში 250 ათასამდე მოტოციკლს ყიდის.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on May 17, 2024
- on May 8, 2024
- on April 23, 2024
- on April 10, 2024
- on March 26, 2024
- on March 19, 2024
- on March 7, 2024
- on February 29, 2024