ქართული გასტრონომია - ტურიზმის გადასარჩენად

ქართული გასტრონომია - ტურიზმის გადასარჩენად

სულ ახლახანს სინგაპურში მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის დასახელების ყოველწლიურ ცერემონიას დავესწარი.

ამ ღონისძიებაზე შეხვდებით ბლოგერებს სხვადასხვა ცნობილი გამოცემიდან, გასტრონომიულ ჟურნალისტებს, რომლებიც, როგორც სფეროს მცოდნე და მიუკერძოებელი შემფასებლები, მსოფლიოში ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობენ.

აქვე შეხვდებით გასტრონომიული სფეროს უამრავ წარმატებულ წარმომადგენელს, შეფებს, რესტორატორებს. ცხადია, ვეცადე მაქსიმალურად მესარგებლა შესაძლებლობით და ღონისძიების დამსწრე ადამიანებისთვის პირველ ეტაპზე ვერბალურად, ფოტო და ვიდეომასალის თანხლებით გამეცნო საქართველო. ბუნებრივია, ძალიან გვაინტერესებდა ისიც, რა იციან მათ ჩვენი ქვეყნის შესახებ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, არაფერი. სწორედ აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროს წარმომადგენლებისთვის ხმის მიწვდენა. საამისოდ კი ნომერ პირველი ამოცანა ქართული გასტრონომიის შესახებ ცნობადობის გაზრდაა.

ორი თვის წინ ბასკეთში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის „უნვიტოს“ ყოველწლიურ გასტრონომიულ ფორუმს ვესწრებოდით. ფორუმის მიზანია ტურისტული თვალსაზრისით განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლებმა ილაპარაკონ თავიანთ წარმატებულ  გამოცდილებაზე. გასტრონომიული ტურიზმი ასეთი პოპულარული აქამდე არასდროს ყოფილა მსოფლიოში. ტექნოლოგიების უსწრაფესად განვითარების პირობებში ადამიანების ცხოვრება პრაქტიკულად ყველა კონტექსტში  გამარტივდა. მაგალითად, მათ შეუძლიათ სამგანზომილებიანი სათვალე მოირგონ და იტალია დისტანციურად დაათვალიერონ დასწრების გამაოგნებელი ილუზიით! აი, გასტრონომია სულ სხვა საქმეა, აქ ტექნოლოგიები არ მუშაობს. ვერასდროს ვერანაირი ტექნოლოგიური საშუალება ვერ შეძლებს იმას, რომ შენ, დედამიწის კონკრეტულ წერტილში ნეაპოლური პიცა დააგემოვნო. ამას მხოლოდ ნეაპოლში შეძლებ. ამიტომ  უნდა ჩახვიდე იმ ქვეყანაში, სწორედაც იმ ნეაპოლში და იმ რომელიღაც ქუჩაზე იმ იტალიელმა უნდა გაგიჭრას საკუთარი პიცა.

იმას, რაც გემოვნურ თვისებებზე გადის, ტექნოლოგიებით ვერასდროს ჩავანაცვლებთ. ამიტომ ჩვენ ყოველთვის გემოს მაძიებლებად დავრჩებით და ეს დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს ტურისტულ თავგადასავლებსაც.

ტურიზმი ლოკალური გამოწვევების დონეზე არ უნდა განვიხილოთ, შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიო ფორმატდება ამ კონტექსტში და  პროცესს პერმანენტული ხასიათი აქვს. უბრალოდ, ჩვენ სხვა ეტაპი გვიდგას და მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე საკუთარი ტერიტორიის მონიშვნისთვის ვიბრძვით, ვიღაც კი უფრო შორსაა წასული და გაცილებით თამამი ამოცანების წინაშე დგას. გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით, ამ ეტაპზე შვიდი ქვეყნის მოწინავე პოზიციები იკვეთება. ესენია: მექსიკა, სინგაპური, ავსტრალია, იაპონია, ესპანეთი, ტაილანდი და პერუ.

ზემოთ ხსენებული გასტრონომიული ფორუმი ბასკეთის კულინარიულ ცენტრში ჩატარდა, რომელიც დედამიწაზე ერთ-ერთ საუკეთესო გასტრონომიულ სკოლად ითვლება. იქ ასწავლიან გასტრონომიას როგორც მეცნიერებას, ზოგადად, ბასკეთი კი თანამედროვე მსოფლიოში გასტრონომიული ტურიზმის ერთ-ერთი ეპიცენტრია.

ამ ფორუმმა მოგვცა საშუალება ზუსტად დაგვედგინა რა კომპონენტებია საჭირო გასტრონომიული ტურიზმის განვითარებისთვის. როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არაა მხოლოდ საკვები, სამზარეულო. ესაა  ერთობლიობა, რომელიც  ოთხი მთავარი კომპონენტისგან შედგება და საშუალებას გვაძლევს, სწორი გზით წავიყვანოთ გასტრონომია. ეს კომპონენტებია: კულტურა და მემკვიდრეობა; ადგილობრივი საზოგადოება, რომელიც ფიქრობს როგორ განავითაროს ქვეყანა ამ მიმართულებით; მესამე კომპონენტია  ფერმერთა სწრაფი ზრდის ხელშეწყობა  და მეოთხე – მასპინძლობის სფეროს თანამშრომლების, წარმომადგენლებისა და ინსტიტუტების განვითარება.

როგორც სხვა ყველაფერში, ამ სფეროშიც გადამწყვეტ სიტყვას, როგორც წესი, სწორად განსაზღვრული ხედვა და პრიორიტეტები ამბობს. წარმოიდგინეთ, ინდონეზიაში, სადაც ღვინის წარმოება მხოლოდ იუმორის სფეროდ შეიძლებოდა აღგვექვა,  8 წლის წინ, სრულიად არახელსაყრელი ბუნებრივი ლანდშაფტის პირობებში ვაზის მოყვანა დაიწყეს, რომ ღვინო ჰქონოდათ, როგორც გასტრონომიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი.

თუნდაც იაპონია ავიღოთ. ქვეყანაში, რომლის დედქალაქი გასტრონომიულ სამოთხედ შეიძლება ჩაითვალოს, ახლა მთელი ყურადღება რეგიონების გასტრონომიული თვალსაზრისით გაძლიერებაზეა გადატანილი.

მთელი საიდუმლო სწორ სტრატეგიაშია. ყველა ქვეყანა, ვისაც გააზრებული აქვს როგორ უნდა გავითარდეს, პირველ ადგილზე შესაბამისი კვლევის აუცილებლობას ასახელებს. ანალოგიურად უნდა ჩატარდეს გასტრონომიული კვლევა საქართველოშიც. უნდა განისაზღვროს ყველა პრიორიტეტული საკითხი, ჩამოიწეროს ის ყველაფერი, რაზეც სამუშაო გვაქვს და აქედან გამომდინარე უნდა დაიწყოს ქვეყანამ სწორად პოზიციონირება.

ტურიზმის უამრავი სახე არსებობს, ჩვენთანაც არაერთი ტურისტული შესაძლებლობაა, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებელია, რომ სახელმწიფომაც და ქვეყანამაც მთავარ ტურისტულ პრიორიტეტად გასტრონომიული ტურიზმი აირჩიოს. ესაა ჩვენი ერთმნიშვნელოვანი უპირატესობა. რეგიონების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან მდიდარი სამზარეულო გვაქვს, ამით ბევრი დიდი ქვეყანაც ვერ დაიკვეხნის, ამიტომ ფლორისა და ფაუნის ეს გულუხვი ძღვენი მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ.

არაა საკმარისი იმაზე საუბარი, რომ  ხაჭაპური და ხინკალი გვაქვს. ზოგადად, მარტო საუბარი არაა საკმარისი. ჩვენ გვჭირდება კვლევა, რომელიც ცხადჰყოფს, რომ უნიკალური გასტრონომია გვაქვს. დააკვირდით, რა ხდება, როცა ცნობილი გამოცემები ჩვენზე წერენ: მხოლოდ ღვინოზე, ხინკალსა და ხაჭაპურზე საუბრობენ, სხვა არაფერზე აქვთ ინფორმაცია. ეს აკნინებს ჩვენს სფეროს. რატომაა ასე? სწორედ იმიტომ, რომ კვლევა არ არსებობს, ქართულ საზოგადოებას, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, არასდროს  ჰქონია გასტრონომიული კვლევის დრო და საშუალება. არადა, პანდორას ყუთია რეალურად. ვფიქრობ, მოვიდა დრო, რომ რაც ასე ფასეული გვაქვს, სააშკარაოზე გამოვიტანოთ.

კვლევა, რომელიც ასე გვესაჭიროება პირველ ეტაპზე, საშუალებას მოგვცემს თამამად ვილაპარაკოთ ჩვენს სამზარეულოზე და მსოფლიოც ავალაპარაკოთ ზუსტად ისე, როგორც „იუნესკოს“ მიერ აღიარებული ჩვენი ღვინის შემთხვევაში მოხდა.

ზემოთ ხსენებული „უნვიტოს“ 2017 წლის კვლევა რომ ნახოთ, რომელსაც ორგანიზაცია ოთხ წელიწადში ერთხელ ატარებს, საქართველო მხოლოდ ღვინის კომპონენტითა და ერთადერთი რეგიონით, კახეთითაა წარმოდგენილი. ჩვენს გასტრონომიაზე სიტყვაც არ წერია, რაც, სამწუხაროსთან ერთად, სამარცხვინოცაა. ვინც ამ დოკუმენტს გაეცნობა, მისთვის ჩვენი ქვეყნის გასტრონომიულ პოტენციალზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხული იქნება.

არადა, გასტრონომიული ბლოგერებისთვისაც, როგორც წესი, კვლევები ხდება ხოლმე საინფორმაციო წყარო. ამის მიხედვით ირჩევენ ქვეყანას როგორც ინტერესის ობიექტს.

ამ ეტაპზე ქართული გასტრონომია აბსოლუტურად ქაოტურად ვითარდება. ვიღაც წერს: ხინკალი რა მაგარი ყოფილა, ხაჭაპური რა მაგარი ყოფილა და მორჩა! ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, ვკნინდებით, რასაც წარმატებით იყენებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, იგივე ოკუპანტი ქვეყანა, რომელიც ტყემალზე, საცივსა და ჩურჩხელაზე ურცხვად წერს, რომ მისია.

ბოლოდროინდელ მოვლენებს ამ თვალსაზრისით ერთგვარი გამოფხიზლების ეფექტი ჰქონდა. რასაც ვკითხულობ, თუ მეგობარი რესტორატორებისგან და ჰოტელიერებისგან ვისმენ, ტურისტების კლება უკვე სახეზეა. რეგიონებში საოჯახო თუ სხვა ტიპის სასტუმროებში ჯავშნების გაუქმება დაიწყო და, რა თქმა უნდა, გარკვეული კრიზისი იქნება ამ ზაფხულისთვის. მაგრამ გავიხსენოთ როგორ განვითარდა მოვლენები რამდენიმე წლის წინ ღვინის შემთხვევაში. ანალოგიურად იქნება ახლაც. ჩავთვალოთ, რომ უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და თუ მას თავი წარმატებით გავართვით, შედეგად გრძელვადიან პერსპექტივაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და ტურისტული კულტურის ამაღლებას მივიღებთ.

ამას შეუქცევადი ხასიათი ექნება!

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ  სახელმწიფო სტრუქტურებიცა და კერძო სექტორიც გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნისთვის და, მათ შორის, ჩვენი გასტრონომიული ტურიზმის სწრაფი განვითარებისთვის, ყველამ ერთად ვიფიქროთ, როგორ წავწიოთ წინ ეს სფერო.

ჩვენ ახლა კომფორტის ზონიდან მოგვიწევს გამოსვლა, რაც ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ პროგრესი ამის გარეშე არ არსებობს.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა