სამი სამიტი მექაში

სამი სამიტი მექაში

მიყოლებით, სამი დღის განმავლობაში, მუსლიმთა წმინდა ქალაქ მექაში სამი სამიტი შედგა.

საუდის არაბეთის მეფე სალმანი მასპინძლობდა სპარსეთის ყურის ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს, არაბთა ლიგისა და ისლამურ სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებსა და მაღალი რანგის წარმომადგენლებს (ნიშანდობლივია, რომ იზოლაციაში მოქცევის შემდეგ, ყურის ქვეყნების სამიტზე პირველად გამოჩნდა ყატარის პრემიერ-მინისტრი. მართალია, მეფე სალმანი მის გარდა ყველას პირზე კოცნით მიესალმა!!!, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ ყინული დაიძრა). ვისაც აღმოსავლეთი უყვარს, ვისაც დიპლომატიის ნიუანსები ესმის, ვისაც ქვიშიანი ბარხანების ნამდვილი მეფეების მანევრები აინტერსებს, ვისაც ბოლო ბოლო მშვიდობა გვინდა,  რამადანის დროს მუსლიმთა წმინდათა წმინდა სალოცავ ქალაქ მექაში ნამდვილი ფოიერვერკი იყო. განსაკუთრებულ მისტიკას სძენდა ამ სამიტებს მათი შუაღამეს ჩატარებაც, ვინაიდან, როგორც გითხარით ახლა რამადანია და, შესაბამისად, დღისით კეთილმორწმუნე მუსლიმები მარხულობენ. 

სამიტებზე განხილული თემები თავისთავად იმდენად აქტუალური იყო, რომ სამი სამიტი კი არა, გაერო-ს გენერალური ასამბლეაც კი უნდა გამართულიყო მექაში, ვინაიდან საქმე ეხებოდა მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში, შესაბამისად,  მთელს აზიაში და, გნებავთ, მთელს მსოფლიოშიც კი.

ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის სასტიკი მკვლელობის შემდეგ საუდის არაბეთი შედარებით დაბალ სიმძლავრეებზე იყო გადასული და მისი ძალისმხევის დიდი ნაწილი საერთაშორისო წნეხის განეიტრალებისკენ იყო მიმართული. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მათი მცდელობები ამ მიმართულებით არცთუ წარუმატებელია (დიდ არს შავი ოქრო და არა მხოლოდ!!!). რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ზოგადად სამეფოს ინტერესების გატარების კუთხით რამე უკანდახევას ჰქონდა ოჯახის მხრიდან ადგილი. მით უმეტეს, როდესაც უკანასკნელ პერიოდში უმწვავესად დაიძაბა ვითარება სპარსეთის ყურეში და საქმე ირანთან სამხედრო დაპირისპირების რეალურ საფრთხემდეც კი მივიდა. მნიშვნელოვანი ამერიკული სამხედრო ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციამ რეგიონის ხმელეთზე, წყალსა და ჰაერში, აშშ-სა და ირანის ლიდერების და გავლენიანი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულმა უმწვავესმა განცხადებებმა დენთის (და მასთან ერთად ნავთის) კასრს თითქმის ცეცხლიც კი წაუკიდა კატასტროფული მასშტაბით ასაფეთქებლად, თუმცა აფეთქებით რეალობაში საზღვაო მინები აფეთქდა, რომელმაც ომანის ზღვაში მცურავი ემირატების და ნორვეგიული დროშით მცურავე ნავთობის დანკერები დააზიანა. აგრეთვე, აფეთქებები მოხდა საუდის არაბეთის ნავთობსადენების ინფრასტრუქტურაზეც.

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა, რომელსაც ირანში ხელისუფლების ცვლილების პროექტის სულისჩამდგმელადაც მიიჩნევენ, (არცთუ უსაფუძვლოდ) განაცხადა კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, რომ პრაქტიკულად დარწმუნებით შეიძლება ითქვას აფეთქებებში ირანის და/ან მის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული დაჯგუფებების მონაწილეობის შესახებ. ეს განცხადება ბატონმა ბოლტონმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მოულოდნელი ვიზიტის დროს გააკეთა და წინ უსწრებდა საგანგებო სამიტებს მექაში. არაფერზე მინიშნებას არ ვაკეთებ. თავისთავად ცხადზე ცხადია, რომ აშშ მჭიდროდ მუშაობს თავის სტრატეგიულ მოკავშირეებთან ირანზე წნეხის გასაძლიერებლად და საჭიროების შემთხვევაში კოალიციის ჩამოსაყალიბებლად. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მხარდამჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია, საუდის არაბეთს საკუთარი ამბიციაც საკმარისი აქვს, რესურსიც და სუპერთანამედროვე ამუნიციაც რეგიონში გავლენების გასაძლიერებლად და ირანიდან მომავალი საფრთხის გასანეიტრალებლად. გამოწვევები კიდევ ბევრია, იქნება ეს იემენში ირანის მიერ მართვადი ჰუსიტების წინააღმდეგობის დაძლევა თუ ერაყსა და სირიაში პოლიტიკური და სამხედრო გავლენების შესუსტება. ამიტომაც აღმოსავლური სიბრძნით უხვად დაჯილდოებულმა და გამოცდილმა საუდის მეფე სალმანმა შექმნილ ვითარებაში აქტიური დიპლომატიური ნაბიჯები გადადგა და ნამდვილად არა უშედეგოდ. მან საგანგებო სამიტებზე არაბული და ისლამური სამყაროს დიდი ნაწილის სრული მხარდაჭერაც მოიპოვა. სამიტებს შესაბამის ფორმატებში ირანის წარმომადგენელიც ესწრებოდა, მისი ქვეყნის ზემოხსენებულ აფეთქებებში რაიმე მონაწილეობასაც კი გამორიცხავდა და ამერიკული მხარის განცხადებებს „ბოდვად“ აფასებდა, მაგრამ ეს განცხადებები ვერ გადაფარავდა მეფე სალმანის მიერ გაკეთებულ უმკაცრეს შეფასებებს ირანის მხრიდან ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის დაგმობასთან დაკავშირებით (ამასთან, მეფე სალმანმა, რა თქმა უნდა, ღია დატოვა კარები დიალოგისა და მოლაპარაკებებისათვის!). მან პრაქტიკულად 100%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა ირანის წინააღმდეგ ძალისხმევის გაერთიანების კუთხით. ამავე დროს, აშშ-სთან სტრატეგიულ მოკავშირეობას სულაც არ შეუშლია მეფისთვის ხელი, რომ გაეკრიტიკებინა იერუსალემში აშშ-ს საელჩოს გადატანის აქტი და დაეფქისირებინა მიუღებლობა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების თაობაზე. ამ საკითხშიც სამიტებზე ერთსულოვნება სუფევდა.

ბუნებრივია, ისრაელი-პალესტინის საკითხი იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი თემა სამიტებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად ეს პრობლემა  აშშ-ს მიერ დაანონსებული „საუკუნის შეთანხმების“ კონტექსტში განიხილებოდა. საქმე ეხება აშშ-ს პრეზიდენტის, უფრო სწორედ მისი სიძისა და სპეციალური მრჩევლის ჯარედ კუშნერის მიერ შემუშავებულ პროექტს, რომელიც გულისხმობს ისრაელსა და პალესტინას შორის ურთიერთობების მოწესრიგებას. პროექტის პრეზენტაცია უნდა შედგეს ბაჰრეინში ივნისის თვეში დაგეგმილ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე. ადმინისტრაციასთან დაახლოებული ექსპერტების შეფასებებით, პროექტი ძირითადად გაჯერებულია ეკონომიკური და ფინანსური ელემენტებით და ნაკლებად ითვალისწინებს პოლიტიკურ ასპექტებს, რის გამოც მისი წარმატების მიმართ ლიდერებიც, პოლიტიკოსებიცა და ექსპერტებიც საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილი. ეს სამიტების დროს გაკეთებულ განცხადებებშიც კარგად გამოჩნდა. ირანის პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ წერილობით გზავნილზე რომ არაფერი ვთქვათ, თურქეთის საგარეო საქმეთამ მინისტრის პრინციპული პოზიციაც საკმარისია იმის განსაჭვრეტად, რომ „საუკუნის შეთანხმებას“ მარტივი გზა ნამდვილად არ ელის წინ. კაცმა რომ თქვას, ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია! ვნახოთ, რა მოხდება.

რასაკვირველია, უქმად დროს არც ისრაელი კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ისტორიაში პირველად განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები გახდა საჭირო, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი, ისრაელის მთავრობის ძლიერი და ენერგიული მეთაურის ბენიამინ ნეთანიაჰუს ინიციატივით და დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის თანხმობით გადაწყდა ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე სამმხრივი აშშ-ისრაელი-რუსეთის ფორმატის შექმნა. უშიშროების საბჭოს მდივნების დონეზე პირველი სამმხრივი შეხვედრა იერუსალიმში გაიმართება ივნისის თვეში.

ამ ყველაფერს, ჩემო ძვირფასო მკითხველო, ნამდვილად ჰქვიან „აღმოსავლეთი ფაქიზის რამ არის“!

გაუმარჯოს მშვიდობას!

გააზიარე