სამედიცინო ბაზრის მორალური რისკი

სამედიცინო ბაზრის მორალური რისკი

ჯანდაცვის სექტორი, ეკონომიკის სხვა დარგებისაგან განსხვავებით, თავისი სპეციფიკურობით ხასიათდება, რაც ეკონომიკური ურთიერთობების განსაკუთრებულ ფორმებს განაპირობებს.

ერთ წერილში შეუძლებელია სამედიცინო ბაზრის მრავალი თავისებურების საფუძვლიანი განხილვა და შევეცდები სხვა წერილებიც მივუძღვნა ამ მართლაც ფუნდამენტურ საკითხს.

წინამდებარე წერილში განვიხილავ სამედიცინო ბაზრის მორალურ რისკს, ბაზრის ორი მთავარი მონაწილის – პაციენტისა და ექიმის კუთხით, კერძოდ, მათ შორის ეკონომიკურ ურთიერთობას, თუ რით განსხვავდება იგი ჩვეულებრივ ბაზარზე მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის არსებული ურთიერთობისგან და რით არის განპირობებული ეს განსხვავება?

სამედიცინო ბაზარზე, ხშირ შემთხვევაში, მოსალოდნელია პაციენტისა და ექიმის ქცევის ცვლილება, რომელსაც ეკონომიკური თეორიის მიხედვით მორალური რისკს (Moral Hazard) უწოდებენ.

მორალური რისკი გაცნობიერებულ იქნა 1960-იან წლებში, სამედიცინო ბაზრის ნეგატიური მხარეების კვლევის დროს. მორალური რისკის ორი სახე არსებობს: ექიმის (მიმწოდებლის) მორალური რისკი და პაციენტის (მომხმარებლის) მორალური რისკი.

ექიმის მორალური რისკი ჯანდაცვის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ჩვეულებრივ ბაზარზე საწარმოები ცდილობენ საქონლის ისეთი რაოდენობა აწარმოონ და მასზე ისეთი ფასი დააწესონ, რომლითაც შესაძლებელი იქნება მაქსიმალური მოგების მიღება. მოგებაზე, თავის მხრივ, გარკვეულ გავლენას ახდენს ბაზრის შეზღუდული მოთხოვნა.

სულ სხვა მდგომარეობაა სამედიცინო ბაზარზე არსებული “ექიმი-მიმწოდებლის”, ანუ “ექიმი-მეწარმის” შემთხვევაში. ექიმს, როგორც სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს მოგების მაქსიმალურად მისაღებად ექიმს განსხვავებული სტიმული გააჩნია, ვიდრე ჩვეულებრივ ბაზარზე არსებულ მეწარმეს. ერთი მხრივ, ექიმი დაინტერესებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით, მეორე მხრივ, იგი საქმიანობას ეწევა თავისი შემოსავლების გაზრდის მიზნით.

ჯანდაცვის ეკონომისტის ა. ევანსის მიხედვით, “ექიმის ცნობიერება გახლეჩილია. ექიმს, როგორც მიმწოდებელს გააჩნია საკუთარი ინტერესები, რაც ნაწილობრივ შესაბამისობაშია და ნაწილობრივ წინააღმდეგობაშია პაციენტის ინტერესებთან. იგი გაორებულ მდგომარეობაშია. ერთი მხრივ, იგი ცდილობს პაციენტს ურჩიოს პაციენტის ინტერესების შესაბამისად, მეორე მხრივ, კი პაციენტთან მოქმედებს საკუთარი ინტერესებისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ეკონომიკური ანალიზი, რომელიც ტარდება მიმწოდებლების ინტერესების, მოგებისა და შემოსავლების შესაფასებლად, ბუნდოვნად წარმოგვიჩენს ასეთ გაორებულ მდგომარეობას”.

აღნიშნული განპირობებულია სამედიცინო ბაზარზე ექიმის განსაკუთრებული როლით. ექიმი გვევლინება როგორც მიმწოდებელი, ასევე მოთხოვნის განმსაზღვრელი.

ექიმებს, როგორც მომსახურების მიმწოდებლებს, გარდა პაციენტთა მდგომარეობის შეფასებისა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარებისა, გააჩნიათ ეკონომიკური ინტერესები, რაც ქმნის მომსახურების ჭარბი მოცულობით გაწევის პოტენციურ პირობებს. ეკონომიკური თეორიის მიხედვით, ასეთ სიტუაციას მიწოდებით პროვოცირებული მოთხოვნა, ანუ მიმწოდებლის მიერ სტიმულირებული მოთხოვნა (Supply Induced Demand) ეწოდება.

ექიმის ასეთი მდგომარეობა მისი ეკონომიკური და სამედიცინო ინტერესების კონფლიქტს იწვევს. ითვალისწინებს რა პაციენტის არასაკმარის ინფორმირებას, ექიმი უარყოფითად იყენებს თავისი ცოდნის უპირატესობას. შემოსავლების გაზრდის მიზნით, იგი ცდილობს პაციენტს თავს მოახვიოს ის პროცედურები, რაც მას ნაკლებად ან სავსებით არ სჭირდება, დანიშნოს ძვირადღირებული მედიკამენტები და მომსახურების ის სახეები, რაც სამედიცინო დაწესებულების სრულ დატვირთვას უზრუნველყოფს. ასეთი უარყოფითი მოტივაციის შედეგად ხელოვნურად იზრდება გასაწევი სამედიცინო დახმარების მოცულობა. 

სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებთა მოტივაციები დამოკიდებულია სამედიცინო დახმარების ღირებულებაზე, მისი შემოსავლების ზომაზე, ანაზღაურების მეთოდზე, სერვისების მიწოდების სისტემაზე (ფრაგმენტიზებული თუ ინტეგრირებული სერვისები). ძვირადღირებული პროცედურის შემთხვევაში იზრდება სამედიცინო მომსახურების რაც შეიძლება მეტი რაოდენობით ჩატარების სტიმული. პირიქით, დაბალი ფასის დროს მცირდება აღნიშნული დაინტერესება.

ექიმის მხრიდან უარყოფითი მოტივაცია განსაკუთრებით აღინიშნება მცირე ხელფასის შემთხვევაში. დაბალი შემოსავლებისას იგი დაინტერესებულია საჭიროზე მეტი სამედიცინო დახმარება ჩაატაროს და ამით ხელოვნურად გაზარდოს საკუთარი შემოსავალი. აღნიშნული განსაკუთრებით დამახასიათებელია ისეთი დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა.

ექიმის ქცევაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ანაზღაურების მეთოდი. როდესაც ექიმის ანაზღაურება ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, იზრდება მისი მხრიდან “მორალური რისკი”, რადგანაც ამ დროს მისი შემოსავალი დამოკიდებულია თითოეული ჩატარებული სამედიცინო დახმარების სახესა და რაოდენობაზე. ქვეყნებში, სადაც ამბულატორიული სამედიცინო დახმარების ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს მიხედვით ანაზღაურების მეთოდით ხორციელდება, სამედიცინო დახმარების მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება იმ ქვეყნებისას, სადაც ანაზღაურება ხდება თითოეულ პაციენტზე ფიქსირებული თანხის (სულადობრივი) მიხედვით.

გერმანიასა და საფრანგეთში, სადაც ანაზღაურება სერვისების მიხედვით ანაზღაურების მეთოდით ხორციელდება, ამბულატორიული მიმართვიანობა შეადგენს შესაბამისად 11,5 და 7,2 თითო სულზე. დიდ ბრიტანეთში, სადაც ანაზღაურების სულადობრივი მეთოდია გავრცელებული, ერთ სულზე საშუალოდ 5,5 მიმართვაა წელიწადში. აშშ-ში, სადაც გავრცელებულია შესრულებული სამუშაოს მიხედვით ანაზღაურების მეთოდი, ექიმები შედარებით ხშირად, ვიდრე სხვა ქვეყნებში, ნიშნავენ ძვირადღირებულ გამოკვლევებს.

სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა ქცევაზე, აგრეთვე, გავლენას ახდენს სერვისების მიწოდების სისტემა, კერძოდ, ქვეყნებში პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების დონე. რაც უფრო ნაკლებადაა განვითარებული პირველადი ჯანდაცვა მით ზრდება როგორც ექიმთა, ასევე პაციენტთა მორალური რისკები.

პაციენტის მორალური რისკი ძირითადად ორ ფაქტორთანაა დაკავშირებული. დაზღვევა მომხმარებლის სხვადასხვა სახის არარაციონალურ ქცევას, გარკვეულ უარყოფით სტიმულებს განაპირობებს. დაზღვეული შედარებით ნაკლებად ფიქრობს ავადმყოფობაზე, ნაკლებად ზრუნავს დაავადების პრევენციაზე, ცხოვრების ჯანსაღ წესზე. აღნიშნული ზრდის ავად გახდომის რისკს და შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მოხმარებას.

დაზღვევის შემთხვევაში, როდესაც პაციენტის მკურნალობის ხარჯებს ნაწილობრივ ან მთლიანად იხდის მზღვეველი, პაციენტს არ აქვს ფასის “სიგნალი”, რომელიც არეგულირებს მომსახურების მოხმარების მოცულობას. შედეგად, წარმოიქმნება “უფასო” სამედიცინო მომსახურების ზედმეტად მოხმარების პრობლემა. პაციენტს უჩნდება ცთუნება ზედმეტად მოიხმაროს სამედიცინო მომსახურება, კერძოდ, ჩაიტაროს სამედიცინო მომსახურება მაშინაც კი, როდესაც იგი არ არის აუცილებელი, მოითხოვოს ძვირადღირებული სამედიცინო ტექნოლოგია, მედიკამენტები და ა. შ.  

ექიმი, მეტი ინფორმირებულობისა და ჯანდაცვის სფეროში განსაკუთრებული როლის გამო, ზღუდავს არამარტო პაციენტის სტიმულს, არამედ მის არჩევანსაც. ამასთან, პაციენტის არარაციონალური ქცევა შეიძლება დაემთხვეს ექიმის დაინტერესებას – გაზარდოს მომსახურების მოცულობა, რაც კიდევ უფრო ზრდის შედარებით ძვირადღირებული, მაგრამ შეიძლება კლინიკურად არააუცილებელი მომსახურების მოცულობას. ამგვარად, სახეზეა ჯანდაცვაში ხარჯვითი მექანიზმის ფორმირება: იზრდება სამედიცინო დახმარების ძვირადღირებული სახეების წილი და მკურნალობის შემთხვევაზე დანახარჯები, ხოლო მცირდება დაინტერესება დაავადებათა პროფილაქტიკასა და შედარებით იაფი, მარტივი, მაგრამ ეფექტური სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებაზე. 

მორალური რისკების შემცირების მექანიზმები

საქართველოში ზოგიერთი ექსპერტი მორალური რისკების შემცირებისათვის უმთავრეს აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის როლზე (ეგნატე შამუგია. საყოველთაო ჯანდაცვის მორალური რისკი. Forbes Georgia, 11/02/2020).    

სამედიცინო ბაზარზე პაციენტისა და ექიმის მხრიდან მორალური რისკების შემცირება შესაძლებელია მხოლოდ სისტემური მიდგომით, რომელშიც თავისი როლი აქვს როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორს. მორალური რისკების შემცირების მრავალი მექანიზმი არსებობს, რომლებიც უნდა განვიხილოთ სისტემურ ჭრილში.

სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა მორალური რისკების შემცირების ერთ-ერთი მექანიზმია პირველადი ჯანდაცვის სისტემა. ქვეყნებში, სადაც ნაკლებადაა განვითარებული პირველადი ჯანდაცვის სისტემა და არ ხდება ოჯახის ექიმის მიერ პაციენტისათვის გასაწევი სამედიცინო მომსახურების მართვა, კოორდინაცია, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები ცდილობენ საჭიროების მიუხედავად თავისთან დააკავონ პაციენტი, ჩაუტარონ საჭიროზე მეტი მომსახურება, რაც ზრდის როგორც პაციენტის ასევე სახელმწიფო ხარჯებს. გარდა ამისა, ასეთ ქვეყნებში ნაკლებ ყურადღებას აქცევენ პრევენციული სერვისების მიწოდებას, რადგან პრევენცია გულისხმობს დაავადებათა განვითარების ადრეულ ეტაპზე აღმოფხვრას. მათ ინტერესშია უკვე ჩამოყალიბებული დაავადებების მკურნალობა ვიდრე პრევენციის შედეგად ამ დაავადებათა აღმოფხვრა, რადგან რაც უფრო მეტი დაავადებაა სამკურნალო, მით მეტია მათი დაფინანსება. ამგვარად, ექიმის და სამედიცინო ორგანიზაციების მორალური რისკების შესამცირებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარებას, რადგან პრევენციული  ღონისძიებები ტარდება პირველადი ჯანდაცვის დონეზე.

სამედიცინო ბაზარზე არსებული მორალური რისკების შემცირებაში ასევე მნიშვნელოვანია მესამე მხარის დამფინანსებლის როლი (სადაზღვევო ფონდი, ჯანდაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო). დამფინანსებელი განსაზღვრავს სამედიცინო დახმარების ფასს, გარკვეულწილად მონაწილეობს ექიმებისათვის ანაზღაურების დადგენის პროცესშიც. ამგვარად, იგი სამედიცინო ბაზარზე მარეგულირებელ ფუნქციასაც ასრულებს და მნიშვნელოვნად ზღუდავს ექიმის გადაწყვეტილებას მკურნალობის პროცესში და შესაბამისად, ამცირებს უარყოფით სტიმულს.

პაციენტის მხრიდან მორალური რისკების შემცირების ერთ-ერთი მექანიზმია პაციენტის თანამონაწილეობა (თანაგადახდა, თანადაზღვევა) სამედიცინო მომსახურების გარკვეულ ნაწილის ხარჯების დასაფარად. იგი ამცირებს პაციენტის მიერ სერვისების ჭარბად მოხმარების სტიმულს და ახდენს სამედიცინო მომსახურების მოთხოვნის ლიმიტირებას. საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით გარკვეულ სერვისებზე გათვალისწინებულია პაციენტის თანაგადახდა. თუმცა, მიზანშეწონილია, მისი უფრო ფართოდ გამოყენება. ამასთან გასათვალისწინებელია თანაგადახდებისადმი მოსახლეობის სხვადასხვა ფენების დიფერენცირებული მიდგომა.

ექიმების ანუ სამედიცინო დახმარების მიმწოდებლების მორალური რისკების შემცირების მიზნით გამოიყენებენ სამედიცინო ორგანიზაციების და ექიმების ანაზღაურებას პროსპექტული, ანუ წინასწარ განსაზღვრული დაფინანსების მეთოდებით. ანაზღაურების ასეთი მეთოდებია: სულადობრივი ანაზღაურება, სამედიცინო მომსახურების დაფინანსება გლობალური ბიუჯეტის მეთოდით, დასრულებული შემთხვევების ასანაზღაურებლად DRG (დიაგნოზით შეჭიდული ჯგუფების) მეთოდის გამოყენება, ანუ დასრულებული შემთხვევების ანაზღაურება წინასწარ დადგენილი ტარიფებით, ფონდის მესაკუთრე (Fundholding) სქემების გამოყენება (ბრიტანეთში პირველადი ჯანდაცვის ექიმები შეისყიდიან საკუთარი პაციენტისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას).

დაფინანსების აღნიშნული მეთოდები ამცირებენ სამედიცინო ორგანიზაციებისა და პერსონალის მორალურ რისკებს დაუსაბუთებელი ჰოსპიტალიზაციისა და ძვირადღირებული პროცედურების დანიშვნის ხარჯზე გაზარდონ თავისი შემოსავლები.

სამედიცინო ბაზარზე მორალური რისკების შემცირებაში მნიშვნელობა ენიჭება   სამედიცინო ორგანიზაციების საქმიანობის სათანადო მონიტორინგის სისტემის განვითარებას ქვეყანაში.

მონიტორინგის სისტემას იყენებენ როგორც ერთი გადამხდელის სისტემის ქვეყნები, ასევე ქვეყნები, სადაც მრავალი გადამხდელი სისტემა არსებობს. ერთი გადამხდელის სისტემა გულისხმობს, რომ სახელმწიფო ჯანდაცვით პროგრამებს აფინანსებს ერთი სახელმწიფო ორგანიზაცია. მაგალითად, საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს სოციალური მომსახურების სააგენტო, ანუ ერთი გადამხდელი სისტემაა განვითარებული. მრავალი გადამხდელის სისტემა გულისხმობს, რომ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას ახორციელებენ მრავალი სადაზღვევო ფონდები. ასეთ სისტემას კონკურენტულ სადაზღვევო მოდელსაც უწოდებენ.

ერთი გადამხდელის სისტემის დროს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს სოციალური მომსახურების სააგენტო, სუსტია ხარჯების მონიტორინგი. ძალიან ძნელია ერთმა გადამხდელმა შეამოწმოს სამედიცინო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაო, რამდენად რეალურია და დასაბუთებულია საავადმყოფოს მიერ მოთხოვნილი თანხა, ხომ არ ხდება დიაგნოზის გაყალბება, დაავადების გამწვავება (გაურგენტულება) და ა.შ. ჯანდაცვის სამინისტროს არც ამის შესაძლებლობა აქვს და არც შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები ჰყავს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ზედამხედველობა. ამას მოწმობს გადაუდებელი ამბულატორიის და გადაუდებელი ქირურგიული შემთხვევათა რაოდენობის არანორმალურად მკვეთრი ზრდა, რაც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.

ერთი გადამხდელის სისტემის ქვეყნებში სამედიცინო ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტური მონიტორინგის მიზნით სახელმწიფო ქირაობს სპეციალურ ორგანიზაციას, ე.წ. Third Party (მესამე მხარე), რომელიც შუამავალი იქნება სახელმწიფოსა და სამედიცინო ორგანზაციებს შორის. აღნიშნული ორგანიზაცია მაღალანაზღაურებადი კადრების მეშვეობით მართავს სამედიცინო შემთხვევების უტილიზაციას, რომელთა „გადაბირებას“ სამედიცინო ორგანზაციები ვერ ახერხებენ. ასეთი სახის მონიტორინგს მრავალი ქვეყანა მიმართავს. სახელმწიფოს შეუძლია უცხოური კომპანიაც მოიწვიოს და მას მიანდოს სამედიცინო შემთხვევების უტილიზაციის მართვა.  

მონიტორინგის ორგანიზაციები მიმართავენ მოთხოვნის მენეჯმენტს, რაც გულისხმობს ისეთ ქმედებებს, რომლებიც გავლენას მოახდენენ მომავალში სამედიცინო სერვისების მოთხოვნაზე. მაგალითად, ექიმის მიერ ყოველდღიურად ოცდაოთხსაათიანი სატელეფონო რჩევების განხორციელება პაციენტებზე. ასეთი სახის კონსულტაციები მკვეთრად ამცირებენ სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნებს და შესაბამისად ხარჯებს. გარდა ამისა, მონიტორინგის ორგანიზაციები ახორციელებენ სერვისებზე კონტროლს, რისთვისაც ახდენენ პაციენტის სტაციონარში გახანგრძლივებული დაყოვნების, ასევე, რთული, ქრონიკული, მაღალხარჯიანი სამედიცინო სერვისების დეტალურ შესწავლას. ამასთან, მონიტორინგის ორგანიზაცია თავის წარმომადგენელს აგზავნის საავადმყოფოში, რათა მოხდეს თითოეული პაციენტის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევის, მასზე ჩატარებული სერვისების შესწავლა. დგინდება თუ რამდენად შესაძლებელია პაციენტის ბინაზე გაწერა. როდესაც სტაციონარში დაყოვნების ხანგრძლივობა აღემატება წინდაწინ დადგენილ დღეებს, ხდება პაციენტის კლინიკური მონაცემების შეგროვება.

გაწეული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის თვალსაზრისით, აშშ-ში, მთავრობის ინიციატივით 1995 წლიდან მოქმედებს სპეციალური ორგანიზაციები, რომლებიც აფასებენ ექიმთა საქმიანობას. ასეთ ორგანიზაციებს შეუძლიათ არაადეკვატური საექიმო საქმიანობისათვის ექიმთა დისკვალიფიკაცია.

მრავალი გადამხდელი სისტემის დროს, როდესაც ქვეყანაში განვითარებულია კონკურენტული სადაზღვევო მოდელი, სახელმწიფოსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს შორის ერთვებიან სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც ხარჯების კონტროლის და შეკავების მიზნით ფართოდ იყენებენ სამედიცინო ორგანიზაციების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგისა და მართვის მეთოდებს.

გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ შემთხვევაში, როდესაც ვსაუბრობთ სამედიცინო ბაზარზე არსებული მორალური რისკების შემცირებაში სადაზღვევო ფონდის როლზე, მხედველობაში გვაქვს სოციალური დაზღვევის ფონდი ან კერძო არამომგებიანი სადაზღვევო ფონდი (რომლებიც ჩვენგან განსხვავებით ფართოდ არის გავრცელებული როგორც განვითარებულ ასევე განვითარებად ქვეყნებში) და არა კერძო მომგებიანი სადაზღვევო კომპანია.

კერძო მომგებიანი სადაზღვევო კომპანია ნაკლებად აზღვევს, ან უმეტეს შემთხვევაში საერთოდ არ აზღვევს მოსახლეობის იმ კონტინგენტს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სამედიცინო მომსახურება: ღარიბებს, საპენსიო ასაკის პირებს, ქრონიკულ ავადმყოფებს… ამ კატეგორიის მოსახლეობისათვის დამახასიათებელია ჯანმრთელობის მაღალი რისკი, შესაბამისად, მათზე მოსალოდნელია მაღალი ხარჯები, რაც კერძო მომგებიანი სადაზღვევო ფონდისათვის მიუღებელია. სწორედ ასეთი მაღალრისკიანი მოსახლეობისათვის შეიქმნა სოციალური დაზღვევის ფონდი. 

სამწუხაროდ, საქართველოში ექსპერტებს ავიწყდებათ ეს მარტივი ჭეშმარიტება და თვლიან, რომ სამედიცინო ბაზარზე პაციენტების და ექიმების განსაკუთრებული ქცევისა და მისით გამოწვეული უარყოფითი შედეგების მინიმიზაცია შესაძლებელია კერძო მომგებიანი სადაზღვევო კომპანიის მიერ. მათი მტკიცებით, მორალური რისკის უნარი და ინტერესი კერძო სადაზღვევო კომპანიას და მის თანამშრომელს უფრო მეტად აქვს, ვიდრე საჯარო ორგანიზაციას. ამ დროს, საერთოდ არ ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ კერძო მომგებიანი სადაზღვევო ფონდი ნაკლებად აზღვევს, ან უმეტეს შემთხვევაში საერთოდ არ აზღვევს მოსახლეობის იმ კონტინგენტს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სამედიცინო მომსახურება.

მორალური რისკების შემცირებაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მარეგულირებელი როლი. პაციენტთა ინტერესების დასაცავად სახელმწიფო ადგენს სამედიცინო პერსონალის საქმიანობის საკანონმდებლო რეგულირებას, ახდენს სამედიცინო ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგს, უზრუნველყოფს პაციენტის ინფორმირებულობის ამაღლებას.

მორალური რისკების შემცირების მიზნით, ასევე გამოიყენება სელექტიური კონტრაქტირება, რადგან მისი მეშვეობით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად სამედიცინო დაწესებულებების შერჩევას სახელმწიფო ახდენს სპეციალური ინდიკატორების საფუძველზე. სელექტიური კონტრაქტირება ხელს უწყობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებას, რადგან სახელმწიფო კონტრაქტს აფორმებს ისეთ კლინიკებთან, სადაც სამედიცინო მომსახურების გაცილებით მაღალი ხარისხია.

ამგვარად, რადგან ჩვეულებრივ ბაზრისგან განსხვავებით, სამედიცინო ბაზარზე მიწოდება განსაზღვრავს მოთხოვნას და სახეზეა მიწოდებით პროვოცირებული მოთხოვნა, ანუ მიმწოდებლის (ექიმის, სამედიცინო ორგანიზაციის) მიერ სტიმულირებული მოთხოვნა, მომხმარებელსა და მიმწოდებელს ანუ პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობაში აღნიშნება მორალური რისკები, იცვლება პაციენტისა და ექიმის ქცევა. ეკონომიკური ურთიერთობების ასეთი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი ბაზრისაგან განსხვავებული ფორმები მოითხოვს ჯანდაცვის სფეროს რეფორმირებისადმი სისტემურ მიდგომებს, რომელშიც მნიშვნელობა ენიჭება როგორც სახელმწიფოს მარეგულირებელ როლს, ასევე კერძო სექტორს.

გააზიარე