საქართველოს საკითხის უკრაინული კონტექსტი
უკრაინა ღელავს, უკრაინა ბორგავს, უკრაინაში სისხლითა და ცრემლით იწერება რუსეთის პოსტსაბჭოთა იმპერიის არსებობის ერთერთი უკანასკნელი თავი. იანუკოვიჩის რეჟიმის მიმართ უკვე თამამად შეგვიძლია გამოვიყენოთ ძველი, ათიათასჯერ გაცვეთილი, მაგრამ ზუსტი ეპითეტი: ძ ი რ მ ო მ პ ა ლ ი ! პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ფიზიკურად გასანადგურებლად რეჟიმი ქუჩაში იყენებს ცეცხლსასროლ იარაღსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს; იტაცებს, აწამებს, ასახიჩრებს და, პირდაპირი გაგებით, ჯვარს აცვამს დემონსტრანტებს. მაგრამ, რეჟიმი ძირმომპალია უფრო იმიტომ, რომ მის მიერ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებების აღარავის ეშინია და ყველა – იანუკოვიჩის მომხრეცა და მოწინაარმდეგეც – ხვდება, რომ ეს უკვე რეჟიმის სიკვდილისწინა კონვულსიებია. თუმცა, უკრაინაში იკვეთება იმის ნიშნებიც, რომ, რეჟიმის კვდომასთან ერთად, შესაძლოა ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის კრიზისიც დაუდგეს.
გასული კვირა უკრაინისათვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა. რადაში (პარლამენტში) სცადეს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მოენეხათ. დაიწყო კიდეც მოლაპარაკებები უმრავლესობასა და ოპოზიციის ფრაქციებს შორის. შეთანხმების მოღწევა ორივე მხარისთვის ფრიად მნიშვნელოვანი გახლდათ, ვინაიდან სახალხო პროტესტი საპარლამენტო პარტიების მხრიდან უმართავი გახდა. მაიდანზე მისულ უმცირესობის ლიდერებსაც კი ხალხი მხოლოდ იმდენად იტანს, რამდენადაც ისინი პიროვნულად არ არიან გასვრილი იმ უკანონობაში, წყალწაღებულ კორუფციასა და ქვეყნის ინტერესების ტოტალურ ღალატში, რითაც თავი იანუკოვიჩმა და მისმა გუნდმა გამოიჩინა.
რადის უმრავლესობის ნაწილს – რომელიც საკუთარი, არა პოლიტიკური, არამედ უკვე ფიზიკური მომავალის გადარჩენისათვის იღვწის – სურდა 16 იანვრის ე.წ. ,,დიქტატორული კანონების“ პაკეტის (კანონები, რომლებიც ნაჩქარევად, პროცედურის დარღვევით იქნა მიღებული 16 იანვარს, რომლებიც ზღუდავდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებებს, და რომელთა მიღებამაც განაპირობა 19-22 ინვრის სისხლიანი დაპირისპირება კიევში) გაუქმება და ოპოზიციასთან ერთად ამნისტიის კანონის დემონსტრანტებისათვის რედაქციის მიღებით სიტუაცია განემუხტა. უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარ ფულესა და მაიდნის მოთხოვნა იყო ამნისტიის შესახებ კანონის ისეთი რედაქციის მიღება, რომელიც შეწყვეტდა ყველანაირ სამართლებრივ დევნას აქტივისტების მიმართ და მათ უპირობოდ სახლში გაუშვებდა. თითქოს შეთანხმდნენ კიდეც და იანუკოვიჩ-ფულეს მორიგი შეხვედრის შემდეგ ოპტიმიზმის გარკვეული ნიშნებიც გამოიკვეთა, მაგრამ საღამოს რადაში დაგეგმილ კენჭისყრამდე იქ იანუკოვიჩი მივიდა და უმრავლესობა დახურულ შეხვედრაზე და დაიბარა.
ეს შეხვედრა, მისი შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა უკრაინის ისტორიის ანალებში შევიდეს. ამ შეხვედრაზე იანუკოვჩი კიდევ ერთხელ შეეცადა შეუთანხმებლობათა შეთანხმებისათვის მიეღწია. საქმე ისაა, რომ მისი ,,რეგიონების პარტია“ ორი ფრთისგან შედგება, რომელთა შორის წინააღმდეგობა და დაპირისპირება ახლა უკვე საბოლოოდ თვალსაჩინო გახლდა. პარტიის ოლიგარქიული მაგრამ ევროინტეგრაციაზე უფრო მეტად ორიენტირებული ფრთა (კიევის დაჯგუფება) ვილნიუსის სამიტამდე აშკარა უპირატესობას ფლობდა და ამ ფრთის ძალისხმევით მივიდა უკრაინა ვილნიუსამდე, მაგრამ სამიტის წინ დაიწყო მეორე, პრორუსული დონეცკ-ხარკოვული დაჯგუფების გააქტიურება, რომელმაც ულტიმატუმებითა და შანტაჟით იანუკოვიჩს ჯერ უარი ათქმევინა ევროინტეგრაციაზე, ხოლო შემდეგ, კიევში განვითარებული ყველა ტრაგიკული მოვლენის, დრაკონული კანონებისა და მასობრივი ტერორის მცდელობის სულისჩამდგმელად მოგვევლინა.
შეხვედრის შედეგად იქცა:
- 16 იანვრის კანონების გაუქმება კიევის დაჯგუფების ,,სასარგებლოდ“ და
- ამნისტიის შესახებ კანონის ისეთი რედაქციის მიღება, რომლის თანახმადაც უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდებიან, თუ დემონსტრანტები ადმინისტრაციული შენობებს დაცლიან. ანუ, არსებითად, ხელისუფლებამ უკანონოდ დაკავებული საკუთარი მოქალაქეები მძევლებად გამოაცხადა. ასეთი ველური გადაწყვეტილება კი სწორედ დონეცკ-ხარკოვის დაჯგუფებისათვის ხარკის გადახდა გახლდათ.
ამის შემდეგ მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება: სინამდვილეში იანუკოვიჩის ხელოვნური კონსენსუსით კმაყოფილი არავინ დარჩა – არც ევროკავშირი, არც მისი კლანები, არც ოპოზიცია და არც დემონსტრანტები – ვითარება კი სულ უფრო დრამატულ (თუ ტრაგიკულს არა) სახეს იღებს.
მიუნხენში ევროკავშირის ეგიდით უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა, სადაც მთავარი უკრაინის საკითხი იყო და რომელშიც მონაწილეობა ოპოზიცია და რეგიონების პარტიის იანუკოვიჩით უკმაყოფილო კიევურმა ფრთამ მიიღო. თუმცა, მოვლენების დრამატიზება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ხდება, სადაც დონეცკ-ხარკოვის დაჯგუფებამ ახალი პოლიტიკური ძალის ,,უკრაინული ფრონტის“ შექმნა გამოაცხადა და თავისი დროშების ქვეშ კომუნისტებს და უკრაინაში არსებულ უკლებლივ ყველა პრორუსულ ძალას მოუხმო (მათ შორის ,,ღამის მგლების“ ბაიკერულ კლუბსაც, რომლის წევრი პუტინია, და რომლის ლიდერები შემოდგომაზე საქართველოსაც სტუმრობდენენ).
ახალი პოლიტიკური ძალის დეკლარირებული მიზნებია: რუსეთ-უკრაინის საუკუნოვანი ძმობის შენარჩუნება, უკრაინის ფედერალიზაცია (სინამდვილეში კი კონფედერალიზაცია, ვინაიდან ისინი ფედერაციის სუბიექტებისათვის ფედერაციიდან გასვლის უფლების დაკანონებას ითხოვენ), უკრაინაში რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვა და ,,უკრაინული ნაციონალიზმის განადგურება“. სხვათა შორის, ფრონტის შექმნამდე ორიოდე დღით ადრე ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა და ეკონომისტმა, ანდრეი ილარიონოვმა განგაშით განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის დანაწევრების გეგმა უკვე ამოქმედებული აქვსო. ხსენებული ლოზუნგები კი ყველა ქართველისათვის ტკივილამდე ნაცნობია და ალბათ მართლაც დასტურია იმისა, რომ კრემლს საქართველოს მეგობარი და ევროკავშირისკენ მიმავალი უკრაინის დასჯაც სურს.
უკრაინაში მიმდინარე პროცესების ჩვენება და მათი დრამატიზმისათვის ხაზგასმა იმისთვის დამჭირდა, რომ მეჩვენებინა კონტრასტი არსებულ ვითარებასა და იმ შეფასება-სურვილებს შორის, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ იყო გამოთქმული მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმზე ამ საკითხთან დაკავშირებით. 8 წუთიან გამოსვლაში პრემიერმა ,,მოახერხა“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისეთ ჭრილში წარმოჩენა, რომ რუსეთის წარმომადგენლის, ლუცკის მადლობა და ევროპელი ლიდერების გაოცებულ-გარინდებული უტყვი, ცივი მზერა დაიმსახურა. თუმცა, საქართველოს ახალგაზრდა პერემიერი ამასაც არ ,,დასჯერდა“ და უკრაინაში შექმნილი კრიზისის განმუხტვაში რუსეთისა და ევროკავშირის ერთობლივი, ნაყოფიერი მუშაობის იმედი გამოთქვა.
ეს განცხადება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის საკითხს ,,გავლენათა სფეროების“ ლოგიკით განიხილავს და არ რეაგირებს უმთავრესზე – უკრაინელი ხალხის ურყევ ნებაზე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. უკრაინის საკითხი ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტის საკვანძო საკითხია და თუ ჩვენი ხელისუფლება მას ასე უდგება, მაშინ სავარაუდოა, რომ ეს მისი სისტემური მიდგომის გამოვლინებაა და იგი მთელ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტზე (საქართველოს ჩათვლით) ვრცელდება. თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენი ხელისუფლებისათვის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ევროკავშირსა და რუსეთს შორის გეოპოლიტიკური ბუფერის შექმნის იდეამდე დადის (ფინეთის მსგავსად). პროექტი კი ჩაფიქრებული იყო როგორც მოსამზადებელი ეტაპი სრული ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.
ეს განცხადება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ, ან ვერ მოიაზრებს უკრაინის (ჯერი საქართველოზეა!) ევროინტაგრეციის უმთავრეს ხელისშემშლელ ფაქტორად რუსეთს და აძლევს სიგნალს უკრაინელებს: ,,ჩვენი იმედი ნუ გექნებათ!“ შესაბამისად, ეს განცხადება მაფიქრებინებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს გეგმა როგორ შეეწინააღმდეგოს ზაფხულში ევროასოციაციის ხელშეკრულების ხელმოწერის წინ რუსეთისგან გარდაუვალად ამოქმედებულ დესტრუქციულ ქმედებებს. მეტიც, ,,ქართული ოცნება“ პრორუსული და პროდასავლური ძალების ისეთივე კონგლომერატია, როგორც ,,რეგიონების პარტია“ და არავინ იცის რომელი ფრთის ინტერესები იმძლავრებს კრიტიკულ მომენტში.
კრიტიკულ მომენტამდე კი სულ რაღაც ნახევარი წელი რჩება.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on February 19, 2014
- on February 5, 2014