ტურისტული ინფორმაციის სანდო წყაროები ევროპელებისთვის
ტურისტული ინფორმაციის მიღების მრავალი საშუალება არსებობს. შესაბამისად, ტურისტული ინფორმაციის მიწოდების არხების განვითარება და დივერსიფიცირება ტურიზმის სახელმწიფო სტრუქტურებისა და ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში ჩართული კერძო კომპანიების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საზრუნავს წარმოადგენს.
ინფორმაციის გავრცელების სწორი არხების მიგნებას გადამწყვეტი როლი შეუძლია ითამაშოს, როგორც ქვეყნის ტურისტული პოზიციონირების, ასევე, ტურიზმის სფეროში მოღვაწე კერძო სექტორის წარმატების საკითხში. სწორედ ამიტომ, საჭიროა, შევისწავლოთ ინფორმაციის გავრცელების დამკვიდრებული არხები და მუდმივად გავეცნოთ თანამედროვე ტენდენციებს, რაც დაგვეხმარება, უფრო მიზანმიმართული და ხარჯთეფექტური გავხადოთ ჩვენი მარკეტინგული აქტივობები. ამ თემას განვიხილავთ ევროპის მაგალითზე, ვინაიდან ეს ტურისტული ბაზარი ძალიან საინტერესოა საქართველოსთვის.
განვიხილოთ ევრობარომეტრის კვლევა, სადაც წარმოდგენილია ევროპელთა დამოკიდებულებები ტურიზმთან მიმართებაში. კვლევის შედეგების გაანალიზება, დაგვეხმარება გავიგოთ თუ სად ეძებენ ტურისტულ ინფორმაციას ევროპელი მომხმარებლები, ამასთან, ინფორმაციის რომელ წყაროს მიიჩნევენ უფრო სანდოდ, როდესაც იღებენ მოგზაურობის შესახებ გადაწყვეტილებას.
კვლევის თანახმად, ევროპელებს მოგზაურობის დაგეგმვის დროს ყველაზე სანდო და მნიშვნელოვან ინფორმაციის წყაროდ მიაჩნიათ მეგობრებისა და ახლობლების რეკომენდაცია. მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება ინტერნეტისა და პირადი გამოცდილების მაჩვენებლები. ასევე მნიშვნელოვანია ტურისტული სააგენტოების როლი. იხილეთ დეტალური გრაფა:
* კვლევა მოიცავს ევროკავშირის 27 ქვეყნის მონაცემებს, ვინაიდან ხორვატია 2014 წელს გახდა კავშირის წევრი.
უნდა აღინიშნოს, რომ ტურისტული ინფრომაციის გავრცელების არხების დაგეგმვის დროს გასათვალისწინებელია ცალკეულ ქვეყანათა მახასიათებლები. ასევე საგულისხმოა სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური ჯგუფის სამომხმარებლო ქცევები.
კვლევის შედეგებში, ინფორმაციის წყაროს ცვლადი განსხვავებულ შედეგს აჩვენებს ხსვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად: ახლობლის რეკომენდაციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ლატვიაში (68%), ჩეხეთის რესპუბლიკაში (64%), ესპანეთსა და პორტუგალიაში (63%). ხოლო, ინტერნეტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყარო, რესპონდენტთა შვიდ ქვეყანაში: ჰოლანდია და ფინეთი (63%), ისლანდია (60%), დანია (57%), ლუქსემბურგი (51%), მალტა (46%) და კვიპროსი (42%). რუმინეთში ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალ ზღვარზეა – 24%.
ინფორმაციის წყაროს ცვლადის განსხვავებული სურათი გვქვს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის სამომხმარებლო ქცევების ანალიზის შედეგადაც. კერძოდ, 15-24 წლის ასაკის რესპოდენტების 67% აცხადებს რომ ახლობლის რეკომენდაცია არის მნიშვნელოვანი. ხოლო, 55-ზე უფროს ასაკობრივ სეგმენტში ეს მაჩვენებელი 44%-ს შეადგენს. ახალგაზრდა სამომხმარებლო სეგმენტის წარმომადგენლები ინფორმაციას ეძებენ ინტერნეტში და სოციალურ საიტებზე, 55 წელს ზემოთ ასაკობრივი სეგმენტი მიმართავს ტურისტულ სააგენტოებს, ხოლო შუახნის სამომხმარებლო სეგმენტში ორივე საშუალებას თანაბარო მაჩვენებელი აქვს.
ის, რომ მეგობრების, კოლეგებისა და ნათესავების რეკომენდაციას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ევროპელი მოგზაურებისთვის, არის ძალიან საგულისხმო ფაქტორი. კვლევა გვიჩვენებს, რომ ტურიზმში სიტყვიერი მარკეტინგი ყველაზე ეფექტიანი ინფორმაციის გავრცელების არხია. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ კმაყოფილი მომხმარებლების არსებობის საშუალებით. მაშასადამე, შეთავაზებული ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხს და ტურისტის კმაყოფილებას უნდა დაეთმოს იმდენი ყურადღება, რაც მისი მოზიდვისთვის არის საჭირო.
მომხმარებლის კმაყოფილებისთვის კი არ არის საჭირო ძალიან ბევრი. საჭიროა მხოლოდ დანაპირების შესრულება და მისი მოლოდინის თუნდაც მცირედით გადაჭარბება. მარკეტინგში ცნობილია მომხმარებლის კმაყოფილების 10 ქულიანი შეფასების სისტემა, რომლის მიხედვითაც 10-დან სულ მცირე 7 ქულით უნდა აფასებდეს მომხმარებელი პროდუქტს/მომსახურებას, იმისათვის, რომ გაუჩნდეს სურვილი თავისი გამოცდილების შესახებ დადებითი ინფორმაცია გაუზიაროს თავის ახლობლებს.
დასასრულს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო არხების დაგეგმვის დროს გავითვალიწინოთ მისი შინაარსობრივი მხარე. არ უნდა დაგვავიწყდეს, ტურისტული სარეკლამო კამპანიებით გაჩენილი მოლოდინების შესაბამისობა რეალობასთან გადამწყვეტია ქვეყნის და კონკრეტული კომპანიის გრძელვადიანი წარმატებისთვის. ასე რომ, შექმენით რაც შეიძლება მეტი კეთილი ნების ელჩი თქვენი ქვეყნისთვის და თქვენი კომპანიისთვის. რეკლამას კი, კმაყოფილი ტურისტი სრულიად უსასყიდლოდ გააკეთებს თქვენთვის.
რაც შეეხება ინტერნეტს, როგორც ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საშუალებას ტურიზმში, ამის შესახებ შემდეგ ბლოგ-პოსტში ვისაუბრებთ ვინაიდან თემა ძალიან ვრცელია.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on September 21, 2017
- on September 21, 2016
- on July 6, 2016
- on August 6, 2015
- on May 20, 2015
- on December 1, 2014
- on October 27, 2014
- on September 19, 2014