სახელმწიფო ბიუჯეტი და ფულის ხარჯვის 4 გზა

სახელმწიფო ბიუჯეტი და ფულის ხარჯვის 4 გზა

გასულ კვირას ცნობილი გახდა 2021 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვერსია. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, მთავრობა მომდევნო წელს 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია.

მომდევნო წელს ხარჯების ზრდა ძირითადად 2020 წელს აღებული საგარეო ვალით ფინანსდება. ასევე პროექტში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ხაზინაში არსებული ბიუჯეტის ნაშთი 2.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ეს ნაშთი კი დასახარჯად 2021 წელს გადავა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ბიუჯეტი 5%-ანი ეკონომიკური ზრდის პირობებშია დაგეგმილი, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ზედმეტად ოპტიმისტური სცენარია, ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ჯერ-ჯერობით არანაირ მნიშვნელოვან რეფორმაზე არ არის საუბარი და პრატიკულად წარმოუდენელია ასეთი კლების შემდეგ რასაც 2020 წელს მივიღებთ (მთავრობის მოლოდინია ეკონომიკის შემცირება 4.9% -ით), მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების  განხორციელების გარეშე,  ეკონომიკური ზრდა 5 % მივიღოთ. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ პირველად ბიუჯეტში არანაირი ხარჯები არ არის გათვლილი კოვიდ 19-ზე, ვთქვათ ვაქცინის შესაძენი თანხები, ან ტესტების შესაძენი, მათ შორის არც საკარანტინო სივრცეების მოწყობის ხარჯები და ა.შ. ცხადია, კორონავირუსი იანვარში არ გაქრება და ამ კუთხით მთავრობას მომავალ წელსაც მოუწევს მნიშვნელოვანი ხარჯების გაღება, მაგრამ ვინაიდან დოკუმენტი პირველადია, მაღალი ალბაობით ნოემბერ-დეკემბერში მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

თუმცა, არსებულ სცენარს რომ გავყვეთ, მომავალ წელს ჩვენი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიხარჯება, რა თქმა უნდა, სოციალური მნიშვნელობის საკითხებზე: ჯანდაცვის სამინისტრო – 4.85 მლრდ ლარი, სოციალური დაცვა 3.6 მლრდ ლარი, 1.1 მლრდ ლარი ჯანდაცვის პროგრამები და ა.შ. რაც შეეხება ბიუროკრატიულ ხარჯებს 50 მილიონი ლარით იზრდება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები, რაც 2020-ში წინა საარჩევნოდ გარკვეული უწყებებისთვის გაზრდილი ხელფასებით არის გამოწვეული, დამატებით ხელფასების ზრდას საჯარო სექტორში 2021 წლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს. ამასთანავე, მომდევნო წელს მთავრობა დამატებით 2.1 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი საგარეო ვალის აღებას გეგმავს, რაც შეეხება საგარეო ვალის გასტუმრებას, ერთადერთი რის დაფარვასაც ითვალისწინებს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, არის ევრობონდების ნაწილი. საბოლოოდ, მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამტკიცდება, ამიტომ მანამდე და მას შემდეგაც მოცემული ბიუჯეტი აუცილებლად დაკორექტირდება, თუმცა საზოგადოების მხრიდან, ვფიქრობ მაღალი ინტერესი უნდა იყოს, როგორ ნაწილდება ჩვენი ფული და რა მექანიზმებით ვაპირებთ რიგ გამოწვევებზე რეაგირებას.  

სახელმწიფო ბიუჯეტი, რეალურად ეს არის სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ძალაუფლების გადანაწილების დოკუმენტი. ცხადია, სახელმწიფოს საკუთარი ფული არ გააჩნია, მას არც საკუთარი ძალაუფლება გააჩნია. მთელ ძალაუფლებას, რომელსაც ის ფლობს, საზოგადოება (ჩვენ) (ვ)ანიჭებს, ჩვენივე კეთილდღეობისთვის, რათა უკეთ შეასრულოს ის მოვალეობები რასაც დამოუკიდებელი ინდივიდი ვერ შეძლებს.  სწორედ ამაში ვიხდით გადასახადებს, რაც ცოტა ნამდვილად არ არის, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგადასახადო სისტემა აქვს, რაც ქვეყნის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის. 

ზოგადად, სახელმწიფო ბიუჯეტის გაცნობისას, საზოგადოების აღქმაა  რამდენად ზრუნავს მთავრობა ჩვენზე, ანუ რაც მეტს ხარჯავს, ერევა ჩვენს ცხოვრებაში, წარმოდგენა გვექმნება რომ  უკეთესად ვიცხოვრებთ, რასაც არც ერთი ეკონომიკური თუ პოლიტიკური თეირია არ ამტკიცებს. სულაც რომ თეორიას თავი დავანებოთ პრაქტიკაშიც არ მუშაობს ძიძა სახელმწიფოს“ ამპლუა, განსაკუთრებით ჩვენნაირ განვითარებად ქვეყნებში სადაც თითოეულ ლარს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.  წარმოიდგინეთ,  ქუთაისის მერია დროშის დაკიდებას ორ წელზე მეტი ხნის მანძილზე ცდილობდა, მეექვსე მცდელობაზე შეძლეს, რაშიც  ბიუჯეტიდან დაახლოებით 50 000 ლარი დაიხარჯა და გასულ კვირას 50 000 ლარიანი დროშა“  ქარმა წაიღო. ცხადია, ბიუჯეტიდან კვლავ გამოიყოფა თანხები და როგორმე იმ დროშას თავიდან დაკიდებენ, მაგრამ უამრავი რესურსი იფლანგება, მხოლოდ იმიტომ რომ სხვა (მთავრობა) ხარჯავს სხვის (ჩვენს) ფულს.  ამასთან დაკავშირებით ჩიკაგოს სკოლის ცნობილი ეკონომისტის, ნობელის პრემიის ლაურეატ,  მილტონ ფრიდმანის,  მატრიცა გამახსენდა სადაც იგი აღწერს ფულის ხარჯვის 4 გზას და ავითარებს აზრს,  რომ ხარჯვა ყველაზე ეფექტური მაშინაა, როდესაც მე ვხარჯავ ჩემ ფულს, ვინაიდან ამ დროს მოტივაცია მეტია რესურსები ეფექტურად გადავანაწილოთ, ხოლო ყველაზე ნაკლებეფექტური ხარჯვა მაშინაა, როდესაც სხვა ხარჯავს სხვის ფულს, ვიანიდან ამ დროს ადამიანი  ნაკლებად მოტივირებულია დაზოგოს და რესურსები ეფექტურად გადაანაწილოს.

               

ცხადია, არის მიმართულებები სადაც სახელმწიფო უფრო კარგი მენეჯერია“, მაგალითად, თავდაცვა, კერძო საკუთრება, სასამართლო სისტემა, სწორედ ამიტომ სახელმწიფო მუდამ ზრდისკენ და ძალაუფლების მოხვეჭისკენ არის ორიენტირებული.  რეალურად ბრძოლას, საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ძალაუფლების გადანაწილებისთვის საუკუნეების ისტორია აქვს, ამასთან დაკავშირებით ერთი ძალიან კარგი წიგნია ვიწრო კორიდორი“, სადაც ავტორები ამტკიცებენ, რომ მთავრობებსა და საზოგადოებას შორის დაპირისპირება მუდამ მიმდინარეობს, თუმცა იქ, სადაც ძლიერია საზოგადოება და ამასთანავე ძლიერია სახელმწიფო ინსტიტუციები, წარმოიქმნება ვიწრო კორიდორი, სადაც თავისუფლება ყვავის. 

საბოლოოდ, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ზრდის გარეშე არაფერი გამოვა, როდესაც ბიუჯეტს ვეცნობით, ან რომელიმე რეფორმას,  პირველ რიგში საინტერესოა ვიკითხოთ საიდან მოდის ეს ფული და რამდენად მიზანმიმართულად იხარჯება. დღეს ნამდვილად არ გვაქვს რესურსების ფლანგვის ფუფუნება და იმედია კორდინირებული ძალისხმევით შევძლებთ პოსტკორონას ეტაპზე სწრაფ და ინკლუზიურ გამოცოცხლებას, რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტურ გადანაწილებას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს.

გააზიარე