საშტორმო გაფრთხილება: ბურღვა იწვევს სანქციებს!

საშტორმო გაფრთხილება: ბურღვა იწვევს სანქციებს!

მას შემდეგ, რაც თურქული საბურღი გემი “იავუზი”, თურქული სამხედრო ხომალდების თანხლებით, შევიდა კვიპროსის დასავლეთ სანაპიროს მიმდებარედ საზღვაო აკვატორიაში, კვიპროსის და საბერძნეთის მთავრობებმა, თურქეთისთვის სანქციების დაწესების მიზნით, ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერის მობილიზება დაიწყეს.

2 თვით ადრე იმავე გაზის საბადოზე ბურღვას შეუდგა ასევე თურქული საბურღი გემი “ფათიჰი”, ისიც სამხედრო ხომალდების თანხლებით. ამას მაშინვე მოყვა კვიპროსის პროტესტი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიას მის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონად მიიჩნევს და სავარაუდოდ მოცულობითი ბუნებრივი აირის მარაგების შემცველ საბადოზე მოპოვების სამუშაოებზე ნებართვასაც თავად გასცემს. ასეთი ნებართვა მან გასულ წელს გასცა კიდეც იტალიური, ბრიტანული და ფრანგული კომპანიებისთვის, მაგრამ თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა არ მისცეს ევროპულ კომპანიებს აღნიშნულ საბადოზე მიახლოების შესაძლებლობაც კი.

ოფიციალური ანკარა მიიჩნევს, რომ სამართლიანი იქნება საბადოს ათვისების უფლება და მოპოვებული გაზის რეალიზაციიდან მიღებული მოგების თანაბრად განაწილება კვიპროსის ბერძენ და კვიპროსის თურქ ხალხებს შორის. ამიტომაც სრულად დაუჭირა მხარი კვიპროსის თურქი ხალხის ლიდერის პრეზიდენტ აკინჩის მიმართვას გაერო-სადმი, რომელიც სწორედ ჩრდილოეთ და სამხრეთ კვიპროსს შორის გაზის მოპოვების თანასწორუფლებიანი მექანიზმის შექმნის ინიციატივას გულისხმობს.

ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, ისევე როგორც საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელმა პირებმა გააფრთხილეს თურქეთის ხელისუფლება, თავი შეიკავოს საბურღი სამუშაოების წარმოებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი შემოიღებს სანქციებს, რომელიც პირველ რიგში შესაძლოა შეეხოს თურქეთისთვის ევროკავშირის გაწევრიანებისწინა ფინანსურ დახმარებას. აგრეთვე, შესაძლოა შეჩერდეს მოლაპარაკებები საჰაერო მიმოსვლის რეგულაციებთან დაკავშირებით და დროებით შეწყდეს მაღალი დონის კონტაქტები ევროკავშირსა და თურქეთს შორის. არსებული ინფორმაციით, სწორედ ასეთი შინაარსის პუნქტებია შეტანილი ევროკომისიის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტში. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი “მაგრამ”. საქმე იმაშია, რომ თურქეთისთვის სანქციების დაწესების და მასთან ურთიერთობების გაუარესების შემთხვევაში, ევროკავშირის წინაშე შეიძლება დადგეს ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების განთავსების შესახებ თურქეთთან დადებული შეთანხმების შეწყვეტის რისკი. დიპლომატები და ოფიციალური პირები შიშობენ, რომ სანქციების შემოღების შემთხვევაში თურქეთი სწორედ ასე მოიქცევა. ამიტომაც, საბოლოო ვარიანტი შეიძლება მნიშვნელოვნად შერბილებული იყოს და აწესებდეს სანქციებს მხოლოდ იმ პირებისა თუ ორგანიზაციების წინააღმდეგ, ვინც კონკრეტულად არის დაკავშირებული ბურღვის სამუშაოებთან.

ცხადია, თურქეთი უკან დახევას არ აპირებს, ვინაიდან მას ვერც ზემოხსენებული სანქციების მიღება შეაშინებს და ვერც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფერხება, ვინაიდან ამ მიმართულებით დიდი ხანია სერიოზული პროგრესი ისედაც არ არსებობს.

თუმცა თურქეთისთვის სანქციების დაწესების საშტორმო გაფრთხილება მხოლოდ ზღვას არ ეხება, ვინაიდან მან შესაძლოა სანქციები ციდანაც მიიღოს. მიუხედავად აშშ-ს ადმინასტრაციის ყველა მცდელობისა, გასული კვირის ბოლოს თურქეთში ჩავიდა რუსული “ს-400”-ების პირველი პარტიები და განლაგდა კიდეც უკვე დედაქალაქის მახლობლად არსებულ ბაზაზე. როგორ არ ეცადნენ ამერიკის შეერთებული შტატები, გადაერწმუნებინათ თურქეთი რუსეთისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მიღებისგან, მაგრამ უშედეგოდ.

აშშ-ს თავდაცვის უწყება ადრეც საუბრობდა ამის შესახებ და ახლაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ს-400-ები და ამერიკული ბოლო თაობის  სამხედრო თვითმფრინავები ფ-35 ერთ სივრცეში ვერ იფუნქციონირებდნენ. შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებით, თურქ სამხედრო მფრინავებს ივლისის ბოლოს მოუწევთ აშშ-ს დატოვება, ვიანიდან მათი წვრთნის პროგრამა შეჩედრება. რაც კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი თურქეთისთვის, მაღალი ალბათობით, შეწყდება კონტრაქტი თურქეთში ფ-35-თვის სხვადასხვა ნაწილების წარმოებაზე. სავარაუდოდ ამ თემებზე ესაუბრა პენტაგონის შეფის მოვალეობის შემსრულებელი მარკ ესპერი თავის თურქ კოლეგას. თუმცა, დაანონსებული პრესკონფერენცია, რომელიც თავდაცვის უწყებაში უნდა გამართულიყო, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. რატომ? იმიტომ რომ არ არის საბოლოო პოზიცია შეჯერებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. როგორც მოგეხსენებათ, დონალდ ტრამპმა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა რეჯებ ტაეპ ერდოღანთან, რომლის შემდეგაც განაცხადა, რომ მას გარკვეულწილად ესმის თავისი თურქი კოლეგის და შექმნილი პრობლემური სიტუაციის სათავედ მისი წინამორბედის ადმინისტრაცია დაასახელა. პრეზიდენტი ერდოღანიც ასევე ოპტიმისტურად იყო განწყობილი, რომ დონალდ ტრამპი სანქციებს არ შემოიღებდა. მის ოპტიმიზმს არანაირად არ იზიარებენ ამერიკელი კანონმდებლები, რომლებიც ორპარტიულად გეგმავენ სანქციების შემოღებას. ამასთან დაკავშირებით ერთსულოვნებაა კონგრესშიც და სენატშიც. ზემოხსენებულ შესაძლო სანქციებს ასევე შეიძლება დაემატოს სანქციები თურქული საბანკო სფეროს წარმომადგენლებისათვის და შეზღუდვები დაწესდეს სახელმწიფო სესხების გაცემის მიმართულებით.

საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოუწევს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსაც. თურქეთი მისი მნიშვნელოვანი წევრია, მაგრამ ნატო-ს წევრი-ქვეყნების თავდაცვის სისტემაში რუსული ჰაერსაწაინააღმდეგო სისტემის ინტეგრირება, ჩემის აზრით, შეუძლებელი იქნება. იქ სადაც ამერიკული ფ-35-ებია, რუსული ს-400-ების ადგილი ნამდვილად არ არის.

ასე რომ, ივლისის გეოპოლიტიკური პროგნოზების ბიურო ავრცელებს საშტორმო გაფრთხილებას: ბურღვები ერთდროულად ზღვაში და ცაში იწვევს სანქციებს!

თითქოს ჩვენი საკუთარი მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა არ გვყოფნიდეს, საითაც არ უნდა გავიხედოთ რეგიონში, ყველგან დუღილია ცაშიც და ზღვაშიც. მავანთ გაგიკვირდებათ და, ჩვენი სიკეთის არ იყოს, ყველგან, სადაც დაძაბულობაა, მურმანის ეკალივითაა გარჭობილი ვინ? რუსეთი. პატარა მაინც იყოს. დიდია და შხამიანი. ამიტომაც უნდა ვიყოთ ერთ მუშტად შეკრული, თამამი და საქმიანი.

ძალა ერთობაშია!

გააზიარე