ტერორიზმი და მოწამლული მარკეტინგი საქართველოში
უნიკალურია მარკეტინგული ინტერპრეტაციები ქართულ კომპანიებში. ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაციულ და სტერეოტიპულ საკომუნიკაციო მესიჯებს ახლა უკვე ძალადობრივი, ტერორიზმის გამშარჟებელი სამოყვარულო ვიდეოც შემოუერთდა. ჯამში ამ მომწამლავ ნაერთს ქართული მარკეტინგის ნიმუშები ეწოდება და დიახ, მათ შორის საუკეთესოს, BBC-მ სტატია და რეპორტაჟი მიუძღვნა.
პარიზში მომხდარი ტერაქტებიდან 3 დღის შემდეგ, კომპანია ავრცელებს პროპაგანდისტულ ვიდეოს და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მეომრების ფორმით, ემუქრება კონკურენტებს. კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ეს იყო სარკაზმი მომხდარის მიმართ და ვიდეოს სოციალური ქსელიდან წაშლას არ აპირებს. საინტერესოა რა გახდა კომპანიის მარკეტინგის გუნდის შთაგონების წყარო? შარლი ებდოს სატირა, რომელიც ტერორისტების მორიგი სამიზნე გახდა? ან იქნებ სტენლი კუბრიკის დოქტორი სტრეინჯლავი, ანუ როგორ გადავეჩვიე შიშს და შევიყვარე ბომბი? ვეჭვობ, არაპროფესიონალიზმი გახდებოდა ინსპირაცია. მარკეტინგი ხომ ის პროფესიაა, რომლის გარშემო ერთი მძლავრი და მცდარი სტერეოტიპი, სახელად ,,მარტივი’’ ცხოვრობს? მარკეტოლოგების, პიარ მენეჯერების ნაწილს დღემდე ჰგონია რომ თუ საქმის ადვილად კეთება გსურს, ეს სპეციალობა უნდა აირჩიო.
გაიხსენეთ ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის რეკლამა, სამურაი ღორი ჰარაკირის რომ იტარებს? არარსებული სუპერგმირები რასაც გპირდებიან, ხომ გახსოვთ? კარადაში დამალული ლიტერატურული პერსონაჟები, კაცობისკენ რომ მოუწოდებენ დაბნეულ ბიჭს, არც ეგ დაგავიწყდეთ, ,,კაცი არა ხარ?!’’ შეკითხვამ თუ იმოქმედა თქვენი როგორც გადამხდელის ქცევაზე? ალბათ არა. რ ათქმა უნდა, კარგი, საინტერსო მარკეტინგული მასალაც ჩნდება პერიოდულად, მაგრამ დავხუჭოთ თვალი იმაზე, რომ მათი ნახევარი პლაგიატია? გნებავთ, განვიხილოთ მარკეტინგული არაპროფესიონალიზმი სამთავრობო დონეზე? გარე რეკლამა, ბანერები, რომელიც სახელმწიფო პროექტებს არეკლამებს, ფაქტიურად ტყუილად მზადდება. მცირე ზომის ასოები, მოცულობითი ტექსტი შეუძლებელს ხდის მის წაკითხვას, თუ რა თქმა უნდა ცენტრალურ გზაზე მანქანას არ გააჩერებთ და ჭოგრიტით, ყურადღებით არ დააკვირდებით ნაწერს. აქტივობა სამთავრობო ფეისბუქის გვერდზეც, მრავალ შეკითხვას მიჩენს: მაგალითად, როგორ არჩევს სოციალური მედიამენეჯერი ქონთენთს, იგივე შიგთავსს გასაზიარებლად? რატომ ხვდება მათ სოცმედიასივრცეში კერძო ტელევიზიის მიმართ, მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი? ვვარაუდობ, სოცმედია მენეჯერობაც ადვილია და მაგიტომ.
დასასრულს, გახსოვდეთ, კომპანიის ყველა მარკეტინგული აქტივობა, მომხმარებელში კონკრეტულ ემოციებს აღძრავს. მეტწილად, სწორედ ემოცია და არა პროდუქტის ნიშან-თვისებები, განაპირობებს მომხმარებლის გადაწყვეტილებას, შეიძინოს თუ სამუდამოდ თქვას უარი თქვენს პროდუქტზე. ახლა, წარმოიდგინეთ ის ემოცია, რომელიც გიჩნდებათ ტერორიზმთან მიმართებაში და დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ.
ნინო ენუქიძე, ასოცირებული პროფესორი, ილიაუნის მართვის ინსტიტუტი.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on June 8, 2016
- on March 22, 2016
- on December 15, 2015
- on November 24, 2015
- on November 16, 2015
- on October 13, 2015
- on August 11, 2015