საქართველოს საავტომობილო ბაზრის პრობლემები
(ავტორი: რევაზ გერაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა).
ბოლო პერიოდში საქართველოს საავტომობილო ბაზარი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამის მიზეზი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის მოცულობის მკვეთრი შემცირებაა. კლების ტენდენციის გათვალისიწინებით, ახლო მომავალში, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების პირველ სამეულში ადგილს დაკარგავს.
საქსტატის მონაცემებით 2010-2013 წლებში, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის მოცულობა მუდმივად იზრდებოდა, რასაც ვერ ვიტყვით 2014 წლის მაჩვენებელზე, რომელიც წინა წელთან შედარებით 26%-ით (186 მლნ აშშ დოლარი) შემცირდა.
მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის მოცულობის კლება კიდევ უფრო გაძლიერდა 2015 წელს. მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით ამ მაჩვენებელმა 73 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (მთლიანი ექსპორტის 11%) და წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით 62%-ით (121 მლნ აშშ დოლარი) შემცირდა.
2014 წლიდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის მოცულობის მკვეთრი კლების ძირითადი მიზეზი საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების რეალიზაციის შემცირებაა. 2015 წლის პირველ ოთხ თვეში აზერბაიჯანში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 33 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და თითქმის სამჯერ დაიკლო წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან (98 მლნ აშშ დოლარი) შედარებით. აღნიშნული, 65 მლნ აშშ დოლარიანი კლება 2015 წლის პირველ ოთხ თვეში მსუბუქი ავტომობილების ექსპოტის მთლიანი შემცირების 54%-ს შეადგენს.
აზერბაიჯანი 2014 წლის 1 აპრილიდან გადავიდა ევრო 4-ის სტანდარტზე, რომლითაც რეგულირდებაყველა სატრანსპორტო საშუალებიდან ტოქსიკურიგამონაბოლქვისდასაშვებიდონე. რეგულაციის შემოღების შემდეგ აზერბაიჯანში 2014 წლის 1 აპრილიდან აიკრძალა 2005 წლამდე ევროკავშირში, 2004 წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში და 2011 წლამდე იაპონიაში წარმოებული ავტომობილების იმპორტი.
აქვე უნდა აღინიშნოს ყაზახეთის მიმართულებით 2012 წლიდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის მკვეთრი შემცირება, რაც დაკავშირებულია ყაზახეთის ევრაზიულ ეკონომიკურ სივრცეში გაერთიანების ფაქტთან. შედეგად, 2012 წლიდან ყაზახეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი თითქმის შეწყდა. ეს მაშინ, როცა 2011 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოდან ყაზახეთში ავტომობილების ექსპორტს აზერბაიჯანთან შედარებით უფრო მაღალი ზრდის ტემპი ჰქონდა.
2015 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა სომხეთის მიმართულებითაც. მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, მეზობელ ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის მოცულობამ 11 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 79%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (54 მლნ აშშ დოლარი) შედარებით.
მდომარეობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს საავტომობილო ბაზრის რეგულაციებში რამოდენიმე მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები:
განბაჟების 45-დღიანი ვადა გაიზარდა 60 დღემდე და შემცირდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გაფორმების მიზნით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული მომსახურების საფასურის ოდენობა (განისაზღვრა ყოველ კალენდარულ დღეზე 5 ლარის ოდენობით).
90 დღის შემდეგ თუ კიდევ ვერ განხორციელდა ავტომობილის განბაჟება, იგი უნდა მოექცეს შემდეგი საბაჟო რეჟიმიდან ერთ-ერთში: განბაჟება, რეექსპორტი, საბაჟო საწყობში მოთავსება. შეცვლილი პირობებით, მესამე რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში, 90 დღის შემდეგ ავტომობილის განთავსება ავტობაზრობაზეც იქნება შესაძლებელი, რაც გაამარტივებს მისი რეალიზაციის პროცესს (აქამდე სავალდებულო იყო ავტომობილის განთავსება მხოლოდ საბაჟო ტერმინალზე).
ასევე შემუშავდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2015 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალების მფლობელის გათავისუფლებას სატრანსპორტო საშუალების პირველად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განსახორციელებელი ჯარიმისგან, თუ იგი 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველად რეგისტრაციას.
აღნიშნული ცვლილებები, მოკლევადიან პერიოდში, მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მდგომარეობას ავტოიმპორტიორებს და დაეხმარება მათ მეორადი ავტომობილების რეალიზაციის პროცესში. გრძელვადიან პერიოდში კი მდგომარეობის გაუმჯობესება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს საავტომობილო ბაზარი ახალ სტანდარტებზე გადაწყობას და გასაღების ახალი ბაზრების მოძიებას.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on February 11, 2021
- on September 5, 2020
- on June 9, 2020
- on March 27, 2020
- on February 26, 2020
- on January 30, 2020