როცა ბიზნესის კეთება გინდა
მათე ლიპარტელიანი – 17 წლის, სწავლობს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში, თანადამფუძნებელი BFgroup-ჰოლდინგ კომპანიისა, რომელიც მუშაობს სხვადასხვა ინდუსტრიაში. კომპანია სთავაზობს მომხმარებელს ICO კონსულტაციას და სხვადასხვა სერვისს. BFgroup-მა ააშენა სამაინერო დაწესებულება უფასო ეკონომოკურ ზონაში, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.
ხშირად მიფიქრია, თუ რამ გამიჩინა ბიზნესსამყაროსადმი ინტერესი.
საქართველო ჯერჯერობით განვითარების სტადიაშია. წარსულიდან მოყოლებული, ხშირად ვხედავდი ადამიანებს, ვისაც ძალიან უჭირდა და ეს ყოველთვის მაწუხებდა. ვფიქრობდი, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრის გამოსწორება. ადრე წარმომედგინა, რომ ეს პრობლემა მარტივად მოსაგვარებელი იყო, თუმცა შემდგომ გავაანალიზე, რომ საკმაოდ რთულია. საჭიროა ხალხის დამოკიდებულების შეცვლა ამ პრობლემასთან გამკლავებისათვის. წარსულში ქართველები ადგილობრივ მეწარმეებს ნეგატიურად უყურებდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ მათ არაკეთილსინდისიერად ჰქონდათ ნაშოვნი ფული. ახლაც არის მსგავსი დამოკიდებულება შემორჩენილი საქართველოში, მაგრამ ქართველი ფარ-ხმალს არ ყრის, რათა თავისი ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესოს.
ფიქრობენ, რომ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ფულის შოვნა, მხოლოდ ისინი, ვინც რაიმეს წარმოადგენდა, წარსულში კრიმინალი იყო. უნდა ითქვას, რომ შეიცვალა დროც და გარემოც. უკვე ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ბიზნესის წამოწყება თავისუფლად შეიძლება, მაგრამ არსებობს სხვა დაბრკოლებაც, რაც არა მარტო ჩვენს ქვეყანაში არამედ მთელ მსოფლიოში გვხვდება. ეს არის ახალგაზრდების ჩართულობა ბიზსნესსამყაროში. არსებობს სტერეოტიპი, რომ არასრულწლოვანს არ შეუძლია წარმატებულად მართოს ბიზსნესი. მე ეს ხედვა ყოველთვის მაწუხებდა, თუმცა მაინც არ მივაქციე ყურადღება და შევუდექი ბრძოლას, რათა დამერწმუნებინა გარშემომყოფები, რომ ყველას შეუძლია გახდეს ანტრეპრენიორი, მიუხედავად მისი წარმომავლობისა და ასაკისა.
ფინანსები – ეს ძალიან დელიკატური საკითხია, რომელზეც ბევრ ადამიანს საუბარი არ სურს, მაგრამ ფინანსების გარეშე მე ვერასოდეს გავხდებოდი დამოუკიდებელი. ჩემი მიზანი იყო მეტ-ნაკლებად ქველმოქმედება. რისთვის არსებობს ფული? ფული, უპირველეს ყოვლისა, არსებობს ხალხისთვის. ქვეყანა როდესაც მდიდარია და ეკონომიკურად განვითარებული, მისი მოქალაქეებიც შედარებით ბედნიერები და წარმატებულები არიან. ჩემი მიზანია ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესება ადგილობრივი პროექტების დაფინანსებით ან ხალხისთვის მაგალითის მიცემით, რომ თავადვე შეეძლოთ ბიზნესის წამოწყება.
როდესაც პირველად გადავწყვიტე, ბიზნესისთვის მომეკიდა ხელი, მივხვდი, რომ ის ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდებოდა. ალბათ ყველამ იცის, რა საშინელი შეგრძნებაა, როდესაც შენს მიზნებს ვერ აღწევ და ყველაფერი უშედეგოდ სრულდება. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება.
ერთ-ერთი პირველი იდეა, რომლის განხორციელებაც გადავწყვიტე, სმარტფონების მომხმარებლებისათვის იყო განკუთვნილი. მაშინ 13 წლის ვიყავი. მიმაჩნდა, რომ იმ დროისთვის ჩემი იდეა ინოვაციური იყო. ახლა რომ ვიხსენებ, ბავშვურ აკვიატებად აღვიქვამ ამ პროექტს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ პროექტმა ჩაუყარა საფუძველი ჩემს ბიზნესმოღვაწეობას. ეს ჩემი პირველი და ყველაზე ემოციური პროექტი იყო, რადგან წარუმატებლობა და მარცხი განვიცადე. როდესაც ჩემი კლასელები და მეგობრები ისვენებდნენ ზაფხულის არდადეგებზე, მე და ჩემი მეგობარი ალექსი, რომელიც ჩემზე ერთი წლით უფროსია, პროგრამირებას ვსწავლობდით და მთელ ჩვენს ზაფხულის თავისუფალ დროს ამ პროექტს ვწირავდით. მის განხორციელებას ორი თვე მოვანდომეთ. ვამოწმებდით და ვტესტავდით პროგრამის ყველა მხარეს, რათა მომხმარებელს არანაირი პრობლემა არ შეჰქმნოდა. დავუკავშირდით დიზაინერებს და ლოგოც გავაკეთეთ. პროექტი დავასრულეთ. დრო გავიდა და ერთხელაც მირეკავს ალექსი და მეუბნება,
რომ მამამისმა გაიგო პროექტის შესახებ, მიხვდა, რა შრომაც ჩავდეთ ამ ყველაფერში და ამიტომ დაგვაკავშირა თავის ყოფილ კოლეგასთან შტატებში, სახელად ერიკ ესტერლისთან, რომელიც საკმაოდ ცნობილი კომპანიის, InterActiveCorp-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ. ჩვენ ვიცოდით, რომ ასეთი რამ იშვიათად ხდებოდა ცხოვრებაში, ამიტომაც პროექტის გაფართოება და შტატებში პრეზენტაციის სახით გატანა გადავწყვიტეთ, რისთვისაც აშშ-ში ჩასვლა იყო საჭირო. მე და ალექსი ორივე ძალიან მოტივირებული ვიყავით. ვიცოდით, რომ ჩვენი იდეის მოწონების შემთხვევაში ერიკის კოლეგები დაგვაფინანსებდნენ ან ჩვენი პროდუქტის წარმატებულად შეფუთვაში დაგვეხმარებოდნენ.
ნიუ-იორკში IAC შენობის მე-9 სართულზე ავედით. ერიკმა ღიმილით მიგვიღო. პრეზენტაცია დავიწყეთ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ბოლოს კი ერიკმა თქვა: “ბიჭებო, ძალიან პატარები ხართ ამ პროექტისთვის”, ახლაც, ამ მომენტს რომ ვიხსენებ, ვგრძნობ იმ ტკივილს, მაშინ რომ განვიცადე.
ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ არასოდეს დამიკარგავს ინტერესი ბიზნესსამყაროს მიმართ. დრო გავიდა და კიდევ ერთი პროექტის იდეა მომივიდა თავში აზრად, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში საქონლის შემოტანას ეხებოდა. ეს იდეა საინტერესო იყო, რადგან ორივე ქვეყანას ჰქონდა ისეთი პოლიტიკა, რომელიც მეწარმეებს აძლევდა გადასახადების გარეშე საქონლის იმპორტ/ექსპორტის უფლებას. თავდაპირველად საქონლის შემოტანა და ადგილობრივი ecommerce-პლატფორმების საშუალებებით მისი გაყიდვა გადავწყვიტე. ბიზნესი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ბევრმა კლიენტმა შეიძინა პროდუქტი, თუმცა ამ ფაქტს წარმატებად მაინც ვერ აღვიქვამ: მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ოდენობის თანხა შემომდიოდა, მაინც ბიზნესის გაფართოებაზე ვფიქრობდი. სამწუხაროდ, ამ ბიზნესში არ იყო საკმარისი პოტენციალი მომავალში წარმატების მისაღწევად. მინდოდა ახალი გზების ათვისება და სხვა უფრო საინტერესო ბიზნესპროექტებში ჩართვა. მაშინ გადავწყვიტე, ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის გაყიდვა შემეწყვიტა, რადგან გარდა იმისა, რომ ამ საქმიანობით შემოსული თანხა მომავალი პროექტების ინვესტიციისთვის საკმარისი არ იქნებოდა, ამ პროექტს ძალიან ბევრი დრო მიჰქონდა. ამიტომ გადავწყვიტე, ჩავრთულიყავი საფონდო ბირჟაში, რათა ჩემი მომავალი პროექტების დაფინანსება შემძლებოდა. გარკვეული დროის შემდეგ უფრო მეტი გავიგე ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის შესახებ. ჩემს ყურადღებას ის ფაქტორი იზიდავდა, რომ კრიპტოვალუტა, ტრადიციული აქციებისგან განსხვავებით, მოკლევადიანია და მისი ფასები სწრაფად იცვლება. ამიტომაც დავაარსე ჰოლდინგ-კომპანია Bfgroup-ი, ბექა ვაშაკიძესთან ერთად, რომელიც ახლა Ambit Mining-ის აღმასრულებელი დირექტორია. ჩვენ განვახორციელეთ ინვესტიციები სხვადასხვა პროექტში, და ამასთან ერთად ქველმოქმედებით საქმიანობას ვეწეოდით. ასევე შევისყიდეთ მაინერები და მოვათავსეთ უფასო ეკონომიკურ ზონაში. თავის დროზე საკმაოდ დიდი მოგება ვნახეთ და ჩვენს პროექტში ჩადებული ინვესტიცია წარმატებულად ამოვიღეთ. ამ კონკრეტულ მომენტში ბირჟა არასტაბილურ მდგომარეობაშია, თუმცა ვფიქრობ, მას მომავალი აქვს.
ჩემი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი პრობლემა ალბათ ის არის, რომ ჩვენ ძირითადად იმპორტით ვართ დაკავებულები, რაც დამასუსტებელი ფაქტორია, რადგან ფული ქვეყნის საზღვრებს გარეთ მიედინება. როდესაც ბიზნესის დაწყება მინდოდა, საქართველო განვითარებად ქვეყნად მიიჩნეოდა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ამ ტიპის ქვეყნებს ბიზნესის კუთხით უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე შედარებით განვითარებულ ქვეყნებს. ჩვენს ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი ბიზნესსექტორში, რადგან განთქმულები ვართ ღვინის კულტურით და მრავალფეროვანი სასმელებით.
ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ ყველას აქვს საშუალება, გაიკაფოს გზა წარმატებისაკენ. მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა ასაკისაა ეს პიროვნება. მთავარია, ადამიანმა დაისახოს მიზანი და მისკენ მიისწრაფოდეს. ვფიქრობ, მომავალში მომეცემა საშუალება, გავაფართოო ჩემი ბიზნესხედვა და ჩვენი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად მეტი წარმატებული პროექტი განვახორციელო.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on January 18, 2019
- on January 17, 2019